გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.05.2019
საქმის ნომერი
330210018002604365
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/25109-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე მა----–--------

წარმომადგენელი და---------------–-

მოპასუხეები სს „თ-----------“

წარმომადგენელი ლე-–--------–---–-

მოპასუხე ნა-------------

მოპასუხე გი-------------

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეების ნა-------------ს, გ---------------სა და სს „თ-----------სათვის“ სოლიდარულად მა----–--------ს სასარგებლოდ 25 000 ლარის გადახდის დაკისრება.

 

2008 წლის 23 და 28 ივლისს მა----–--------ს ძმიშვილმა გი-------------მ სს „თ-------------ნ“ გააფორმა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბ---მა იკისრა ვალდებულება სესხად გაეცა 15 000 ლარი, სამ ეტაპად: პირველი ტრანში გაიცემოდა 6000 ლარი შპს „მ------------------–-“ ნა-------------ს სესხის დასაფარად, მეორე ტრანში 6000 ლარი - მ-----------------------------–----ფ----–-“ სესხის დასაფარად, ხოლო მესამე ტრანში- საბრუნავი საშუალებებისათვის 3000 ლარის ოდენობით.

2008 წლის ივლისში, ნა-------------, დოკუმენტის გაყალბებისა და გამოყენების მიზნით, მივიდა თბილისში, რ---------–----------------ში მდებარე სს „თ-----------ს“ მ---–-----ის ფილიალში, გააყალბა მა----–--------ს ხელმოწერა 2008 წლის 23 ივლისით დათარიღებულ თავდებობის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, მა----–-------- კისრულობდა სოლიდარულ თავდებობას გი-------------ს მიერ 2008 წლის 23 და 28 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. ნა-------------მ მა----–--------ს ხელმოწერის გაყალბებით, 2008 წლის 23 ივლისს სს „თ-------------ნ“ გააფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც გი-------------ს საკრედიტო დავალიანების უზრუნველსაყოფად იპოთეკის უფლებით დაიტვირთა მა----–--------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

 

სს „თ------------“ გი-------------ზე გასცა კრედიტი 6000 ლარის ოდენობით, რაც გი-------------მ, თავის მხრივ გადასცა ნა-------------ს შპს „მ-------------------–-“ არსებული დავალიანების დასაფარად, თუმცა ნა-------------მ თანხა არ შეიტანა და გამოიყენა პირადი საჭიროებისათვის. მსესხებლის ნა-------------ს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული იყო მოსარჩელის კუთვნილი ბინა, რომლის რეალიზაციაც მოხდა შპს „მ---------------------“ მიერ.

 

სს „თ-----------ს“ მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებელმა გი-------------მ არ შეასრულა, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოსარჩელის კუთვნილი ბინის იძულებით აუქციონზე რეალიზაციით, ამონაგები თანხა განაწილდა შპს „მ----------------------“ და სს „თ-------------“, რომელმაც მოთხოვნის დასაკმაყოფილდებლად მიიღო 2764.96 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

სს „თ-----------ს“ წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მოპასუხემ დაადასტურა ნა-------------ს მიერ თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებებზე ხელმოწერის გაყალბების ფაქტი და განმარტა, რომ ნა-------------ს მიერ მა----–--------ს პირადობის მოწმობის წარდგენითა და ხელმოწერის გაყალბებით ბ---ის თანამშრომელი შეცდომაში შეიყვანეს. ამასთან, იპოთეკის ხელშეკრულება საჯარო რეესტრს წარედგინა და იქ მოხდა იპოთეკის რეგისტრაცია.

 

მოპასუხე ნ---------------მ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მან სადავოდ გახადა მხოლოდ გაყალბებული თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე, მოსარჩელის კუთვნილი ქონების აუქციონზე რეალიზაციის გარემოება და მიუთითა, რომ ქონება იძულებით აუქციონზე გაიტანა შპს „მ---------------------“ და განაჩენით დადგენილი მართალსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 2764.96 ლარს, რა თანხაც დარჩა სს „თ-----------“ ქონების რეალიზაციიდან ამოღებული თანხიდან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ნა------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელობანი ზიანი გამოიწვია).

 

განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის 23 და 28 ივლისს მა----–--------ს ძმიშვილმა გი-------------მ სს „თ-------------ნ“ გააფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მასზე უნდა მომხდარიყო სესხის სახით 15 000 ლარის გაცემა სამ ეტაპად: პირველი ტრანში გაიცემოდა 6000 ლარის ოდენობით შპს „მ------------------–-“ ნა-------------ს სესხის დასაფარად, მეორე ტრანში 6000 ლარი - მ-----------------------------–----ფ----–-“ სესხის გადასაფარად, ხოლო მესამე ტრანში - საბრუნავი საშუალებებისათვის 3000 ლარის ოდენობით. ვინაიდან გი-------------ს სესხის მისაღებად სჭირდებოდა უძრავი ქონება გარანტად, 2008 წლის ივლისის თვეში დედამისმა, ნა-------------მ გასაღების მიზნით, გადაწყვიტა გაეყალბებინა და გამოეყენებინა დოკუმენტი. ამ მიზნით მივიდა თბილისში, რ---------–------ში სს „თ-----------ს“ მ---–-----ის ფილიალში, გააყალბა მა----–--------ს ხელმოწერა 2008 წლის 23 ივლისით დათარიღებული თავდებობის განცხადებაზე და თავდებობის ხელშეკრულებაზე, რომელშიც მითითებული იყო, რომ მა----–-------- პასუხისმგებელი იყო გი-------------ს მიერ 2008 წლის 23 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების და ამ ხელშეკრულების საფუძველზე, გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რაც გამოიყენა კიდეც მითითებულ ბ---ში.

 

ნა-------------მ ასევე გააყალბა 2008 წლის 25 ივლისით დათარიღებული იპოთეკის ხელშეკრულებაზე მა----–--------ს ხელმოწერა, რომელიც წარმოადგენდა 2008 წლის 23 ივლისით დათარიღებული ხელშეკრულების დანართს.

 

საბოლოოდ აუქციონის წესით მოხდა, მა----–--------ს ბინის გაყიდვა და ამოღებული თანხიდან იპოთეკარს სს „თ-----------“ გადაეცა 2764.96 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები , რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე, 408-ე, 991-ე, 979-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა, იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის),უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესა და მოპასუხე ნა-------------ს შორის არსებული ვალდებულება წარმოიშვა ზიანის მიყენების - დელიქტის საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ნა-------------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად, სხვა კრედიტორებთან ერთად, სს „თ-----------ს“ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად აუქციონზე გაიყიდა მა----–--------ს კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც ყალბი დოკუმენტების მომზადებისა და გამოყენების გზით გახდა მოცემული ბ---ის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, კერძოდ, უძრავი ქონების მესაკუთრის - მა----–--------ს ნების საწინააღმდეგოდ საჯარო რეესტრში ბ---ის იპოთეკის უფლება გავრცელდა მა----–--------ს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, რამაც გამოიწვია ამ ბინის აუქციონზე გაყიდვა, აღნიშნული აუქციონით დაკმაყოფილდა სს „თ-----------ს“ მოთხოვნა 2764.96 ლარის ოდენობით.

 

საქმეში წარმოდგენილია კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც ნა------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართალსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს არასახელშეკრულებო (კანონისმიერ) ვალდებულებათა სახეს. იგი წარმოიშობა კანონის ძალით, მხარეთა ნება-სურვილისგან დამოუკიდებლად, რა დროსაც, მხარეთა წინასწარი შეთანხმება ზიანის ანაზღაურების თაობაზე საჭირო არ არის. დელიქტური ვალდებულება მოწოდებულია უზრუნველყოს დარღვეული ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების აღდგენა სამართალდამრღვევის ხარჯზე. სწორედ ამ ვალდებულების ძალით, პირი, რომელმაც მიაყენა ზიანი სხვა პირის პირად ან ქონებრივ ინტერესებს, ვალდებულია სრული მოცულობით აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, ხოლო დაზარალებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს განცდილი ზიანის ანაზღაურება.

 

შესაბამისად დელიქტი, როგორც სამოქალაქო სამართალდარღვევა, წარმოშობს გარკვეული სახის სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, დელიქტურ პასუხისმგებლობას. დელიქტური პასუხისმგებლობა წარმოადგენს კანონით განსაზღვრული ქონებრივი ხასიათის ზომების იძულებით გამოყენებას იმ პირის მიმართ, რომელმაც მიაყენა ზიანი სხვა პირის მატერიალურ ან არამატერიალურ სიკეთეს. აღნიშნული პასუხისმგებლობის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ არსობრივად იგი წარმოადგენს შეფარდებით სამართალურთიერთობას, ანუ ადგენს ერთი პირის ვალდებულებას მეორეს წინაშე და იმავდროულად მიმართულია აბსოლუტური სამართალურთიერთობის დაცვისაკენ, სადაც განსაზღვრულია მხოლოდ ერთი მხარე - სუბიექტური უფლების მატარებელი, მაგალითად, ნივთის მესაკუთრე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს. იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ქონებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ზიანის არსებობა. სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხეზე დასაკისრებლად საჭიროა „სამართალდარღვევის“ შემადგენლობის არსებობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დადგარ შედეგს შორის.

 

ამდენად, ნა-------------ს შემთხვევაში, დადგენილია, რომ მისი მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების შედეგად მიადგა მოსარჩელეს ზიანი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა სს "თ-----------ს" მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

 

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან დგინდება, რომ ნა-------------მ ბ---ის შესაბამის ფილიალში წარადგინა მა----–--------ს პირადობის მოწმობა და ხელშეკრულებებზე მისი სახელით დააფიქსირა ხელმოწერა. ამ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს „თ-----------ს“ თანამშრომლების შეცდომაში შეყვანის გზით, მოაწერა ხელი ნა-------------მ იპოთეკის ხელშეკრულებას. აქედან გამომდინარე, არ დასტურდება სს „თ-----------ს“ შესაბამისი უფლებამოსილი პირის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება, რაც გამორიცხავს სს „თ-----------ს“ დელიქტურ ვალდებულებას მოსარჩელის წინაშე.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, მოპასუხე ნა-------------ს მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების შედეგად, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებობდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

 

ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ანაზღაურებაუნარიანი ზიანი. ასეთია სამართლებრივად მნიშვნელოვანი და დაცული ზიანი. ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შეუძლებელია, ვერ ჩაითვლება ასეთად. ქონებრივი ზიანის დადგენა ხდება ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით, კერძოდ, რა ქონებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, სანამ მის მიმართ განხორციელდებოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მას მიადგებოდა ქონებრივი ზიანი და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, ქონებრივი ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდგომ. ზიანის მოცულობა განისაზღვრება ამ ორ მდგომარეობის შორის სხვაობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ოდენობა განისაზღვრება 2764.96 ლარით, რადგან ნა-------------ს მიერ ყალბი დოკუმენტების მომზადებისა და გამოყენების გზით, უძრავი ქონების მესაკუთრის - მა----–--------ს ნების საწინააღმდეგოდ საჯარო რეესტრში ბ---ის იპოთეკის უფლება გავრცელდა მა----–--------ს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, რამაც გამოიწვია ამ ბინის აუქციონზე გაყიდვა, აღნიშნული აუქციონით დაკმაყოფილდა სს „თ-----------ს“ მოთხოვნა 2764.96 ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გი-------------ს მიმართ, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ 2764.96 ლარის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

 

ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მოპასუხის გამდიდრება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი 991-ე მუხლი ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების გენერალურ დათქმას, რაც გულისხმობს, პირის მიერ იმ სიკეთის დაბრუნებას, რომლითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდა. ამდენად, პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითაც არღვევს სხვა პირის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი წონასწორობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც გაიზარდა სხვა პირის ქონება, ანუ უსაფუძვლოდ გამდიდრდა. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრებაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გი-------------ს კრედიტორმა სს „თ------------“, მა----–--------ს კუთვნილი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შედეგად, მიიღო 2764.96 ლარი, ისე რომ მოსარჩელეს მისი კუთვნილი ქონების იპოთეკით დატვირთვის ნება არ გამოუვლენია. ამდენად, გი-------------მ მოსარჩელის ხარჯზე დაზოგა ამ ოდენობის თანხა. ამდენად, სახეზეა გი-------------ს მიერ მოსარჩელის ხარჯზე გამდიდრება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისაგან. მოპასუხეებს ნა-------------სა და გი-------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 82.94 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 2591-ე 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. მა----–--------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს ნა-------------სა და გი-------------ს მოსარჩელე მა----–--------ს სასარგებლოდ 2764.96 ლარის გადახდა.

 

1.2. სარჩელის მოთხოვნა სს „თ-----------ს“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

 

1.3. სარჩელის მოთხოვნა 22 235.04 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

2. დაეკისროთ მოპასუხეებს ნა-------------სა და გი-------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 82.94 ლარის გადახდა სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია