განაჩენი

სისხლის სამართლის 20.06.2019
საქმის ნომერი
190100119002902927
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-205-19

(№012150219002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

19.06.2019 წ. ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი ნუგზარ მახათაძე

 

ბრალდებული: ა-----–--------–---–ი

მამის სახელი: ვ----–ი

დაბადებული: 01.12.1--- წ.

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ.: გარდაბნის რ-ნი, სოფ. მ----------ი

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ;

 

საქართველოს სსკ-ს 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

სხდომის სახე - ღია;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 15 თებერვალს, საღამოს საათებში, გარდაბნის რ-ნის სოფ. მ----------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ა-----–--------–---–მა სიდედრს გ---------------–---–ს, ჯერ სახეში დაარტყა, ხოლო შემდეგ ჰკრა ხელი და წააქცია, რის შედეგადაც გ---------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, იმავე დღეს, საღამოს საათებში, გარდაბნის რ-ნის სოფ. მ----------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ა-----–--------–---–მა მეუღლეს - ე--------------------–---–ს ხელები რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა თავში, რის შედეგადაც ე--------------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2019 წლის 24 იანვარს, 14:00 საათზე ე--------------------–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე მოძალადის, ა-----–--------–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N008003, რითაც მას აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი, ე--------------------–---–ი ცხოვრობდა. 2019 წლის 15 თებერვალს, საღამოს საათებში, ა-----–--------–---–ი მივიდა მეუღლის - ე--------------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე გარდაბნის რ-ნი სოფ. მ----------ში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა; აღნიშნულით ა-----–--------–---–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ე--------------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ბრალდებულის მეუღლე, რომელთანაც 25 წელია ეწეოდა საერთო მეურნეობას და ჰყავთ 3 შვილი. ბოლო წლების მანძილზე ბრალდებული ხშირად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, მოკვლის შიშით საცხოვრებლად გადავიდა იმავე სოფელში მცხოვრებ დედასთან, გ---------------–---–თან. 2019 წლის 24 იანვარს, ა-----–--------–---–ის მორიგი აგრესიის გამო ამ უკანასკნელის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. აღნიშნულის მიუხედავად, შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდშიც ახდენდა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. 2019 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 16:00 სთ-ზე იმყოფებოდა სამსახურში, სოფ. მ----------ის ბავშვთა სახლში, რა დროსაც დედამისი, გ---------------–---–ი მივიდა წარბგატეხილი და ამცნო, რომ მისი მეუღლე, ა-----–--------–---–ი მისული იყო მათთან სახლში, ამტვრევდა ყველაფერს და მასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. სახეში დაარტყა, ხოლო შემდეგ ჰკრა ხელი და წააქცია. იგი წავიდა სახლში და ნახა, რომ ალკოჰოლური სასმელის ზეგავლენის ქვეშ მყოფი ბრალდებული იგინებოდა, დამტვრეული იყო ყველაფერი, აგრესიას გამოხატავდა მისი და დედამისის მიმართ, ვერ წყნარდებოდა, ხელი დაარტყა მას თავის არეში 2-ჯერ, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ავადმყოფი დედა, რომელიც ცდილობდა მის დაცვას, მოახერხა და სახლიდან გაიყვანა. ვინაიდან ვერ შეძლო ბრალდებულის საკუთარი ძალებით დაწყნარება, გამოიძახა პოლიცია(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული გ---------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ბრალდებულის სიდედრი. ახსოვს მხოლოდ, რომ 2019 წლის 15 თებერვალს ბრალდებულმა იჩხუბა. დაავადების გამო ვერ იხსენებს დანარჩენს (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნენ შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელები ზ-----------–-----ი, გ-------------ე და გ---------–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს სს საქმეზე მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და განმარტეს, რომ 2019 წლის 15 თებერვალს, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებულ შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ ე--------------------–---–ის სახლში, სადაც დახვდათ ალკოჰოლური სასმელის ზეგავლენის ქვეშ მყოფი ა-----–--------–---–ი, ასევე იყვნენ ამ უკანასკნელის მშობლები და სიდედრი. ცოლის და სიდედრის განმარტებით, ბრალდებულმა მიაყენათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. იმის გამო, რომ ბრალდებული კვლავ გამოხატავდა აგრესიას მეუღლის მიმართ, ამტვრევდა ნივთებს, არ ემორჩილებოდა მათ მოთხოვნას შეეწყვიტა აგრესია, დააკავეს. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 მაისის დასკვნის თანახმად პირადი გასინჯვის მონაცემებით (17.02.2019წ) გ---------------–---–ს აღენიშნება სისხლჩაქცევა მარცხენა ყვრიმალზე, ნაჭდევი სისხლჩაქცევა მარცხენა წარბზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება ბსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს(იხ. ტ.2.).

 

აღნიშნული დასკვნების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გიორგი ოქრუაშვილმა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------------–---–მა(ბრალდებულის დედა) საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" პუნქტის შესაბამისად უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. გამოძიების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცეს: გამომძიებლებმა თორნიკე გოგოლაძემ და ანზორ გოგოლაძემ, რომლებმაც აღწერეს და დაადასტურეს თითოეული მოქმედების ჩატარების გარემოებები. ასევე გამოქვეყნებული იქნა წერილობითი მტკიცებულებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.

 

კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.

 

ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ამ დანაშაულის ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია და მსხვერპლი - ერთი ოჯახის წევრები არიან.

 

ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა-სისტემატურ შეურაცხყოფა-შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ, როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური კუთხით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფიზიკურ ძალადობას წარმოადგენს ცემა და სხვაგვარი ძალადობა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულის ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ცემის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს.

 

სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობრივი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას.

 

საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

განსახილველი მუხლის მე-2 ნაწილით დამამძიმებელ გარემოებებად ითვლება - ქმედების ჩადენა ორი პირის მიმართ.

 

საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. აღნიშნული ნორმით დაცულია ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა, ამასთან პასუხისმგებლობის საფუძველია საახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა.

 

საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლით პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ: ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად: ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 144 1−144 3 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 381 1 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიება.

 

ამავე კანონის მე-4 და მე-5 მუხლების თანახმად: მოძალადის მიერ შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, აგრეთვე სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (სისხლისსამართლებრივი მექანიზმების) გამოყენება არ აფერხებს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემას.

 

4. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია.

 

4.1. საქმის მასალებით. კერძოდ, 2019 წლის 24 იანვარს, 14:00 საათზე გამოცემული შემაკავებელი ორდერი N008003-ით დადასტურებულია, რომ ე--------------------–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე მოძალადის, ა-----–--------–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რითაც მას აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი, ე--------------------–---–ი ცხოვრობდა. დადასტურებულია და თვით ბრალდებულიც არ უარყოფს, რომ მსხვერპლი, ანუ ე--------------------–---–ი ცხოვრობს ცალკე, დედასთან, გ---------------–---–თან ერთად გარდაბნის რ-ნი, სოფ. მ----------ში, სადაც 2019 წლის 15 თებერვალს საღამოს საათებში იმყოფებოდა და დაამტვრია მხოლოდ ჭურჭელი. იგი პოლიციის თანამშრომელთა მიერ დაკავებული იქნა ე--------------------–---–ის საცხოვრებელ სახლში.

 

4.2. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ გ---------------–---–ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ამ უკანასკნელმა დაზიანება მიიღო რამდენიმე დღის წინ წაქცევის შედეგად. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, გ---------------–---–მა ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო ფაქტის გახსენება, მაგრამ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, ე--------------------–---–ის ჩვენებით დადასტურებეულია, რომ 2019 წლის 15 თებერვალს მასთან სამსახურში მივიდა გ---------------–---–ი, რომელსაც წარბი ჰქონდა გატეხილი და მისგან გაიგო, რომ ა-----–--------–---–მა, რომელიც მისული იყო მათთან სახლში, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაარტყა სახეში და წააქცია. აღნიშნული დადასტურებულია ასევე ვაზიანის პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით, რომელთაც გ---------------–---–მა შემთხვევის ადგილზე მისვლისას განუცხადათ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა-----–--------–---–მა. ბრალდებულის განმარტება, რომ გ---------------–---–მა დაზიანება მიიღო რამდენიმე დღის წინ წაქცევის გამო, ეწინააღმდეგება საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის სანდოობაში სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს და რომლის თანახმადაც დადასტურებულია, გ---------------–---–ს აღენიშნება სისხლჩაქცევა მარცხენა ყვრიმალზე, ნაჭდევი სისხლჩაქცევა მარცხენა წარბზე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

4.3. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ ე---------------------–---–ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ამ უკანასკნელის ჩვენებით დადასტურებელია, რომ 2019 წლის 15 თებერვალს სახლში მისვლისას ა-----–--------–---–მა ხელი დაარტყა თავის არეში 2-ჯერ, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ვაზიანის პოლიციის თანამშრომლების ჩვენებით ასევე დადასტურებულია, რომ ე--------------------–---–მა შემთხვევის ადგილზე მისვლისას განუცხადათ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა-----–--------–---–მა.

 

5. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენით ბრალდებულ ა-----–--------–---–ის საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ს 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩამდენ პირად, ანუ დამნაშავედ ცნობის თაობაზე.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ა-----–--------–---–ის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლო ჩადენილი ქმედების (ოჯახში ძალადობის) საზოგადოებრივ საშიშროებისა და ხასიათის, მისი გავრცელების მასშტაბებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდებულის პირადი და ეკონომიკურ პირობების, დაზარალებულთა პოზიციის გათვალისწინებით, მიაჩნევს, რომ ა-----–--------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.

 

8. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ა-----–--------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-----–--------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა-----–--------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად გაუქმდეს ა-----–--------–---–ის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 05.02.2018 წლის №1/18-18 განაჩენით დანიშნული პირობითად ჩათვლილი მსჯავრი - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 05.02.2018 წლის №1/18-18 განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ - თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, ა-----–--------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;

 

2. ა-----–--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 15 თებერვლიდან;

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი