გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/27577-18
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - შპს ,,ე---------"
წარმომადგენელი - გ------------------ე, გ-----------------ე
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - შპს ,,ო---------------ი"
წარმომადგენელი - ხ----------------–---ი, ქ-----------------–--ე
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს - R------------
წარმომადგენელი - ქ----------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება (ძირითადი სარჩელით), ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა (შეგებებული სარჩელით)
აღწერილობითი ნაწილი
1. მოთხოვნა
შპს ,,ო---------------ს" შპს ,,ე---------ს" სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის 4%-ის ოდენობით.
2. ფაქტობრივი გარემოებები
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ე---------ს“ სარჩელი შპს „ო---------------ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „ო---------------ს“ შპს „ე---------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 90 034 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სასამართლოს არ უმსჯელია სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურების საკითხზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
2.2. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ წარმოადგინა 2018 წლის 10 აგვისტოს საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება და მოითხოვა ადვოკატის მომსახურების ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრება.
ხელშეკრულების 2.1 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საადვოკატო მომსახურების ღირებულება შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4%-ს, თუმცა თუ სასამართლო ნაწილობრივ დააკმაყოფილებს სარჩელს, მაშინ 4% დაანგარიშდება დაკმაყოფილებული ნაწილიდან.
საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის დამდასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელემ ადვოკატს წინასწარ გადაუხადა ჰონორარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 10.08.2018 ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ (ტომი II, ს.ფ 253).
სამოტივაციო ნაწილი
3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რადგან 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლოს გარეშე ხარჯის, კერძოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების საკითხი, დამატებითი გადაწყვეტილებით შპს ,,ო---------------ს" უნდა დაეკისროს შპს ,,ე---------ს" სასარგებლოდ 3601.36 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა ადვოკატის მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად.
4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 53-ე, 37-ე, მუხლები.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
ამავე მუხლის 31 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
სასამართლომ საჭიროდ არ მიიჩნია დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სასამართლო აღნიშნავს: ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ აქვს გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების საფასური, ვერ გახდება შესაბამის ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ, „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება “პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ”). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“)“ (იხ. მაგ. სუსგ ას-792-1114-07).
განსახილველ შემთხვევაში, ნათელია, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება წარმოადგენს გადადების პირობით დადებულ გარიგებას (სკ-ის 96-ე მუხლი) და კლიენტს მოუწევს იურიდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურება საქმის განხილვის დასრულების შემდეგ.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს და თანხმდებიან იურიდული მომსახურების იმ საფასურზე (ადვოკატის ჰონორარზე), რომელიც ორივე მხარისათვის მისაღებია, რაც ყოველთვის არ ნიშნავს მოპასუხის პროცესუალურ ვალდებულებას, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სრულად აანაზღაუროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადვოკატის ჰონორარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია „გონივრული ოდენობის“ სტანდარტი და მაქსიმალური ზღვარი, რომელიც ფარგლებშიც მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული იურდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურება.
სასამართლო ითვალისწინებს მხარეთა ქონებრივ მდგომარეობას, დავის სირთულეს, დახარჯულ დროს და რესუსრსებს და მიაჩნია, რომ, რადგან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს ,,ო---------------ს" მოსარჩელე შპს ,,ე---------ს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3601.36 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა საადვოკატო მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 261-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ო---------------ს" შპს ,,ე---------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 3601.36 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა საადვოკატო მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად.
2. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) დამატებითი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია