გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2-1017-18
130210018002619756
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ივნისი, 2019 წელი ქ.ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ცერიაშვილი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
მოსარჩელე - თ------------–----ძე
წარმომადგენელი - ქ--------------–-ძე
მოპასუხე - შპს ''ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი''
წარმომადგენელი - ოლეგ გრძელიძე, მარიამ რუსაძე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" მოსარჩელე თ------------–----ძის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის თანხა 21 828.46 ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხე შპს ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" მოსარჩელე თ------------–----ძის სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯი - 500 ლარი, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის თანხა - 500 ლარი, ადვოკატის მომსახურების 300 ლარი.
1.3. მოპასუხე შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს” მოსარჩელე თ------------–----ძის სასარგებლოდ დაეკისროს 655 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ.
1.4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელის განმარტებით: - ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი საკარმიდამო ეზოთი. სახლის ფართობია 127.6 კვ.მეტრი, რომელიც განლაგებულია 4370 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთზე და რომლის საკადასტრო კოდია 69.06.12.017. მოპასუხე ორგანიზაცია აწარმოებს რკინიგზის მე-9 გვირაბის მშენებლობას, რომელიც დაიწყო 2012 წელს და მიმდინარეობდა აფეთქებითი ხასიათის სამუშაოები, ისე, რომ არ იყო დაცული მოსახლეობის უსაფრთხოება. სარკინიგზო გვირაბში წარმოებულ აფეთქებებს მიეცა ინტენსიური ხასიათი, ძლიერი, მიწისძვრის მსგავსი ბიძგების გავლენით მისი სახლის გარე და შიდა კედლებზე გაჩნდა სხვადასხვა ზომის და მიმართულების ბზარები, რაც თანდათან პროგრესირებს. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 14 მაისის N001831513 დასკვნით სახლის დაზიანება განისაზღვრა პირველი ხარისხით (მსუბუქი დაზიანება), რომ სახლი ვარგისია ექსპლუატაციისათვის. გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოების ზემოქმედების შედეგად სახლზე და ბეტონის ღობეზე წარმოქმნილი დაზიანებები განიცდიდა პროგრესირებას. საკუთრების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის და ზიანის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით მოსარჩელემ მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს, რომლის 2017 წლის 30 აგვისტოს N004994817 დასკვნით დადგინდა რომ სახლის ნახევარსარდაფის ზეძირკვლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო დანარჩენი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია და შენობა ვარგისია ექსპლუატაციისათვის. დასკვნაში მითითებულია, რომ შენობის დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია გვირაბის მშენებლობის დროს წარმოებული ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით. შენობის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით. ინდმეწარმე ზვიად გოგალაძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მიხედვით მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საცხოვრებელი სახლის) რეაბილიტაციის თანხა შეადგენს 21 828,46 ლარს. შესაბამისად მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრებას და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის" წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ზიანი შეიძლება შენობას მართლაც გააჩნია, რაც ასახულია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში, მაგრამ აღნიშნული დაზიანებების წარმოქმნაში მათს კომპანიას რაიმე ბრალი არ მიუძღვის. დადგენილია, რომ თ------------–----ძის სახლი გვირაბიდან დიდი მოშორებით არის, რის გამოც გვირაბის მშენებლობის დროს გამოწვეულ ბიძგებს არ შეეძლო მისთვის რაიმე დაზიანების მიყენება, რადგან გვირაბის მშენებლობის დროს აფეთქებები წარმოებდა ნორმის ფარგლებში და მოსარჩელის უძრავი ქონების მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მეტი რხევები. შენობაზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია უხარისხო მშენებლობით, ასევე სარინელის არარსებობის გამო, ატმოსფერული ნალექების შედეგად შენობაში წყლის დინების გამო დაზიანდა კედლები და არა გვირაბის მშენებლობის ზემოქმედებით. მოპასუხე ასევე არ დაეთანხმა თ------------–----ძის სახლის რეაბილიტაციის შესახებ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მონაცემებს, რადგან სახარჯთაღრიცხვო თანხა დაანგარიშებულია თითქმის ახალი სახლის აშენების და არა მისი რეაბილიტაციიის შემთხვევაზე. ამასთან, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია სახლის კედლებზე არსებული ბზარების გამონოლითებაზე და არა მთლიანი კედლების დემონტაჟზე, როგორც ეს ინდმეწარმე ზვიად გოგოლაძის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტშია მითითებული. აღნიშნულ დასკვნაში არც ბეტონის იატაკის მოწყობაზეა საუბარი, რაზეც კოლოსალური თანხებია დაანგარიშებული. აღნიშნულისა და საპაექრო სიტყვაში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და შესაბამისად გადაწყვეტყილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმა, რადგან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნითვე ირკვევა, რომ სახლი საცხოვრებლად ვარგისია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ მოპასუხე შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი" ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, მშენებლობის პროცესში გამოიყენებოდა, მიწისქვეშა აფეთქებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე თ------------–----ძის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე თ------------–----ძის სახლი ძირითადად დაზიანდა მოპასუხე შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის" მიერ წარმოებული საამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში განხორციელებული სისტემატიური- გარკვეული სიხშირით წარმოებული მიწიქვეშა აფეთქებების შედეგად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2013 წლის 14 მაისის №001831513 დასკვნა; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2017 წლის 30 აგვისტოს №004994817 დასკვნა; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2019 წლის 19 თებერვლის №000657319 დასკვნა.
- აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია "ექსორიქსის" 2017 წლის დასკვნა.
3.2.2. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე თ------------–----ძის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის თანხა შეადგენს 21 828.46 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინდმეწარმე "ზვიად გოგალაძის" მიერ შესრულებული, თ------------–----ძის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის შესახებ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე თ------------–----ძის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 411-ე, 992-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა განხილულ უნდა იქნეს ზიანის მიყენებიდან (დელიქტიდან) გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობად, რამდენადაც მოპასუხე შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის" მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით ზიანი მიდგა მოსარჩელეს, რაც გამოიხატა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანებაში.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ, საქმე №ას-53-49-2017).
შესაბამისად, განსახილველი დავის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში. ამავე სოფლის ტერიტორიაზე მოპასუხე აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის გაყვანის სამუშაოებს, რა დროსაც იყენებდნენ მიწისქვეშა აფეთქებებს. მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა სისტემატურმა აფეთქებებმა გამოიწვია ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირება და გარკვეულწილად საცხოვრებელი სახლების დაზიანებები, რაც დადასტურებულია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის საინჟინრო დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
2018 წლის 13 ნოემბერის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით და სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 თებერვლის №000657319 დასკვნით დადგენილია, რომ მოქალაქე თ------------–----ძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. 2013 წლიდან განვლილ პერიოდში ადრე დაფიქსირებული ბზარების გახსნილობა მცირედ გაიზარდა, ასევე შეიცვალა დაფიქსირებული პირველი ხარისხის დაზიანება პირველი და მეორე ხარისხის დაზიანებით. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობები ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა საჭიროა სარემონტო მოპირკეთებითი სამუშაოების ჩატარება ბზარების გამონოლითებით და ლოკალური გაძლიერებით. არსებული ბზარების მდებარეობა და სხვადასხვა მიმართულება მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ძირითადად გამოწვეულია სოფელ ქვიშხეთში, საქართველოს რკინიგზის N9 გვირაბის მშენებლობის პროცესში, მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, რამეთუ სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორები, რომლებიც შენობებზე ბზარების ქაოტურ განვითარებას გამოიწვევდა სოფელ ქვიშხეთის ტერიტორიაზე არ შეინიშნება. დაზიანებები ასევე ნაწილობრივ გამოწვეულია მშენებლობის დაბალი ხარისხით და ტექნიკური მოუვლელობით. სოფელ ქვიშხეთში მდებარე მოქალაქე თ------------–----ძის საკუთრებაში არსებული საყრდენი კედლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. საყრდენი კედლის დაზიანება ძირითადად გამოწვეულია კედლის სიმაღლესთან მიმართებაში არასაკმარისი განივი კვეთით და ჩატარებული სამუშაოების დაბალი ხარისხით.
აღნიშნული დასკვნის ანალიზიდან გამომდინარე სასამართლო ვერ დაეთანხმება აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია "ექსორიქსის" ექსპერტიზის დასკვნას იმის შესახებ, რომ თ------------–----ძის მფლობელობაში არსებული სახლი (საკადასტრო კოდი: 69.06.61.142) მდებარე სოფელ ქვიშხეთში მშენებარე N9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, მდებარეობს ზემოქმედების ზონის გარეთ და რომ მის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი და აქედან გამომდინარე თ------------–----ძის სახლის რიგი დაზიანებებისა არ არის გამოწვეული მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად.
სასამართლო აანალიზებს რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ ზემოთაღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნებს, საქმის სხვა მასალათა ერთობლიობაში, სარწმუნოდ მიიჩნევს სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 თებერვლის დასკვნას თ------------–----ძის სახლზე არსებულ დაზიანებათა წარმომშობი მიზეზების შესახებ. ამასთან, სასამართლო სრულად ვერ დაეთანხმება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ინდმეწარმე "ზვიად გოგალაძის" სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტით დადგენილად მიჩნეულ იმ გარემოებას, თ------------–----ძის სახლის რეაბილიტაციის სახარჯთაღრიცხვო თანხა შეადგენს 21 828.46 ლარს, რადგან, აღნიშნულ დოკუმენტში მითითებულია იმ სამუშაოთა ჩამონათვალი და ხარჯები, რაც დადებით შემთხვევაში საჭირო იქნებოდა თ------------–----ძის საცხოვრებელ სახლზე რემონტის ჩასატარებლად, მაშინ როდესაც ზემოთაღნიშნული სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 თებერვლის №000657319 დასკვნით დადგენილია, რომ "სახლის შემდგომი ექსპლოატაციისათვის საჭიროა სარემონტო მოპირკეთებითი სამუშაოების ჩატარება ბზარების გამონოლითებით და ლოკალური გაძლიერებით" და არა მთლიან სახლზე შესასრულებელი სამუშაოები, როგორც ეს ინდმეწარმე "ზვიად გოგალაძის" მიერ შესრულებულ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტშია მითითებული. ზემოთაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით თ------------–----ძის საკუთრებაში არსებული საყრდენი კედლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. საყრდენი კედლის დაზიანება ძირითადად გამოწვეულია კედლის სიმაღლესთან მიმართებაში არასაკმარისი განივი კვეთით და ჩატარებული სამუშაოების დაბალი ხარისხით. ამავე დასკვნით დადგენილია, რომ ბეტონის იატაკში განვითარებულია სხვადასხვა ბზარი, თუმცა იატაკი არ არის დეფორმირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იატაკის ქვეშ გრუნტში ჯდენითი დეფორმაციები არ არის განვითარებული.
აღნიშნულის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ------------–----ძისათვის მოპასუხის ბრალეულობით გამოწვეული (სახარჯთაღრიცხვო დოკუმემნტით გათვალისწინებული) ზიანის თანხას უნდა გამოაკლდეს საყრდენი კედლის აღდგენის და იატაკის დემონტაჟის და მოწყობის თანხები, რაც მთლიანობაში შეადგენს 9681,41 ლარს და დანარჩენ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. ამასთან, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ამოსავალი წერტილია ბუნებითი სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად სამოქალაქო სამართალბრუნვაში ქცევის სტანდარტის განმსაზღვრელია სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ზნეობრიობა. ყველა სუბიექტი სამოქალაქო უფლება-მოვალეობების მატარებელია. სამოქალაქო უფლების მართლზომიერი რეალიზაცია კი საზოგადოებაში სტაბილური გარემოს შექმნის გარანტიაა. თითოეული მოქალაქე ვალდებულია თავისი უფლება განახორციელოს იმგვარად, რომ დაუშვებლად არ ხელყოს სხვისი უფლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი საქმის მასალებით დასტურდება ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი კომპონენტების არსებობა. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარემ შეძლო, სასამართლოსათვის წარმოედგინა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი პოზიციის ნაწილობრივ მართებულობაში. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულია მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობდა მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
აღნიშნულისა და საქმის სხვა ერთობლივი მასალების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ ზიანის მიყენებაში ნაწილობრივ ბრალი მიუძღვის მოპასუხეს, რომლის მიერ წარმოებულმა აფეთქებებითმა სამუსაოებმა გამოიწვია მოსარჩელის სახლის დაზიანება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ დაადასტურა ზიანის ფაქტი და შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის" ბრალი მიყენებულ ზიანში, მოპასუხემ ვერ დაადასტურა დამდგარი ზიანის მიმართ მისი ბრალეულობის გამომრიცხავი გარემოებები.
ამდენად ზემოთაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს'' მოსარჩელე თ------------–----ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიყენებული ზიანის თანხის 12 147 ლარის გადახდა
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობლივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე დაუსაბუთებელია. სასამართლო მიზანშეუწონლად არ მიიჩნევს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოპასუხე შპს ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს როგორც მიყენებული ზიანის, ისე მოსარჩელის მიერ გაწეული ექსპერტიზის ხარჯის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენის და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით შტანილი თანხის ნაწილის გადახდა, დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ------------–----ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" მოსარჩელე თ------------–----ძის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის სახით 12 147 (თორმეტი ათას ას ორმოცდაშვიდი) ლარის გადახდა. მასვე დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ექსპერტიზების ხარჯის 700 (შვიდასი) ლარის და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენის ხარჯის- 500 (ხუთასი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს” მოსარჩელე თ------------–----ძის სასარგებლოდ დაეკისროს 364,41 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის სანაცვლოდ.
4. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 290,59 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. მოპასუხე შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს” მოსარჩელე თ------------–----ძის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის, 300(სამასი) ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
ნაირა გიგიტაშვილი