გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210018002632015
საქმე №2/643-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19.06.2018 წ. ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი ნათია გოჩიტაშვილი
მოსარჩელე: ლ--–- ბ----–-–---–ი;
წარმომადგენელი: მ--- ბ-----–---–ი;
მოპასუხე შ----- მ-------–---–ი;
წარმომადგენელი: შ--–-- ხ----------–---–ი;
არასრულწლოვანი ბავშვების წარმომადგენელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს----------ს რაიონული განყოფილების წარმომადგენელი თ----------------;
დავის საგანი: მცირეწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მცირეწლოვანი ბავშვების მ------ი მ-------–---–ის (დაბადების თარიღი: 2--- წლის 1------------ი) და გ-- მ-------–---–ის (დაბადების თარიღი: 2--- წლის 1--------–-) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს ბავშვების დედის ლ--–- ბ----–-–---–ის საცხოვრებელი ადგილი - სიღნაღის რაიონი ქალაქი წ------, ჭ-------ის ქუჩა №6.
სარჩელის დასაბუთება.
მოსარჩელე ლ--–- ბ----–-–---–მა და მისმა წარმომადგენელმა მ--- ბ-----–---–მა განმარტეს, რომ მხარეები 2008 წლის შემოდგომიდან იმყოფებოდნენ არაერგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - მ------ი მ-------–---–ი და გ-- მ-------–---–ი. 2018 წლის 18 მაისს მხარეები დაშორდნენ და მოსარჩელე საცხოვრებლად გადავიდა დედის სახლში ქ. წ-----–ი, ბავშვები კი იძულებით დატოვეს მისი ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლში ს----------ს რაიონის სოფელ კ-------–ი. მოპასუხის ოჯახი დედას არ აძლევდა საშუალებას ენახა ბავშვები. მოპასუხე მხარე არასრულწლოვან ბავშვებზე ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ბავშვებს აიძულებდნენ უარი ეთქვათ დედასთან ცხოვრებაზე. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით მას შეუძლია შვილებთან მისვლა შაბათ-კვირას, მაგრამ მთელი დღის ბავშვებთან გატარებას იგი ვერ ახერხებს. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ბავშვების ბებიას არ შეუძლია სათანადო ყურადღება მიაქციოს ბავშვს დედის მსგავსად, რადგან მათ აქვთ დიდი მეურნეობა და იგი დიდ დროს ატარებს იქ. სკოლის შემდგომაც ბავშვები მიჰყავთ ვენახში და სკოლაში მათ აქვთ აკადემიური ჩამორჩენა. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ბავშვები არიან ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქვეშ და გაუცხოვებულები არიან მასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ბავშვებმა იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში და მოხდეს მათი სწორად აღზრდა, მათ საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი, სიღნაღის რაიონი, ქ. წ------, ჭ-------ის ქ.N6.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა შ--–-- ხ----------–---–მა განმარტა, რომ მხარეები 2008 წლის შემოდგომიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი მ------ და გ-- მ-------–---–ები. შ----- მ-------–---–ი და ლ--–- ბ----–-–---–ი ცხოვრობდნენ მოპასუხის სახლში ს----------ს რაიონ, სოფელ კ-------–ი და ბავშვები იზრდებოდნენ მშობლებთან პაპა და ბებიასთან ერთად. 2018 წლის 18 მაისს მხარეები დაშორდნენ და მოსარჩელე მხარე გადავიდა საცხოვრებლად დედასთან ქ. წ-----–ი, ხოლო ბავშვები დარჩნენ მამასთან ნებაყოფლობით, მათი სურვილის შესაბამისად. მას შემდეგ, რაც დაშორდნენ მოსარჩელე ლ--–- ბ----–-–---–ი მუდმივად ცდილობს წაიყვანოს ბავშვები თავისთან საცხოვრებლად. ლ--–- ბ----–-–---–მა რამდენჯერმე სცადა ბავშვების წაყვანა ძალის გამოყენებით, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ამის წინააღმდეგნი იყვნენ, რაზეც გამოძახებულ იქნა შსს ს----------ს პოლიცია. მოსარჩელე მხარეს არავინ უკრძალავს შვილების ნახვას და მას ეს შესაძლებლობა არაერთხელ ჰქონდა. შ----- მ-------–---–მა არაერთგზის შესთავაზა ბავშვების წაყვანაც თავისთან, თუმცა ლ--–- ბ----–-–---–ის მიზანი არაა ბავშვებთან ურთიერთობა და მათი ინტერესების რეალური დაცვა. მოპასუხემ არაერთხელ შეეცადა, რომ ბავშვები წაეყვანა მოსარჩელეს და თანხის გადახდაც კი შესთავაზა იმ მიზნით, რომ ლ--–- ბ----–-–---–ს ბავშვების მგზავრობაში და კვებაში ფული არ გადაეხადა. შესთავაზა 2018 წლის ზაფხულში არდადეგების პერიოდში ბავშვების მასთან საცხოვრებლად გადასვლაც, თუმცა ამ შეთავაზებაზეც უარი განაცხადა. ბავშვები მუდმივად ცხოვრობენ სოფელ კ-------–ი, სწავლობენ ამავე სოფლის საჯარო სკოლაში, ასევე მონაწილეობენ სპორტულ და საგანმანათლებლო პროგრამებში. მათ ზემოთ აღნიშნულ სოფელში ჰყავთ მეგობრები. ბავშვების საცხოვრებელი ადგილის შეცვლა კი გამოიწვევს მათი ცხოვრების სტილის არსებით შეცვლას, რაც ეწინააღმდეგება არასრულწლოვანთა ჭეშმარიტ ინტერესებს. ამავდროულად, ბავშვები განიცდიან ძლიერ მიჯაჭვულობას მამასთან და პაპა-ბებიასთან. მათ არ აქვს სურვილი იცხოვრონ დედასთან. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ ბავშვების საცხოვრებელ ადგილად უნდა დარჩეს მამის საცხოვრებელი ადგილი, ს----------ს რაიონი, სოფელი კ--------, მ--------------
3. არასრულწლოვანი ბავშვების წარმომადგენელმა თ----------------მ მხარი დაუჭირა 2018 წლის 19 თებერვლის სოციალური მუშაკის დასკვნას და განმარტა, რომ ბავშვებზე განხორციელებული ზეგავლენიდან გამომდინარე სახეზეა მძიმე ფსიქოლოგიური არჩევანი. მისი განმარტებით ამ ზეგავლენამ უკვე ასახვა ჰპოვა ბავშვების ფსიქიკურ მდგომარეობაზე, რაც გამოიხატება მათ ნეგატიურ დამოკიდებულებაში დედის მიმართ, მათ სურვილში თავი აარიდოს დედაზე საუბარს და მასთან შეხვედრას. ბავშვი პასუხობს არა იმას რაც მისი საკუთარი აზრია, არამედ იმას რაც ესმის ხშირად უფროსებისგან. ფსიქოლოგიური ზეგავლენას უკვე მოჰყვა მძიმე შედეგი, ბავშვების გაუცხოება დედის მიმართ. ამ ეტაპზე დედის და შვილების ურთიერთობა შემოიფარგლება სატელეფონო საუბრით და შაბათ-კვირას მათი ნახვით, რის სურვილსაც ბავშვები დიდად არ გამოხატავენ. ოჯახის უფროსი წევრების უარყოფითი დამოკიდებულება და ღია საუბარი ბავშვების დედის მიმართ მათზე უარყოფითად აისახება. აღნიშნული გარემოება მატრამვირებელია ბავშვებისათვის, რაც მომავალში უარყოფითად იმოქმედებს მათ ფსიქო ემოციურ განვითარებაზე. მას მიაჩნია, რომ დედამ უნდა იზრუნოს ბავშვებზე და უნდა ჰქონდეს შეუზღუდავი ურთიერთობა. მოპოვებული ინფორმაციით ლ--–- ბ----–-–---–ი ყოველთვის კარგად ზრუნავდა შვილებზე. ვინაიდან, ბავშვების სურვილი არის რადიკალური და მათ ამ ეტაპზე არ სურთ დედასთან ცხოვრება, ბავშვების წარმომადგელს მიაჩნია, რომ დედამ ჯერ უნდა დაალაგოს და გააუმჯობესოს შვილებთან ურთიერთობა. სასურველია ბავშვს ორივე მშობელთან ჰქონდეს ჯანსაღი ურთიერთობა. მომავალში, იგივე მდგომარეობის შენარჩუნებას შესაძლებელია გამოუსწორებელი ფსიქიკური შედეგი მოჰყვეს.
სასამართლო სხდომაზე ბავშვების წარმომადგენლის თანდასწრებით გამოკითხულ იქნენ მცირეწლოვანები მ------ მ-------–---–ი და გ-- მ-------–---–ი.
მ------ მ-------–---–მა გამოკითხვისას განმარტა, რომ იგი ცხოვრობს მამასთან, ბებოსთან, პაპასთან და ძმასთან ერთად. მასზე ზრუნავს მამა და ბებია. იგი დადის ცეკვაზე. თავს ძალიან კარგად გრძნობს მამის ოჯახში. იგი აღნიშნავს, რომ ლ--–- თითონ მიდის მათ სახლში და იქ ნახულობს, თუმცა მას დიდად არ უხარია დედის ნახვა. დედა ხანდახან ეთამაშება, თუმცა მას ძმასთან და თავის მამიდაშვილებთან ერთად უფრო მოსწონს თამაში. იგი აღნიშნავს, რომ როდესაც დედასთან ერთად ცხოვრობდნენ, იგი მათ ხშირად სცემდა. მ------ მ-------–---–ი ცალსახად მიუთითებს, რომ სურს იცხოვროს მამასთან და არ სურს არსად გადასვლა თავისი სახლიდან.
გ-- მ-------–---–მა გამოკითხვისას განმარტა, რომ იგი ცხოვრობს მამასთან, ბებოსთან, პაპასთან და დასთან ერთად. მასზე ზრუნავს მამა და ბებია. იგი დადის ჭიდაობაზე. თავს კარგად გრძნობს მამის ოჯახში. იგი აღნიშნავს, რომ დედა თითონ მიდის მათ სახლში და იქ ნახულობს, თუმცა მას არ უხარია დედის ნახვა. იგი აღნიშნავს, რომ როდესაც დედასთან ერთად ცხოვრობდა, იგი მას ზოგჯერ სცემდა ხოლმე. გ-- მ-------–---–ი მიუთითებს, რომ სურს იცხოვროს მამასთან და არ უნდა დედასთან გადასვლა საცხოვრებლად.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. ლ--–- ბ----–-–---–ი და შ----- მ-------–---–ი 2008 წლის შემოდგომიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - მ------ი მ-------–---–ი (დაბადებული: 18.12.2--- წელს) და გ-- მ-------–---–ი (დაბადებული: 13.04.2--- წელს).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა განმარტებები,- დაბადების მოწმობები;
4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1. მშობლების დაშორების შემდეგ, არასრულწლოვანი ბავშვები დღეის მდგომარეობით მამასთან შ----- მ-------–---–თან ერთად ცხოვრობს ს----------ს რაიონის სოფელ კ-------–ი. ოჯახში არის ბავშვებისათვის მზრუნველი და კეთილსაიმედო გარემო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2018 წლის 26 ივლისის დასკვნა;
4.2.2. 2018 წლის 26 ივლისის სოციალური მომსახურების სააგენტოს ს----------ს რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით მშობლების დაშორების შემდეგ, მ------ და გ-- მ-------–---–ები ცხოვრობენ მამასთან შ----- მ-------–---–თან ს----------ს რაიონის, სოფელ კ-------–ი. ბავშვები განათლებას იღებდნენ ამავე სოფლის საჯარო სკოლაში. სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფებიან კ--------ს ამბულატორიაში. ჩატარებული აქვთ ასაკის შესაბამისი აცრები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ფიზიკური და კოგნიტური განვითარება მათი ასაკის შესაბამისია. სოფელ კ-------–ი აქვთ საკუთარი ორსართულიანი სახლი. საყოფაცხოვრებოდა სანიტარულ-ჰიგიენური პირობები დამაკმაყოფილებელია. საცხოვრებელი აღჭურვილია საჭირო ნივთებით. ბავშვებისათვის უსაფრთხო საყოფაცხოვრებო პირობებია. ოჯახში ბავშვები უზრუნველყოფილი არიან საკვებით და ტანსაცმლით. დაცულია მათი ჰიგიენა. ოჯახის ინფორმაციით მათ აქვთ სეზონური შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვიდან. შემოდგომით ყიდიან ყურძენს საშუალოდ 30 000 ლარის ოდენობით. მოპოვებული ინფორმაციით დედის მხრიდან ბავშვებზე ზრუნვის ნაკლებობა არ შეინიშნება. ოჯახი ბავშვის დედას საშუალებას არ აძლევს ინახულოს შვილები და მათზე იზრუნოს.
2018 წლის 13 დეკემბრის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, ლ--–- ბ----–-–---–ი მეუღლესთან დაშორების შემდეგ ცხოვრობს დედასთან ქ. წ-----–ი. ბავშვები ცხოვრობენ მამასთან, ს----------ს რაიონის სოფელ კ-------–ი. ლ--–- ბ----–-–---–ი ცხოვრობს კერძო სახლში, სადაც დამაკმაყოფილებელია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, საცხოვრებელი პირობები, უზრუნველყოფილია ელემენტარული დგამ-ავეჯით. საცხოვრებლის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უსაფრთხო ბავშვებისათვის. ბავშვების კვების პრობლემა ოჯახში არ დგას. ოჯახში ზოგადად მზრუნველი და თბილი სიტუაციაა. დაახლოებით 7 თვეა, რაც გაშორდა მეუღლეს და ხშირად ვერ ახერხებს შვილების ნახვას. ხვდება, რომ თანდათან შვილებთან ურთიერთობა ცივდება, რადგან მისი განმარტებით, მისი მეუღლის ოჯახი ხელს მაქსიმალურად უშლის ურთიერთობას. ლ--–- ბ----–-–---–ი ამჟამად არ მუშაობს, მისი გრაფიკი მოსახერხებელი იქნება, ბავშვებზე ზრუნვა სათანადოდ განახორციელოს. ოჯახში მშვიდი და უსაფრთხო გარემოა. ბავშვები კ-------–ი ცხოვრების განმავლობაშიც ხშირად სტუმრობდნენ დედის ოჯახს და მათ უყვარდათ ბებიასთან დროის გატარება.
წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ორივე მშობელმა სრულად გააცნობიეროს მათი უფლება-მოვალეობები და შეძლებისდაგვარად ერთობლივად მოახდინონ მორიგება და პრობლემის გადაწყვეტა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2018 წლის 26 ივლისის დასკვნა;
-2018 წლის 08 აგვისტოს დასკვნა;
-2018 წლის 11 დეკემბრის დასკვნა
-2018 წლის 13 დეკემბრის დასკვნა;
4.2.3. 2019 წლის 04 მარტის მიმართვის საფუძველზე მ------ მ-------–---–ის და გ-- მ-------–---–ის შესახებ მომზადებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, მ------ და გ-- მ-------–---–ებთან იკვეთება მამასთან კარგი ურთიერთობა, დედასთან ურთიერთობაში მ------ი ძირითადად ნეგატიურ ემოციებს ამჟღავნებს, რაც შეეხება გ--ს დედასთან მიმართებაში ძირითადად აქვს ნეიტრალური ემოცია. ბავშვებთან მოხდა რამდენჯერმე გასაუბრება. მესამე შეხვედრა მოხდა დედასთან ერთად. ბავშვები და მამა დროზე მივიდნენ, გ--მ და მ------მა აღნიშნეს, რომ დედასთან შეხვედრა არ უხაროდათ. როდესაც დედა შემოვიდა ოთახში, გ--მ აკოცნინა, მ------მა დედის კოცნაზე სახე შეიჭმუხნა. დედის ინფორმაციით იგი პარასკევს ჩადის ბავშვების სანახავად და შაბათ-კვირა რჩება. აღნიშნა, რომ ბავშვებს ამეცადინებს, რაზეც მ------ი შეეპასუხა ,,მარტო ერთხელ მამეცადინაო “. გოგონამ ბევრი საყვედური თქვა დედის მისამართით, რომ დედა არაფერშია მათთან ჩართული. ხოლო როდესაც დედამ თქვა, რომ მათთან ერთად მუშაობს, თმებს ვარცხნის, მ------ი გაჩუმდა და კისერი მხრებში ჩარგო, ვეღარ შეძლო დედის დადანაშაულება. ჯგუფური აქტივობის დროს, სადაც ოთხივე იღებდა მონაწილეობას, მ------ი ძირითადად მამას ეკონტაქტებოდა. მხოლოდ აქტივობის ბოლოს რაღაც აზრი გაუზიარა დედას. გ-- კი მთლიანად ხატვის პროცესში იყო ჩართული და არავის ეკონტაქტებოდა.
მ------ და გ-- მ-------–---–ებთან შეინიშნება ემოციური ტრამვები, რაც გამოწვეულია წარსულსა და აწმყოში ოჯახის წევრებს შორის არსებულ დესტრუქციული ურთიერთობით. მ------თან შეინიშნება ბრაზი დედასთან მიმართებაში, რეალობის დამახინჯება. დედასთან დაკავშირებით სინამდვილისთვის თვალის არიდება და ფაქტების დამალვა. ასევე შეინიშნება დაბალი თვითშეფასება. გოგონას აკლია მშობლების მხრიდან შექება-წახალისება და მის ძლიერ მხარეებზე აქცენტის გაკეთება. ასევე შეინიშნება და-ძმას შორის კონკურენცია, რაც ჯგუფური აქტივობის დროსაც გამოიკვეთა. ამასთანავე, ორივე ბავშვი არის კონტაქტური და ხალისიანები. ორივე ბავშვთან შეინიშნება პედაგოგიური ჩამორჩენა. მ------ და გ-- მ-------–---–ებთან შეინიშნება გარემოს მხრიდან ნეგატიური ზეგავლენა დედის წინააღმდეგ. გოგონას არ შეუძლია დედაზე კარგი ფაქტების გახსენება. იკვეთება დესტრუქციული ოჯახური ურთიერთობები წარსულსა და აწმყოში, რაც ცუდად აისახება ბავშვების ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე, ახასიათებთ რეალობის დამახინჯება, აქვთ აკადემიური ჩამორჩენა. ასევე შეინიშნება დედის მხრიდან დასჯის ავერსიული მეთოდების გამოყენება (ფიზიკური დასჯა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს და არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ამ ეტაპზე უნდა დარჩეს მამის საცხოვრებელი ადგილი.
6. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე,1197-ე, 1198-ე ,1200-ე მუხლები, ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენცია. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლი უკრძალავს იმ მშობელს შეზღუდოს მეორე მშობლის ურთიერთობა ბავშვთან, რომელიც მასთან ცხოვრობს. ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.
სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის თანახმად, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.
7.2. ბავშვის უფლებათა კონვენციის (ჩვენთან ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას ძირითადი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამ მუხლის 1- ი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი განხილვის დროს ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები. კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.
ზემოთაღნიშნული ნორმების საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას ბავშვების მცირე ასაკის გათვალისწინებით გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ იმ არგუმენტაციით, თუ რა პირობები შეიძლება მიჩნეული იქნეს ბავშვების აღზრდისა და განვითარებისათვის საუკეთესოდ. ასეთ პირობებში მოაზრებული უნდა იქნეს ის სოციალური გარემო და კონკრეტული ჰუმანური რესურსები, რაც აუცილებელია ბავშვის ფსიქოლოგიის პოზიტიური განვითარებისათვის. საუკეთესოდ ფასდება ის გარემო, სადაც ბავშვმა შეიძლება მიიღოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ემოციური რესურსები. ამასთან ყველა ბავშვის უფლებაა, მოუსმინონ და მათი შეხედულება აღიქვან სერიოზულად, ეს წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას.
7.3. კანონის ამ მოთხოვნებიდან, არასრულწლოვანების კანონიერი წარმომადგენლის განმარტებიდან, საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მიერ წარმოდგენილი დასკვნებიდან გამომდინარე, მხარეთა, მოწმეთა და მცირეწლოვანი ბავშვების განმარტებიდან, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბავშვები ცხოვრობენ მამასთან სახლში და მათ ყველა მატერიალური პირობები აქვთ შექმნილი ნორმალური განვითარებისათვის, რასაც მოსარჩელეც არ უარყოფს. ბავშვების მამა, ბაბუა და ბებია ბავშვებზე ზრუნავენ და მეთვალყურეობით არიან დაკავებულნი. ისინი სრულფასოვნად აკმაყოფილებენ მათ საჭიროებებს, ზრუნავენ ბავშვების ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ განვითარებაზე. გარდა ამისა, დადგენილი იქნა, რომ ბოლო პერიოდში ასევე გაუმჯობესდა ბავშვების აკადემიური მოსწრება სკოლაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გამო, რომ ორივე ბავშვი მცირეწლოვანია, მათი ასაკიდან და საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია და ბავშვების ინტერესია, რომ მათი საცხოვრებელი ადგილი დარჩეს მამის საცხოვრებელი ადგილი, არ მოხდეს მათი სხვა ადგილზე საცხოვრებლად გადაყვანა და არ მოხდეს სკოლის შეცვლა, რაც ბავშვისათვის დამატებითი სტრესის გამომწვევი ფაქტორი იქნება. გარდა ამისა სასამართლო აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით სახეზეა ბავშვების მხრიდან მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება დედის მიმართ და ისინი კატეგორიული წინააღმდეგი არიან იქონიონ რაიმე ურთიერთობები დედასთან და მითუმეტეს გადავიდნენ დედასთან და მის მშობლებთან საცხოვრებლად. ისინი მამის სახლში თავს კარგად გრძნობენ, ამ სახლში დაიბადნენ და მუდმივად ცხოვრობენ, ეს არის მათი ჩვეული გარემო და მათ ითხოვეს, რომ არ მოხდეს მათი საცხოვრებელი ან სასწავლებელი ადგილის შეცვლა.
შესაბამისად, არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე მცირეწლოვანების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - საცხოვრებელი ადგილი. საქმეში წარმოდგენილი დასკვნების და ბავშვების გამოკითხვის შედეგად დგინდება, რომ მათ მიღებული აქვთ ფსიქოლოგიური ტრამვა მშობლების დაშორების გამო. ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ისეთი რადიკალური ღონისძიების გატარება, როგორიც არის მცირეწლოვანი ბავშვების ჩვეული გარემოს, კერძოდ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მათი იძულება დატოვონ სახლი, სადაც ისინი გაიზარდნენ და საცხოვრებლად გადავიდეს დედის საცხოვრებელ სახლში, სადაც ისინი იშვიათად ყოფილან და მათთვის უცხო გარემოა, გაუმართლებელია და ამით ზიანი მიადგეს ბავშვების ინტერესებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ბავშვებს ესაჭიროება სტაბილური და უსაფრთხო გარემო და ამ თვალსაზრისით ნებისმიერი ძალდატანებით ჩვეული გარემოს ცვლილებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ბავშვების ისედაც სტრესული მდგომარეობის გაუარესება. თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, რომ აღდგეს შვილებსა და დედას შორის დადებითი ურთიერთობა - დედას (მოსარჩელეს) უნდა მიეცეს უფლება შეუზღუდავად იქონიოს ურთიერთობა მცირეწლოვან შვილებთან და მათთან ურთიერთობების დათბობის შემდეგ უფლება მიეცეს მოსარჩელეს კვირაში სამი დრე წაიყვანოს ბავშვები თავის საცხოვრებელ სახლში.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდება ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება მოსარჩელესა და მის შვილებს შორის, შეიცვლება მოთხოვნის საფუძველი და ბავშვები არ იქნებიან წინააღმდეგები მუდმივად იცხოვრონ დედის სახლში, მოსარჩელეს კვლავ შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელით.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დარჩეს უცვლელი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელი არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ უნდა დაეკისროს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე სამოქალაქო კოდექსის 1198., 1199, 1200, 1201-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1.მოსარჩელე ლ--–- ბ----–-–---–ის სარჩელი თავისი მცირეწლოვანი შვილების მ------ი და გ-- მ-------–---–ების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე ლ--–- ბ----–-–---–ს მიეცეს უფლება იქონიოს ურთიერთობა მცირეწლოვან შვილებთან მ------ და გ-- მ-------–---–ებთან შემდეგნაირად:
2.1. ბავშვებთან ურთიერთობის დღეებად განისაზღვროს ნებისმიერი დღე (ლ--–- ბ----–-–---–ის სურვილით) 14 საათიდან - 19 საათამდე, ბავშვების მამის საცხოვრებელი ადგილის ან ბავშვების სასწავლებელი ადგილის (სკოლის) მიხედვით - მათი წაყვანის უფლების გარეშე, რათა მოხდეს შვილების მხრიდან დედის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
2.2. ბავშვებთან ურთიერთობის პირველი ორი თვის შემდეგ, გარდა ამ გადაწყვეტილების 2.1 მუხლით განსაზღვრული უფლებებისა, ლ--–- ბ----–-–---–ს (მისი სურვილით) ნება დაერთოს პარასკევს დღის 17 (ჩვიდმეტი) საათიდან მომდევნო კვირა დღის 19 (ცხრამეტ) საათამდე (სამი დღის მანძილზე) წაიყვანოს ბავშვები თავის საცხოვრებელ სახლში (სიღნაღის რაიონის ქალაქ წ-----–ი), ბავშვების მუდმივად საცხოვრებელ (მამის შ----- მ-------–---–ის საცხოვრებელ სახლში ს----------ს რაიონ სოფელ კ-------–ი) სახლში კვირა დღის 19 (ცხრამეტ) საათამდე დაბრუნების ვალდებულებით. ასევე, ლ--–- ბ----–-–---–ს (მისი სურვილით) ნება დაერთოს წაიყვანოს ბავშვები თავის საცხოვრებელ სახლში (ქალაქ წ-----–ი) სასკოლო არდადეგების ნახევარი პერიოდი.
3. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. N15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყევტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე