განაჩენი

სისხლის სამართლის 20.06.2019
საქმის ნომერი
170100119002915679
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/20-19

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

20 ივნისი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნ--------------–----------------–--–-–---–-, - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–---------------–-, პირადი #2----------, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: ქ. თეთრიწყარო, ს----–------------------------------------.

 

ადვოკატი - ს---–------------–----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2019 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თეთრიწყაროში, ს----–-----------------------------------------ში მდებარე ფ---------------- და ნ--------------–--–-–---–-- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ნ--------------–--–-–---–-- მცირე ზომის ქვაბის მარჯვენა წარბის არეში ერთჯერადი დარტყმისა და გაშლილი ხელის ტუჩებისა და ცხვირის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ფ--------------- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა 2019 წლის 21 თებერვალს ნ--------------–--–-–---–-- მიერ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობისა და აღნიშნულით მიყენებული ტკივილის განცდის ფაქტი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს უტყუარობის, რელევანტურობისა და დასაშვებობის პრინციპების საფუძველზე.

 

4. პირველ რიგში, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მიზნებისთვის (მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე) ერთი მხრივ, ნ--------------–--–-–---–- და, მეორე მხრივ, ფ-------------- არიან მეუღლეები, რაც სადავო არ გამხდარა.

 

5. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულმა ნ--------------–--–-–---–-- დუმილის უფლებით ისარგებლა, ხოლო მისმა მეუღლემ ფ--------------მ (დაზარალებული) უარი განაცხადა ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები მ---------------–---–- და ჯ--–-------–------- (გამომძიებლები), ხოლო დანარჩენი ყველა მტკიცეულება დაცვის მხარემ, ბრალდებულისათვის შესაბამისი განმარტებების (მოსალოდნელი შედეგების შესახებ) შემდეგ უდავოდ ცნო, რასაც დაეთანხმა ბრალდების მხარეც.

 

6. #4----- შეტყობინების მიხედვით, განმცხადებელმა (ნ--------------–--–-–---–-) არ დააზუსტა რა დახმარება სჭირდება, შესაბამისად აღნიშნული შეტყობინებით არაფერი დგინდება, თანაც თავად ბრალდებულია შეტყობინების ავტორი. სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმის მიხედვით, ფ--------------ს მარჯვენა წარბის ზევით შუბლის არეში აღენიშნება შეშუპება და სიწითლე, სიწითლე აქვს ასევე მარჯვენა თვალის ქვედა ქუთუთოს ქვეშ. ფ--------------მ უარი განაცხადა ოქმზე ხელმოწერაზე, რადგან არ სურს მეუღლეს პრობლემები შეექმნას. ასეთ ვითარებაში დათვალიერებაზე თანხმობის მოპოვებისას მნიშვნელოვანია, რომ პირს სრულად განემარტოს ის შედეგები, რაც კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებას შეიძლება მოჰყვეს და სწორედ ამის შემდეგ მოხდეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. აღსანიშნავია, რომ თანხმობის მოპოვების ოქმი ძალიან მშრალია და არ შეიცავს კონკრეტულ განმარტებებს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს აღნიშნულს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, პირადი გასინჯვის მონაცემებით, ფ--------------ს აღენიშნება სისხლჩაქცევები მარჯვნივ თვალბუდის ქვედა ქუთუთოზე და ქვედა ტუჩის ლორწოვანზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. მოწმეების - მ---------------–---–-სა და ჯ--–-------–-------ს (გამომძიებლები, რომლებიც მივიდნენ ბრალდებულის სახლში შეტყობინების შემდეგ) ჩვენებით მათ მომხდარის შესახებ შეიტყვეს დაზარალებულისგან, შესაბამისად, ვიზუალური დათვალიერებისა და გამოკითხვის დროს.

 

7. სასამართლოს შეფასებით, უტყუარად არ დასტურდება ბრალდებულის მიერ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი. საქმეზე არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომ დაზარალებულზე არსებული დაზიანებები სწორედ ბრალდებულის მიერ იქნა მიყენებული. გამომძიებლები ირიბი მოწმეები არიან, ხოლო სამედიცინო ექსპეტიზის დასკვნა და ვიზუალური დათვალიერების ოქმი, რომელიც დაზარალებულის ინფორმაციას ეფუძნება და რომელმაც უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ვერ იქნება საკმარისი საფუძველი ამგვარი ფაქტის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად. მაშინ, როდესაც დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმი) გამოქვეყნებაც კი არ ხდება მსგავს ვითარებაში (სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს), წარმოუდგენელია სხვა მსგავსი შინაარსის მტკიცებულება მოცემულ შემთხვევაში, ვიზუალური დათვალიერების ოქმი, უტყუარი მტკიცებულება აღმოჩნდეს, მინიმუმ დაცვის მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა შეკითხვები დაესვა იმ პირისთვის, ვის მიწოდებულ ინფორმაციასაც ეფუძნება, როგორც ეს ოქმი, ისე ირიბი მოწმეების ჩვენებები. შესაბამისად, ამგვარი მტკიცებულების ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებად გამოყენება აშკარად ეწინააღმდეგება საქმის სამართლიანი განხილვის პრინციპს. ისიც აღსანიშნავია, რომ ვიზუალურ დათვალიერებამდე ფ-------------- არც კი გაუფრთხილებიათ, რომ ახლო ნათესავის წინააღმდეგ ინფორმაციას აწვდიდა, რაც აშაკარად უსამართლოს ხდის თავად ამ პროცესს.

 

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ ბრალდებებთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ნ--------------–--–-–---–-- მიერ წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში მითითებულ გარემოებებს. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, კი ასეთი არაერთი ეჭვის წამოჭრაა შესაძლებელი, რომელთა შემოწმებას მტკიცებულებების ნაკლებობის გამო სასამართლო ვერ ახერხებს, ასევე დაცვის მხარეც მოკლებული იყო შესაძლებლობას დაესვა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით კრიტიკული შეკითხვები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

10. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა ნ--------------–--–-–---–-- მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). მოცემულ შემთხვევაში, კი ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ სწორედ ნ--------------–--–-–---–-- განახორციელა ძალადობა მეუღლეზე, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77) უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება ( იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.austria, პუნქტი 15.).

 

11. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

12. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ--------------–--–-–---–-- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ--------------–--–-–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ნ--------------–--–-–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ნ--------------–--–-–---–- უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი