განაჩენი

სისხლის სამართლის 20.06.2019
საქმის ნომერი
170100119002951336
დავის ტიპი
151 , 126
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/25-19

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

18 ივნისი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ--------------–---, გ-------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი---------------------------–----, - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–-------------, პირადი #5----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, საარსებო შემწეობის მიმღები, მცხოვრები: წ--–------------------–----, ამჟამად პატიმარი.

 

ადვოკატი - ე-–-----–---------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები; 111 მუხლი და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი ორი პირის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, იგივე ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

თარჯიმნები - ლ--------–-------, ე-–-------------

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. წ--–---------------------------–---–-, ი--------------–---- უკანასკნელი ოთხი თვის მანძილზე, არასრულწლოვანი შვილების - ე---–------------–------ და ლ---------------–----- თანდასწრებით, სისტემატური შეურაცხყოფის გზით, ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლის ე-–---------------–----- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა. 2019 წლის 18 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, წ--–---------------------------–---–-, კ-------–------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ყოფითი ხასიათის თემაზე განაწყენებულმა ი--------------–----- სახის არეში ხელის გარტყმის გზით ფიზიკურად იძლადა თავისი არასრულწლოვანი შვილის - ე---–------------–----- მიმართ. შემთხვევის ადგილზე მყოფმა ე-–---------------–----- მეუღლეს სთხოვა შეეწყვიტა შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობა, რის საპასუხოდ ი--------------–----- გამოხატა აგრესია, ხოლო შემდეგ თავის არეში ხელის ძლიერი დარტყმით ასევე იძლადა მეუღლის ე-–---------------–----- მიმართ, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი წაიქცა. ი--------------–----ს მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად ე---–------------–----- და ე-–---------------–----- განიცადეს ფიზიკური ტკივილი. ი--------------–----ს მიერ მეუღლის ე-–---------------–----- მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები - ე---–------------–---- და ლ---------------–----.

 

2. 2019 წლის 18 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, წ--–---------------------------–---–-, კ-------–------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ყოფითი ხასიათის თემაზე განაწყენებულმა ი--------------–----- სახის არეში ხელების არაერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძლადა თავისი არასრულწლოვანი შვილის - ე---–------------–----- მიმართ. ასევე ფიზიკურად იძალადა შემთხვევის ადგილზე მყოფი თავისი მეუღლის ე-–---------------–----- მიმართ, რომელიც ცდილობდა შვილის დაცვას. ძალადობის განხორციელების მომენტში ი--------------–---- სიცოხლის მოსპობით დაემუქრა შვილს ე---–------------–------ და მეუღლეს ე-–---------------–-----, რის შედეგადაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა ი--------------–----ს მიერ უკანასკნელი ოთხი თვის მანძილზე, არასრულწლოვანი შვილების - ე---–--- და ლ------ კ-------–------- თანდასწრებით, სისტემატური შეურაცხყოფის გზით, მეუღლეზე ე-–---------------–------- ფსიქოლოგიური ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა. ასევე არ დადასტურდა ი--------------–----ს მიერ 2018 წლის 18 მარტს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლის ე-–---------------–-----ა და არასრულწლოვანი შვილის - ე---–------------–----- მიმართ ფიზიკური ძალადობისა და აღნიშნული ძალადობით გამოწვეული ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტი, ასევე მათ მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რის შედეგადაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს უტყუარობის, რელევანტურობისა და დასაშვებობის პრინციპების საფუძველზე.

 

5. პირველ რიგში, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მიზნებისთვის (მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, შვილი) ერთი მხრივ, ი--------------–---- და, მეორე მხრივ, ე-–---------------–---- არიან მეუღლეები, ხოლო, მეორე მხრივ, ე---–--- (დაბადებულია 2----–-–---------------) და ლ------ (დაბადებულია 2----–-–------------–-) კ-------–------ (არასრულწლოვნები) ი--------------–----სა და ე-–---------------–----- შვილები, რაც სადავო არ გამხდარა.

 

6. ვინაიდან დანაშაულის ორივე ეპიზოდთან მიმართებით საერთო მტკიცებულებები არსებობს, სასამართლო მათ ერთობლიობაში შეაფასებს. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულმა ი--------------–----- დუმილის უფლებით ისარგებლა, ხოლო ი--------------–----ს მეუღლემ ე-–---------------–----- (დაზარალებული) და შვილმა ლ---------------–----მ უარი განაცხადეს ბრალდებულის მიმართ ჩვენების მიცემაზე, ხოლო 14 წელს მიუღწეველი ე---–------------–----- (დაზარალებული) კანონიერმა წარმომადგენელმა მ----------–----- უარი განაცხადა მის დაკითხვაზე, ვინაიდან ბავშვის პოზიციაა, რომ მას არ სურს მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. დანარჩენი ყველა მტკიცეულება დაცვის მხარემ, ბრალდებულისათვის შესაბამისი განმარტებების (მოსალოდნელი შედეგების შესახებ) შემდეგ უდავოდ ცნო, რასაც დაეთანხმა ბრალდების მხარეც.

 

7. #------ შეტყობინების მიხედვით, განმცხადებელი „ი----------------–----“, 13 წლის გოგონაა ნაცემი, ცხვირიდან სისხლდენა, მამამ შვილი სცემა/კ-------–----------. სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმის მიხედვით, ე-–---------------–----- თავის არეში მარჯვენა მხარეს აღენიშნება დაახლოებით 2 სმ. სიგრძის კოპი მტკივნეული პალპაციით (ექიმი დ--–---–----------). #--- სამედიცინო ბარათის მიხედვით, ე-–---------------–----- აღენიშნება თავზე მარჯვნივ 2სმ. კოპი პალპაციით მტკივნეული. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის მიხედვით, საბუთებით, ე-–---------------–----- ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ე-–---------------–----- მიუთითა ადგილებზე, სადაც ი--------------–----- იძალადა მასზე და ე---–------------–----ზე და დაემუქრა მოკვლით. სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმის მიხედვით, ე---–------------–----- სხეულზე რაიმე დაზიანება არ აქვს, სახეზე აღენიშნება ცხვირიდან სისხლდენის შემდგომ სისხლის ნაკვალევი, ცხვირის მარჯვენა და მარცხენა მხარეს აღენიშნება ნაკაწრები. #--- სამედიცინო ბარათის მიხედვით, ე---–------------–----- აღენიშნება სახეზე სისხლის ნაკვალევი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის მიხედვით, საბუთებით, ე---–------------–----- ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. მოწმე ე----------–---- (თანასოფლელი) გამოკითხვის ოქმის მიხედვით, არ ახსოვს ვისგან, სოფელში გაიგო, რომ ი--------------–----- ხელი გაარტყა ე---–---ს. მოწმეების - დ---------------- და დ--------------------- (გამომძიებლები, რომლებიც მივიდნენ ბრალდებულის სახლში შეტყობინების შემდეგ) გამოკითხვის ოქმების მიხედვით, ისინი მიუთითებენ ე-–------, ე---–--- და ლ------ კ-------–------- მონათხრობს სავარაუდო დანაშაულის შესახებ.

 

8. სასამართლოს შეფასებით, უტყუარად არ დასტურდება ბრალდებულის მიერ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისა და მუქარის განხორციელების ფაქტები. საქმეზე არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომ დაზარალებულებზე არსებული დაზიანებები (კოპი და სისხლის ნაკვალევი ცხვირის არეში) სწორედ ბრალდებულის მიერ იქნა მიყენებული. აღსანიშნავია, რომ ამასთან დაკავშირებით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა აღნიშნა, რომ დაზარალებულებს დაზიანებები არ აღენიშებათ, საერთოდ დაუდგენელია აღნიშნული დაზიანებების ან კვალის წარმოშობის ზუსტი მიზეზი და ხანდაზმულობა, რის შესახებაც ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. გარდა ამისა, გამომძიებლები ირიბი მოწმეები არიან, ხოლო მოწმე ე----------–--- ვერც კი იხსენებს ვისგან იცის ი--------------–----ს მიერ შვილზე გარტყმის შესახებ. ასეთ ვითარებაში, მხოლოდ დაზარალებულ ე-–---------------–-----თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ი--------------–----- განახორციელა ძალადობა და მუქარა დაზარალებულებზე, არც საკმარისია და არც უტყუარი. ფაქტის დადგენის თვალსაზრისით სასამართლო ვერ დაეყრდნობა აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება მოწმის ინფორმაციას და იმ პირობებში, როდესაც მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, იგი განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებად. მაშინ, როდესაც დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმი) გამოქვეყნებაც კი არ ხდება მსგავს ვითარებაში (სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს), წარმოუდგენელია სხვა მსგავსი შინაარსის მტკიცებულება აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განიმარტოს და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ასეთ მტკიცებულებას გამოკითხვის ოქმი ერქმევა, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის. სასამართლო მოცემული განმარტების ფარგლებში მოიაზრებს საგამოძიებო მოქმედების ოქმს იმ ნაწილში, რაც ეხება მოწმის ინფორმაციას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ჩვენებას, რომლის მიცემაზეც მოწმე უარს ამბობს მისი უფლებიდან გამომდინარე არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში, თუ მოხდება საგამოძიებო ექსპერიმენტის (მოცემულ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა ბრალდების მხარე მას ჩვენების ადგილზე შემოწმებას უწოდებს, თუ ვითარების ადგილზე აღდგენას, რაც იმ მნიშვნელობით, რასაც სასამართლო ეხება, იდენტურ მონაცემებს შეიცავს და ისედაც, სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-3 ნაწილიც ანალოგიურად არის ფორმულირებული) ოქმის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულება, დაირღვეოდა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცემოდა საშუალება შეკითხვები დაესვა იმ პირისთვის, ვის ინფორმაციასაც ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რითაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების ეჭვქვეშ დაყენების რეალური შესაძლებლობა მოესპობოდა, რითაც ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა დაცვის მხარე. და ბოლოს, სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი არ არის გამოკითხვის ოქმის ჩანაცვლება და ამით პარალელური რეალობის შექმნა, რომლითაც, დაცვის მხარისათვის სათანადო გარანტიების გარეშე (აქ უპირველესად იგულისხმება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მასში მონაწილე პირის გაფრთხილების გარეშე არ მისცეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, თუნდაც საგამოძიებო ექსპერიმენტი გამოკითხვის შემდეგ განხორციელდეს, რა დროსაც ასეთი განმარტება უკვე გაკეთებულია, ვინაიდან ყოველი ახალი კომუნიკაცია საჭიროებს მსგავსი გაფრთხილების აუცილებლობას, როგორც ეს ხდება ყოველი ახალი გამოკითხვისას/დაკითხვისას), ბრალდების მხარე მიიღებს იდენტურ შედეგს, როგორც ეს გამოკითხვის ოქმის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა, რაც სსსკ-ის 129-ე მუხლის მიღმაა. სასამართლოსთვის გაურკვეველია შეტყობინების შინაარსიც მასში ასახული პირების ვინაობასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვან პასუხგაუცემელ კითხვის ნიშნებს ბადებს. გარდა ამისა, არსებული მტკიცებულებებით შეუძლებელია ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის, ან მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდის ფატების დადგენა, რაც ი--------------–----ს მიმართ წარდგენილი ბრალდებების არსებითი შემადგენელი ნაწილია.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ ბრალდებებთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი--------------–----ს მიერ წინამდებარე განაჩენის პირველ და მეორე პუნქტებში მითითებულ გარემოებებს. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, კი ასეთი არაერთი ეჭვის წამოჭრაა შესაძლებელი, რომელთა შემოწმებას მტკიცებულებების ნაკლებობის გამო სასამართლო ვერ ახერხებს, ასევე დაცვის მხარეც მოკლებული იყო შესაძლებლობას დაესვა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით კრიტიკული შეკითხვები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

10. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი ორი პირის მიმართ. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, შვილი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. სსკ-ის მე-111 მუხლი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, კერძოდ ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის [...] 149-ე−1511, [...] მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამ მუხლის შენიშვნის. რაც შეეხება სსკ-ის 151-ე მუხლის პირველ ნაწილის და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს, აუცილებელია, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარამ დაზარალებულს გაუჩინოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო მაკვალიფიცირებელი გარემოებაა იგივე ქმედების ჩადენა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

11. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა ი--------------–----ს მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ სწორედ ი--------------–----- განახორციელა ძალადობა და მუქარა მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77) უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება ( იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.austria, პუნქტი 15.).

 

12. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

13. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი--------------–----ს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი--------------–---- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ი--------------–---- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. ი--------------–----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ი--------------–---- უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი