გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.06.2019
საქმის ნომერი
330210018002467925
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/15580-18წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 მაისი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - შპს „ა---–-------–ა“

წარმომადგენელი - ნ--------------–-–---–ი

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ) - შპს „4-----------ი“

წარმომადგენლები - ს----------------------------------------------------------------–-----------–---–-----------------–------–---–-

ძირითადი სარჩელის დავის საგანი - თანხის დაკისრება,შეგებებული სარჩელის დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1.შპს „4-----------ს“, შპს „ა---–-------–ას“ სასარგებლოდ, დაეკისროს 4 668.8 ლარის გადახდა.

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2017 წლის 13 თებერვალს დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა დაემზადებინა ვებ-გვერდი და განეხორციელებინა ვებ-გვერდის შექმნასთან დაკავშირებული შემდეგი მომსახურეობა: ვებ-გვერდის რესპონსივ დიზაინი, პროგრამირება, მართვის სისტემაში ინტეგრაცია და სხვა, სულ 19 კომპონენტი დანართი 1-ის მიხედვით. მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 3 500 აშშ დოლარით, რომლის ნახევარი 4 664.8 ლარი მოსარჩელეს გადახდილი აქვს.

მოსარჩელის მითითებით, შეთანხმების მიხედვით, მოპასუხე დაამზადებდა ვებ-გვერდს, უზრუნველყოფდა მის გამართვას, მათ შორის ჩაატარებდა ვებ-გვერდის მდგრადობის ტესტირებას მათთან ერთად, აღმოფხვრიდა ერთობლივი ტესტირების პროცესში აღმოჩენილ ხარვეზებს, უზრუნველყოფდა სხვა საჭირო სამუშაოების შესრულებას, რაც დასრულდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერით, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების 5.2. პუნქტით.

სამწუხაროდ, მოპასუხემ ფაქტობრივად ჩაშალა სამუშაოს შესრულება. მან გარკვეულ პერიოდში მოსარჩელეს შესთავაზა ვებ-გვერდი, რომელიც თავისი პარამეტრებით არ პასუხობდა არანაირ მოთხოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების 4.11 პუნქტის თანახმად, მოპასუხე იღებდა ვალდებულებას 1 წლის განმავლობაში აღმოეფხვრა ყველა აღმოჩენილი ტექნიკური წუნი და გაეწია მოსარჩელისთვის ტექნიკური კონსულტაცია, ნებისმიერი მათი შეკითხვა და მოსაზრება მოპასუხეს გადაყავდა დამატებითი დაკვეთის სტატუსში და დახმარების გაწევის ნაცვლად ითხოვდა დამატებით თანხას. მოსარჩელემ რამოდენიმეჯერ მიმართა მოპასუხეს პრეტენზიით, შესთავაზეს ერთობლივად შეედგინათ ხარვეზების აქტი, რაზედაც ყოველთვის იღებდა უარს, ვინაიდან მოპასუხე მოსარჩელის ყველა შეკითხვას აღიქვამდა როგორც დამატებით დაკვეთას. მოპასუხე ამტკიცებდა, რომ მან პირნათლად შეასრულა საკუთარი მოვალეობები და დამატებით არაფერი გასაკეთებელი არ ჰქონდა. ამ დროს თვით ხელშეკრულება ითვალისწინებდა ტექნიკურ დახმარებას, რომელიც მოსარჩელემ ვერ მიიღო. ამასთან, მხარეებს შორის არ შედგა მიღება-ჩაბარების აქტიც, რომელიც იქნებოდა მოპასუხის მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულების დასტური.

მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ შეთავაზებული ვებ-გვერდის ვერსია დასრულებულად ვერ ჩაითვლება, რადგანაც საიტი მხოლოდ ქართულენოვანი იყო, და ეს მაშინ, როდესაც მხოლოდ ქართულენოვანი საიტები აღარ არსებობს. ამასთან, მოპასუხისთვის ცნობილია, რომ სკოლა არის საერთაშორისო ბაკალავრიატის სისტემაში შემავალი სასწავლო დაწესებულება და ინგლისური წამყვანი ენაა. საბოლოოდ, მოპასუხემ იმდენი მოახერხა, რომ ტექნიკურად ვებ-საიტის შეთავაზებული ვერსიაც გააქრო, და ეს ვერსია მოსარჩელეს სარგებლობაში აღარ გააჩნია, აღარ შეუძლიათ მისი ჩვენება სპეციალისტებისთვის, მასზე ექსპერტიზის ჩატარება და სხვა მანიპულაციები საიტის სრულყოფილების დადგენის მიზნით. ამ დროს, ხელშეკრულების თანახმად, ყველაფერი რასაც დაამზადებს მოპასუხე წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას.

სარჩელში აღნიშნულია, რომ ვინაიდან, საპრეტენზიო წერილებში, რაც ეგზავნებოდა მოპასუხე მხარეს იყო გაფრთხილება შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, ამისათვის დამატებითი ვადის დაწესება აღარ არის საჭირო და მოსარჩელე უფლებამოსილია გავიდეს ხელშეკრულებიდან.

2.მოპასუხის პოზიცია

2.1.ძირითად სარჩელთან მიმართებით

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ მართალია კომპანიას ჩაერიცხა თანხა ავანსის სახით, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება მოსარჩელემ დარჩენილი თანხა აღარ გადაიხადა. კომპანიამ არაერთხელ მიმართა მოსარჩელეს შეესრულებინა სახელშეკრულებო ვალდებულება, გაეფორმებინა მიღება-ჩაბარების აქტი, მიეღო სამუშაო და მოეხდინა საბოლოო ანგარიშსწორება. კომპანიას არ გაუქრია ვებ-გვერდის შესრულებული სამუშაოები. მოსარჩელეს უსასყიდლოდ რომ არ მოეხდინა შესრულებული სამუშაოთი სარგებლობა, არ გადაეცა მესამე პირებისათვის ან არ დაეზიანებინა დამკვეთის ჰოსტინგიდან განხორციელდა ფაილების ბექაფი. კომპანიამ არათუ მოითხოვა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და საბოლოო ანგარიშსწორება, არამედ წარუდგინა დამკვეთს რაც დადასტურდა მხარის მიერაც. მოპასუხემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, მათ შორის მოახდინა მოსარჩელის მიერ გამოყოფილი თანამშრომლის ტრენინგი საიტის გამოსაყენებლად.

1.2. შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნა

 

შპს „ა---–------–-ს“ დაევალოს შპს „4-----------თან“ 2017 წლის 13 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და 1750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება, გადახდის დღეს არსებული ეროვნული კურსის შესაბამისად.

 

შეგებებული სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზზე:

 

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, შპს „4-----------მა“ შექმნა ვებ-გვერდი. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოების წარმოების მთელი პერიოდის მანძილზე შემსრულებელს მუდმივი კონტაქტი ჰქონდა დამკვეთთან და ყველა სამუშაო თანხმდებოდა მასთან. მოსარჩელემ არათუ ჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, არამედ მოპასუხე უზომო კმაყოფილებას გამოთქვამდა შესრულებული სამუშაოს ხარისხით. (მაგალითად, 2017 წლის 13 აპრილის წერილი, სადაც მოპასუხე აღნიშნავს: „ვგიჟდები ისე მომწონს ეს ყველაფერი“). საიტის ინტეგრაციის მიზნით განხორციელდა მოპასუხის წარმომადგენლის, გ----------------ის ტრენინგი. სამუშაოების დასრულების შემდგომ, მოპასუხეს გაუჩნდა სურვილი კვლავ შეეცვალა შექმნილი ვერსია, რაც სცილდებოდა სახელშეკრულებო პირობას და ტექნიკური თვალსაზრისით გულისხმობდა ახალი სამუშაოების განხორციელებას. ახალი მოთხოვნის თანახმად, უნდა შეცვლილიყო დიზაინის და სტრუქტურის ელემენტები, კერძოდ, „მენუს“ გადაადგილება, რაც გამოიწვევდა დესკტოპ და მობილურ ვერსიებში პროგრამულ ცვლილებებს.

 

2018 წლის 29 ივნისს მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა ინვოისი დარჩენილ, გადასახდელ - 1750 აშშ დოლარზე და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მოპასუხემ დაადასტურა ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა გაუგებარი მიზეზების გამო არ გადაიხადა მომსახურების ღირებულება. იმავე წლის ივლისის თვეში მოპასუხემ საპრეტენზიო წერილით მიმართა მოსარჩელეს, რაზეც მას ეცნობა, რომ ხელშეკრულების ყველა პუნქტი ზედმიწევნით იყო შესრულებული.

 

2018 წლის 18 ივლისს მოსარჩელემ მიმართა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ იმის დასადგენად, შესრულებული იყო თუ არა სამუშაოები ხელშეკრულებითა და მისი დანართით დადგენილი წესით. 2018 წლის 4 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვებ-გვერდის ფუნქციონალის შედარების შედეგები შეესაბამება ტექნიკურ დავალებას, გარდა შემდეგი პუნქტებისა: სამართავი პანელიდან შესაძლებელია ვიდეო ფაილის ატვირთვა, მაგრამ აღნიშნული სიახლეების განყოფილებაში არ აისახება. სამართავი პანელიდან შესაძლებელია კატეგორიის დამატება და რედაქტირება, რაც ვებ-გვერდის კალენდარში არ აისახება. ვიდეო ფაილის საიტზე გამოტანა ვერ ხერხდება რადგან ვერსია არის განსაახლებელი.

 

შეგებებული სარჩელის ავტორი განმარტავს, რომ ვიდეო ფაილის საიტზე გამოტანა ვერ ხერხდება რადგან ვერსია არის განსაახლებელი. რაც შეეხება კალენდარის კატეგორიებს, მართვის სისტემაში არის შეუზღუდავად დამატების საშუალება, მაგრამ საიტზე ორი კატეგორიის გარდა არ ჩანს, რადგან სკოლას აქვს ორი კატეგორიის სკოლა დაწყებითი და საბაზისო სკოლები. შესაბამისად, სპეციალრად ორი კატეგორიის გარდა არ ჩანს საიტის კალენდარზე სხვა კატეგორია.

 

2.2. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე სასურველ ინტერპრეტაციას აძლევს ფაქტებს. არ ეთანხმება მოსარჩელის მტკიცებას, რომ მან შექმნა ვებ-გვერდი, სინამდვილეში მან შექმნა ვებ-გვერდის საწყისი ვერსია, რომელიც არ იყო მიყვანილი ბოლომდე, რასაც ასევე ადასტურებს მოპასუხის მიერ დანიშნული ექსპერტი, რომელიც თავის დასკვნაში მიუთითებს შეუსაბამობაზე, გვერდი 31 (1/4) „სამართავი პანელიდან შესაძლებელია ვიდეო-ფაილის ატვირთვა, მაგრამ აღნიშნული სიახლეები განყოფილებაში არ აისახება“, გვერდი 3/4 „შესაძლებელია კატეგორიის დამატება და რედაქტირება, რაც ვებ-გვერდის კალენდარში არ აისახება“. გარდა ამისა, დასკვნის 1/4 გვერდზე (22) პუნქტი „გამოსაკვლევი ვებ-გვერდის ფუნქციონალის შედარების შედეგი მოცემულია დასკვნის დანართში, სადაც წითელი შეფერილობით მოცემულია პუნქტები, რომელიც არ შეესაბამება ტექნიკურ დავალებას“. დასკვნის წარმოდგენილ ვარიანტში არ ჩანს რა არის მონიშნული წითელი შეფერილობით, რაც საჭიროებს დაზუსტებას იმ კუთხით, არის თუ არა ექსპერტიზის დასკვნაში ასეთი პოზიციები, რომლებიც შეფერილია წითლად.

 

მოსარჩელის მიერ წარდგენილ მიმოწერის ტექსტებში არ ჩანს, რომ დავალება შესრულებულია და ბოლო თარიღამდე ფიქსირდება დამკვეთის, ანუ კომპანიის პრეტენზიები, მათ შორის გ----------------ის მხრიდან. რაც შეეხება ვითომ არსებულ დამკვეთის უზომო კმაყოფილებას შესრულებული სამუშაოთი, ეს მოსარჩელეს ფანტაზიის ნაყოფია და ამის დასტურად ვერ გამოდგება მაგალითად, ანა თოფურას ერთადერთი მიწერილობა, ისიც სამუშაოს დასაწყისში. მით უფრო მაშინ, როდესაც ანა თოფურია არ არის ვებ-გვერდის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი.

 

მოპასუხის განმარტებით, ინვოისის დადასტურება არ ნიშნავს შესრულებული სამუშაოს გადაცემას. ეს არის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ურთიერთობის წესი.

 

სამუშაოთა გადაცემა მხარეთა მიერ გათვალისწინებული იყო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ხოლო დარჩენილი ღირებულების ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო მთლიანი სამუშაოს შესრულებისა და შემსრულებლის მიერ საბოლოო პროდუქტის ჩაბარების შემდეგ, ინვოისის წარდგენიდან 5 დღის განმავლობაში. მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულების ეს დანაწესი და მხარეთა შეთანხმება, რომლის თანახმად მოსარჩელეს ინვოისი უნდა წარედგინა მხოლოდ მათთვის საბოლოო პროდუქტის ჩაბარების შემდეგ. პროდუქტის ჩაბარება არ მომხდარა და გაუგებარია მოსარჩელის მოთხოვნაც.

 

ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით მოპასუხე აღნიშნავს, რომ ექსპერტი საკუთარ დასკვნაში გვერდებზე 1/6 (22) და 2/6 (23) მიუთითებს, რომ „ანალიზის შედეგად დგინდება რომ მისი შექმნის (გენერაციის) თარიღი და დროა 2018 წლის 17 ივლისი 15:49 საათი, ასევე მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება 2017 წლის მაისით, ივნისით, ივლისით და 2018 წლის ივლისით დათარიღებული ჩანაწერები. ბოლო ჩანაწერის შესრულების თარიღი ემთხვევა ექსპერტიზაზე ვერსიის წარდგენის თარიღს, შესაბამისად, საინტერესოა რა ჩანაწერი გაკეთდა ვებ-გვერდის ექსპერტიზაზე წარსადგენამდე.

 

მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ განახორციელა მის მიერ მომზადებული ვებ-გვერდის ვერსიაში ჩარევა ექსპერტიზაზე წარდგენის პერიოდში ან წარდგენამდე, სავარაუდოდ მოსარჩელემ მოახდინა ვებ-გვერდის ვერსიაში ისეთი ჩარევა, რითაც გასწორდა მათთვის წარმოდგენილი ვერსიის ნაკლოვანებები და ხარვეზები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 13 თებერვალს შპს „ა---–-------–ა“-ს და შპს „4-----------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება მომსახურების თაობაზე.

 

ხელშეკრულების 2.2. პუნქტით, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შემსრულებლის (მოპასუხის) მიერ შემდეგი მომსახურების გაწევა: ვებ გვერდის რესპონსივ დიზაინი, პროგრამირება, მართვის სისტემაში ინტეგრაცია ხელშეკრულების დანართი 1-ის მიხედვით. (შემდგომში მომსახურებად წოდებული).

 

ხელშეკრულების მე-5 მუხლით მხარეებმა განსაზღვრეს მათ შორის ანგარიშსწორების წესი. კერძოდ, 5.1. პუნქტით, წინამდებარე ხელშეკრულებით დამკვეთი ვალდებულია, შემსრულებელს გადაუხადოს მომსახურების მთლიანი ღირებულება, რაც შეადგენს 3 500 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს გადასახადების ჩათვლით. გადახდა მოხდება ორ ეტაპად 1750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა მოხდება ავანსად, ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, შემსრულებლის მიერ ინვოისის წარდგენიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, ხოლო დარჩენილი 1750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა მოხდება მთლიანი სამუშაოს (მომსახურების) შესრულებისა და შემსრულებლის მიერ დამკვეთისთვის საბოლოო პროდუქტის ჩაბარების შემდეგ, ინვოისის წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში. საბოლოო პროდუქტის ჩაბარების თაობაზე, მხარეთა შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.

 

ხელშეკრულების 6.2. პუნქტით, გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 55 სამუშაო დღე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 17-25)

3.2.2. შპს „ა---–-------–ი“-ს მიერ შპს „4-----------ი“-ს ანგარიშზე ვებ-გვერდის დიზაინის შექმნისათის ავანსის სახით გადახდილია 4 664.80 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, შეგებებული სარჩელი)

3.2.3. მოპასუხემ ვებ-გვერდის დასამზადებლად გასწია სამუშაო. ვებ-გვერდის ვერსია წარედგინა დამკვეთს. დამკვეთის მიერ მოთხოვილი იქნა ფუნქციების დამატება, რაზეც შპს "4-----------მა" დამატებითი ანაზღაურების გარეშე უარი განაცხადა. ვებ-გვერდი დაბლოკა და მოსარჩელეს აუკრძალა წვდომა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, შეგებებული სარჩელი, სხდომის ოქმი)

-ფაქტების კონსტატაციის მასალები (ს.ფ. 74-155

 

3.2.4. 8.11.2017 წლის და 8.12.2017წლის წერილებით მოპასუხე შპს "4-----------ს" ეცნობა, რომ შპს "ა---–-------–ა" წყვეტდა მასთან ურთიერთობას იმ მოტივით, რომ: პროდუქტი (ვებ-გვერდი) იყო ხარვეზიანი და არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების პირობებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

-წერილები (ს.ფ. 28-29)

3.2.5. შპს "4-----------მა" მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დამზადებული პროდუქტის (ვებ-გვერდი) ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობის დასადგენად.

 

ექსპერტიზის დასკვნით, დადგინდა, რომ გამოსაკვლევი ვებ-გვერდის ზოგიერთი ფუნქციონალი არ შეესაბამება ტექნიკურ დავალებას: მონაცემთა ბაზის ფაილი სახელწოდებით: “nsgeorgia9.sql ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მისი შექმნის (გენერაციის) თარიღი და დროა 2018 წლის 17 ივლისის 15:47 (UTC +4) საათი. ასევე მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება 2017 წლის მაისით, ივნისით, ივლისით და 2018 წლის ივლისით დათარიღებული ჩანაწერები.

 

სოც. მედია შეარის გრაფაში ექსპერტის მიერ ხარვეზად მითითებულია შემდეგი: სამართავი პანელიდან შესაძლებელია ვიდეო ფაილის ატვირთვა, მაგრამ აღნიშნული სიახლეების განყოფილებაში არ აისახება.

 

ასევე კატეგორიების მართვაში შენიშვნის სახით დაფიქსირებულია შემდეგი: ვებ-გვერდს კალენდარში გააჩნია ორი კატეგორია „დაწყებითი სკოლა“ და „საბაზო და საშუალო სკოლა“. სამართავი პანელიდან შესაძლებელია კატეგორიის დამატება და რედაქტირება, რაც ვებ-გვერდის კალენდარში არ აისახება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ს.ფ. 180-198)

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. შპს "4-----------ის" მიერ დამზადებული ნაკეთობა სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების პირობებს.

ამ დასკვნასთან დაკავშირებით სასამართლო მოიშველიებს წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნასა და ექსპერტის ჩვენებას.

 

საქმეზე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადგენილია, რომ მონაცემთა ბაზის ფაილი სახელწოდებით: “nsgeorgia9.sql ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მისი შექმნის (გენერაციის) თარიღი და დროა 2018 წლის 17 ივლისის 15:47 (UTC +4) საათი. ასევე მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება 2017 წლის მაისით, ივნისით, ივლისით და 2018 წლის ივლისით დათარიღებული ჩანაწერები.

 

სოც. მედია შეარის გრაფაში ექსპერტის მიერ შენიშვნად მითითებულია შემდეგი: „სამართავი პანელიდან შესაძლებელია ვიდეო ფაილის ატვირთვა, მაგრამ აღნიშნული სიახლეების განყოფილებაში არ აისახება“. ასევე კატეგორიების მართვაში შენიშვნის სახით დაფიქსირებულია შემდეგი: ვებ-გვერდს კალენდარში გააჩნია ორი კატეგორია „დაწყებითი სკოლა“ და „საბაზო და საშუალო სკოლა“. სამართავი პანელიდან შესაძლებელია კატეგორიის დამატება და რედაქტირება, რაც ვებ-გვერდის კალენდარში არ აისახება.

 

დასკვნაში მითითებული განმარტებების შევსების მიზნით სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა თავად დასკვნის ავტორი, გ--------–-----იძე, რომელმაც განმარტა შემდეგი:

 

სიახლეები და აქტიური განყოფილება გულისხმობს საიტზე შესაბამისი განყოფილების არსებობას, რომელსაც აქვს სათაური, თარიღი, როდის არის შექმნილი ეს კონკრეტული აქტივობა ან სიახლე და შესაბამისად, შესაძლებელია ამ სიახლეს მიებას შესაბამისი ფოტო ან ვიდეო. ფოტოს მიბმა მარტივად არის შესაძლებელი, რაც შეეხება ვიდეოს ატვირთვას შესაძლებელია, თუმცა საიტზე არ ჩანს ვიზუალურად. მიზეზი აღნიშნულისა რა უნდა იყოს ექსპერტისათვის უცნობია, ვინაიდან, მას თავად კოდი არ შეუსწავლია.

 

ექსპერტის განმარტებით, სიახლეების თანმიმდევრული ასახვის მიზნით საჭიროა განახლების გაკეთება. მისი განმარტებით, თავის მხრივ განახლება გულიხსმობს მაგალითად, 20 წლის წინანდელ იუთუბს ახალი ბროუზერები საერთოდ ვერ ხსნის. ყოველთვიურად, რაღაც პერიოდულობით ხდება განახლება. შესაბამისად, იუთუბმა რაღაცა რომ განაახლა აღნიშნულ საიტზეც უნდა მოხდეს განახლება, რომ იყოს თავსებადობა.

 

განახლებას ღრმა სპეციალური ცოდნა ჭირდება თუ არა ექსპერტმა არც დაადასტურა და არც უარყო. მისი განმარტებით, შესაძლოა ვიღაცისთვის მარტივი იყოს ვიღაცისთვის რთული. პროგრამის ხარვეზად ეს არ შეიძლება ჩაითვალოს, იმიტომ რომ აუცილებლად საჭირო პროცედურის გაკეთებას მოითხოვს. თუ არ გაკეთდა განახლება შემდგომ ჩაითვლება ხარვეზად, ეს არ ეხება ფოტოს ატვირთვას, არის ნაწილობრივი ხარვეზი რაც ეხება ვიდეოს ატვირთვას.

 

ექსპერტის მითითებით, კვლევისთვის წარდგენილი ვიდეო შეესაბამებოდა დამკვეთის მოთხოვნას, ქონდა ორი შენიშვნა, რაც ასახულია დასკვნაშიც. ერთი, სამართავი პანელიდან შესაძლებელია ვიდეო ფაილის ატვირთვა, მაგრამ აღნიშნული სიახლეები განყოფილებაში არ აისახება და მეორე, ვებ-გვერდს კალენდარში გააჩნია ორი კატეგორია „დაწყებითი სკოლა“ და „საბაზო და საშუალო სკოლა“. სამართავი პანელიდან შესაძლებელია კატეგორიის დამატება და რედაქტირება, რაც ვებ-გვერდის კალენდარში არ აისახება.

 

კითხვაზე, ექსპერტმა მიუთითა, რომ თუ მომხმარებელი იყენებს მხოლოდ „დაწყებით სკოლას“ და „საბაზო და საშუალო სკოლას“ და სხვა მესამე მისთვის არ არის საჭირო, ამ შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ არის. ვებ-გვერდზე, თავად კატეგორიები „დაწყებითი სკოლა“ და „საბაზო და საშუალო სკოლა“ ფუნქციონირებდა თუმცა, დამატებითი კატეგორია ვერ ემატებოდა.

 

ხელშეკრულების პირობებთან თანხვედრაშია თუ არა შესრულებული სამუშაო ექსპერტმა მიუთითა, რომ ტექნიკურ დავალებაში მითითებული ჩამონათვალიდან 2 % შეიძლება ჩაითვალოს ხარვეზიანად. ამასთან, მიუთითა, რომ როდესაც ვებ-გვერდი ფუნქციონირებს ამ მენიუს ცვლილება ხარვეზი არ არის, ეს არის ახალი ფუნქციის დამატება. ამ ცვლილების შეტანას ჭირდება დიზაინერი და ფონტის დეველოპერი, რომ მობილურზეც გადაეწყოს აპლიკაცია და ახლიდან დაიხატოს შესაბამისად ვიზუალურად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ს.ფ. 180-198)

-ექსპერტის განმარტება (სხდომის ოქმი)

-ფაქტების კონსტატაციის ოქმი (ს.ფ. 74- 155)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ შპს „ა---–-------–ა“-ს სარჩელი და შპს „4-----------ი“-ს შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8-ე, 115-ე, 316-317, 405-ე, 629-ე, 636-ე, 639-641-ე, მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 13 თებერვალს შპს „ა---–-------–ა“-ს და შპს „4-----------ს“ შორის დადებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შემსრულებლის (მოპასუხის) მიერ ვებ-გვერდის დამზადება და შემდეგი მომსახურების გაწევა: ვებ გვერდის რესპონსივ დიზაინი, პროგრამირება, მართვის სისტემაში ინტეგრაცია ხელშეკრულების დანართი 1-ის მიხედვით. (შემდგომში მომსახურებად წოდებული).

 

მომსახურების მთლიანი ღირებულება, განისაზღვრა 3 500 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, საიდანაც 1750 აშშ დოლარი გადახდილი უნდა ყოფილიყო ავანსად, შემსრულებლის მიერ ინვოისის წარდგენიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, ხოლო დარჩენილი 1750 აშშ დოლარი მთლიანი სამუშაოს (მომსახურების) შესრულებისა და შემსრულებლის მიერ დამკვეთისთვის საბოლოო პროდუქტის ჩაბარების შემდეგ, ინვოისის წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში. საბოლოო პროდუქტის ჩაბარების თაობაზე, მხარეთა შორის გაფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი. სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 55 სამუშაო დღე.

 

განსახილველი დავა გამომდინარეობს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან, რომელიც წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას და შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათის გამოყენებებული უნდა იქნეს ნარდობის ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები.

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 639-641-ე მუხლების შესაბამისად, .თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. ნაკეთობა უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირებს არ შეუძლიათ გამოიყენონ რაიმე უფლებები შემკვეთის წინააღმდეგ. ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება,თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას.

 

დადგენილია, რომ მენარდე მოპასუხემ ვებ-გვერდის ვერსია წარუდგინა დამკვეთს. დამკვეთის მიერ მოთხოვილი იქნა ფუნქციებში ცვლილებები რაც შპს „4-----------ის“ მიერ შეფასებული იყო როგორც დამატებითი მოთხოვნები და გამოხატა მზადყოფნა ახალი ხელშეკრულების ფარგლებში უზრუნველეყო ცვლილებების განხორციელება დამატებითი მომსახურების სანაცვლოდ. მან ვებ-გვერდი დაბლოკა და მოსარჩელეს აუკრძალა წვდომა. მოპასუხის ამ ქმედებამ განპირობა მოსარჩელის ხელშეკრულებიდან გასვლა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. სამოქალაქო კოდექსის 115–ე მუხლი ადგენს, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს "კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა (სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად) საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით.... კეთილსინდისიერების ზემოაღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის. საქმე( სუს №ას-1338-1376-2014 29 ივნისი ივნისი, 2015 წელიწ)

 

მოსარჩელე შპს "ა---–-------–ა" სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო კოდექსი 405-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულბიდან გასვლის შემდეგ მხარეებს უბრუნდებათ მიღებული შესრულება და სარგებელი, რაც მას უფლებას აძლევს დაიბრუნოს შპს "4-----------ისათვის" გადახდილი ავანსი. მისივე განმარტებით, ვებ-გვერდის მიმართ ინტერესი აღარ გააჩნია, რადგანაც ვებ-გვერდი დაამზადებინა სხვა პირს. შესაბამისად, მოსარჩელემ სადავო ურთიერთობის მიმართ ინტერესი დაკარგა.

 

დადგენილია, რომ შპს „ა---–-------–ი“-ს მიერ შპს „4-----------ი“-ს ანგარიშზე ვებ-გვერდის დიზაინის შექმნისათვის ავანსის სახით გადახდილი იქნა 4 664.80 ლარი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის დანაწესზე, რომელიც ადგენს შემკვეთის უფლებას სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

 

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 636-ე მუხლის დანაწესი სახელშეკრულებო სამართალში ე.წ. საგამონაკლისო ნორმაა, რომელიც შემკვეთს ნებისმიერ დროს, უპირობოდ ანიჭებს უფლებას ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება (იხ. სუსგ-ები: # ას-697-663-2015, 15.12.2015წ; # ას- 901-851-2015, 05.02.2016წ; # ას- 981-926-2015, 11.03.2016წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა, მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები“ (სუსგ # ას-697-663-2015, 15.12. 2015).

 

დადგენილია, რომ შპს "ა---–-------–ას" მიერ „4-----------ი“-სათვის ავანსად გადახდილია შეთანხმებული ღირებულების ნახევარი 1700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 4666.8 ლარი. ფაქტების კონსტატაციის ოქმი, საექსპერტო დასკვნა და სასამართლოს სხდომაზე ექსპერტის მიერ მიცემული განმარტებით დადასტურდა, რომ მოპასუხის მიერ გაწეული იქნა მნიშვნელოვანი სამუშაო, ხარვეზი იყო მცირეოდენი. სასამართლო თვლის, რომ გადახდილი თანხა უნდა ჩაითვალოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლით მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში და მისი სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის საფუძველზე უკან დაბრუნების მოთხოვნა უსაფუძვლოა.

 

6.2. შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამარ-თლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

 

განსახილველ შემთხვევაში, ძირითადი სარჩელით მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო აქვს თანხის უკან მოთხოვნის უფლება, ხოლო შეგებებული სარჩელის ავტორს მიაჩნია, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების გამო აქვს დარჩენილი თანხის მოთხოვნის უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დამკვეთის მიერ მენარდისათვის გადახდილია სამუშაოს ღირებულების ნახევარი 1700 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 1700 აშშ დოლარის ვალდებულება მოსარჩელეს წარმოეშვებოდა მთლიანი სამუშაოს (მომსახურების) შესრულებისა და შემსრულებლის მიერ დამკვეთისთვის საბოლოო პროდუქტის ჩაბარების შემდეგ, ინვოისის წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში. ხოლო საბოლოო პროდუქტის ჩაბარების თაობაზე, მხარეთა შორის გაფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

 

შეგებებული სარჩელის მოთხოვნა დარჩენილი გადასახდელი თანხის დაკისრების მოთხოვნით უსაფუძვლოა, რადგანაც ხელშეკრულება სრულად და ჯეროვნად შესრულებული არ არის. შესაბამისად, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში, არ დაკმაყოფილდა როგორც ძირითადი ისე შეგებებული სარჩელი. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სარჩელი არ არსებობს იურიდიული მომსახურებისა და სასამართლოს გარეშე ხარჯის დაკისრების საფუძველიც.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 188-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364--ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „ა---–-------–ა“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

3. შპს „4-----------ი“-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე