გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.06.2019
საქმის ნომერი
231210019002904277
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
06.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 231210019002904277 -2/043-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

,,06” ივნისი, 2019 წელი ქ. ბორჯომი

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლოს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - სალომე გვარჯალაძე

მოსარჩელე - სს ,,ლ--------------“

წარმომადგენელი - ნი-------–-–---–ი

მოპასუხეები - გ------------–-

ე----------------–---–-

დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების გადახდევინება

აღწერილობითი ნაწილი :

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე გ------------–ს მოსარჩელე სს ,,ლ--------------“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს #2------- სესხიდან გამომდინარე არსებული დავალიანება 834,21 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 675 ლარი, სარგებელი/საკომისიო - 46,71 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 112,50 ლარი.

 

1.2. მოპასუხეებს - გ------------–სა და ე----------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ლ--------------“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ #1------- სესხზე არსებული დავალიანება 2078,1 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1149,42 ლარი, პროცენტი - 672,73 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 255,95 ლარი.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის 23 იანვარს, სს ,,ლ--------------ა“ და მოქალაქე გ------------–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #2-------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სამომხმარებლო საბანკო კრედიტი 675 ლარი, ერთჯერადი საკომისიო - 50 ლარი, ყოველთვიური საკომისიო - 3 ლარი, პირგასამტეხლო - 0.41 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კრედიტის ვადა - 12 თვე.

 

2017 წლის 02 მაისს, მოქალაქე გ------------–-ს მიერ შეივსო განაცხადი, ,,L-------------s“-ის (სწრაფი სესხის) ტიპის სესხის გაცემის თაობაზე, ამ განაცხადით მსესხებელი დაეთანხმა ამ ტიპის საბანკო პროდუქტისთვის ბანკის მიერ, საიტზე განთავსებულ სტანდარტულ პირობებს, რის შემდეგაც მასზე გაიცა საბანკო კრედიტი, კრედიტის მოცულობამ შეადგინა 1500 ლარი, საპროცენტო სარგებელმა - 64.75 %, ყოველდღიური პირგასამტეხლო - 0.4% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადად განისაზღვრა 24 თვე.

 

2017 წლის 02 მაისსვე, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება #1--------2----------- სს ,,ლ--------------ა“ და ე----------------–---–ს შორის, რომლის საფუძველზეც მან იკისრა სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ხელშეკრულებით განისაზღვრა მისი პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად დადგინა 1545 ლარი.

 

ბანკის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, მიწოდებული იქნა ინფორმაცია არსებული დავალიანების ოდენობისა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ.

 

მსესხებელმა სს ,,ლ--------------“-ს მიერ გაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა და იმყოფება ვადაგადაცილებაში #2------- სესხზე - 2018 წლის 22 თებერვლიდან, ხოლო #1------- სესხზე - 2018 წლის 2 მარტიდან.

 

#2------- სესხზე დავალიანება შეადგენს ჯამში 1645.24 ლარს (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 675 ლარი, პროცენტი - 46.71 ლარი, ჯარიმა - 923.53 ლარი). საკომისიო სარგებელი დაანგარიშებულია სესხის გაცემიდან, ანუ 2018 წლის 23 იანვრიდან დავალიანების შესახებ ცნობის გაცემამდე, 2019 წლის 14 მარტამდე შუალედში, ხოლო პირგასამტეხლო დაანგარიშებულია პირველი დარღვევის თარიღიდან - 2018 წლის 22 თებერვლიდან, ასევე დავალიანების შესახებ ცნობის გაცემამდე შუალედში.

 

#1------- სესხზე დავალიანება შეადგენს ჯამში 2334.05 ლარს (ძირი - 1149.42 ლარი, პროცენტი - 672.73 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 511.90 ლარი), პროცენტი დაანგარიშებულია სესხის გაცემის თარიღიდან, ანუ 2017 წლის 2 მაისიდან დავალიანების შესახებ ცნობის გაცემამდე, 2019 წლის 14 მარტამდე შუალედში. ხოლო პირგასამტეხლო დაანგარიშებულია პირველი დარღვევის თარიღიდან - 2018 წლის 2 მარტიდან, ასევე დავალიანების შესახებ ცნობის გაცემამდე შუალედში.

 

(იხ. სარჩელი, სასამართლო სდომის ოქმი 0---------წ.)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა გ------------–მა და ე----------------–---–მა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სრულად სცნეს.

 

(იხ. სასამართლო სდომის ოქმი 0---------წ.)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 23 იანვარს, სს ,,ლ--------------ა“ და გ------------–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #2-------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სამომხმარებლო საბანკო კრედიტი 675 ლარი, შემდეგი პირობებით: ერთჯერადი საკომისიო - 50 ლარი, ყოველთვიური საკომისიო - 3 ლარი, პირგასამტეხლო - 0.41 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადა - 12 თვე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 23 იანვრის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი.

 

3.1.2. 2017 წლის 02 მაისს, მოქალაქე გ------------–-ს მიერ შეივსო განაცხადი, ,,L-------------s“-ის (სწრაფი სესხის) ტიპის სესხის გაცემის თაობაზე, რის შემდეგაც მასზე გაიცა საბანკო კრედიტი - 1500 ლარი, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა - 64.75 %-ით, ყოველდღიური პირგასამტეხლო - 0.4% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კრედიტის ვადად განისაზღვრა 24 თვე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 02 მაისს შევსებული განაცხადი (ს.ფ. 24);

- კრედიტის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (ს.ფ. 25-36);

- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 37);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი.

 

3.1.3. 2017 წლის 02 მაისს, სს ,,ლ--------------ა“ და ე----------------–---–ს შორის გაფორმდა #1--------2---------- თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძვეზეც ე----------------–---–მა იკისრა სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ხელშეკრულებით განისაზღვრა მისი პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 1545 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 02 მაისი განაცხადი თავდებობის შესახებ (ს.ფ. 38);

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 39-41);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი.

 

3.1.4. გ------------–- იმყოფება ვადაგადაცილებაში #2------- სესხზე - 2018 წლის 22 თებერვლიდან, ხოლო #1------- სესხზე - 2018 წლის 02 მარტიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მსესხებლის პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 52);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი.

 

3.1.5. #2------- სესხზე დავალიანება შეადგენს ჯამში 1645.24 ლარს (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 675 ლარი, პროცენტი - 46.71 ლარი, ჯარიმა - 923.53 ლარი).

 

#1------- სესხზე დავალიანება შეადგენს ჯამში 2334.05 ლარს (ძირი - 1149.42 ლარი, პროცენტი - 672.73 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 511.90 ლარი).

 

მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის მიერ მოხდა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება და საბოლოოდ მოსარჩელე მხარემ მოითხოვა მოპასუხე გ------------–ს #2------- სესხიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანება ჯამში 834.21 ლარი (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 675 ლარი, სარგებელი/საკომისიო - 46.71 ლარი, პირგასამტეხლო - 112.50 ლარი), ხოლო მოპასუხეებს გ------------–ს და ე----------------–---–ს #1------- სესხიდან გამომდინარე დაეკისროთ დავალიანება ჯამში 2078.1 ლარს (ძირი - 1149.42 ლარი, პროცენტი - 672.73 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 255.95 ლარი). აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებმა სცნეს სრულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 14 მარტის ცნობები დავალიანების შესახებ (ს.ფ. 53-54);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადასაწყვეტად მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ სს ,,ლ--------------“-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

მითითებული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს მისი დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი სრულად, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად, სს ,,ლ--------------“-ს სარჩელი გ------------–-სა და ე----------------–---–-ს მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია კრედიტის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, მაშინ თუ ორ კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - გ------------–-ს მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ლ--------------ა’’ და გ------------–ს) შორის გაფორმებული 2018 წლის 23 იანვრისა და 2017 წლის 02 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა გ------------–-ს მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია, რის გამოც #2------- სესხზე 2018 წლის 22 თებერვლიდან, ხოლო #1------- სესხზე 2018 წლის 02 მარტიდან იმყოფება ვადაგადაცილებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დავალიანების ძირითად თანხას ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე #2------- სესხზე წარმოადგენს - 675 ლარი, ხოლო #1------- სესხზე კი - 1149.42 ლარი, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს და თავდებს). მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს პროცენტის მოთხოვნის ნაწილში. #2------- სესხზე დარიცხული პროცენტი შეადგენს - 46.71 ლარს, ხოლო #1------- სესხზე კი - 672.73 ლარს. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მათ მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად, მათ ასევე უნდა დაეკისროთ პროცენტის გადახდა.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სს ''ლ--------------ა'' და გ------------–ს შორის 2017 წლის 02 მაისს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ლ--------------ა'' და მეორეს მხრივ ე----------------–---–ს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - ე----------------–---–მა იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა გადახდის თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2017 წლის 02 მაისის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანების და პირგასამტეხლოს გადახდის ვადლებულება.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

418-ე მუხლის პირველი ნაწილით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო #2------- სესხზე 112.50 ლარი, ხოლო #1------- სესხზე 255.95 ლარი მოთხოვნილია გონივრული თანხის ფარგლებში, აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მთავარ სხდომამადე მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი, რის გათვალისწინებითაც მხარეები მთლიანად უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარი, რაც უნდა დაუბრუნდეს მას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ,,ლ--------------“-ს სარჩელი მოპასუხეების - გ------------–-ს და ე----------------–---–-ს მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე გ------------–ს (პ/ნ-1----------) სს ,,ლ--------------“-ს (ს/კ-2--------) სასარგებლოდ, დაეკისროს #2------- სესხიდან გამომდინარე არსებული დავალიანება 834,21 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 675 ლარი, სარგებელი/საკომისიოა - 46,71 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 112,50 ლარი.

 

მოპასუხეებს გ------------–სა (პ/ნ-1----------) და ე----------------–---–ს (პ/ნ-2----------) სს ,,ლ--------------“-ს (ს/კ-2--------) სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ #1------- სესხზე არსებული დავალიანება 2 078,1 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1149,42 ლარი, პროცენტი - 672,73, ხოლო პირგასამტეხლო - 255,95 ლარი.

 

3. მოსარჩელე სს ,,ლ--------------“ (ს/ნ-2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი (საგადასახადო დავალება #5---------; თარიღი - 18.03.2019წ).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის ქ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უარდეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის აპარატში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ლუიზა თოდუა