გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240310017001980161
(3/34-2017)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17.06.2019 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი -ვასილ გოგინავა
მოსარჩელე - ი-----–----–----ე
მოპასუხე - ს----------–----–--------–-------------------------ა,მოპასუხე - N6- აბაშის საოლქო საარჩევნო კომისია (თავმჯდომარე-გ---------------)
მოპასუხეების წარმომადგენელი - გ---------------
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე ს----------–----–--------–-------------------------ისათვის მოსარჩელე ი-----–----–----ის სასარგებლოდ 2003 წლის სახელფასო დავალიანების 34.32 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს იყო N6- ა--–------------------–--- N16 საარჩევნო უბნის კომისიის წევრი. მიუხედავად მისი მოთხოვნისა, დღემდე მიუღებელი აქვს ამ პერიოდში გაწეული სამუშაოს შრომის ანაზღაურება-34.32 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ს----------–----–--------–-------------------------ის და N6- აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა გ---------------მ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ხანდაზმულობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.მოსარჩელე ი-----–----–----ე 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს იყო N6- ა--–------------------–--- N16 საარჩევნო უბნის კომისიის წევრი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-კომისიის წევრის მოწმობა;
- მხარეთა განმარტებები;
3.1.2. ი-----–----–----ეს მიუღებელი აქვს ხელფასი-34.32 ლარი. აღნიშნული გარემოება დასტურდება ს----------–----–--------–-------------------------ის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 27 ივნისის N04/1--- წერილით, რომლის მიხედვით, ი-----–----–----ეს ეცნობა, რომ „საქართველოს მასშტაბით 2003 წლის 2 ნოემბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე არსებობს სახელფასო დავალიანება, მათ შორის თქვენი (ი-----–----–----ის) ხელფასის ოდენობა (ხელზე ასაღები) შეადგენს 34.32 ლარს. 2003 წლის სახელფასო დავალიანების დაფარვა განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შემთხვევაში“.
ი-----–----–----ის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობა დასტურდება ასევე, ცესკოს 2016 წლის 1 ნოემბრის N61535 წერილით -ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისადმი, რომლის მიხედვით, ცესკომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს აცნობა, რომ ი-----–----–----ის მიმართ გააჩნდა 34.32 ლარის დავალიანება და იგი დაიფარებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შემთხვევაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ც--------–--------------------------ს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის N04/1--- წერილი (27.06. 2014 წ);
-ც--------–--------------------------ს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის N16535 წერილი 28.10.2016 წ);
- მხარეთა განმარტებები;
3.1.3.საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ი-----–----–----ის წერილებით, ასევე მიღებული პასუხებით დასტურდება ის გარემოებები, რომ ი-----–----–----ე სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ორგანოებს მიმართავდა წერილებით და თხოვდა სახელფასო დავალიანების მიღებაში დახმარებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის N6---/3-39 წერილი (24.05.2017 წ);
-ც--------–--------------------------ს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის N04/1--- წერილი (27.06. 2014 წ);
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის N4--- წერილი (29.09.2014წ);
-საქართველოს პარლამენტის წევრის (ნ----------------ის) N1----/3-27 წერილი (21.10.2014 წელი);
-საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის N2--- წერილი (27.01.2017წ);
-ი-----–----–----ის N2----; N4----; N1--- წერილები მთავრობის ადმინისტრაციისადმი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–----–----ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლი; „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-4 მუხლი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე და 331-ე მუხლები; საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-11, მე-14, 37-ე 1341-ე მუხლები; საარჩევნო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-129-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, ი-----–----–----ე ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე იმყოფებოდა შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან. კერძოდ, 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ი-----–----–----ე იყო N6- ა--–------------------–--- N16 საარჩევნო უბნის კომისიის წევრი. აღნიშნულს ადასტურებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემული კომისიის წევრის მოწმობაც.
მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილია არაერთი წერილობითი მტკიცებულება, სადაც მოპასუხე -ცენტრალური საარჩევნო კომისია აღიარებს მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანებას-34.32 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
გარდა აღნიშნულისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებული შრომის სამართლიანი ანაზღაურება, დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ის, რომ შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება, ეს საყოველთაოდ ცნობილი დამსაქმებლის კანონისმიერი ვალდებულებაა, რაც დაწესებულია როგორც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით (37-ე მ) ისე შრომის კოდექსით (31-ე მ).
სასამართლო მიუთითებს ასევე, სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 24-ე მუხლის 3-4 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მთელი დროის განმავლობაში, ხოლო კომისიის სხვა წევრებს (ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით) არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან 32 დღის განმავლობაში და განმეორებითი კენჭისყრის ან/და არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, აგრეთვე, კენჭისყრის დღემდე მე-2 დღიდან 4 დღის განმავლობაში ენიშნებათ ხელფასი არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან. საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ხელფასის ოდენობას განსაზღვრავს ს----------–----–--------–-------------------------ა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის ს----------–----–--------–-------------------------ის ქმედება (სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა) ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპებს – სამართალურთიერთობის სტაბილურობის, კეთილსინდისიერების და კანონიერების პრინციპებს, გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის უფლების – მიიღოს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, დარღვევა ეწინააღმდეგება, ასევე, სახელმწიფოს პოლიტიკას პრიორიტეტულად დაიცვას ადამიანის უფლებები, მათ შორის შრომითი უფლებები და შრომის სამართლიანი ანაზღაურება, რადგან ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, რომელსაც შეუერთდა საქართველო, ჯერ კიდევ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის №655 დადგენილებით აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიან და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. იმავე პაქტის მე-7 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულს ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის, სამართლიანი ხელფასი. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-4 მუხლი ეხება შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მხარეები აღიარებენ მუშაკთა მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომელიც უზრუნველყოფს მათი ცხოვრების ღირსეულ დონეს.
სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხის პოზიციას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ კრედიტორის უფლებამოსილება, მოითხოვოს მოვალისაგან ვალდებულების შესრულება, არ არის აბსოლუტური უფლება და იგი კანონმდებლის მიერ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დაწესებით გარკვეულწილად შეზღუდულია. კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა, ხოლო ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში მას შესაძლოა წაერთვას დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა. კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ხოლო იმავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა [სსკ-ის მე-2 მუხლი], რაც არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ მათი ეს უფლება რაიმე შეზღუდვას არ ექვემდებარებოდეს. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, სადაც სადავო იყო გარკვეული საპროცესო მოქმედების განხორციელების ხანდაზმულობის ვადის არსებობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განიმარტა შემდეგი: ხანდაზმულობის ვადა უკავშირდება რა ლეგიტიმურ მიზნებს, სასამართლო უნდა სარგებლობდეს მკაფიო და ხელშესახები კრიტერიუმებით იმის შესამოწმებლად და დასადგენად, რომ პირმა არ იცოდა და ობიექტურად არც შეიძლებოდა სცოდნოდა მის ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების არსებობის შესახებ. უნდა მოხდეს იმის პრევენცია, რომ პირმა დროში უმიზეზოდ არ გაახანგრძლივოს უფლების განხორციელება, ის შეზღუდული უნდა იყოს შესაძლებლობაში, მიმართოს სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ მას შეეძლო ეს თავის დროზე განეხორციელებინა... (იხ., თ. ჯ---–---–-, ნ. ჯ---–---–- და ი. ჯ---–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №3/1/5--, ბათუმი, 2013 წლის 05 ნოემბერი). ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ნამსჯელი ხანდაზმულობის ლეგიტიმურობის სამართლებრივ საკითხზე, სახელდობრ, 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში, საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლომ განმარტა: ,,... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს.“).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მოთხოვნის დაკმაყოფილებას არაერთხელ შეეცადა სხვადასხვა ორგანოებისათვის, მათ შორის ც--------–--------------------------სათვის მიმართვით, საიდანაც იღებდა პასუხს, რომ მასზე მართალია, გაუცემელი იყო ხელფასი -34,32 ლარი, თუმცა იგი დაიფარებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შემთხვევაში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–----–----ის მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით სხვადასხვა ორგანოებისათვის მიმართვით შეწყდა ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხანდაზმულობაზე მითითებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს – ს----------–----–--------–-------------------------ის მიერ მოქმედების განუხორციელებლობა (მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა) პირდაპირ და უშუალო ინდივიდუალურ ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და საქმეზე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება, ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მოპასუხე საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და N6- აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა დაეკისროს ი-----–----–----ის სასარგებლოდ, მისი კუთვნილი ხელფასის-34.32 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
სასამართლო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის I ნაწილის ,,ა” და ,,უ’’ პუნქტების თანახმად, მოსარჩელე, ისევე როგორც მოპასუხე, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, მე-13, 24-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ი-----–----–----ის სარჩელი;
2. დაეკისროს მოპასუხეებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და N6- აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიას ი-----–----–----ის სასარგებლოდ-34.32 (ოცდათოთხმეტი ლარი და ოცდათორმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
3. მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუ პორტის ქუჩა 32) სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (სენაკი, რუსთაველის ქ№247) 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია