გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.06.2019
საქმის ნომერი
080210018002509829
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/2067-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მაისი, 2019 წელი ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი

 

მოსარჩელე: ლ--------ი კ-----ა;

წარმომადგენელი: მ-----–ი ბ-------ე;

მოპასუხეები: ს----- ჯ----–--ე, მ--- მ------–---–ი;

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2014 წლის 21 მაისს დადებული გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება ლ--------ი კ-----ასა და ს----- ჯ----–--ეს შორის არასაცხოვრებელ ფართზე, მდებარე: ქ. ქუთაისი, ტ----–--ის ქუჩა, N47 (ნაგებობის ჩამონათვალი N2, 63.05 კვ.მ., არასასოფლო-სამეურნეო, საკადასტრო კოდი 0-----------) და დაუბრუნდეს მეუღლეებზე - მ--- მ------–---–სა და ს----- ჯ----–--ეზე გადაცემული თანხა 20 000 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, ს----- ჯ----–--ე და ლ--------ი კ-----ა ზეპირი გარიგებით შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით დატვირთულიყო ს----- ჯ----–--ის სახლი, მდებარე: ქ.ქუთაისი, ტ----–--ის N47. სახლი დაათვალიერა, მოიწონა და ამის შემდეგ შეთანხმდნენ გარიგების გაფორმებაზე. ასევე შეთანხმდნენ თანხაზე 20 000 აშშ დოლარზე, რომელიც გადასცა მეუღლეებს - მ--- მ------–---–ს და ს----- ჯ----–--ეს, რომლებმაც შეუშვეს განმცხადებელი საცხოვრებელ სახლში სარგებლობის უფლებით.

 

2014 წლის 21 მაისს საჯარო რეესტრში მოწინააღმდეგე მხარეების რჩევით ლ--------ი კ-----ას სახელზე დარეგისტრირდა უძრავი ნივთი, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ს----- ჯ----–--ემ ლ--------ი კ-----ას მიყიდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისი, ტ----–--ის ქუჩა N47-ში, ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა 120 000 აშშ დოლარით. 20 000 აშშ დოლარის გადაცემა განხორციელდა წინამდებარე ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერამდე.

 

საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ქ.ქუთაისში, ტ----–--ის ქუჩა N47-ში, სადაც მოსარჩელე ცხოვრობს წლებია და ეჭვიც არ შეუტანია, რომ მოპასუხეებმა შეიყვანეს შეცდომაში, კერძოდ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო არა საცხოვრებელ სახლზე, არამედ ამ სახლის ეზოში მიმდებარე ფარდულზე, რომელსაც იყენებდნენ საკუჭნაოდ. სახლი ადრე ირიცხებოდა ს----- ჯ----–--ის საკუთრებად, მაგრამ მან 2015 წლის 5 ოქტომბერს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე სახლი აჩუქა მის მეუღლეს, მ--- მ------–---–ს. აღნიშნულის გამო მათ შორის მოხდა დაპირისპირება, მაგრამ მათ დააიმედეს და 2018 წლის 21 თებერვალს დაიბარეს ნოტარიუსთან, სადაც შედგა ხელშეკრულება, ს----- ჯ----–--ემ დადო პირობა, რომ 20 000 აშშ დოლარს დაუბრუნებდა ეტაპობრივად ორი წლის განმავლობაში ანუ 2020 წლის 21 თებერვლამდე, ამ შემთხვევაშიც მოატყუა და ნასყიდობის საგნად მიუთითა აღნიშნული ფარდული ანუ საკუჭნაო, რომელიც დაახლოებით 5000 ლარიც არ ღირს. გავიდა ხუთი თვე, მაგრამ მოპასუხეები თანხას არ აბრუნებენ.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ს----- ჯ----–--ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ 2018 წლის 21 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით მან აღიარა, რომ 20 000 აშშ დოლარად მიყიდა ლ--------ი კ-----ას საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ქ.ქუთაისი, ტ----–--ის ქუჩა N47-ში, შენობა N2 ფართით 63.05 კვ.მ. და აღნიშნული თანხა აქვს დასაბრუნებელი ლ--------ი კ-----ასათვის. თანახმაა გაუქმდეს ნასყიდობის ხელშეკრულება. მისი განმარტებით, თანხა გადასახდელი აქვს მას და არა მის მეუღლეს, მ--- მ------–---–ს, რომლის მიმართაც მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. მოპასუხე მ--- მ------–---–ი სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ ლ--------ი კ-----ას მისი თანდასწრებით 20 000 აშშ დოლარი არ გადაუცია ს----- ჯ----–--ისათვის. აღნიშნული თანხით მას არ უსარგებლია, მან ამის თაობაზე გაიგო მოგვიანებით, რის გამოც სარჩელი მის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ვალის არსებობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ს----- ჯ----–--ემ მიყიდა ლ--------ი კ-----ას ფართი, მდებარე: ქ.ქუთაისი, ტ----–--ის ქუჩა N47 (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: N0-----------) და რომლის ღირებულება შეადგენს 20 000 აშშ დოლარს. ს----- ჯ----–--ე დებს პირობას, რომ აღნიშნულ თანხას 20 000 აშშ დოლარს დაუბრუნებს ლ--------ი კ-----ას ეტაპობრივად 2 წლის განმავლობაში, 2020 წლის 21 თებერვლამდე. ლ--------ი კ-----ა დებს პირობას არ გაასხვისებს აღნიშნულ ქონებას 2020 წლის 21 თებერვლამდე და ს----- ჯ----–--ის მიერ მისთვის თანხის სრული დაბრუნების შემდეგ დაუბრუნებს მას აღნიშნულ უძრავ ქონებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულება (ს.ფ. 34);

 

3.1.2. 2014 წლის 21 მაისს ს----- ჯ----–--ესა და ლ--------ი კ-----ას შორის გაფორმდა უძრავი ნივთის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება და ლ--------ი კ-----ამ იყიდა ქ.ქუთაისში, ტ----–--ის ქ. N47, ნაგებობის ჩამონათვალი N2-63.05 კვ.მ. (ს/კ 0-----------) 120 000 აშშ დოლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 21 მაისის უძრავი ნივთის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება (უზრუნველყოფის მასალები ს.ფ. 7-8);

 

3.1.3. 2015 წლის 05 ოქტომბერს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ს----- ჯ----–--ემ ქ.ქუთაისში ტ----–--ის ქ. N47-ში (შენობა N1-525,25 კვ.მ, N3-5,36 კვ.მ ს/კ 0-----------) მდებარე უძრავი ქონება საჩუქრად გადასცა მის მეუღლეს მ--- მ------–---–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 05 ოქტომბერს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 10-11);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ს----- ჯ----–--ეს სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე არ მიუთითებია.

 

3.2.2. მხარეებისათვის სადავო ფაქტობრივი გარემოებაა მოსარჩელის მიერ მ--- მ------–---–ისათვის თანხის 20000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი. მოპასუხე თანხის მიღებას კატეგორიულად არ ეთანხმება და განმარტავს, რომ მას მოსარჩელისაგან მიღებული არ აქვს არანაირი თანხა და არც ს----- ჯ----–--ისათვის თანხის გადაცემის ფაქტს დასწრებია. ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. თუ ერთი მხარე ამტკიცებს ფულის გადაცემას, მეორე მხარე უარყოფს მას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის მტკიცების ტვირთი, მისი განხორციელება მისთვის ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მ--- მ------–---–ისათვის თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ს----- ჯ----–--ესათნ ერთად მ--- მ------–---–ს გადასცა 20 000 აშშ დოლარი. ამ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება მოსარჩელის ინტერესში შედის და ამ ფაქტის დამტკიცება მხოლოდ მოსარჩელისთვისაა ობიექტურად შესაძლებელი. სესხის გადაცემის მტკიცებულება მოსარჩელეს უნდა შეექმნა (ხელწერილი, ხელშეკრულება, საბანკო გადარიცხვის დოკუმენტი ან სხვა საბუთი), ამიტომ ამ ფაქტის დამტკიცება ევალება მოსარჩელეს. თავის მხრივ მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და გააბათილოს მოსარჩელის მიერ თანხის გაცემის არგუმენტები. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

მოსარჩელე მხარემ თავისი პროცესუალური ვალდებულების შესრულების მიზნით ზეპირად განმარტა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეებს გადასცა 20 000 აშშ დოლარი. თავისი ზეპირი განმარტების დადასტურების მიზნით კონკრეტული წერილობითი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია. მან თავისი პროცესუალური ვალდებულების შესრულება იკისრა მოწმის ჩვენებით.

 

სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----- ე--------ემ განმარტა, რომ ლ--------ი კ-----ას მიერ ს----- ჯ----–--ისათვის და მ--- მ------–---–ისათვის თანხის გადაცემის ფაქტს არ დასწრებია, აღნიშნული საკითხი მისთვის ცნობილია ლ--------ი კ-----ასგან (იხ.სხდომის ოქმი.).

 

საერთო ჯამში თანხის გაცემის დამტკიცების მიზნით მოსარჩელემ წარმოადგინა თავისი ზეპირი განმარტება, ასევე მოწმე ნ----- ე--------ის ჩვენება და ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამტკიცებს მ--- მ------–---–ისათვის თანხის გადაცემის არსებობას. სხვა მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

თავის მხრივ მოსარჩელის არგუმენტების გაბათილების მიზნით მოპასუხე ს----- ჯ----–--ემ განმარტა, რომ მან თანხა ნამდვილად მიიღო, ხოლო მ--- მ------–---–მა განმარტა, რომ მას მოსარჩელისაგან თანხა არ მიუღია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. წინამდებარე შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები არაა საკმარისი იმის დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მოსარჩელემ მოპასუხე მ--- მ------–---–ს ს----- ჯ----–--ესთან ერთად გადასცა 20 000 აშშ დოლარი. ამ მოსაზრების უმაღლესი ხარისხის ვარაუდი არ არსებობს.

 

ამდენად, შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით შეკრებილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხე მ--- მ------–---–ს ს----- ჯ----–--ესთან ერთად გადასცა 20 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე ნ----- ე--------ის ჩვენება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

წარმოდგენილი მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, ბათილად იქნეს ცნობილი 2014 წლის 21 მაისს დადებული გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება ლ--------ი კ-----ასა და ს----- ჯ----–--ეს შორის უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.ქუთაისი, ტ----–--ის ქუჩა N47 (ნაგებობის ჩამონათვალი N2 - 63.05 კვ.მ., არასასოფლო-სამეურნეო, საკადასტრო კოდი 0-----------) და მოპასუხე ს----- ჯ----–--ეს ლ--------ი კ-----ას სასარგებლოდ დაეკისროს 20 000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო მ--- მ------–---–ისათვის თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე აბსოლუტური და მნიშვნელოვანი უფლებაა იმ უფლებათაგან, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით. ფული საკუთრების საგანია. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ არ დაუბრუნა მიღებული თანხა და ამით დაარღვია მისი საკუთრების უფლება. შესაბამისად წინამდებარე დავის გადაწყვეტა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საკუთრების უფლების რეალიზაციის პრობლებემთან. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადგენად პირველ რიგში უნდა დადგინდეს მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა თუ არა თანხა და მოპასუხე არღვევს თუ არა მოსარჩელის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.

 

კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით მომართოს სასამართლოს და დაიცვას თავისი საკუთრების უფლება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

იმავე კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი და მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ამავე კოდექსის 505-ე მუხლით, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში.

 

მოცემულ შემთხვევაში 2014 წლის 21 მაისს ლ--------ი კ-----ას და ს----- ჯ----–--ეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე; ქ.ქუთაისი, ტ----–--ის N47, ნაგებობის ჩამონათვალი N2- 63.05 კვ.მ. (ს/კ 0-----------). ხელშეკრულებით განისაზღვრა ნასყიდობის საგნის ღირებულება 120 000 აშშ დოლარით. ს----- ჯ----–--ეს გადასახდელი აქვს 20 000 აშშ დოლარი, რაც დაადასტურა ხელწერილითაც და სასამართლო სხდომაზეც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოპასუხე ს----- ჯ----–--ის მიერ სარჩელის მთლიანად ცნობით და განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ს----- ჯ----–--ეს ლ--------ი კ-----ასათვის გადასაცემი აქვს თანხა და ამასთან, თანახმაა ბათილად იქნეს ცნობილი 2014 წლის 21 მაისის ხელშეკრულება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზეც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ს----- ჯ----–--ემ სარჩელი ცნო მთლიანად და ის თანახმაა აუნაზღაუროს მოსარჩელეს დავალიანება, რომელიც შეადგენს 20 000 აშშ დოლარს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. იმისათვის, რომ მოსარჩელემ მოპასუხე მ--- მ------–---–ს მოსთხოვოს 20 000 აშშ დოლარის გადახდა, ამისათვის სავალდებულოა მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, ხოლო მოპასუხეს გააჩნდეს შესრულების მოვალეობა. ასეთი უფლება და მოვალეობა წარმოიშობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

იმისათვის, რომ მოპასუხე მ--- მ------–---–ს დაეკისროს თანხის გადახდა, სავალდებულოა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდეს ვალდებულების წარმოშობის საფუძველი. მათ შორის არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი თანხით შესასრულებელი ვალდებულება, მოპასუხეს მოსარჩელისათვის მიყენებული უნდა ჰქონდეს ზიანი, ან სხვა საფუძვლის გამო უნდა ჰქონდეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ან მოპასუხე მოსარჩელისაგან უსაფუძვლოდ უნდა იყოს გამდიდრებული ან მოპასუხეს უნდა გააჩნდეს კანონით გათვალისწინებული ვალდებულება.

 

დადგენილია და მხარეები არ დავობენ იმ საკითხზე, რომ თანხა, რომლის მოპასუხეებზე დაკისრებასაც მოსარჩელე მოითხოვს, წარმოადგენს იმ თანხას, რაც ს----- ჯ----–--ეს უძრავი ქონების ნასყიდობისათვის უნდა დაებრუნებინა ლ--------ი კ-----ასათვის, რასაც ორივე მხარე აღიარებს.

 

დადგენილია, რომ ს----- ჯ----–--ემ მიყიდა ლ--------ი კ-----ას ფართი, მდებარე: ქ.ქუთაისი, ტ----–--ის ქუჩა N47 (შენობა N2 - 63.05 კვ.მ. საკადასტრო კოდი: N0-----------) და რომლის ღირებულება შეადგენს 20 000 აშშ დოლარს.. 2018 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულებით ს----- ჯ----–--ე დებს პირობას, რომ აღნიშნულ თანხას 20 000 აშშ დოლარს დაუბრუნებს ლ--------ი კ-----ას ეტაპობრივად 2 წლის განმავლობაში, 2020 წლის 21 თებერვლამდე. ლ--------ი კ-----ა დებს პირობას არ გაასხვისებს აღნიშნულ ქონებას 2020 წლის 21 თებერვლამდე და ს----- ჯ----–--ის მიერ მისთვის თანხის სრულად დაბრუნების შემდეგ დაუბრუნებს მას აღნიშნულ უძრავ ქონებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არ შეიძლება პირისაგან მოთხოვნილი იქნას იმ მოქმედების შესრულება ან თავის შეკავება, რომლის შესრულების ან შესრულებისაგან თავის შეკავების მოვალეობა არ შედის მის ვალდებულებაში. კანონი იცავს ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპს. თითოეულმა სუბიექტმა პასუხი უნდა აგოს საკუთარ ვალდებულებებზე. დასახელებულ შემთხვევაში მოპასუხე მ--- მ------–---–ს არ აქვს ვალდებულება მოსარჩელეს გადაუხადოს მისი მეუღლის დავალიანება, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხე ს----- ჯ----–--ემ მთავარ სხდომამდე განცხადების შემოტანით სარჩელი ცნო, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მ--- მ------–---–ის ნაწილში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა, უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ლ--------ი კ-----ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ბათილად იქნეს ცნობილი 2014 წლის 21 მაისს დადებული გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება ლ--------ი კ-----ასა და ს----- ჯ----–--ეს შორის უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.ქუთაისი, ტ----–--ის ქუჩა N47-ში (ნაგებობის ჩამონათვალი N2 - 63.05 კვ.მ., არასასოფლო-სამეურნეო, საკადასტრო კოდი 0-----------).

3. მოპასუხე ს----- ჯ----–--ეს ლ--------ი კ-----ას სასარგებლოდ დაეკისროს 20 000 აშშ დოლარის გადახდა.

4. მოსარჩელე ლ--------ი კ-----ას სასარჩელო მოთხოვნა მ--- მ------–---–ისათვის თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.

5. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მ--- მ------–---–ის (პ/ნ 1----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ.ქუთაისი, ტ----–--ის ქუჩა N47 (ს/კ 0-----------).

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა