გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.05.2019
საქმის ნომერი
330210018002783942
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/37269-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე - შ--–-- ბ---–---–-

წარმომადგენელი - მ--- თ-------

მოპასუხე - ნ--- ნ---------, გ---- ლ-----------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 40 115 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მხარეები 2018 წლის 07 ივნისის წერილობით შეთანხმდნენ იმაზე, რომ მოპასუხე ნ--- ნ---------, შ--–-- ბე--–---–ს (შემდგომში მოსარჩელეს) სრულად აუნაზღაურებდა თავისი სიმამრის მოპასუხე გ---- ლ------------ მიერ მიყენებული მატერიალურ ზიანს -80 115 ლარს. პირველი გადასახადი - 40 000 ლარი ნ--- ნ---------მ გადაიხადა შეთანხმებაზე ხელმოწერისთანავე. დარჩენილი 40 115 ლარი მოპასუხეებს უნდა გადაეხადათ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, რაც დღემდე არ შესრულებულა.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხეებმა დადგენილი წესით წარმოადგინეს იდენტური შესაგებლები, რომლებითაც ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, სარჩელი არ ცნეს. ამასთან, მოპასუხეები დაეთანხმნენ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მოსარჩელის მიმართ დავალიანების ოდენობის არსებობის ფაქტს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი კოლეგიის მიერ მიღებული განაჩენის თანახმად, გ---- ლ----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

 

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების და მოპასუხე გ---- ლ-----------სთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით, მოპასუხეებმა წერილობით იკისრეს მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის - 80 115 ლარის სოლიდარულად ანაზღაურების ვალდებულება.

 

მხარეთა შორის არსებული შეთანხმების თანახმად, მოპასუხეთა მიერ 2018 წლის 07 ივნისს განხორციელდა მოსარჩელისთვის თანხის ნაწილის - 40 000 ლარის გადახდა დარჩენილი თანხის მოსარჩელისთვის გადახდა კი უნდა განხორციელებულიყო შემდეგი გრაფიკით: 2018 წლის ივნისის თვის ბოლო რიცხვამდე მოპასუხეებს მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადათ 7 350 ლარი, ხოლო დარჩენილი 32 805 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო 2018 წლის დეკემბრის ბოლომდე, კერძოდ, 16 400 ლარი მოპასუხეთა მიერ უნდა გადახდილიყო სექტემბრის თვის ბოლომდე, ხოლო დარჩენილი 16 400 ლარი დეკემბრის ბოლოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განაჩენი (ს.ფ.30-41);

- განაჩენი (ს.ფ.42-45);

- თანხმობა (ს.ფ.25);

- სანოტარო აქტი (ს.ფ.26-27);

- განცხადება ვალის აღიარების თაობაზე (ს.ფ.28);

- განცხადება ვალის აღიარების თაობაზე (ს.ფ.29);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2.მოპასუხეების მიერ არ არის შესრულებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელისთვის 2018 წლის დეკემბრის ბოლომდე 40 115 ლარის გადახდის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე, 361-ე, 400-ე, 463-ე, 464-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება) აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისთვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის შესაბამისად თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. 464-ე მუხლის დანაწესით კი სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

უდავოა, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმების თანახმად, მოპასუხეებმა წერილობით სოლიდარულად იკისრეს მოსარჩელისთვის 80 115 ლარის გადახდის ვალდებულება, ამასთან ამ თანხიდან 40 000 ლარი მათ მიერ მოსარჩელისთვის გადახდილ იქნა შეთანხმების დადების დღესვე, ხოლო დარჩენილი 40 115 ლარი მოპასუხეებს უნდა გადაეხადათ 2018 წლის დეკემბრის ბოლომდე. უდავოა და თავად მოპასუხეები აღიარებენ იმ ფაქტს, რომ მიერ არ შესრულებულა მოპასუხისთვის დარჩენილი თანხის - 40 115 ლარის გადახდის ვალდებულება და მათ მოსარჩელის მიმართ ერიცხებათ დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია წარმოდგენილი სარჩელი მოპასუხეთათვის სოლიდარულად თანხის დაკისრების თაობაზე და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად. სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 1 203.45 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ--–-- ბ---–---–-ს სარჩელი მოპასუხეების ნ--- ნ---------- და გ---- ლ------------ მიმართ დაკმაყოფილდეს:

1.1. მოპასუხეებს ნ--- ნ---------ს და გ---- ლ-----------ს მოსარჩელე შ--–-- ბ---–---–-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 40 115 ლარის გადახდა;

2. მოპასუხეებს ნ--- ნ---------ს და გ---- ლ-----------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 1 203.45 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია