გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.06.2019
საქმის ნომერი
120210119002805439
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2805439-2/009-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 ივნისი 2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’

წარმომადგენელი - ი-----–- გ-----–-ა

მოპასუხე - რ--------- ნ---–--ე, მ----- ი--------–---–ი

მ------- თ--------ი (დასწრების გარეშე)

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი :

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებს რ--------- ნ---–--ე, მ----- ი--------–---–ს და მ------- თ--------ს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ 2016 წლის 14 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 9702,41 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5172.67 ლარი, პროცენტი - 3529.74 ლარი, პირგასამტეხლო - 1000 ლარი. (იხ. სხდომის ოქმი)

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 14 ივნისს სს ,,ს----------–--------ს’’ და რ--------- ნ---–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად რ--------- ნ---–--ის სასარგებლოდ გაიცა სესხი - 6000 ლარი, წლიური 57% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 18 თვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით.

 

2016 წლის 14 ივნისს ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს ,,ს----------–--------სა’’ და მ----- ი--------–---–ის და მ------- თ--------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები. სოლიდარული თავდები პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 5 000 ლარით.

 

სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით სოლიდარულმა თავდებებმა ივალდებულეს ბანკის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება.

 

სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად - კერძოდ მსესხებელზე გაიცა სესხი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

სესხით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევა ანუ მსესხებელი სხვადასხვა დროს არღვევდა გრაფიკს, რაც გამოიხატებოდა თანხის გადაუხდელობაში. პირველად გრაფიკით გათვალისწინებული ვადის დარღვევას ადგილი ჰქონდა 2016 წლის ოქტომბრის თევში. 2017 წლის 1 იანვრიდან შეწყდა გადახდები.

 

რ--------- ნ---–--ეს, მ----- ი--------–---–ს და მ------- თ--------ს, მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებებისა, ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ. მათ მიერ დარღვეული იქნა გადახდის გრაფიკი, რის გამოც მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო ბანკის სასარგებლოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითეს, რომ გადასახდელად უნდა დაეკისროთ მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 14 ივნისს სს ,,ს----------–--------სა’’ და რ--------- ნ---–--ეს შორის გაფორმდა ბიზნეს სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 6000 ლარი, 18 თვის ვადით. საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური - 57%.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 14 ივნისის სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 14 ივნისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მ----- ი--------–---–მა იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5000 ლარით.

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 14 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 14 ივნისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მ------- თ--------მა იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5000 ლარით.

 

3.1.4. მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებების სესხის დაფარვის გრაფიკი. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 14.06.2016წ. მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის განაცხადი;

- მ----- ი--------–---–ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 14.06.2019წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;

- მკრტიც თ--------ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 14.06.2019წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 24.--.2018წ. ცნობა დავალიანების შესახებ;

- გაფრთხილებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე;

- საფოსტო გზავნილები;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. მოპასუხეების რ--------- ნ---–--ის, მ----- ი--------–---–ის და მ------- თ--------ის დავალიანება სს ,,ს----------–--------ის’’ მიმართ 14.06.2016წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 8702.41 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5172.67 ლარი და პროცენტი - 3529.74 ლარი;

 

3.2.2. მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან 2016 წლის 14 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, შესაბამისად მოპასუხეებს არ უნდა დაკისროთ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 14.06.2016წ. მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის განაცხადი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, 417-ე, 418-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.

 

დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.

 

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ - სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 6-3-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).

 

სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული სესხის თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - რ--------- ნ---–--ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ს----------–--------სა’’ და რ--------- ნ---–--ეს) შორის გაფორმებული 2016 წლის 14 ივნისის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა რ--------- ნ---–--ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს - 5172.67 ლარი, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს. მოპასუხე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში ცნო.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მათ მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას იმის შესახებ, რომ სესხის სარგებელი წლიური 57% აღემატება კანონით დადგენილ 50% და ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 625.2 მუხლს, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმა (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს) მიღებული იქნა 21.07.2018 N3315 კანონით და ამოქმედდა 2018 წლის 1 სექტემბრიდან. ამავე კანონში გაკეთდა დათქმა, რომ მისი მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ სესხზე/საბანკო კრედიტზე, გარდა ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული სესხის/კრედიტის ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ნებისმიერი ფორმით გადავადების, რესტრუქტურიზაციისა და რეფინანსირების შემთხვევებისა.

 

ამდენად, ვინაიდან სესხი დადებულია 2018 წლის 1 სექტემბრამდე (კანონის ამოქმედებამდე), ამასთან სესხის გადავადების, რესტრუქტურიზაციისა და რეფინანსირების შემთხვევებს ადგილი არ ქონია, 21.07.2018 N3315 კანონით შესული ცვლილება მოცემულ სესხზე არ ვრცელდება.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სს ''ს----------–--------სა'' და რ--------- ნ---–--ეს შორის 2016 წლის 14 ივნისს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ს----------–--------სა'' და მეორეს მხრივ მ----- ი--------–---–ს და მ------- თ--------ს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - მ----- ი--------–---–მა და მ------- თ--------მა იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში სესხის ძირითადი თანხის, პროცენტისა გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 5000 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა 2016 წლის 14 ივნისის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების - 5000 ლარის ფარგლებში.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. ამდენად, პირგასამტეხლო ფორმა სავალდებულო გარიგებაა.

 

დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------ს’’ და რ--------- ნ---–--ეს შორის არ ყოფილა წერილობითი ფორმით შეთანხმება 2016 წლის 14 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მხარეთა შორის წერილობითი ფორმით დადებული შეთანხმება (ხელშეკრულება), რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა პირგასამტეხლოს ოდენობა კრედიტით სარგებლობის პირობების დარღვევისათვის. უფრო მეტიც, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მხარეთა შორის შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, წერილობით არ დადებულა, შეთანხმება მოხდა ზეპირად. სამოქალაქო კოდექსი კი აუცილებელ პირობად ადგენს წერილობით შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხის მიერ სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები წერილობით შეთანხმდებოდნენ პირგასამტეხლოზე, ანუ განსაზღვრულ ფულად თანხაზე;

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახეზე არ არის პირგასამტეხლოზე კანონით დადგენილი სპეციალური ფორმით შეთანხმება, რაც გამორიცხავს 2016 წლის 14 ივნისის სესხის ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამდენად, რ--------- ნ---–--ეს და სს ,,ს----------–--------ს’’ შორის 2016 წლის 14 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე რ--------- ნ---–--ემ, მ----- ი--------–---–მა და მ------- თ--------მა სარჩელი ცნეს სესხის ძირი თანხის ნაწილში, ხოლო სარგებლის ნაწილში არ ცნეს. შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მ------- თ--------ს, მ----- ი--------–---–ს და რ--------- ნ---–--ეს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 105.89 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარის გადახდა. იმის გათვალისწინებით რომ სს ,,ს----------–--------ის’’ წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, ამასთან მოპასუხე მხარემ სარჩლო ცნო სესხის ძირი თანხის ნაწილში სს ,,ს----------–--------ს’’ უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 509.87 ლარი.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის N2805439-2/009-19წ. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხე მ----- ი--------–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, 6-.--.--.---.--.--- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც არ არსებობს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის N2805439-2/009-19წ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ს----------–--------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე რ--------- ნ---–--ეს, მ----- ი--------–---–ს და მ------- თ--------ს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ 2016 წლის 14 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 8702.41 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5172.67 ლარი, პროცენტი - 3529.74 ლარი.

თავდებების - მ----- ი--------–---–ის და მ------- თ--------ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს - 5000 ლარით.

1.2. სს ,,ს----------–--------ს’’ უარი ეთქვას პირგასამტეხლოს დაკისრებაზე.

 

2. მოპასუხე რ--------- ნ---–--ეს, მ----- ი--------–---–ს და მ------- თ--------სს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 105.89 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარის გადახდა.

 

3. სს ,,ს----------–--------ს’’ დაუბრუნდეს 2018 წლის 24 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 645.77 ლარიდან 509.87 ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი