გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე N2/32225-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - ნ---- წ--------–ი
წარმომადგენელი - ი---- პ-------–---–ი
მოპასუხე - ი-–-----------–---–ი
წარმომადგენელი - მ--- მ-----
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ი-–-----------–---–ს მოსარჩელე ნ---- წ-------–-- სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 43500 ევროს გადახდა;
1.2. მოპასუხე ი-–-----------–---–ს მოსარჩელე ნ---- წ-------–-- სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისთვის:
ა) 2016 წლის 16 სექტემბერს გაცემული სესხის დაუბრუნებლობისათვის - 2017 წლის 16 სექტემბრიდან მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე 7300 ევროს წლიური 5 % ოდენობით ევროში.
ბ) 2016 წლის 29 სექტემბერს გაცემული სესხის დაუბრუნებლობისათის - 2017 წლის 29 სექტემბრიდან მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე 8100 ევროს წლიური 5 % ოდენობით ევროში.
გ) 2016 წლის 28 ოქტომბერს გაცემული სესხის დაუბრუნებლობისათვის - 2017 წლის 28 ოქტომბრიდან მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე 7400 ევროს წლიური 5 % ოდენობით ევროში.
დ) 2016 წლის 14 დეკემბერს გაცემული სესხის დაუბრუნებლობისათვის - 2017 წლის 14 დეკემბრიდან მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე 5700 ევროს წლიური 5 % ოდენობით ევროში.
ე) 2016 წლის 16 დეკემბერს გაცემული სესხის დაუბრუნებლობისათვის - 2017 წლის 16 დეკემბრიდან მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე 15000 ევროს წლიური 5 % ოდენობით ევროში.
1.3 მოპასუხე ი-–-----------–---–ს მოსარჩელე ნ---- წ-------–-- სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოს და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება, ასევე საადავოკატო მომსახურების ხარჯი 19 575 ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, ნ---- წ--------–სა და მოპასუხე ი-–-----------–---–ს შორის 2016 წელს დაიდო ზეპირი ფორმით არაუზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოპასუხისთვის სესხად გადაეცა ფული 43500 ევროს ოდენობით, ხოლო მოპასუხე პროცენტის გარეშე დაუბრუნებდა მას 1 წლის განმავლობაში.
ნიდერლანდების სახელმწიფოში ,,რ--------ში’’ გახსნილი მოსარჩელის პირადი საბანკო ანაგრიშიდან მოსარჩელემ საერთაშორისო გადარიცხვის გზით სს ,,თ----------ში’’ გახსნილი მოპასუხის ევროს ანგარიშზე G---------------------- ეტაპობრივად განათავსა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა შეთანხმებულ ვალუტაში. კერძოდ, მოსარჩელემ მიპასუხის საბანკო ანგარიშზე 2016 წლის 16 სექტემბერს განათავსა 7300 ევრო, 2016 წლის 29 სექტემბერს - 8100 ევრო, 2016 წლის 28 ოქტომბერს - 7400 ევრო, 2016 წლის 14 დეკემბერს - 5700 ევრო, ხოლო 2016 წლის 16 დეკემბერს - 15000 ევრო. მთლიანობაში მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხად შეთანხმებით გათვალისწინებული 43500 ევრო.
გადარიცხვის საკომისიო საზიარო ხარჯად განისაზღვრა, რომელიც თანაბარწილად გაიყოფოდა. ვალდებულების შესრულების ადგილად განისაზღვრა ქ. თბილისი, მოსარჩელის ადგილსამყოფელი.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია. დათქმულ ვადაში ვალდებულების შესრულების დარღვევის გამო, მოპასუხის ბრალეული მოქმედებით მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა მის საკუთრებაში მყოფი საკუთრების - ფულის სხვაგვარი გამოყენებით - ბრუნვით მიეღო სარგებელი, განეთავსებინა ის ნიდერლანდებში გახსნილ მის საანაბრო სარგებლიან საბანკო ანგარიშზე და მისგან მიეღო სარგებელი. მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო მოსარჩელეს მოუწია სხვადასხვა ხარჯების - ადვოკატის, ნოტარიუსის, თარჯიმნის, საფოსტო და სხვა ხარჯის გაღება, რომელიც სრულად უნდა დაეკისროს მოპასუხეს (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ი-–-----------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე არის მისი დეიდაშვილი. მოსარჩელე მუდმივად ცხოვრობს ნიდელანდებში. 2016 წელს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად განეხორციელებინათ ბიზნესსაქმიანობა, კერძოდ, იჯარით აეღოთ შენობა სასტუმროს ფუნქციონირებისათვის. აქედან გამომდინარე 2016 წლის 16 სექტემბერს მოპასუხემ დააფუძნა შპს ,,ბ-------------ი’’, სადაც 100 % წილის მესაკუთრეს და დირექტორს წარმოადგენს მოპასუხე. იქედან გამომდინარე, რომ მხარეები არიან ნათესავები, მოსარჩელემ აუცილებელ პირობად არ მიიჩნია, რომ კომპანიაში ის ყოფილიყო დამფუძნებლად მითითებული. სწორედ ამ დროს მოხდა მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის პირველი თანხის გადმორიცხვა. 2016 წლის სექტემბრის თვეში მოპასუხის მიერ მოძიებული იქნა შენობა, მდებარე ქ.თბილისში, ჩ-----ის ქ. #---ში, რის შედეგადაც აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეს რ-------- ლ--------------ეს და შპს ,,ბ-------------ს’’ შორის 2016 წლის 04 ოქტომბერს დაიდო იჯარის ხელშეკრულება სამი წლის ვადით. საიჯარო ქირის ოდენობად მხარეთა შორის განისაზღა 3750 აშშ დოლარი. ამავე იჯარის ხელშეკრულების და მოსარჩელესთან ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე საიჯარო ქონებაში ჩატარებული იქნა მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოები. იჯარის ხელშეკრულების დადების შემდეგ მოსარჩელე ჩამოვიდა საქართველოში და იგი საქართველოში ყოფნის პერიოდში ცხოვრობდა საიჯარო ფართში, ამასთან ერთად მონაწილეობას იღებდა საიჯარო ფართის როგორც სარემონტო სამუშაოების წარმოებაში, ისე სასტუმროს ფუქნციონირებაში. მოსარჩელე თანხების გადმორიცხის პერიოდში იმყოფებოდა საქართველოში და ნიდერლანდებში მისი საბანკო ანგარიშიდან მოპასუხის საბანკო ანგარიშზე თანხების ჩარიცხვას ახოციელებდა მისი მინდობილი პირი, სავარაუდოდ მისი მეუღლე მოსარჩელის დავალებით. მოსარჩელის მიერ კუთვნილი თანხების მოპასუხის საბანკო აგარიშზე ჩარიცხის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელეს საქართველოში არ ჰქონდა საბანკო ანგარიში, რომლის მეშვეობითაც იგი შეძლებდა თანხების განაღდებას, რათა ესარგებლა როგორც პირადი დანიშნულებით, ისევე განეხორციელებინა დაწყებული ერთობლივი საქმიანობა-სასტუმროს ფუნქციონირება. სწორედ მოსარჩელის თხოვნის საფუძველზე განხორციელდა მოპასუხის საბანკო აგარიშებზე თანხების ჩარიცხვა, საიდანაც დაახლოებით 20000 ევროზე მეტი თავად მოსარჩლეს გადასცა მოპასუხემ პირადი მოხმარებისთვის, ხოლო დანარჩენი თანხებით განხორციელდა იჯარით აღებულ ქონებაში სარემონტო სამუშაოები, სასტუმროს და მისი კაფე-ბარის ფუნქციონირებისათვის ინვენტარის შეძენა, ასევე სხვადასხვა ხარჯების გაღება, რომლის შესახებაც თავად მოსარჩელემ იცოდა და მონაწილეობდა ამ საქმიანობაში. მოსარჩელის თანახმობის გარეშე არცერთი თანხა მოპასუხის საბანკო ანგარიშიდან განაღდებული არ ყოფილა. მხარეთა მიერ დაწყებული საქმიანობა არ გამართლდა და 2017 წლის მაისის თვეში შპს ,,ბ-------------მა’’ შეწყვიტა საიჯარო ურთიერთობა.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, სარჩელი სცნო 43500 ევროს დაკისრების ნაწილში, თუმცა უარყო მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა და სადავოდ გახადა თანხების მიზნობრიობა. ასევე დაეთანხმა მოთხოვნას სარჩელის შემოტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ზიანის მიუღებელი შემოსავლის სახით 43500 ევროს წლიური 5 %-ის სარგებელის დაკისრების თაობაზე (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებები არ დადასტურებულა.
4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. ნიდერლანდების სახელმწიფოში ,,რ--------ში’’ გახსნილი ნ---- წ-------–-- პირადი საბანკო ანაგრიშიდან N---------------------- (EUR) მოსარჩელემ საერთაშორისო გადარიცხვის გზით ი-–-----------–---–ის სახელზე სს ,,თ------------ში’’ გახსნილ ევროს ანგარიშზე G---------------------- ეტაპობრივად განათავსა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა შეთანხმებულ ვალუტაში, კერძოდ:
2016 წლის 16 სექტემბერს განათავსა 7300 ევრო (ტ.1, ს.ფ. 53-55)
2016 წლის 29 სექტემბერს განათავსა 8100 ევრო (ტ.1, ს.ფ. 56-58)
2016 წლის 28 ოქტომბერს განათავსა 7400 ევრო (ტ.1, ს.ფ. 59-61)
2016 წლის 14 დეკემბერს განათავსა 5700 ევრო (ტ.1, ს.ფ. 62-64)
2016 წლის 16 დეკემბერს განათავსა 15000 ევრო (ტ.1, ს.ფ. 65-67)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადარიცხვის დეტალები (ტ.1, ს.ფ. 53-67)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. საქმეში წარმოდგენილი საბანკო გადარიცხვების მიხედვით, გადმორიცხული თანხები ჯამურად 43500 ევროს ოდენობით, საბანკო დაწესებულებიდან გამოტანილია მოპასუხის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადარიცხვის დეტალები (ტ.1, ს.ფ. 53-67)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3. 2016 წლის 19 სექტემბერს მოპასუხემ დააფუძნა შპს ,,ბ-------------ი’’, სადაც 100 % წილის მესაკუთრესა და დირექტორს წარმოადგენდა მოპასუხე ი-–-----------–---–ი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 186)
- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტ. 1, ს.ფ. 185)
4.4. რ-------- ლ--------------ესა და შპს ,,ბ-------------ს’’ შორის 2016 წლის 04 ოქტომბერს დაიდო იჯარის ხელშეკრულება სამი წლის ვადით, იჯარის საგანი იყო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ჩ-----ის ქ. #---ში. საიჯარო ქირის ოდენობა მხარეთა შორის განისაზღვრა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან პირველი ორი თვის 1875 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო დანარჩენი თვეების 3750 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, გადახდის მომენტისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის გაცვლის კურსის შესაბამისად. ხელშეკრულება მოქმედებდა 2016 წლისა 04 ოქტომბრიდან 2019 წლის 04 ოქტომბრამდე.
2017 წლის მაისის თვეში შპს ,,ბ-------------მა’’ შეწყვიტა საიჯარო ურთიერთობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იჯარის ხელშეკრულება (ტ. 1, ს.ფ. 187-193)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე, 327-ე, 365-ე, 394-ე, 411-ე, 412-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, მე-4, 102-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად.
ამდენად, ზეპირად დადებული სესხის ხელშეკრულება ისევე წარმოშობს სამოქალაქო სამართლებრივ ვალდებულებას, როგორც წერილობითი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად სესხი რეალური ხელშეკრულებაა. ის დადებულად ითვლება და მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთების საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. რეალური სესხის ხელშეკრულება გულისხმობს საგნის ფიზიკურ გადაცემას, როგორც ხელშეკრულების ნამდვილობისა და იურიდიული ძალის პირობას. სესხის ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე, ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულების კონკლუდენტურ მოქმედებაში, სესხის სახით თანხის გადაცემა დოკუმენტურად და კლასიკურად დასტურდება თანხის გადაცემის - გადახდის ქვითრით.
სესხის ხელშეკრულების არსებითი პირობაა შეთანხმება სესხის საგანზე - ფულად თანხაზე ან გვაროვნულ ნივთზე, ანუ როგორც სესხის პროცენტი, ასევე ვალის დაბრუნების ვადა შეიძლება მხარეთა შეთანხმებით იქნეს გათვალისწინებული, თუმცა ასეთი შეთანხმების არარსებობა გავლენას არ ახდენს სესხის ხელშეკრულების ნამდვილობაზე. თუ არ დასტურდება ვადაზე და პროცენტზე შეთანხმება, მაგრამ დგინდება სესხის საგნის სესხის სახით გაცემა, სესხი მიიჩნევა უვადოდ და სასყიდლის გარეშე დადებულ ხელშეკრულებად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამდენად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად, ასევე შესაძლებელია იგი წერილობითი ფორმითაც დაიდოს. მოცემულ შემთხვევაში ფაქტია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს რამდენიმე გადმორიცხვის შედეგად ჯამურად გადასცა 43500 ევრო. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არც სესხის სარგებლიანობა და არც მისი დაბრუნების კონკრეტული ვადა. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მხარეთა შორის 1 წლიანი ხელშეკრულება იქნა დადებული, გადატანილი იყო მოსარჩელე მხარეზე, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული არ დასტურდება.
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის კონკრეტული ვადით არ ყოფილა ხელშეკრულება დადებული, რაც ნიშნავს, რომ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეეძლო მოვალესთვის მოეთხოვა ვალდებულების შესრულება. ასეთ მოთხოვნად სარჩელის სასამართლოში წარმოდგენა უნდა განვიხილოთ, რაც მოვალის მხრიდან ვალდებულების შესრულების წინაპირობად ითვლება.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სასამართლო გამახვილებს ყურადღებას არის ის გარემოება, რამდენად იყო აღნიშნული გადმორიცხული თანხები სესხის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი, თუ იგი იყო ერთობლივი ბიზნეს-საქმიანობისთვის განკუთვნილი თანხა. აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი გადატანილი იყო მოპასუხე მხარეზე, რომელმაც სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ შპს „ბიარ გარდენის“ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ასევე მითითებული მეწარმე სუბიექტის იჯარის ხელშეკრულება. სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება მხარეთა ერთობლივი საქმიანობა, ასევე არ დგინდება სადავო თანხების განკარგვა და მათი მიზნობრიობა. საქმეზე არ წარმოდგენილა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებაც, რომ თანხები იმ დროს იგზავნებოდა, როდესაც თავად მოსარჩელე იმყოფებოდა საქართველოში ან რამე სახით განკარგავდა ეს უკანასკნელი გადმორიცხულ თანხებს, რაზეც უთითებდა მოპასუხე. ასევე აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე აღიარა, რომ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხის დააბრუნების ვალდებულება მას ჰქონდა და დააბრუნებდა კიდეც. შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რეალურად მოპასუხე მხარის აღიშნული განცხადებით მან თავადვე უარყო შესაგებელში მითითებული გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა ბიზნეს ურთიერთობა.
შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ---- წ--------–სა და მოპასუხე ი-–-----------–---–ს შორის 2016 წელს დაიდო ზეპირი ფორმით არაუზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოპასუხისთვის სესხად გადაეცა თანხა, ჯამურად 43500 ევროს ოდენობით, ხოლო მოპასუხე პროცენტის გარეშე დაუბრუნებდა მას კრედიტორის მოთხოვნისთანავე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულება, ასევე არ წარმოდგენილა მოპასუხის მიერ თანხის დაბრუნების ფაქტი.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხემ ცნო სარჩელი მიუღებელი შემოსავლის ნაწილში ნაწილობრივ, კერძოდ, მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ნაწილში მხოლოდ სარჩელის წარმოდგენის შემდგომ პერიოდზე უნდა გავრცელებულიყო და არა მანამდე არსებულ პერიოდზე (იხ. სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი, პაექრობისა და რეპლიკის ეტაპი).
აღიშნულის გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ ზეპირი სესხის ხელშეკრულება კონკრეტული ვადით დადებულად არ მიიჩნია, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ნაწილში საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ სარჩელის შემოტანიდან აღსრულებამდე პერიოდზე 43500 ევროს 5%-ის ოდენობით ყოველწლიურად.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მცოემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკენლის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარისა და 100 ლარის ანაზღაურება.
რაც შეეხება წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ნაწილი, გონივრული ოდენობა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, კერძოდ, საადვოკატო მომსახურების ხარჯის ნაწილი 1000 ლარის ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლო და სასამართლოს გარეშე ახრჯების ანაზღაურების თაობაზე, კერძოდ: საჯარო რეესტრის მომსახურების საფასური 31 ლარის ოდენობით (ტ.1. ს.ფ. 71-72); ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების საფასური 18,52 ლარის ოდენობით (ტ 1. ს.ფ. 81); მინდობილობის დამოწმების საფასური 13,80 ლარის ოდენობით (ტ. 1. ს.ფ. 82); დოკუმენტის ასლის დამოწმების საფასური 8,50 ლარის ოდენობით (ტ.1. ს.ფ. 83); ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების საფასური 4,36 ლარის ოდენობით (ტ.1. ს.ფ. 84); თარგმანის განსახორციელებლად გაღებული ხარჯი 250 ლარის ოდენობით (ტ.1. ს.ფ. 85); აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი მოსაკრებელი - 101 ლარის ოდენობით (ტ. 1. ს.ფ. 135); სსიპ მომსახურების სააგენტოს მომსახურების საფასური 21 ლარის ოდენობით (ტ. 1. ს.ფ. 138); სამი გზავნილის ხარჯი, სულ 45 ლარის ოდენობით (ტ.1. ს.ფ. 150,152,154); საწვავის ხარჯი 40 ლარისა (ტ.1. 216) და 20 ლარის (ტ.2. ს.ფ. 40-41) ოდენობით.
იმის გათვალისწინებით, რომ ვერ დადასტურდა მოცემულ საქმესთან კავშირი, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარის მიერ გაღებული საწვავის ხარჯი 135 ლარის ოდენობით (ტ.1. ს.ფ. 142) არ უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 05 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც მოსარჩელე ნ---- წ-------–-- (პ/ნ N 0----------) სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედოს საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში შემავალ ბანკებში: სს „თ----------ი“, სს „საქართველოს ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, სს „ტერაბანკი“, სს „პროკრედიტ ბანკი“, სს „ბაზისბანკი“, თ.რ. სს „ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალი, სს „ბანკი ქართუ“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“, სს „იშ ბანკი საქართველო“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „პაშა ბანკი საქართველო“, სს „ფინკა ბანკი საქართველო“, სს „კრედო ბანკი“ - მოპასუხე ი-–-----------–---–ის (პ/ნ N0----------) ყველა სახის/დანიშნულების საბანკო ანგარიშებს ყველა სახის ვალუტაში 50 025 ევროს ფარგლებში.
გადაწყვეტილების აღსრულებამდე ასევე ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც მოსარჩელე ნ---- წ-------–-- (პ/ნ N0----------) სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ი-–-----------–---–ს (პ/ნ N0----------) აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის რეკვიზიტებით მოდელი: A------------------, გამოშვების წერილი 2010, საიდენტიფიკაციო ნომერი: W----------------, ფერი შავი, სახელმწიფო ნომრით: W------, სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი: A-------- რეგისტრირებული 2018 წლის 16 აპრილს - გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე ნ---- წ-------–-- სარჩელი მოპასუხე ი-–-----------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ი-–-----------–---–ს მოსარჩელე ნ---- წ-------–-- სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 43500 ევროს გადახდა;
1.2. მოპასუხე ი-–-----------–---–ს მოსარჩელე ნ---- წ-------–-- სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 05 ნოემბრიდან ანუ სარჩელის შემოტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ზიანის მიუღებელი შემოსავლის სახით 43 500 ევროს წლიური 5% სარგებელი.
2. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 26 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის, ასევე 2018 წლის 02 ნოემბერს გადახდილი 50 ლარი და 2018 წლის 18 ნოემბერს გადახდილი 50 ლარი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოპასუხე ი-–-----------–---–ს მოსარჩელე ნ---- წ-------–-- სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარისა და ასევე 50 ლარისა და 50 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
4. მოპასუხე ი-–-----------–---–ს მოსარჩელე ნ---- წ-------–-- სასარგებლოდ დაეკისროს შემდეგი ხარჯების ანაზღაურება:
- საჯარო რეესტრის მომსახურების საფასური 31 ლარის ოდენობით
- ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების საფასური 18,52 ლარის ოდენობით
- მინდობილობის დამოწმების საფასური 13,80 ლარის ოდენობით
- დოკუმენტის ასლის დამოწმების საფასური 8,50 ლარის ოდენობით
- ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების საფასური 4,36 ლარის ოდენობით
- თარგმანის განსახორციელებლად გაღებული ხარჯი 250 ლარის ოდენობით
- აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი მოსაკრებელი - 101 ლარის ოდენობით
- სსიპ მომსახურების სააგენტოს მომსახურების საფასური 21 ლარის ოდენობით
- სამი გზავნილის ხარჯი, სულ 45 ლარის ოდენობით
- საწვავის ხარჯი 40 ლარისა და 20 ლარის ოდენობით
5. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა 135 ლარის, როგორც საწვავის ხარჯის ანაზღაურების ნაწილში.
6. მოპასუხე ი-–-----------–---–ს მოსარჩელე ნ---- წ-------–-- სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საადვოკატო მომსახურების ხარჯის ნაწილის 1000 (ერთი ათასი) ლარის ანაზღაურება.
7. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 05 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც ყადაღა დაედო საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში შემავალ ბანკებში: სს „თ----------ი“, სს „საქართველოს ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, სს „ტერაბანკი“, სს „პროკრედიტ ბანკი“, სს „ბაზისბანკი“, თ.რ. სს „ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალი, სს „ბანკი ქართუ“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“, სს „იშ ბანკი საქართველო“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „პაშა ბანკი საქართველო“, სს „ ფინკა ბანკი საქართველო“, სს „კრედო ბანკი“ - მოპასუხე ი-–-----------–---–ის (პ/ნ N0----------) ყველა სახის/დანიშნულების საბანკო ანგარიშებს ყველა სახის ვალუტაში 50 025 ევროს ფარგლებში.
8. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც მოპასუხე ი-–-----------–---–ს (პ/ნ N0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის რეკვიზიტებით მოდელი: A------------------, გამოშვების წერილი 2010, საიდენტიფიკაციო ნომერი: W----------------, ფერი შავი, სახელმწიფო ნომრით: W------, სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი: A-------- რეგისტრირებული 2018 წლის 16 აპრილს - გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე