გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/24475-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ი------------–-------ი’’
წარმომადგენელი - ლ----------ე, ნ-----–---- ნ-----–-–---–ი, მ------ პ-----ე, თ---–- მ-------–---–ი, გ---–- დ----–--
მოპასუხე - ნ------------–---–ი, თ-----ი გ----–--ე
წარმომადგენელი - გ-----------–----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ------------–---–ს მოსარჩელე შპს ,,ი------------–-------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს ავიაბილეთების ღირებულების - 5063.02 ლარის ანაზღაურება.
1.2 მოპასუხე თ-----ი გ----–--ეს მოსარჩელე შპს ,,ი------------–-------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს ავიაბილეთების ღირებულების - 5063.02 ლარის ანაზღაურება.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2018 წლის 03 თებერვალს შპს ,,ი------------–-------ი’’-ს და ნ------------–---–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მყიდველს გადასცა ავიაბილეთები თბილისი-პარიზის მიმართულებით, სტამბულის გავლით. ავიაბილეთები ითვალისწინებდა იმავე მიმართულებით პარიზი-თბილისი, სტამბულის გავლით დაბრუნებას. ამავე დღეს 2018 წლის 3 თებერვალს მოსარჩელემ გააფორმა ხელშეკრულება თ-----ი გ----–--ესთან. ხელშეკრულებები მხარეთა შორის დაიდო იდენტური პირობებით, ერთადერთ განსხვავებას წარმოადგენდა ტურისტების რაოდენობა. ნ------------–---–მა ბილეთები შეიძინა სამი პირისთვის (ნასყიდობის ფასი განისაზღრა 2589 ლარით) და თ-----ი გ----–--ემ ბილეთები შეიძინა 2 ტურისტისთვის (ნასყიდობის ფასი განისაზღრა 1726 ლარით). ავიაბილეთების საფუძველზე გამგზავრების თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 04 მაისი, ხოლო დაბრუნების თარიღად 2018 წლის 09 მაისი.
2018 წლის 09 მაისს ნ------------–---–ი დაუკავშირდა შპს ,,ი------------–-------ის’’ წარმომადგენლებს და აცნობა, რომ პარიზის აეროპორტის ტერმინალი (SUD), რომლიდანაც უნდა განხორციელებულიყო გამგზავრება, შეიცვალა იმავე აეროპორტში მდებარე ტერმინალით (WEST). ვინაიდან ნ------------–---–ი, თ----- გ----–--ე და მათი თანმხლები პირები ავიაბილეთებზე მითითებული წესის თანახმად არ გამოცხადდნენ 3 საათით ადრე აეროპორტში, მათ ვერ მოასწრეს რეგისტრაციის დასრულებმდე შესაბამის ტერმინალში გამოცხადება და ვერ ისარგებლეს ზემოაღნიშული ავიაბილეთებით.
ელექტრონული კომუნიკაციის ფარგლებში ნ------------–---–ის დაჟინებული თხოვნის საფუძველზე შპს ,,ი------------–-------იმ’’ შეისყიდა მოპასუხეებისა და მათი თანმხლები პირებისთვის ავიაბილეთები პარიზი-თურქეთის მიმართულებით. ავიაბილეთების შეეძენა მოხდა მხარეებთან შეთანხმებით. ამავე შეთანხმებით მხარეებმა იკისრეს ვალდებულება კომპანიისთვის აენაზღაურებინათ დამატებით შეძენილი ავიაბილეთების საფასური. მას შემდეგ, რაც მოპასუხეებმა და მათმა თანმხლებმა პირებმა ისარგებლეს შეძენილი ავიაბილეთებით და დაბრუნდნენ თბილისში, შპს ,,ი------------–-------ის’’ წარმომადგენლები დაუკავშირდნენ მათ ავიაბილეთების საფასურის ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც მოპასუხეებმა განაცხადეს უარი (იხ. სარჩელი ს.ფ. და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა ნ------------–---–მა და თ----- გ----–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ თანხის დაკისრების მოთხოვნა მოპასუხეებზე არასწორია, რადგან მოსარჩელის დაუდევრობის საფუძველზე მოხდა ავიაკომპანია „პ-------ის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ასახვა იმ ბილეთში, რომელიც მოპასუხეებმა შეიძინეს თებერვლის თვეში, თუმცა როგორც „პ-------ის“ წარმომადგენელმა მათ განუმარტა, შპს ,,ი------------–-------ს’’ ეს ინფორმაცია მიწოდეული ჰქონდა ერთი თვით ადრე, თუმცა ბილეთში გაფრენის ადგილის ცვლილებამ ასახვა ვერ ჰპოვა, რამაც გამოიწვია მოპასუხეთათვის უსიამოვნებები და ტურისტული კომპანიის საქმისადმი არაჯეროვანმა და არაკეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამ უდიდესი განსაცდელის წინაშე დააყენა ტურისტები. სიცრუეა თითქოს ელექტრონულად მოხდა ნ------------–---–სა და მოსარჩელეს შორის ხელშეკრულების პირობების ფორმირება. მოსარჩელის ბრალით მოპასუხეები უზარმაზარ პარიზის აეროპორტში აღმოჩნდნენ გამოუვალ სიტუაციაში თავის არასრულწლოვან შვილებთან ერთად. ვინაიდან მოპასუხეებს პრობლემები შეუქმნა თავად კომპანიის ბრალეულმა ქმედებამ, მათ ცხადია უნდა გამოეჩინათ კეთილი ნება ავიაბილეთებით უზრუნველყოფის თაობაზე და ქვეყანაში მშვიდობით დაბრუნებაზე. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2018 წლის 03 თებერვალს შპს „ი------------–-------სა“ და ნ------------–---–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება N1-------, რომლის საფუძველზეც კომპანიამ შემსყიდველს მიაწოდა ავიაბილეთები 3 ტურისტისთვის. ფრენა განხორციელდებოდა პ-------ის ავიახაზებით 20 კგ ბარგით, თბილისი-პარიზის რეისით, სტამბულის გავლით. ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა: 2589 ლარი, გამგზავრების თარიღად 04/05/18 წ, ხოლო თბილისში დაბრუნების თარიღად 09/05/18 წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის ხელშეკრულება N1------- (ს.ფ. 25);
- ავიაბილეთები N6------------, N6------------, N6------------ (ს.ფ. 26-40)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. 2018 წლის 03 თებერვალს შპს „ი------------–-------სა“ და თ----- გ----–--ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება 0-------, რომლის საფუძველზეც კომპანიამ შემსყიდველს მიაწოდა ავიაბილეთები 2 ტურისტისთვის. ფრენა განხორციელდებოდა პ-------ის ავიახაზებით 20 კგ ბარგით, თბილისი - პარიზი - თბილისი რეისით, სტამბულის გავლით. ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა: 1726 ლარი, გამგზავრების თარიღად 05/04/18 წ, ხოლო თბილისში დაბრუნების თარიღად 09/05/18 წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის ხელშეკრულება N0------- (ს.ფ. 41);
- ავიაბილეთები N6------------, N6------------ (ს.ფ. 42-51)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3. ავიაბილეთების მიხედვით ტურისტები თავდაპირველად ჩაფრინდებოდნენ სტამბულში, გოგჩენის აეროპორტში, გოგჩენის აეროპორტიდან კი ჩაფრინდებოდნენ პარიზში ორლის აეროპორტში. თბილისში დაბრუნების პირობები იყო იდენტური. პარიზის ორლის აეროპორტიდან ტურისტები თავდაპირველად ჩაფრინდებოდნენ სტამბულში გოგჩენის აეროპორტში, ხოლო გოგჩენის აეროპორტიდან დაბრუნდებოდნენ თბილისში.
ხელშეკრულების გაფორმების დღესვე მოპასუხეებს გადაეცათ ავიაბილეთები და დეტალურად განემარტათ მგზავრობისთვის გასათვალისწინებელი წესები და პირობები. მგზავრობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პირობები ასახული იყო მოპასუხეებისთვის გადაცემულ ავიაბილეთებზე, მათ შორის, ავიაბილეთების მფლობელთა ვალდებულება გამოცხადებულიყვნენ აეროპორტში რეგისტრაციამდე 3 საათით ადრე. ასევე, გაფრთხილება ,,ე’’ პუნქტით, რომ საერთაშორისო ფრენაზე მგზავრების სარეგისტრაციო დახლები დაიხურებოდა გაფრენამდე ერთი საათით ადრე, ხოლო მგზავრები, რომელთაც არ ექნებოდათ გავლილი რეგისტრაცია დაკარგავდნენ შესაბამის ფრენასთან მიმართებით ყველა უფლებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავიაბილეთები N6------------, N6------------, N6------------, N6------------, N6------------ (ს.ფ. 26-40, 42-51)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4. ფაქტების კონსტატაციის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს F18000725 ოქმით დადგენილია, რომ ელექტრონული საშუალებით განხორციელებული მიმოწერის საფუძველზე 2018 წლის 9 მაისს ნ------------–---–ი დაუკავშირდა შპს „ი------------–-------ის“ წარმომადგენლებს და განუცხადა, რომ ავიაბილეთებში პარიზის ორლის აეროპორტიდან მითითებული გაფრენის ტერმინალი - SUD შეცვლილი იყო იმავე პარიზის ორლის აეროპორტში მდებარე ტერმინალით - WEST. მათ ვერ მოასწრეს რეგისტრაციის დასრულებამდე WEST ტერმინალში გამოცხადება და შესაბამისად, ვერ ისარგებლეს ზემოაღნიშნული ავიაბილეთებით, რის გამოც მათ ვერ შეძლეს პარიზიდან სტამბულში ჩაფრენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფაქტების კონსტატაციის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი (ს.ფ. 52-60);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.5. ფაქტების კონსტატაციის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს F18000725 ოქმით დადგენილია, რომ ელექტრონული საშუალებით განხორციელებული მიმოწერის საფუძველზე შპს „ი------------–-------ისთან“ 2018 წლის 9 მაისს შემდგარი კომუნიკაციის ფარგლებში, მოპასუხეების დაჟინებული თხოვნა იყო კომპანიას შეეძინა დამატებითი ავიაბილეთები, რათა მათ შეძლებოდათ თბილისში დაბრუნება ელექტრონული და სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომპანია შეიძენდა პარიზი - სტამბული რეისზე ავიაბილეთებს ნ------------–---–ის, თ----- გ----–--ისა და მათი თანმხლები 3 პირისთვის. ავიაბილეთების შეძენა კომპანიის მიერ განხორციელდა მოკლე ვადებში, რათა ტურისტებს ჰქონოდათ შესაძლებლობა ესარგებლათ თავდაპირველი ავიაბილეთებით განსაზღვრული სტამბული - თბილისის რეისით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფაქტების კონსტატაციის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი (ს.ფ. 52-60);
- ავიაბილეთები N6------------, N6-----------, N6------------, N6------------, N6----------- (ს.ფ. 63-87)
- ავიაბილეთის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ს.ფ. 88-90)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.6. მოპასუხეთა თბილისში დაბრუნების შემდეგ, შპს „ი------------–-------ის“ წარმომადგენლები დაუკავშირდნენ მოპასუხეებს და მოითხოვეს მათგან 2018 წლის 09 მაისს შეძენილი ავიაბილეთების N6------------, 6-----------, 6------------, 6------------, 6----------- ღირებულების ანაზღაურება, რაზეც მოპასუხეებმა განაცხადეს უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფაქტების კონსტატაციის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი (ს.ფ. 52-60);
- წერილობითი შეტყობინებები (ს.ფ. 91-94)
- ფოსტის უკუგზავნილი (ს.ფ. 95-96)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 657-ე, 477-ე, 487-ე, 490-ე, 327-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 657-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება. ტურისტი მოვალეა მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება გაწეული მომსახურებისათვის.
ამავე კოდექსის 657-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ტურისტული მომსახურების პაკეტი (შემდგომში - პაკეტი) ტურისტული მომსახურების ორი ან ორზე მეტი კომპონენტისაგან (კვება, ღამის თევა, სატრანსპორტო მომსახურება და სხვა) შემდგარი კომპლექსია, რომელთა ღირებულება შედის პაკეტის ფასში.
კანონმდებელმა ნათლად განსაზღვრა ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების ცნება და იმ ვალდებულებათა წრე, რაც ტურისტულ საწარმოს (მოგზაურობის მომწყობს) აქვს ტურისტის მიმართ. შესაბამისად, ერთმანეთისგან მკაფიოდ არის გამიჯნული ცალკეული მომსახურება და ტურისტული პაკეტით მომსახურება. შესაბამისად, რადგან განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია და სადავოც არაა, რომ მოპასუხეს მხოლოდ ბილეთი უყიდა მოსარჩლემ და სხვა რაიმე მომსახურების მიწოდება არ განუხორციელებია, შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ტურისტული მომსახურების გაწევაც არ მომხდარა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით (იხ. სუსგ-ები Nას-129-121-2017, 28.02.2018; Nოას-1102-1059-2016, 14.03.2017წ; N ას-510– 484-2013, 04.12.2013წ.; N# ას-1191-1121-2015, 22.01.2016წ.) მხოლოდ ერთი მომსახურების გაწევა ვერ ჩაითვლება ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებად. მომსახურების ტურისტულ პაკეტად მიჩნევისთვის ორი ან მეტი ელემენტის ერთდროული არსებობა და მათი პოტენციური კლიენტებისთვის შეთავაზება სავალებულო წინაპირობაა. მნიშვნელობა არ აქვს პაკეტის შექმნის ინიციატორი ტურისტია თუ მოგზაურობის მომწყობი, ორივე შემთხვევაში თუ მხარეები თანხმდებიან ორ ან მეტ ელემენტზე, მომსახურება ჩაითვლება ტურისტულად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, თავის მხრივ მყიდველი ვალდებულია გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ამავე კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.
ამავე კოდექსის 490-ე მუხლის თანახმად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად გამყიდველს ეკისრება ნაკლის გამოსწორებისთვის აუცილებელი ხარჯის ანაზღაურება, მათ შორის ტრანსპორტირების, გზის, სამუშაოს შესრულების და მასალის ღირებულების ხარჯი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 03 თებერვალს შპს ,,ი------------–-------მა’’ გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება ნ------------–---–თან და თ----- გ----–--ესთან. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა 5 ავიაბილეთის შეძენა თბილისი - პარიზის მიმართულებით, სტამბულის გავლით 2018 წლის 05 მაისს და უკან დასაბრუნებელი ბილეთი იმავე წლის 09 მაისს პარიზი - თბილისის მიმართულებით, სატამბულის გავლით.
მხარეთა შორის არსებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებში შპს „ი------------–-------ი“ უნდა მივიჩნიოთ შუამავალ რგოლად, კლიენტსა და ავიაკომპანიას შორის. ამგვარი მომსახურეობის მთავარ მიზანს კი კლიენტის ინტერესი წარმოადგენს, რომელსაც სურს შეიძნოს ბილეთი სპეციალიზირებული პირისგან, რადგან ასეთ პირებს აქვთ მეტი ინფორმაციული რესურსი დაგეგმონ ფრენა მისაღებ დროსა და მისაღებ ფასად.
როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ნასყიდობის ხელშეკრულება განსხვავებით ტურისტული ხელშეკრულებისაგან არ წარმოშობს დამატებით ვალდებულებებს, გარდა 477-ე მუხლით დაწესებული ნასყიდობის საგნის გადაცემისა და ამ საგანში ნასყიდობის ფასის გადახდისა.
მოპასუხეები ბილეთის შეძენის მომენტიდან უკვე წარმოადგენენ ავიაკომპანია „პ-------ის“ მგზავრებს და ბილეთების შეძენის დასრულებისთანავე სააგენტოსთან დადებული გარიგება - ბილეთის შესყიდვის შესახებ დასრულებულად უნდა ჩავთვალოთ. შესაბამისად, 2018 წლის 03 თებერვალს შეძენილი ავიაბილეთები, უნაკლოდ უნდა მივიჩნიოთ, რადგან ისინი როგორც გამგზავრების დროს, ასევე უკან დაბრუნებისას არავის მიერ არ გაუქმებულა და მოქმედი იყო.
რაც შეეხება იმ გარემოებას, უნდა ჩაითვალოს თუ არა ავიაბილეთი ნაკლის მქონე ნივთად, როდესაც იცვლება ტერმინალი, სასამართლოს განმარტავს შემდეგს:
ნასყიდობის მომენტისათვის ხელშეკრულებით და კანონით დაწესებული მოთხოვნები დაცული იყო, კერძოდ, ბილეთები იყო იმ მიმართულებით, იმ თარიღითა და იმ რაოდენობთ, როგორც მოითხოვა მყიდველებმა, ხოლო ამ ბილეთებზე არსებული ინფორმაცია იყო ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მართებული და იმგვარი, როგორც ასახული იყო ავიაკომპანია „პ-------ის“ პროგრამულ მონაცემებში.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო 2 გარემოებაზე გაამახვილებს ყურადღებას, პირველი, იმ შემთხვევაში, თუ მგზავრების მიერ არ ყოფილა დაცული აეროპორტში გამოცხადების წესები, შესაბამისად, მათზე გადადის რისკი იმისა, რომ შესაძლოა მათ ვერ მოესწროთ რეგისტრაციის გავლა და თვითმფრინავში ჩაჯდომა მიუხედავად იმისა შეიცვლებოდა თუ არა ტერმინალი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული გარემოება არ დასტურდება. მეორე გარემოება, რაზეც სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას, არის ტერმინალის შეცვლა უშუალოდ გამგზავრებამდე რამდენიმე ხნით ადრე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ტერმინალის შეცვლა არ მოქმედებს ბილეთის ვალიდურობაზე, რადგან ასეთ შემთხვევაში მგზავრებს ახალი ბილეთის შეძენა მოუწევდათ, რასაც არც მოცემულ შემთხვევაში და არც ზოგადად, ადგილი არ აქვს.
ამდენად, ბილეთი, სადაც კონკრეტული ტერმინალია მითითებული, იგივე წარმატებით გამოიყენება ტერმინალის შეცვლის შემთხვევაშიც, როგორც მისი შეუცვლელობის დროს. შესაბამისად, ტერმინალის შეცვლა ავია ბილეთს ნაკლიან ნივთად არ აქცევს.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამხვილებს იმ გარემოებაზე, რომ ტერმინალის შეცვლა შესაძლებელია მოხდეს რეისების რაოდენობის მიხედვით, ასევე ტერმინალი შესაძლებელია შეიცვალოს მხოლოდდამხოლოდ უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ როდის და რის საფუძველზე მოხდა ტერმინალის შეცვლა, აღნიშნული დამოკიდებული არ ყოფილა არც მოსარჩელისა და არც მოპასუხის ქმედებაზე, ამასთან, სწორედ მგზავრის ვალდებულებას წარმოადგენს დაიცვას ის წინასწარ დადგენილი წესები, რაც აეროპორტებში მოქმედებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული რაიმე სახის გაუგებრობა ან უსიამოვნებები.
იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელისთვის წინასწარ ცნობილი იყო ტერმინალის შეცვლის თაობაზე, გადატანილი იყო მოპასუხე მხარეზე, რომელმაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული ვერ დაადასტურა. ასევე ვერ დადასტურდა ის გარემობაც, თუ რეალურად როდის მოხდა ტერმინალის შეცვლა და რამდენად იყო მოსარჩელე მხარე მოეხდინა აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხეთა ინფორმირებულობა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის როგორც თბილისში, გამგზავრებამდე, ასევე პარიზში, გამოფრენამდე, ჰქონდათ ურთიერთობა, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობას მოპასუხეზე. მოსარჩელის მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობა, თუკი მისთვის ცნობილი იქნებოდა ტერმინალის შეცვლის თაობაზე, არ შედიოდა ამ უკანასკნელის ინტერესებში, ასევე არანაირ გავლენას არ ახდენდა მხარეთა შორის არც მანამდე არსებულ და არც შემდგომ სამართლებრივ ურთიერთობებზე. იმ შემთხვევაშაც კი თუ მოსარჩელე მოპასუხეს ტერმინალის ცვლილებების თაობზე აცნობებდა, აღნიშნული არ გამორიცხავს უკვე შეცვლილი ტერმინალის განმეორებით შეცვლას, ასევე რამდენად ოფიციალური და სარწმუნო იქნებოდა აღნიშნული ინფორმაცია მოპასუხისთვის თუკი ნაყიდ ავია ბილეთებზე კვლავ „ძველი“ ტერმინალის მონაცემები იქნებოდა დაფიქსირებული და ამასთან, არავის მიერ არ მოხდებოდა შეცვლილი ინფორმაციის დადასტურება.
ამრიგად, როგორც არსებული საკანონმდებლო რეგულაციების, ისე მხარეთა შორის დადებული გარიგების პირობების საფუძველზე, აღნიშნულ შემთხვევაში არ იკვეთება შპს „ი------------–-------ის“ ბრალი, რადგან მხარეთა შორის გარიგება დასრულდა ბილეთების ყიდვით და დაიდო ახალი გარიგება ბილეთების შესყიდვით. შუალედში არსებულ მოვლენებზე მოსარჩელეს გავლენა არ მოუხდენია და ვერც მოახდენდა, რადგან აღარ იყო სამართალურთიერთობაში არც ავიაკომპანიასთან, რაც აეროპორტთან და არც მგზავრთან.
შესაბამისად, დაადსტურებულად უნდა მივიჩნიოთ, რომ მოსარჩელის მიერ 2018 წლის 09 მაისს ახალი ბილეთების შეძენა მოპასუხეთა და მათი თანმხლები პირების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, უნდა განვიხილოთ ახალ ხელშეკრულებად და არა მოსარჩელის მიერ მოპასუხეებზე ზაინის მიყენების ანაზღაურების წინაპირობად. უდავო გარემოებაა, რომ 2018 წლის 09 მაისს შეძენილი ავია ბილეთების ღირებულება მოპასუხეებს დღემდე გადახდილი არ აქვთ, რაც მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზეც დადასტურდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე სათანადო წესით.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები ელეწტრონული მიმოწერით შეთანხმდნენ ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობაზე, კერძოდ, პარიზი-სტამბულის მიმართულებით ავიაბილეთებზე, მათ რაოდენობასა და ღირებულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ დასტური თითო ბილეთის შეძენაზე ზუსტად 580 ევროს გადახდაზე ავიაკომპანიას არ გააჩნდა, კომპანიას ჰქონდა მოპასუხის დასტური იმის თაობაზე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მომდენო რეისზე დაეჯავშნა მისი და მისი თანხლები პირებისთის ავიაბილეთები. შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. ასევე დადგენილი გარემოებაა, რომ მოპასუხეებმა სწორედ მითითებული ბილეთებით იმგზავრეს თბილისის მიმართულებით და ამ მხრივ რაიმე პრობლემას ადგილი არ ჰქონია.
შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შპს „ი------------–-------ის“ წარმომადგენელსა და ნ------------–---–ს შორის ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით დაიდო გარიგება, რომლის არსებით პირობებზეც შეთანხმდნენ მხარეები, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ ავიაბილეთების ოდენობაზე - 5 ტურისტისთვის - ნ------------–---–ის, თ----- გ----–--ისა და მათი თანმხლები 3 არასრულწლოვანი პირისთვის, ავიაბილეთით განსაზღვრულ რეისზე პარიზი - სტამბული, ავიაბილეთების ღირებულებაზე - 2900 ევრო. ამასთანავე, მოპასუხემ ელექტრონული კომუნიკაციის ფარგლებში აღნიშნა, რომ გადაიხდიდა კომპანიის მიერ შეძენილი ავიაბილეთების ღირებულებას, ამავდროულად, დამატებით აიღო ვალდებულება დაეფარა კომპანიის მიერ ბილეთების შესაძენად გადახდილი თანხები თბილისში დაბრუნებიდან 24 საათის განმავლობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 258,70 ლარი (100 ლარი და 258,70 ლარი). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ------------–---–სა და თ----- გ----–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლოსგარეშე ხარჯის, კერძოდ, ფაქტების კონსტატაციის საფასური 100 ლარი, კურიერის მომსახურების საფასური - 10.50 ლარი, ავიაბილეთების თარგმნისა და თარგმანის ნოტარიულად დამოწმების საფასური - 78.28 ლარის ოდენობით, რაც შეეხება სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი 74 ლარის ანაზღაურებას, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რის გამოც იყო გამოთხოვილი აღნიშნული ინფორმაცია, შესაბამისად, ამ ნაწილში მოპასუხეებს არ უნდა დაეკისროთ ხარჯების ანაზღაურება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ი------------–-------ის’’ სარჩელი მოპასუხეების ნ------------–---–ისა და თ----- გ----–--ის მიმართ ტანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს სრულად.
1.1. მოპასუხე ნ------------–---–ს მოსარჩელე შპს ,,ი------------–-------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს ავიაბილეთების ღირებულების - 5063.02 ლარის ანაზღაურება.
1.2 მოპასუხე თ-----ი გ----–--ეს მოსარჩელე შპს ,,ი------------–-------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს ავიაბილეთების ღირებულების - 3375.4 ლარის ანაზღაურება.
2. ნ------------–---–ს მოსარჩელე შპს ,,ი------------–-------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფოს ბაჟის ნაწილის - 155,39 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
3. თ----- გ----–--ეს მოსარჩელე შპს ,,ი------------–-------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფოს ბაჟის ნაწილის 103,31 ლარის ოდენობით ანაზრაურება.
4. ნ------------–---–ს და თ----- გ----–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლოსგარეშე ხარჯების გადახდა 262,78 ლარის ოდენობით, საიდანაც ფაქტების კონსტატაციის საფასურია 100 ლარი, კურიერის მომსახურების საფასური - 10.50 ლარი, ავიაბილეთების თარგმნისა და თარგმანის ნოტარიულად დამოწმების საფასური - 78.28 ლარის ოდენობით.
5. მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე 2018 წლის 21 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე