გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/25336-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე შპს „გ----–-----“
წარმომადგენელი ლე-------------- ირ---–-------------
მოპასუხე ქალ--------–----------–----–---------------
წარმომადგენელი
დავის საგანი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ
გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა,ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მხარეებს შორის გაფორმებული 2018 წლის 11 აპრილის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე, მოპასუხე თ---–----------–----–---------------ს 2018 წლის 20 ივლისის N1------------ წერილით, გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა.
1.1. მოპასუხე თ---–----------–----–---------------სათვის მოსარჩელე შპს „გ----–-----“-ის სასარგებლოდ 51 904 ლარის გადახდის დაკისრება.
2018 წლის 11 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა ქ. თბილისში, შ----------------------------------------------------------------------ის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის შესაბამისად, შემსრულებლის მიერ სამუშაოები უნდა დასრულებულიყო წერილობითი დავალების მიცემიდან 60 კალენდარულ დღეში. 2018 წლის 14 აპრილს მოპასუხის წერილის საფუძველზე, სამუშაოების დაწყების თარიღად განისაზღვრა 23 აპრილი, ხოლო დასრულების თარიღად ამ თარიღიდან 60 კალენდარული დღე ანუ 2018 წლის 21 ივნისი.
სამუშაოების წარმოების პროცესში შეიქმნა გარკვეული სირთულეები, რაც გამოწვეული იყო ნალექების მოსვლით. აპრილ-ივნისის განმავლობაში 32 დღე წვიმდა, შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა სრული დატვირთვით მუშაობა. სარეაბილიტაციო ქუჩებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ დაიწყო წყლის და კანალიზაციის მილების შეცვლა, რამაც ასევე გააჭიანურა მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაოების წარმოება.
2018 წლის 19 ივლისს დამკვეთის მიერ შედგა სამუშაოების ინსპექტირების აქტი, რომელშიც მიეთითა, რომ შ----------ს ქუჩაზე ასფალტის საფარი მთლიანად არის დაგებული, ხოლო ხ-------- და ნ---------------------ს ქუჩებზე დაგებული იყო ასფალტის საფარის ქვედა ფენა.
2018 წლის 20 ივლისის წერილით მოპასუხეს ეცნობა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის თანხის 51 910 ლარის სრულად ჩამორთმევის შესახებ.
მოპასუხემ მიმართა სს „ს--------------------------------------–------“ და მოსთხოვა მას წარმოდგენილი საბანკო გარანტიის 51 904 ლარის ოდენობით მისთვის გადაცემა. 2018 წლის 31 ივლისს სადაზღვევო კომპანიამ ზემოაღნიშნული თანხა სრულად გადაურიცხა მოპასუხეს.
მოსარჩელის განმარტებით, ვალდებულების ვადაში შესრულების დამაბრკოლებელი ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად არ უნდა ჩაითვალოს. ამასთან, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაშიც, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის წინაპირობები არ არსებობდა, დარღვევის არაარსებითი ხასიათიდან გამომდინარე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ქალაქ თ---–----------–----–---------------ს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მოსარჩელეს გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შეესრულებინა 2018 წლის 23 აპრილიდან - 21 ივნისის ჩათვლით. 2018 წლის 19 ივლისის ინსპექტირების აქტით დგინდება, რომ ამ დროისათვის სამუშაოები არ იყო დასრულებული. სამუშაოების შესრულების ვადა გადაცილებული იყო 20 დღეზე მეტი ვადით, აღნიშნული გარემოება, ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.5. პუნქტის მიხედვით, შემსყიდველს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლებამოსილებას ანიჭებდა. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.7. პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს ჩამოერთვა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.2. პუნქტის მიხედვით, ნალექიანი ამინდი ვერ ჩაითვლება ფორს-მაჟორულ გარემოებად, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ვინაიდან მას არ გააჩნია დაუძლეველი ძალის ხასიათი, რომელიც გამორიცხავს ვალდებულების შესრულებას.
მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ნალექის ინტენსივობის შესახებ ინფორმაციას. ამასთან, არსებობს სპეციალური ტექნიკა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საგზაო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელება ნალექიანი ამინდის პირობებშიც.
2018 წლის 22 -23 მაისის ინსპექტირების აქტებით, დადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სამუშაოების მიმდინარეობის ტემპების ჩამორჩენას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 11 აპრილს ქალ--------–----------–----–---------------სა და შპს „-----–-----“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების ობიექტია- ქ. თბილისში, შ----------------------------------------------------------------------ის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, განსაზღვრული მიმწოდებლის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 519 037 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
2018 წლის 11 აპრილის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულება.
3.1.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადაა სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან 60 კალენდარული დღე.
ამავე მუხლის 3.2. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი უნდა წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს დავალების მიცემიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში.
ამავე მუხლის 3.3. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალების მიცემიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
2018 წლის 11 აპრილის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულება.
3.1.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1. პუნქტის მიხედვით, იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლის გამო, ტენდერში გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - საბანკო გარანტიის დოკუმენტი, გაცემული 2018 წლის 11 აპრილს სს „ს----------------------------------------–-------“ მიერ, თანხით 51 904 ლარი, რომლის მოქმედების ვადაა 2018 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
2018 წლის 11 აპრილის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულება.
3.1.4. სს „ს----------------------------------------–-------“ 2018 წლის 11 აპრილს გასცა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია, რომლის თანახმად, იკისრა 51 904 ლარის გადახდის ვალდებულება, მიმწოდებლის მიერ ქ-------–------------თან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის საფუძველზე, ქ. თ---–----------–----–---------------ს წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
საბანკო გარანტია.
3.1.5. 2018 წლის 14 აპრილს ქალაქ თ---–----------–----–---------------ს წერილის საფუძველზე, სამუშაოების დაწყების თარიღად განისაზღვრა 23 აპრილი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
2018 წლის 19 აპრილის წერილი. (ს.ფ.27).
3.1.6. ქალ--------–----------–----–---------------მ 2018 წლის 20 ივლისის წერილით აცნობა მოსარჩელეს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
2018 წლის 20 ივლისის წერილი. (ს.ფ. 38).
3.1.7. 2018 წლის 31 ივლისს სს „ს--------------------------------------–-------“ ქალ--------–----------–----–---------------ს გადაურიცხა საბანკო გარანტიის თანხა 51 904 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
საგადახდო დავალება N42880531.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „გ----–-----“-მა დაარღვია სამუშაოების შესრულების ვადა და დაგვიანებით შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
ამდენად, მოვალეს (მოსარჩელეს) ეკისრება მტკიცების ტვირთი, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა არ არის გამოწვეული მისი ბრალეული მოქმედების შედეგად.
საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 22 მაისის N1 ინსპექტირების აქტის მიხედვით, შ----------ს ქუჩაზე, გეგმა-გრაფიკის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები არ დაწყებულა. (ს.ფ. 29). იმავე რიცხვის N2 ინსპექტირების აქტის თანახმად, ჯ----–---–ის (ნ--------------------ის) ქუჩაზე ამ დროისათვის სამუშაოები შეჩერებულია. გეგმა-გრაფიკის მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები არ დაწყებულა.
2018 წლის 23 მაისის N3 ინსპექტირების აქტის მიხედვით, ხ--------- ქუჩაზე სამუშაოები არ დაწყებულა.
2018 წლის 19 ივლისის ინსპექტირების აქტის მიხედვით, ობიექტებზე სამუშაოები არ დასრულებულა. ნ------------------------------------ის ქუჩებზე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარის ქვედა ფენა.
სასამართლო განმარტავს, რომ ფორს-მაჟორული გარემოება არის გარემოება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია; დაუძლეველი ძალა, მოვლენა, რომელიც ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადის გადატანის (გაგრძელების) შესაძლებლობას იძლევა, ან საერთოდ ათავისუფლებს მხარეებს გარიგებით ნაკისრი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებისაგან.მხარეების ინტერესებიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ფორს-მაჟორის პირობები.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1. პუნქტის მიხედვით, ფორსმაჟორი არის სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია.
მხარეებმა ამავე მუხლის 11.3. პუნქტით გაითვალისწინეს, ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ.
მოსარჩელე მიუთითებს ორ გარემოებაზე, რომელთა გამოც შეუძლებელი იყო ვადაში ვალდებულების შესრულება:
1. 23 აპრილიდან -11 ივნისამდე პერიოდში ნალექების არსებობა;
2. ნ---------------------სა და ხ--------- ქუჩებზე მოსახლეობის მიერ დაზიანებული წყლის მილის გამოცვლა.
მოსარჩელემ წარმოადგინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 ივნისის წერილი, რომლის მიხედვით, ქ. თბილისის ვაშლიჯვრის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2018 წლის 11 აპრილიდან 10 ივნისის ჩათვლით, პერიოდში 32 დღის განმავლობაში აღიშნებოდა ნალექი. (ს.ფ. 32).
წარმოდგენილი მტკიცებულება ადასტურებს, რომ სამუშაოს წარმოების მიმდინარეობის პროცესში 2018 წლის 23 აპრილიდან 11 ივნისამდე პერიოდში, იყო ნალექიანი ამინდები. ამ მტკიცებულებით არ დგინდება, ამ დღეების განმავლობაში ნალექების ინტენსივობა, რამაც 23 აპრილიდან -11 ივნისამდე პერიოდში, დააბრკოლა დაგეგმილი სამუშაოების შესრულება.
გარდა აღნიშნულისა, საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება, რომ სამუშაოების დაწყებიდან 23 აპრილიდან - 11 ივნისამდე პერიოდში, მოსარჩელემ შემსყიდველს აცნობა ნალექების მიზეზით, სამუშაოების შესრულების შეუძლებლობის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.2. პუნქტის მიხედვით, ნალექიანი ამინდი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არ დგინდება, მისი ინტენსივობა, ვერ ჩაითვლება ფორს-მაჟორულ გარემოებად, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ვინაიდან მას არ გააჩნია დაუძლეველი ძალის ხასიათი, რომელიც გამორიცხავს ვალდებულების შესრულებას.
მოსარჩელის მიერ მითითებულ მეორე ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 21 მაისის წერილით მოსარჩელე აცნობებს მოპასუხეს, რომ ნ----------------------------ის მონაკვეთზე დაზიანებული წყალსადენის ქსელის აღდგენის საკითხის მოგვარება მოსახლეობამ დაიწყო 20 მაისიდან და მის მოგვარებას სჭირდება დაახლოებით 5-7 დღე. 2018 წლის 11 ივნისის წერილით ატყობინებს მოპასუხეს, რომ მოსახლეობამ თავად შეცვალა მილები, რასაც 10 დასჭირდა. იგივე პრობლემა არსებობდა ხ--------- ქუჩაზეც.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დგინდება, რეალურად დაზიანებული იყო თუ არა სამშენებლო ობიექტზე ცენტრალური წყლის მილები, დაზიანება სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში მოხდა თუ არა, როდის გამოვლინდა დაზიანება, რა დრო დასჭირდა მილების გამოცვლას. აღნიშნულის გათვალისწინებით, არ დგინდება, მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებასა და ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებას შორის.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში, ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადები, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მის მიერ მითითებულმა გარემოებებმა გამოიწვია სამუშაოების შესრულების ვადების გადაცილება. ამასთან, ეს გარემოებები, ვერ ჩაითვლება ფორს-მაჟორულ გარემოებებად, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე,სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ ხელშეკრულების შესრულება ვადაში შეუძლებელი იყო ობიექტური მიზეზების გამო და მას ხელშეკრულების დადებისას არ შეეძლო შესრულების ხელისშემშლელი მოვლენისა და მისი შედეგების გათვალისწინება, ხოლო შემდგომ - მათი აღკვეთა და გადალახვა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 361-ე, მე-400, 879-ე, 880-ე, 881-ე, 50-ე, 51-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი დავის შედეგისადმი პირის სუბიექტური დამოკიდებულებით არ განისაზღვრება. აღიარებითი სარჩელით უნდა მიიღწეოდეს იმ სამართლებრივი სიკეთის (უფლების) აღდგენა, რაც კანონმდებლობის მიხედვით მინიჭებული ჰქონდა მოსარჩელეს. მხარემ უნდა დაასაბუთოს ის გარემოება, რომ მხოლოდ ამგვარი სარჩელით აღწევს იგი შედეგს, რასაც მიზნად ისახავს. ამდენად, იურიდიული ინტერესის არსებობა გულისხმობს იმ შედეგების მითითებას, რომლის მიღწევის უზრუნველსაყოფადაც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს აღიარებითი სარჩელით. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან.
იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გამოვლენილი ნების ბათილობის მიმართ უკავშირდება მიკუთვნებით მოთხოვნას, მოპასუხემ აუნაზღაუროს ზიანი, რაც მოსარჩელეს მიადგა ქალაქ თ---–----------–----–---------------ს მიერ საბანკო გარანტიის თანხის მიღებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება განიხილება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მოსარჩელეს ევალებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შეესრულებინა სამუშაოები, ხოლო მოპასუხეს ეკისრებოდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადები, რაც ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად განიხილება. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად, სს „ს--------------------------------------–-------“ მიერ გაიცა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. 881-ე მუხლის თანახმად, კი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის იგი გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან განსხვავებით, რიგი თავისებურებებით ხასიათდება. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან გამოარჩევს, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან. საბანკო გარანტიის გაცემისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, პრინციპალსა და გარანტს შორის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბანკი (გარანტი) ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნისთანავე, ბენეფიციარს უპირობოდ გადაუხდის ფულად თანხას. მიუხედავად საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ასევე ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ, ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს და მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში.
საბანკო გარანტია, მიუხედავად მისი სახისა და დანიშნულებისა, პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი სხვადასხვა სახის ვალდებულების ჯეროვანი შესრულების გარანტიას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია შპს „გ----–-----“-ის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტია თავისი მიზნიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე ერთმანეთისგან არ მიჯნავს ვალდებულების არსებით თუ არაარსებით დარღვევას, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს სახელშეკრულებო ღირებულების ანაზღაურებაზე. აღნიშნული გარემოება გამორიცხავს მოპასუხისათვის გამოყენებული საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს არ გააჩნია იურიდიული ინტერესი სადავო გარიგების, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნების ბათილობის მიმართ, იმ საფუძვლით, რომ დარღვევის არაარსებითი ხასიათიდან გამომდინარე, არ არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტის 405-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა. როგორც აღინიშნა, მისი ინტერესი უკავშირდება მიკუთვნებით მოთხოვნას დაიბრუნოს საბანკო გარანტიის თანხა, რაც არ დაკმაყოფილდა, რადგან დადგინდა მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევა.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 2591-ე 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. შპს „გ----–-----“-ის სარჩელი მოპასუხე ქალაქ თ---–----------–----–---------------ს მიმართ, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია