გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3184-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ნათია ჯანხოთელი
მოსარჩელე ჟ--–-------------–-
წარმომადგენელი და-–------------ძე
მოპასუხეები აკ-----------------ე, ნუ–---------------ე
წარმომადგენელი ბე-------–-----ი
დავის საგანი ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 25 ოქტომბერს აკ-----------------ეს და ნუ–---------------ეს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება და თბილისში, დ---- დი-------------------------------------------ზე (ს/კ #01.10.08.006.009.01.0--- აღდგეს აკ-----------------ის საკუთრების უფლება.
სარჩელის მიხედვით, 2018 წლის 14 აგვისტოს მოსარჩელეს და აკ-----------------ეს შორის შედგა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით აკ-----------------ემ შეიძინა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინა. იმავე დღეს მხარეებს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც აკ-----------------ემ სესხის სახით მიიღო 70 000 ლარი, ყოველთვიური სარგებლის 2.5%-ის გადახდით. თანხის დაფარვა მოპასუხეს უნდა მოეხდინა 2019 წლის 14 თებერვალს. მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ პირველი თვის საპროცენტო სარგებელი.
მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემდგომ, მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
აკ-----------------ემ 2018 წლის 25 ოქტომბერს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება აჩუქა შვილს, მოპასუხე ნუ–---------------ეს, რათა თავი აერიდებინა ვალდებულების შესრულებას. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე ვალდებულებას არ ასრულებს და სესხს არ იხდის. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ხელშეკრულება არ გამოხატავს მხარეთა რეალურ ნებას. სადაო ხელშეკრულება არის მოჩვენებითი გარიგება და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე აკ-----------------ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას არ გააჩნდა ვალდებულება მოეხდინა გარიგების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. მეტიც, ნოტარიუსი ვალდებული იყო უზრუნველეყო იპოთეკის რეგისტრაცია, ეს ფაქტი არ გადაამოწმა მოსარჩელემაც.
მოპასუხემ აღნიშნა, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების მომენტში მნიშვნელობა არ ჰქონდა მისთვის ქონებაზე იყო თუ არა რეგისტრირებული იპოთეკა, ვინაიდან ასეთის არსებობის შემთხვევაშიც დასაჩუქრებულზე გადავიდოდა სესხის უზრუნველსაყოფად რეგისტრირებული იპოთეკა. შესაბამისად, 2018 წლის 25 ოქტომბერს გარიგების დადებისას მოპასუხე მოქმედება კეთილსინდისიერად.
გარიგება არ არის მოჩვენებითი ხასიათის, ვინაიდან მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით. მოპასუხემ განკარგა თავისი ქონება და ეს ფაქტი არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მისთვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაშიც, რეგისტრირებული იპოთეკა ახალ მესაკუთრეზე გადავიდოდა.
2018 წლის 1- თებერვლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკის ნაწილის მე-20 პუნქტის შესაბამისად, მხარეებს განემარტათ, რომ იპოთეკა წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. რეგისტრაციისთვის სავალდებულოა ერთი ეგზემპლარის საჯარო რეესტრში წარდგენა, ხოლო „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ, იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის #71-ე ბრძანების 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „ავტორიზებული ნოტარიუსი, რომელმაც სანოტარო წესით დაამოწმა ხელშეკრულება, იპოთეკის წარმოშობის/ცვლილების შესახებ, ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში დაინტერესებული პირის განცხადების მიღების რეგისტრაცია, თუ ეს პირი არ არის ნოტარიუსის მიერ განცხადების მიღების რეგისტრაციის წინააღმდეგი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზეა არა აკ-----------------ის მხრიდან რაიმე სახის დარღვევა, არამედ ნოტარიუსის მხრიდან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ბრალეული დარღვევა, რაც ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობის საფუძველია.
2.2. მოპასუხე ნუ–---------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი (ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში) არ ცნო, მიიჩნია, რომ იგი შედგენილია კანონის საფუძველზე და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 14 აგვისტოს ჟუ–-------------–ს და აკ-----------------ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, დ---- დ-------, მე------------------------------, საკადასტრო კოდით #01.10.08.006.009.01.0--. ნასყიდობის საგანის ღირებულება განისაზღვრა 31 000 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 20-24)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 14-15, 1--18)
3.1.2. 2018 წლის 14 აგვისტოს ჟუ–-------------–ს და აკ-----------------ეს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 70 000 ლარი, ყოველთვიურად 2.5% სარგებლის დარიცხვით. სესხი გაიცა 6 თვის ვადით, 2019 წლის 14 თებერვლის ჩათვლით. მსესხებელმა, გამსესხებელს წინასწარ გადასცა ერთი თვის პროცენტი.
3.1.3. ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა აკ-----------------ის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე: ქ. თბილისი, დ---- დ-------, მე------------------------------, ს/კ #01.10.08.006.009.01.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 26-31)
3.1.4. მოპასუხეები აკ-----------------ე და ნუ–---------------ე არიან მამა-შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტება; (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 25 ოქტომბერს აკ-----------------ეს და ნუ–---------------ეს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, აკ-----------------ემ, „მჩუქებელმა“ ნუ–---------------ეს „დასაჩუქრებულს“ აჩუქა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, დ---- დ------- 3 მ/რ, კორპ 4, ბინა 1-, ს/კ #01.10.08.006.009.01.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჩუქების ხელშეკრულება ( ს.ფ 34-35)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 16-1-, 18-19)
3.2.2. 2018 წლის 25 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება ს/კ-ით #01.10.08.006.009.01.0-- საკუთრების უფლებით აღირიცხა ნუ–---------------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 18-19)
3.2.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება არ წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო და მოჩვენებით გარიგებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელსაც ემყარება მათი სარჩელი თუ შესაგებელი. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.
იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხე აკ-----------------ე ჩუქების ხელშეკრულების დადებით ცდილობს თავი აარიდოს 2018 წლის 14 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას ეკისრება ჟუ–-------------–ს.
სარჩელში და სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ხელშეკრულების ბათილად ცნობის ფაქტობრივ საფუძვლებად მიუთითებდა, რომ სადავო გარიგება არ გამოხატავს მხარეთა ნამდვილ ნებას და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს.
მოსარჩელის მოსაზრებით მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნებისათვის გამოიყენება, იმ მიზნით, რომ აკ-----------------ემ კრედიტორის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულებას აარიდოს თავი. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს თავისი ახსნა-განმარტების გარდა სადავო გარიგების ბათილად ცნობის დამადასტურებელი გარემოებანი არ წარმოუდგენია და არც მიუთითებია.
სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მოსარჩელის მოსაზრება მოპასუხეების და ოჯახის წევრების კავშირის, მითუმეტეს მართლსაწინააღმდეგო ალიანსის შესახებ კონკრეტული ფაქტებით და მტკიცებულებებით დადასტურებული ვერ იქნა.
აქედან გამომდინარე, სადავო გარიგება ასახავს მხარეთა რეალურ ნებას და მისი გაფორმება ჟ--–-------------–-ს მიმართ არსებული სასესხო დავალიანების თავიდან აცილების მიზნით განპირობებული არაა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ 34-35)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ჟ--–-------------–-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 319-ე მუხლები; საქართველოს
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. რამდენადაც გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს ნამდვილი და ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
როგორც სარჩელის საფუძვლიდან ირკვევა, სადავო გარიგების მოჩვენებითად კვალიფიკაციას მოსარჩელე მოითხოვს იმაზე მითითებით, რომ აკ-----------------ეს ოქტომბრის თვეში უნდა გადაეხადა სესხისთვის გათვალისწინებული სარგებელი. მოპასუხემ თანხა არ გადაიხადა და ვალდებულების თავიდან არიდების მიზნით ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება აჩუქა შვილს, მოპასუხე ნუ–---------------ეს.
მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემდგომ, მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით და აღმოაჩინა, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
სასამართლო განმარტავს, რომ როგორც წესი, გარიგების დადებით მისი მხარეები მიზნად ისახავენ კონკრეტული სამართლებრივი შედეგის დადგომას. მოჩვენებით გარიგებებს არ გააჩნიათ სამართლებრივი საფუძველი, ანუ აღნიშნული ხელშეკრულების მხარეებს არ სურთ, მიაღწიონ იმ იურიდიულ შედეგს, რომელიც ამ ტიპიური გარიგებისათვის არის დამახასიათებელი. ამდენად, ამგვარი გარიგების დადების მიზანს წარმოადგენს არა გარიგების შედეგების რეალურად დადგომა, არამედ მათი მხოლოდ მოსაჩვენებლად წარმოჩენა. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი.
სადავო გარიგების მოჩვენებით გარიგებად მიჩნევისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მხარეებს არ სურდათ გარიგებიდან გამომდინარე იურიდიული შედეგის დადგომა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში დასახელებული გარემოებები ასეთი სახის გარიგების არსებობას უტყუარად ვერ ადასტურებს და მოსარჩელის მხრიდან გამოთქმულია მხოლოდ ვარაუდი, რომ ეს გარიგება ატარებს მოჩვენებით ხასიათს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩუქების ხელშეკრულებით მოპასუხეებს სურდათ იმ იურიდიული შედეგის დადგომა, რაც უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებითაა განსაზღვრული კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ მოპასუხე ნუ–---------------ის საკუთრების უფლებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 25 ოქტომბრის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება.
მნიშვნელოვანია სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება, რომლის მიხედვით ჟ--–-------------–- წლების განმავლობაში სესხის სახით გასცემდა თანხმებს და ქონებას ტვირთავდა იპოთეკით. მოსარჩელე აქტიურად იყო ჩართული უძრავი ქონების დატვირთვის სანაცვლოდ თანხის გასესხების ოპერაციებში და სამოქალაქო ბრუნვის ჩვეულებრივ მონაწილესთან შედარებით მსგავსი ტიპის ურთიერთობებეში მეტი გამოცდილება გააჩნდა. სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოქმედება მეტყველებს, რომ ჟუ–-------------–მა თავად ვერ უზრუნველყო სამოქალაქო ბრუნვის გამოცდილი მონაწილისთვის დამახასიათებელი წინდახედულობის გამოჩენა და იპოთეკის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არ განახორციელა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ასევე სადავო ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების პერიოდს. თავდაპირველი გარიგება შედგა 2018 წლის 14 აგვისტოს, სადავო ხელშეკრულების გაფორმების თარიღია 2018 წლის 25 ოქტომბერი.
სასამართლოს დასკვნით, აკ-----------------ე მართლსაწინააღმდეგო განზრახვის შემთხვევაში სადავო გარიგებას გააფორმებდა არა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების შედგენიდან თვენახევრის არამედ გაცილებით მოკლე ვადაში. ეს მოსაზრება აქტუალურია იმდენად რამდენადაც არც ნოტარიუსს და არც ჟუ–-------------–ს სეხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებრივი ტვირთის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არ განუხორციელებიათ.
სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მოსარჩელე მხრემ დამაჯერებლად ვერ განმარტა - სასესხო ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდების განზრახვა მოპასუხემ რატომ მოიყვანა სისრულეში 2018 წლის 25 ოქტომბერს, მაშინ როდესაც ყველა გარემოების გათვალისწინებით უძრავ ქონებაზე იპოთეკა გავრცელებული უნდა ყოფილიყო და არა თხუთმეტ, თექვსმეტ აგვისტოს, ან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადებიდან სხვა უფრო მოკლე ვადაში.
სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემობა, რომ პირს გააჩნია სესხი არ შეიძლება გახდეს საკუთრების თავისუფლად განკარგვის შეზღუდვის საფუძველი, მხოლოდ ეს ფაქტი ვერც გარიგების ბათილად ცნობის საკმარისი არგუმენტია.
2018 წლის 25 ოქტომბრის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საკითხთან დაკავშირებით დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ სადავო გარიგების ბათილად ცნობისთვის საჭირო გარემოებათა მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს გარდა ზოგადი ხასიათის მოსაზრებებისა გარიგების ბათილად ცნობის კონკრეტული საფუძვლები არ დაუსახელებია და სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია.
როგორც სასამართლომ განსაზღვრა ჟ--–-------------–-ს მიერ გასაჩივრებული გარიგება კანონიერია და შესაბამისად სადავო უძრავი ნივთი მართლზომიერადაა აღრიცხული მოპასუხე ნუ–---------------ის საკუთრებაში. ამავე მსჯელობის გათვალისწინებით აბსოლუტურად დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა კანონიერი გარიგების შედეგად განკარგული საცხოვრებელი ბინის აკ-----------------ის საკუთრებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით და სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც გასაჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. გამომდინარე იქიდან, რომ რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ნუ–---------------ეს (პ/ნ 01001090015) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, დ---- დ-------, მე------------------------------, საკადასტრო კოდი : 01.10.08.006.009.01.0-- გასხვისება და ნებისმიერი ფორმით განკარგვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 8-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 263-ე, 364-ე მუხლით და
გადაწყვიტა
1. ჟ--–-------------–-ს სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ნუ–---------------ეს (პ/ნ 01001090015) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, დ---- დ-------, მე------------------------------, საკადასტრო კოდი : 01.10.08.006.009.01.0-- გასხვისება და ნებისმიერი ფორმით განკარგვა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე