გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.05.2019
საქმის ნომერი
330310019002936818
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2601-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა დარასელია

სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე

მოსარჩელე ი---------------–---–ი

წარმომადგენელი მ------------ა

მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი თ-----------ა

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 11 მარტის MES 9 19 0------- გადაწყვეტილება.

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ი---------------–---–ის მიერ უცხოეთში - სააქციო საზოგადოება უმაღლეს სასწავლო დაწესებულება „პ---------–------------------------–---------------აში“ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2011 წლის 30 აპრილს კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო სასწავლებელი - „პ---------–------------------------–----------------იის“ მიერ გაცემული Д1 №0----- ბაკალავრის დიპლომის თანახმად, ი---------------–---–მა 2011 წელს დაამთავრა კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო სასწავლებელი - „პ---------–------------------------–----------------ია“ და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 2011 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით მიენიჭა სამართლის ბაკალავრის კვალიფიკაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დიპლომი Д1 №0----- (ს.ფ. 25-27).

- დიპლომის დანართი (ს.ფ. 28-34).

 

3.1.2. 2018 წლის 17 დეკემბერს ი---------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც მოითხოვა კერძო სააქციო საზოგადოება „უმაღლესი სასწავლო სასწავლებელის პ---------–------------------------–---------------აში“ მიღებული განათლების აღიარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება თანდართული მასალით (ს.ფ. 100-117).

 

3.1.3. 2018 წლის 18 დეკემბერს MES 6 18 0------- წერილით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საკითხის გადაწყვეტისათვის ი---------------–---–ისგან მოითხოვა, 5 დღის ვადაში, ცენტრში წარედგინა ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე იღებდა განათლებას და სწავლის პერიოდში იმ ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2018 წლის 18 დეკემბერს MES 6 18 0------- წერილი (ს.ფ. 125).

 

3.1.4. 2018 წლის 24 დეკემბერს, ი---------------–---–მა 2018 წლის 18 დეკემბერს MES 6 18 0------- წერილის პასუხად სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართა განცხადებით და წარუდგინა კერძო სააქციო საზოგადოება ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ,,პ---------–------------------------–----------------იის'' გენერალური დირექტორის მიერ 2018 წლის 17 დეკემბერს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, ი---------------–---–მა ნამდვილად დაამთავრა სწავლა ,,პ---------–------------------------–---------------აში''. სპეციალობა: სამართალმცოდნეობა. სპეციალიზაცია: საერთაშორისო კომერციული სამართალი. საგანმანათლებლო-საკვალიფიკაციო დონე: ბაკალავრი. სწავლების ფორმა: დაუსწრებელი (დისტანციური).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 24 დეკემბრის განცხადება თანდართული მასალით (ს.ფ 126-132).

 

3.1.5. 2018 წლის 26 დეკემბერს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკითხის გადაწყვეტისათვის, MES 5 18 0------- წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, ი---------------–---–ის მიერ 2006-2011 წლებში საზღვრის კვეთის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2018 წლის 26 დეკემბერს MES 5 18 0------- წერილი (ს.ფ. 122).

 

3.1.6. 2019 წლის 08 იანვრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის MIA 8 19 0------- წერილით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ეცნობა, რომ ი---------------–---–ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2006 წლის 01 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე დაფიქსირებულია ს.ს.კ.გ. ,,სარფის’’, ს.ს.კ.გ. ,,ქუთაისის აეროპორტისა’’ და ს.ს.კ.გ. ,,თბილისის აეროპორტის’’ გავლით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნა აღნიშნული ინფორმაცია დანართის სახით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 08 იანვრის MIA 8 19 0------- წერილი თანდართული მასალით (ს.ფ. 123-124).

 

3.1.7. 2018 წლის 26 დეკემბერს MES 0 18 0------- წერილით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა წერილით მიმართა კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო სასწავლებელი - „პ---------–------------------------–----------------იას“ და გამოითხოვა ინფორმაცია, კერძოდ, ი---------------–---–ის საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის, სწავლების ფორმის შესახებ (დასწრებული, დაუსწრებელი, დისტანციური და სვ). დაუსწრებელი ან დისტანციური სწავლების ფორმის შემთხვევაში პროფესორ-მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების რაოდენობისა და პერიოდის, სწავლის პერიოდის (სრულად თუ ნაწილობრივ სტუდენტმა გაიარა საგანმანათლებლო პროგრამა მითითებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში), სწავლის შემდგომი გაგრძელების უფლებამოსილების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2018 წლის 26 დეკემბერს MES 0 18 0------- წერილი (ს.ფ. 133-134).

 

3.1.8. 2019 წლის 05 თებერვალს კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო სასწავლებელი - „პ---------–------------------------–----------------იას“ N2-- წერილით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ეცნობა, რომ ი---------------–---–ი ნამდვილად სწავლობდა კერძო სააქციო საზოგადოებაში ,,უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ,,პ---------–------------------------–----------------ა’’. სწავლის დამთავრების შემდეგ მიიღო ბაკალავრის სახელწიფო დიპლომი სერია Д1 №0-----, გაცემული 30.04.2011წ. მიმართულებით ,,სამართალი'' და მისი დანართი. სწავლების ფორმა: დაუსწრებელი (დისტანციური). სწავლების საათების რაოდენობა: 6615. პ---------–---------------------–-----------------აში სწავლის პერიოდი: 29.03.2010-23.03.20111წწ აკადემიური უფლებები: კუსდამთავრებულს აქვს უფლება ჩაბაროს მაგისტრატურაზე. პროფესიული უფლებები: მუშაობა სპეციალობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო სასწავლებელი - „პ---------–------------------------–----------------იის“ N2-- წერილი (ს.ფ. 135-139).

 

3.1.9. დადგენილა, რომ 2019 წლის 06 მარტს კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო სასწავლებელი - „პ---------–------------------------–----------------იის“ N4-- წერილით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დამატებით ეცნობა, რომ დაუსწრებელი (დისტანციური) სწავლებაზე, სუბიექტებს შორის კონტაქტი სწავლის დროს ხორციელდებოდა ვიდეო, აუდიო, გრაფიკული და ტექსტური ინფორმაციის გადაცემის გზით სინქრონულ და ასინქრონულ რეჟიმში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო სასწავლებელი - „პ---------–------------------------–----------------იის“ N4-- წერილი (ს.ფ. 144-149).

 

3.1.10. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 11 მარტის MES 9 19 0------- გადაწყვეტილებით ი---------------–---–ს უარი ეთქვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 11 მარტის MES 9 19 0------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 160-162).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი---------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ევროპის რეგიონებში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენცია (ლისაბონი 1997წ), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 11 მარტის MES 9 19 0------- გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 11 მარტის MES 9 19 0------- გადაწყვეტილებით, ი---------------–---–ის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმა ეფუძნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს. აღნიშნული ნორმის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში. აღნიშნული ნორმა დღეს მოქმედი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 3 ნოემბრის №147/ნ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე.

 

სასამართლო მიუთითებს ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განათლების მიღება არის ფაქტი, რომელიც ამა თუ იმ კვალიფიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლების შედეგად შეძენას გულისხმობს. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკადემიური ხარისხი არის კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ამავე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, პირის მიერ მიღებული განათლების აღიარება იმ სამართლებრივი ჩარჩოს გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს, რაც არსებობდა განათლების მიღების პროცესში და არა შემდგომში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გამოყენებით. ამგვარი მიდგომა შესაძლოა გამართლებული იყოს თუ ნორმის ახლებური მოწესრიგება პირის უფლებათა რეალიზების უკეთესი საშუალებაა, ვიდრე ამას მანამდე არსებული ნორმის ფარგლები განაპირობებდა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2011 წლის 30 აპრილს კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო სასწავლებელი - „პ---------–------------------------–----------------იის“ მიერ გაცემული Д1 №0----- ბაკალავრის დიპლომის თანახმად, ი---------------–---–მა 2011 წელს დაამთავრა კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო სასწავლებელი - „პ---------–------------------------–----------------ია“ და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 2011 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით მიენიჭა სამართლის ბაკალავრის კვალიფიკაცია.

 

2019 წლის 05 თებერვალს კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო სასწავლებელი - „პ---------–------------------------–----------------იას“ N2-- წერილით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ეცნობა, რომ ი---------------–---–ი ნამდვილად სწავლობდა კერძო სააქციო საზოგადოებაში ,,უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ,,პ---------–------------------------–----------------ა’’. სწავლის დამთავრების შემდეგ მიიღო ბაკალავრის სახელწიფო დიპლომი სერია Д1 №0-----, გაცემული 30.04.2011წ. მიმართულებით ,,სამართალი'' და მისი დანართი. სწავლების ფორმა: დაუსწრებელი (დისტანციური).

 

დადგენილა, რომ 2019 წლის 06 მარტს კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო სასწავლებელი - „პ---------–------------------------–----------------იის“ N4-- წერილით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დამატებით ეცნობა, რომ დაუსწრებელი (დისტანციური) სწავლებაზე, სუბიექტებს შორის კონტაქტი სწავლის დროს ხორციელდებოდა ვიდეო, აუდიო, გრაფიკული და ტექსტური ინფორმაციის გადაცემის გზით სინქრონულ და ასინქრონულ რეჟიმში.

 

განსახილველ შემთხვევაში, ი---------------–---–მა კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო სასწავლებელი - „პ---------–------------------------–----------------იაში“ სწავლა დაიწო 2006 წელს იმ დროს მოქმედი ნორმატიული აქტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის ადგენდა მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილებას, მოეთხოვა პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. თუმცა აღნიშნული წესი სავალდებულო ხასიათს არ ატარებდა და მხოლოდ კონკრეტული გადასაწყვეტი საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე შესწავლის საჭიროებას განსაზღვრავდა. ამასთან, ცვლილებებამდე არსებული საკანონმდებლო თუ ნორმატიული აქტის შინაარსი არ გამორიცხავდა უცხოეთში სწავლების ამა თუ იმ ფორმით მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებში ასახულ დებულებებზე, კერძოდ: უმაღლეს განათლებაში სტუდენტთა და დაინტერესებულ მხარეთა ნდობის მოპოვება უნდა დაეფუძნოს და შენარჩუნებული იქნას ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური ღონისძიებების საშუალებით, რომლებიც იძლევიან იმის გარანტიას, რომ პროგრამები კარგად იქნება შექმნილი, რეგულარულად მოხდება მათი მონიტორინგი და პერიოდული შემოწმება. პროგრამებისა და დიპლომების ხარისხის უზრუნველყოფა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: სწავლების დაგეგმილი შედეგების შემუშავება და გამოქვეყნება კურიკულუმებისა და პროგრამების შედგენისა და მათი შინაარსის მიმართ ყურადღებით მოპყრობა სხვადასხვა სახის მიწოდების სპეციფიკური საჭიროებანი (მაგ. სრული დრო, ნახევარი დრო, დისტანციური სწავლება, ელექტრონული სწავლება) და უმაღლესი განათლების ტიპები (მაგ. აკადემიური, პროფესიული, პროფესიულ-ტექნიკური); სასწავლო რესურსების მისაწვდომობა პროგრამების ოფიციალურად დამტკიცების პროცედურები იმ ორგანოს მიერ, რომელიც განსხვავდება იმისგან, ვინც ამ პროგრამით ასწავლის; სტუდენტების პროგრესისა და მიღწევების მონიტორინგი პროგრამების პერიოდული შემოწმება (გარეშე წევრების გუნდის ჩათვლით) დამსაქმებელთა, შრომის ბაზრის წარმომადგენელთა და სხვა ორგანიზაციების მხრიდან რეგულარული რეაგირება. ცალკე ინიციატივა იქნა შემუშავებული ერთობლივად OECD-ს და UNUNESCO-ს მიერ. მათ შეიმუშავეს ხარისხის შეთავაზების სახელმძღვანელო პრინციპები საზღვრის იქითა უმაღლეს განათლებაში. ეს პრინციპები საბოლოო სახეს მიიღებს 2005 წელს, თუმცა მისი შექმნის პროცესში გამოიკვეთა სხვაობა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის დარეგულირების საჭიროებისა იმ ფაქტთან, რომ არსებული ეროვნული ხარისხის უზრუნველყოფა აქცენტირებულია მხოლოდ შიდა მიწოდებაზე შიდა ინსტიტუტების მიერ. ამდენად, არსებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებისთვის ერთგვარი გამოწვევაა, რომ განავითარონ შესაფერისი მეთოდოლოგიები და მექანიზმები, რომლებიც ეროვნულ მომწოდებლებსა და პროგრამებთან ერთად მოიცავს უცხოელ მომწოდებლებს და უცხოურ პროგრამებს იმ მიზნით, რომ მოხდეს სარგებლიანობის მაქსიმალიზაცია და შეიზღუდოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციით მიღებული პოტენციური ზარალი. OECD-UNESCO-ს სახელმძღვანელო პრინციპები ითვალისწინებენ, რომ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებმა უზრუნველყონ, რომ მათი ხარისხის უზრუნველყოფის საქმიანობა ითვალისწინებდეს უცხოურ და სარგებელზე ორიენტირებულ ინსტიტუტებს/მომწოდებლებს, და აგრეთვე დისტანციურ სწავლებას და განათლების მიწოდების სხვა არატრადიციულ მოდელებს. თუმცა, სახელმძღვანელო პრინციპების შექმნის პროცესი აცნობიერებს, რომ უცხოელი მომწოდებლების მონაწილეობა, ნაციონალური სააგენტოების დასუსტების თავიდან ასაცილებლად, უმრავლეს შემთხვევაში მოითხოვს ეროვნულ საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ცვლილებებს.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტზეც (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან), რომელიც აღიარებს განათლების უფლებას, კერძოდ, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „C“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის თითოეულის ნიჭის საფუძველზე, ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელების, და კერძოდ, უფასო განათლების თანდათან შემოღების გზით.

 

გაერთიანებული ერების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტის აღნიშნული მუხლის 1999 წლის ზოგადი კომენტარის თანახმად, განათლების უფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა დანარჩენი უფლება, სახელმწიფოს აკისრებს სამი სახის ვალდებულებას: ვალდებულებას - პატივი სცეს, ვალდებულებას - დაიცვას და ვალდებულებას - განახორციელოს განათლების უფლება. განხორციელების ვალდებულება, თავის მხრივ, მოიცავს ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის ვალდებულებებს.

 

პატივისცემის ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ იმ ღონისძიებებისაგან თავის შეკავებას, რომლებიც ხელს უშლის ან აბრკოლებს განათლების უფლების რეალიზაციას. დაცვის ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელიც ხელს უშლის მესამე პირების მიერ უფლების დარღვევას. განხორციელების (ხელშეწყობის) ვალდებულების ძალით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, რათა ინდივიდებმა და საზოგადოებამ შეძლონ და გაუადვილდეთ განათლების უფლების რეალიზაცია. განხორციელების (უზრუნველყოფის) ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს განათლების უფლების რეალიზაცია მაშინ, როცა, მათი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ცალკეულ ინდივიდებსა თუ საზოგადოებას არ შეუძლია განათლების უფლების თავად რეალიზაცია მათ ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით.

 

ამდენად, უდავოა, რომ ი---------------–---–ის მიერ არჩეული სწავლების ფორმა - დისტანციური სწავლება აღიარებული იყო უმაღლესი განათლების მიღების პროცესში, თუმცა უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები ასევე ითვალისწინებენ გარე მომწოდებლისათვის გარკვეული ნორმატიული ჩარჩოების დადგენას, მაგრამ ამგვარი შეზღუდვა უკვე დასრულებულ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება. ი---------------–---–ს არ შეეძლო ევარაუდა სასწავლო კურსის დასრულებისა და კვალიფიკაციის მინიჭების შემდეგ განსახორციელებელი ნორმატიული ცვლილებების შინაარსი, რაც გამორიცხავდა არჩეული სწავლების ფორმით განათლების მიღების შეუსაბამობის ვარაუდს. ამდენად, ალბათობა იმისა, რომ ი---------------–---–ის მიერ დისტანციურად მიღებული განათლების აღიარება შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო, განათლების მიღების პროცესში არ არსებობდა. შესაბამისად, უკვე განხორციელებულ უფლებაზე - განათლების მიღების უფლებაზე, დღეს მოქმედი ნორმატიული დანაწესის გავრცელება, რაც ფაქტობრივად მიღებული განათლების უფლების შეზღუდვას (საქართველოს ფარგლებში) იწვევს, არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ზოგად წესს, ასევე ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის დანაწესს.

 

6.3. მოცემული დავის გადაწყვეტისათვის ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დისტანციური სწავლება არის სწავლების ფორმატი, რომელიც ამა თუ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაძლოა იყოს სწავლების ძირითადი ფორმა. დისტანციური სწავლება შექმნილია სპეციალურად სტუდენტისთვის ან სტუდენტთა ჯგუფისთვის, რომლებიც ტრადიციულ აუდიტორიაში ან კაბინეტში ფიზიკურად არ იმყოფებიან. ეს არის პროცესი, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის სწავლას, როდესაც ინფორმაციის წყარო და მიმღები ერთმანეთისგან დროით, სივრცით ან ორივე შემთხვევაში დაშორებულნი არიან. ამასთან, დისტანციური სწავლებისათვის სივრცის რაიმე სახით შეზღუდვა დაუშვებელია, ვინაიდან სწავლების ეს ფორმა სწორედ სწავლების ადგილისაგან მოშორებით სასწავლო კურსის გავლას გულისხმობს.

 

აღსანიშნავია, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ1“ ქვეპუნქტი განმარტავს ელექტრონული სწავლების შინაარსს, კერძოდ ელექტრონული სწავლება არის საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება. ამავე კანონის 474 მუხლის თანახმად, ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის სწავლის მართვის სისტემის გამოყენებით წარმართვას. სწავლის მართვის სისტემა არის ინტერნეტზე დამყარებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აუცილებელია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სტუდენტის (გარდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სტუდენტისა) სტუდენტთან ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალთან კომუნიკაციისათვის, ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისა და სხვა მიზნებისათვის. ელექტრონული სწავლება ხორციელდება ასინქრონული ან/და სინქრონული კომუნიკაციის ფორმით. ასინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნი და მიმღები ერთსა და იმავე დროს არ ახდენენ კომუნიკაციას, ხოლო სინქრონული − როდესაც მათი კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ელექტრონული სწავლების ან ნაწილობრივ ელექტრონული სწავლების გამოყენებით დაძლევის შემდეგ პირს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და ეძლევა ამ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ელექტრონული სწავლების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

 

ამდენად, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა იცნობს ელექტრონული სწავლების ფორმას, რომელიც სტუდენტისა და მასწავლებლის დისტანცირების პირობებში სასწავლო პროგრამის განხორციელებას გულისხმობს. უდავოა, რომ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლებას სტუდენტი იღებს იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ეს დაწესებულება არის ავტორიზებული და გავლილი აქვს პროგრამული აკრედიტაცია. შესაბამისად, განათლება იმ ქვეყანაში მიღებულად ჩაითვლება, სადაც უშუალოდ ფუნქციონირებს სასწავლო დაწესებულება და სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. განათლების მიღების ადგილს ასევე ადასტურებს თავად განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი დიპლომი, რომლის ერთ-ერთი სავალდებულო რეკვიზიტია ადგილი, სადაც გაიცა დიპლომი (უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი).

 

6.4. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლი ადგენს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მისი შესაბამისობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციასთან. შესაბამისობა სწავლის შედეგებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დადგინდეს სწავლის პერიოდის განსხვავების მიუხედავად. უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ კვალიფიკაციას ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებულ განათლებას აღიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

 

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული §1 დანართის მე-6 მუხლის მე-2-მე-5 მუხლების თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა). უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, ისე მინისტრის ბრძანება ერთხმად ადგენს, რომ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება უნდა განხორციელდეს ევროპის რეგიონებში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციით აღიარებული ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით.

 

ევროპის რეგიონებში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციით (ლისაბონი 1997წ) აღიარებულია, რომ განათლების უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი უფლება, ხოლო უმაღლესი განათლება, რომელიც წარმოადგენს ცოდნის გაფართოებისა და განვითარების გადამწყვეტ ფაქტორს, არის განსაკუთრებით ღირებული კულტურული და მეცნიერული მიღწევა, როგორც ყოველი ადამიანისათვის, ასევე საზოგადოებისათვის. ევროპის რეგიონში განათლების სისტემათა დიდი მრავალფეროვნება წარმოადგენს მისი კულტურული, სოციალური, პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური და ეკონომიკური მრავალფეროვნების ანარეკლს, რაც არის განსაკუთრებული მონაპოვარი და მოითხოვს ყოველმხრივ პატივისცემას. კონვენციის მიზანია, რომ მისცენ საშუალება მოცემული რეგიონის ყველა ადამიანს, სრულად გამოიყენოს ეს მრავალფეროვნების წყარო, ყოველი ქვეყნის მოქალაქისა და ყოველი მხარის სასწავლო დაწესებულების მოსწავლისათვის სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო რესურსებთან დაშვების გამარტივების გზით, რაც გამოიხატება იმაში, რომ მხარი დაუჭირონ მათ მცდელობას გააგრძელონ განათლება ან დაამთავრონ სწავლების პერიოდი სხვა ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებში, თვლიან რა, რომ ევროპის რეგიონის რომელიმე სხვა ქვეყანაში მიღებული სასწავლო კურსების, მოწმობების, დიპლომებისა და ხარისხების ცნობა არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, მიმართული მხარეებს შორის აკადემიური მობილურობის გაფართოების ხელშეწყობისაკენ.

 

კონვენციის თანახმად, უმაღლესი განათლება არის სწავლების კურსების ყველა სახეობა ან სწავლების კურსების ერთობლიობა, აგრეთვე სპეციალისტთა ან მკვლევართა მომზადება საშუალო განათლების შემდგომ დონეზე, რომელსაც ცნობენ მხარის შესაბამისი ორგანოები როგორც თავისი უმაღლესი განათლების სისტემის შემადგენელ ნაწილს. ამავე კონვენციის თანახმად, რადგან ცნობის გადაწყვეტილება ეფუძნება ცოდნასა და ჩვევებს, რაც დადასტურებულია უმაღლესი განათლების კვალიფიკაციით, ყოველი მხარე ცნობს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციას, მინიჭებულს მეორე მხარის მიერ იმ შემთხვევების გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის კვალიფიკაციასა და იმ ქვეყნის კვალიფიკაციას შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება.

 

ლისაბონის აღიარების კონვენციის კომიტეტის მეხუთე შეხვედრაზე მიღებული უცხოური კვალიფიკაციების შეფასების კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ რეკომენდაციებით განიმარტა თუ როგორ უნდა იქნეს გამოვლენილი შესადარისი კვალიფიკაცია, ასევე როგორ უნდა დადგინდეს საფუძვლიანი განსხვავება კვალიფიკაციის გამცემი პროგრამის/(ების) და მიმღები ქვეყნის რელევანტური კვალიფიკაციის საგანმანათლებლო პროგრამის(ების) ძირითად ელემენტებს შორის. ხსენებული რეკომენდაციების თანახმად, უცხოური კვალიფიკაციების აღიარებისას იმ ქვეყნის განათლების სისტემაში, სადაც ხდება აღიარების ძიება უნდა მოხდეს ისეთი კვალიფიკაციის იდენტიფიცირება, რომელიც არის უცხოური კვალიფიკაციის შესადარისი და იმ მიზნის გათვალისწინებით რისთვისაც ხდება აღიარების ძიება. განათლების უცხოურ სისტემას მიკუთვნებულ კვალიფიკაციასთან მიმართებაში კი შეფასებამ უნდა გაითვალისწინოს მისი ადგილი და ფუნქცია იმავე სისტემის კვალიფიკაციებს შორის. იქ სადაც შესაძლებელია, აღიარების უფლებამოსილმა ორგანომ, როგორც შეფასების პროცესის ნაწილი, ასევე უნდა დაიმოწმოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო, კვალიფიკაციების ევროპული ჩარჩოები და სხვა მსგავსი კვალიფიკაციების ჩარჩოები. დაახლოებით თანაბარი დონის კვალიფიკაციებმა შეიძლება დაგვანახოს განსხვავებები შინაარსთან, პროფილთან, ხარისხთან და სწავლის შედეგებთან მიმართებაში. უცხოური კვალიფიკაციების შეფასებისას ეს განსხვავებები უნდა განვიხილოთ მოქნილი მიდგომით და მხოლოდ აღიარების მიზნებისათვის არსებულმა საფუძვლიანმა განსხვავებამ შეიძლება მიგვიყვანოს ნაწილობრივ აღიარებამდე (მაგ., აკადემიური ან დეფაქტო პროფესიული აღიარება) ან უცხოური კვალიფიკაციის არ-აღიარებამდე. უცხოური კვალიფიკაციების აღიარება უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევის გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავებების ჩვენება აღიარების მაძიებელ უცხოურ კვალიფიკაციასა და იმ ქვეყნის კვალიფიკაციას შორის სადაც ხდება აღიარების ძიება. ამ პრინციპების გამოყენებით შეფასებამ უნდა დაადგინოს: (ა) არის თუ არა აღიარების მაძიებელ უცხოურ კვალიფიკაციისა და მიმღები ქვეყნის (სადაც ხდება აღიარების ძიება) რელევანტურ კვალიფიკაციის სწავლის შედეგებს შორის განსხვავება იმდენად საფუძვლიანი, რომ არ იძლევა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისი აღიარების შესაძლებლობას. თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, მაშინ შეფასებამ უნდა დაადგინოს შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული, ნაწილობრივი ან/და პირობითი აღიარების გაცემა. (ბ) არის თუ არა აღიარების მაძიებელი უცხოური კვალიფიკაციისა და მიმღები ქვეყნის (სადაც ხდება აღიარების ძიება) რელევანტური კვალიფიკაციის შემდგომ საქმიანობაზე დაშვების (როგორიცაა, შემდგომი სწავლა, კვლევითი საქმიანობა და ხელსაყრელი დასაქმება) პირობებს შორის განსხვავება იმდენად საფუძვლიანი, რომ ის არ იძლევა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისი აღიარების საშუალებას. თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, მაშინ შეფასებამ უნდა დაადგინოს შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული, ნაწილობრივი ან/და პირობითი აღიარების გაცემა. (გ) არის თუ არა კვალიფიკაციის გამცემი პროგრამის/(ების) და მიმღები ქვეყნის (სადაც ხდება აღიარების ძიება) რელევანტური კვალიფიკაციის საგანმანათლებლო პროგრამის(ების) ძირითად ელემენტებს შორის განსხვავება იმდენად საფუძვლიანი, რომ ის არ იძლევა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისი აღიარების საშუალებას. თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, მაშინ შეფასებამ უნდა დაადგინოს შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული, ნაწილობრივი ან/და პირობითი აღიარების გაცემა. პროგრამის ელემენტების შესადარობა უნდა გაანალიზდეს მხოლოდ სწავლის შედეგების შესადარობისა და განათლების შემდგომი საქმიანობაზე დაშვების თვალსაზრისით და არა როგორც აუცილებელი პირობა მისი საკუთარი უფლებებით აღიარებისათვის. (დ) უფლებამოსილმა ორგანომ შეძლო თუ არა იმის დოკუმენტირება, რომ კვალიფიკაციის გამცემი საგანმანათლებლო პროგრამის ან/და ინსტიტუციის ხარისხი იმდენად საფუძვლიანად განსხვავდება მიმღები ქვეყნის (სადაც ხდება აღიარების ძიება) მსგავსი კვალიფიკაციის გამცემი პროგრამისა ან/და ინსტიტუციის ხარისხისგან, რომ ის არ იძლევა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისი აღიარების საშუალებას. თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, მაშინ შეფასებამ უნდა დაადგინოს შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული, ნაწილობრივი ან/და პირობითი აღიარების გაცემა.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, პირის კერძო ინტერესი - ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი, დანართი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 11 მარტის MES 9 19 0------- გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, რომ კვალიფიკაციის გამცემი პროგრამის/(ების) და მიმღები ქვეყნის რელევანტური კვალიფიკაციის საგანმანათლებლო პროგრამის(ების) ძირითად ელემენტებს შორის „საფუძვლიანი განსხვავება“, როგორც საკითხის გადაწყვეტის აუცილებელი პირობა, მოპასუხეს არ შეუფასებია. ამგვარად, ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხისადმი ფორმალური მიდგომით უგულებელყო პირის უფლება დისტანციური სწავლებით მიღებული განათლების აღიარებით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით ხელმისაწვდომი გახდეს დასაქმების ბაზარი, სამომავლო განათლება და სხვა უფლებები. ამდენად, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრმა, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს ი---------------–---–ის სახელზე გაცემული დიპლომის დანართი და შეფასების ფურცელი, ის თუ რა საგნები აქვს გავლილი და სწავლების საათობრივი დატვირთვა. ამდენად, სასამართლო დავის გადაწყვეტისას ვერ შეაფასებს ი---------------–---–ის მიერ მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან. აღნიშნული გარემოება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებული უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე საკითხის ხელახალი გამოკვლევისას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი---------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2019 წლის 11 მარტის MES 9 19 0------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების - ი---------------–---–ის მიერ მიღებული კვალიფიკაციის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან შესაბამისობის გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ი---------------–---–ის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი---------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 11 მარტის MES 9 19 0------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით;

 

3. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს, ი---------------–---–ის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა დარასელია