განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1------
(გამოძიების №0----------5)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ------------–---–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული - რ-----------ა (დაბადებული - 1----–-–---------------–--------------–----------–----------------–------------------------------------------–-------------------–-----------------------------------------------------ში),ადვოკატი - ბ---------ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ-----------ას მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.1. 0--------- წელს დაბადებული მ-----------ა და 0--------- წელს დაბადებული რ-----------ა 2006 წლიდან იმყოფებოდნენ კანონიერ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი ნ-----–--ზ და ბ--------------ები. იმის გამო, რომ რ-----------ა მეუღლეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას 2016 წლის მაისში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და საცხოვრებლად სხვადასხვა მისამართზე გადავიდნენ, თუმცა განქორწინება ოფიციალურად არ დაურეგისტრირებიათ. 2017 წლის 18 თებერვალს, დღისით, რ-----------ა მივიდა ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისი, ბ--------------------------------------------ში. ეჭვიანობის ნიადაგზე მათ შორის კამათი წარმოიშვა, რა დროსაც რ-----------ამ ორივე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მ-----------ას მიმართ ძალადობა განახორციელა. მისი ქმედების შედეგად ამ უკანასკნელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მის მოუშლელად.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1 ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2017 წლის 18 თებერვალს, ქ. თბილისში, ბ--------------------------------------------ში, ეჭვიანობის ნიადაგზე, რ-----------ას მიერ მ-----------ას მიმართ, მათი ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32.).
3.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ რ-----------ას მიერ ყოფილი მეუღლის - მ-----------ას მიმართ განხორციელებული შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად (რაშიც რ-----------ას ბრალი ედება), ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა პირდაპირი მტკიცებულება: დაზარალებულ - მ-----------ას და მოწმე - ნ-----–--ზ ჯ----ს გამოკითხვის ოქმები, რომლებმაც ისარგებლეს სსსკ-ის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და საქმის არსებითი განხილვისას ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.
3.5. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.
3.6. ზემოაღნიშნული წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.
3.7. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენებისა და მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა და შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1. სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მკაცრად გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაგ.: თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; 2. სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში ჩვენების მისაცემად ანუ სასამართლოს აძლევს ჩვენებას (არ სარგებლობს მისთვის სსსკ-ის 50-ე მუხლით მინიჭებული პრივილეგიით - არ მისცეს ჩვენება) და მხარე მოითხოვოს გამოკითხვის ოქმის ან მოწმის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვას, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენას (დემონსტრირებას).
3.8. ამდენად, ვინაიდან დაზარალებულმა - მ-----------ამ და მოწმე - ნ-----–--ზ ჯ----მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენება და სახეზე არ არის სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენოს დაზარალებულ - მ-----------ასა და მოწმე - ნ-----–--ზ ჯ----ს მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
3.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა მათ შორის ისეთ ვითარებაში, როდესაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ჩვენება, რომელიც ვიდეოჩანაწერის სახით იქნა სასამართლოში წარდგენილი და რომელიც ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება იყო, არ იყო საკმარისი ბრალდებულის მსჯავრდებისათვის, იმის მიუხედავად, რომ იგი გამყარებული იყო ფსიქოლოგის წერილობითი მოსაზრებით, რომელსაც მსხვერპლი გაენდო (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე A.H. v. Finland, პარ. 6, 10, 43-45). ბრალდებულს საშუალება უნდა ჰქონდეს დააკვირდეს მოწმის დაკითხვისას მის ქცევას, გააპროტესტოს მოწმის ჩვენებები და ეჭვქვეშ დააყენოს მათი სანდოობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე P.S. v. Germany, პარ. 26). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტი დაირღვა საქმეზე P.S. გერმანიის წინააღმდეგ (P.S. v. Germany), სადაც განსასჯელს ბრალი ედებოდა რვა წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში და ეროვნული სასამართლოები ბრალის დადგენისას მეტწილად დაეყრდნენ გოგონას ჩვენებებს, თუმცა ის მოსამართლეს არ დაუკითხავს და განმცხადებელს არ ჰქონდა მისი სარწმუნოობის შემოწმების შესაძლებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე P.S. v. Germany, პარ. 28).
3.10. ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული პრეცედენტებიდან გამომდინარე სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენოს გამოძიების ეტაპზე შედგენილი დაზარალებულ - მ-----------ასა და მოწმე ნ-----–--ზ ჯ----ს გამოკითხვის ოქმები და საფუძვლად დაუდოს რ-----------ას მიერ დაზარალებულზე ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სავარაუდოდ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტების დადგენას.
3.11. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს სხდომაზე გამოკვლეული თითოეული მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ:
3.12. გამომძიებელმა ო-–-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები - გამოკითხული ჰყავს დაზარალებული, მოწმეები, დათვალიერებული აქვს მ-----------ას სამედიცინო ისტორია, დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი ხალათი და სხვა. ო-–-----------–---–მა დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა. მოწმის განმარტებით, იგი ინციდენტს უშუალოდ არ შესწრებია.
3.13. მოწმის სახით დაკითხულმა რ------------ემ განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს საპროცესო მოქმედება, კერძოდ: მიღებული აქვს დაზარალებულად ცნობის დადგენილება და უფლებები გააცნო მ-----------ას. რ------------ემ დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედებების სისწორე, კანონთან შესაბამისობა და განმარტა, რომ სხვა რაიმე სახის შემხებლობა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან არ ჰქონია.
3.14. 2----–-–---------------–-- დათვალიერების ოქმის თანახმად, 2----–-–----------------–ს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–--ის გამომძიებელ ო-–-----------–---–ის მიერ, მოწმე მ-----------ას მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა მოწმე მ-----------ას მიერ დაკითხვის შემდეგ ნებაყოფლობით წარდგენილი პაციენტის სამედიცინო ბარათი N----, ბარათი შევსებულია 2017 წლის 18 თებერვალს, აღნიშნული ბარათი შევსებულია მ-----------ას სახელზე, სადაც აღწერილია მ-----------ას ფიზიკური მდგომარეობა.
3.15. 2----–-–---------------–-- დათვალიერების ოქმის თანახმად, 2----–-–----------------–ს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–--ის გამომძიებელ ო-–-----------–---–ის მიერ, მოწმე მ-----------ას მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა მოწმე მ-----------ას მიერ დაკითხვის შემდეგ ნებაყოფლობით წარდგენილი ხალათი, რომელიც მისი განმარტებით ეცვა შემთხვევის დროს. დათვალიერების ოქმის თანახმად ხალათს სხვადასხვა მიდამოში აღენიშნება დაზიანები, თუმცა მასზე რაიმე სახის ლაქა ანდა სისხლის მაგვარი კვალი არ აღენიშნება. მ-----------ას მიერ წარმოდგენილი ხალათი ამოღებული იქნა და დაილუქა.
3.16. სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. სასწრაფო სამედიცინო დახმარება მ-----------ამ გამოიძახა, რის შემდეგაც ადგილზე მივიდა. მოწმის განმარტებით, მ-----------ას კიდურის ტკივილი აწუხებდა, მტევნების ადგილას სიწითლე და ნაკაწრები ჰქონდა. მ-----------ამ განუმარტა, რომ დაზიანებები ყოფილმა მეუღლემ მიაყენა. შესთავაზეს სტაციონარში გადაყვანა, თუმცა პაციენტმა უარი განაცხადა.
3.17. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 24 თებერვლის ექსპერტის N-------- დასკვნის თანახმად:
1. გამოკვლევაზე წარდგენილ მ-----------ას ხალათის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ნაკერის განარღვევის და გახევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. დაზიანებების განლაგება და ზომები მითითებულია დასკვნის კვლევით ნაწილში. დაზიანებების წარმოქმნის ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის არ არსებობის გამო.
3.18. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-–------–------ემ.
3.19. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მ----------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 18 თებერვალს შვილს მ-----------ას დაურეკა, რა დროსაც ტელეფონს მისმა ყოფილმა სიძემ - რ-----------ამ უპასუხა. მოწმის განმარტებით მის შვილს და რ-----------ას 2017 წლის 18 თებერვლამდეც ხშირად ჰქონიათ უთანხმოება. მან გამოძიებას ჩვენების მიცემის დროს ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც თავის დროზე მისმა შვილმა მ-----------ამ უამბო. იგი უშუალოდ კონფლიქტს და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არცერთხელ არ შესწრებია და მხოლოდ შვილის ნაამბობიდან იცის, რომ რ-----------ა და მ-----------ა ხშირად კამათობდნენ, ასევე შვილისგან გადმოცემით იცის, რომ რ-----------ას მისთვის არაერთხელ დაურტყამს. მ-----------ა 2017 წლის 18 თებერვლის შემდეგ დაახლოებით სამ დღეში ნახა, თუმცა რაიმე სახის დაზიანება მისთვის არ შეუმჩნევია.
3.20. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ლ---------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 18 თებერვალს რ-----------ას მიერ მ-----------ას მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია. მან გამოძიებას ჩვენების მიცემის დროს ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც თავის დროზე მისმა დამ უამბო. იგი რ-----------ასა და მ-----------ას შორის სიტყვიერ კონფლიქტს ხშირად შესწრებია, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არცერთხელ.
3.21. სასამართლო განმარტავს, რომ მოწმეებმა მ----------ემ და ლ---------ემ მიუთითეს, რომ რ-----------ას და მ-----------ას შორის ადგილი ჰქონდა გარკვეულ კონფლიქტს, რის გამოც მ-----------ა არაერთხელ დაბრუნებულა მშობლების სახლში, თუმცა ორივე მათგანი უთითებს, რომ შესწრებიან რ-----------ასა და მ-----------ას შორის მხოლოდ სიტყვიერ კონფლიქტს და არასდროს შესწრებიან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უტყუარად დადგინდებოდა ასეთი გარემოებები (სხვა დროს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი), 2017 წლის 18 თებერვალს განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით მაინც არარელევანტური იქნებოდა, რადგან ბრალდების მხარე რ-----------ას ედავება მხოლოდ 2017 წლის 18 თებერვალს განხორციელებულ სავარაუდო ძალადობას და არა სხვა ეპიზოდს, მათ შორის სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას ან ფიზიკურ ძალადობას. ამდენად, მ----------ისა და ლ---------ის ჩვენებები მანამდე რ-----------ასა და მ-----------ას შორის არსებულ უთანხმოებებთან დაკავშირებით სრულიად არარელევანტურია 2017 წლის 18 თებერვალს შესაძლო ძალადობრივი ქმედების დადასტურების თვალსაზრისით.
3.22. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები - ო-–-----------–---–ი და რ------------ე არიან გამომძიებლები. აღნიშნულმა მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მართებულობა, რომელებიც მათ მიერ იქნა ჩატარებული ან რომელშიც მიიღეს მონაწილეობა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმემ - ლ-–------–------ემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, რაც მხარეთა მიერ ეჭვქვეშ არ დამდგარა. აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების (ძალადობის ფაქტების) მიმართ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას). ასევე ირიბია მოწმეების - ნ------------–---–ის, მ----------ისა და ლ---------ის ჩვენებები რ-----------ას მიერ მ-----------ას მიმართ განხორციელებული შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტთან მიმართებით. მათ მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება ეყრდნობა მ-----------ას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას (მონათხრობს).
3.23. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე, პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2).
3.24. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).
3.25. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეების - ო-–-----------–---–ის, მ----------ის, ლ---------ის, ლ-–------–------ისა და რ------------ის ირიბი ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს თუ რა მოხდა 2017 წლის 18 თებერვალს, ქ-------–--–-----------------------------------------------ში, განახორციელა თუ არა რ-----------ამ ყოფილი მეუღლის - მ-----------ას მიმართ რაიმე სახის ძალადობა.
3.26. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 27 თებერვლის #0-------- დასკვნის თანახმად (ექსპერტი ე-–----------–--ე):
ü მ-----------ას 2---------წ. პირადი შემოწმების მომენტისათვის სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრებისა და სისხლნაჟღენთების სახით;
ü აღნიშნული დაზიანებებიდან ნაკაწრები განვითარებულნი უნდა იყოს რაიმე მსხვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ხოლო სისხლნაჟღენთი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
3.27. ექსპერტმა ე-–----------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
3.28. სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, რაოდენობა, თუმცა ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, შესაბამისად, ექსპერტის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის და ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ მ-----------ას აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანება, თუმცა აღნიშნული ექსპერტის დასკვნით იმ ფაქტის დადგენა თუ ვინ, როდის და რა ვითარებაში მიაყენა მ-----------ას აღნიშნული დაზიანებები, შეუძლებელია. ბრალდების მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ეს დაზიანება დაზარალებულს მიაყენა რ-----------ამ, უშუალოდ ამ მტკიცებულების შინაარსიდან არ გამომდინარეობს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს.
3.29. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებებისა, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა - მ-----------ამ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არცერთი უტყუარი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნებოდა რ-----------ას მიერ მეუღლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დადგენა (სხეულის დაზიანებების მიმყენებელი პირის დადგენა).
3.30. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა საქმის არსებითი განხილვის დროს გამოიყენა დუმილის უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება. საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამდენად, ბრალდებულის მიერ დუმილის უფლებით სარგებლობა ვერ იქნება გამოყენებული მის წინააღმდეგ და ვერ შეფასდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
3.31. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებისა, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა მ-----------ამ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, სისხლის სამართლის საქმეში არ დარჩა არცერთი უტყუარი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნებოდა რ-----------ას მიერ ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დადგენა.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ რ-----------ა და მ-----------ა არიან ოჯახის წევრები (მ-----------ა არის რ-----------ას ყოფილი მეუღლე), ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მ-----------ას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები (ნაკაწრებისა და სისხლნაჟღენთების სახით), თუმცა ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება (არა თუ მტკიცებულებათა ერთობლიობა), რომელიც დადასტურდა თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა ზემოაღნიშნული დაზიანებები მ-----------ას.
4.3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).
4.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.).
4.6. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
4.7. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
4.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.
4.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა რ-----------ას მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4.10. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე რ-----------ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა სრულად შეესაბამება ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ამ კატეგორიის საქმეებზე დადგენილ პრაქტიკას. იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულის ოჯახის წევრმა სავარაუდო დაზარალებულებმა არ მისცეს ჩვენება სასამართლოს და საქმეში არ მოიპოვება სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელ განაჩენებზე პროკურორების მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის N380აპ-17 განჩინება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის N258აპ-17 განჩინება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-276-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ-----------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. რ-----------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის განჩინება და ყადაღა მოეხსნას (გირაოს - 2 000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დადებული) რ-----------ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე - ქ-------–-----------------------------------------------------–-----–----------------------------------–--------------------------------------------------------.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, რ-----------ას უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
5. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: ხალათი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი