გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.05.2019
საქმის ნომერი
080310018002648909
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310018002648909

საქმე №3/598-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

31 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე

 

მოსარჩელე - თეა ცქიფურიშვილი

წარმომადგენელი - დარეჯან სალდაძე, მალხაზ მებურიშვილი

 

მოპასუხე - სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი“

წარმომადგენელი - კახა კუხალაშვილი

 

მესამე პირი (ასკ-ის მე-16.2 მუხლი) - ნუნუ რუსაძე, ფრიდონ გოგიაშვილი, თეიმურაზ კოჩაძე.

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 01 სექტემბრის N125 (17-18) დადგენილება - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N01-04/34, 29/06/2018 ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ (საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია მართვა) მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად ქვემიმართულება „სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვის“ ნაწილში;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორის N01-04/34, 29/06/2018 ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 01 სექტემბრის N125 (17/18) დადგენილებით დადგენილი შედეგები (საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია მართვა) მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად) ქვემიმართულება ,,სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვის’’ ნაწილში;

 

1.3. დაევალოს სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე თეა ცქიფურიშვილის (პ/ნ 60001093673) სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა მიმართულებით) ქვემიმართულება „სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვა“ ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე არჩევის შესახებ.

 

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 29 ივნისის 01-04/34 ბრძანებით გამოცხადდა კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მოსარჩელემ საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა) მიმართულებით (ქვემიმართულება ,,სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვა) ასისტენტ პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად.

 

სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის’’ აკადემიური 15 აგვისტოს N118 (17/18) დადგენილებით შექმნილი საინჟინრო-ტექნიკური და საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის ელექტრული ინჟინერიის, ტრანსპორტის (სატრანსპორტო-ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა) მშენებლობის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის, საინჟინრო მექანიკის, ხარისხის მართვის და ტექნიკურ-ეკონომიკური ექსპერტიზის, საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაციისა და მოდელირების, საზღვაო სატრანსპორტო პროცესების მიმართულების საკონკურსო კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს სხდომის ოქმით გაეწია რეკომენდაცია, თუმცა ვერ დაიკავა საშტატო ერთეული. მოსარჩელემ სააპელაციო განცხადებით მიმართა საკონკურსო კომისიას, რაც არ დაკმაყოფილდა სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის’’ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა და საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების, ტრანსპორტის და მექანიკის ინჟინერის და ტექნოლოგიის მიმართულების სააპელაციო კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს სხდომის ოქმით.

 

სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის’’ 2018 წლის 1 სექტემბრის N125(17/18) დადგენილებით დამტკიცდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 01-04/34, 29/06/2018 ბრძანებით რიგ ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსის შედეგები, მათ შორის საინჟინრო-ტექნიკურ ფაკულტეტზე.

 

მხარე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის’’ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა და საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების, ტრანსპორტის და მექანიკის ინჟინერის და ტექნოლოგიის მიმართულების სააპელაციო კომისიის სხდომაში კომისიის წევრად მონაწილოებას იღებდა ნანა შონია, რომელიც თავად იყო სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის’’ რექტორის 01-04/34 29.06.2018წ ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური თანამდებობების მაძიებელი (კონკურსანტი), მაშინ როდესაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 28 ივნისის N111 (17/18) სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ დადგენილების მე-8 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო კომისიის წევრს უფლება არა აქვს იყო აკადემიური თანამდებობის მაძიებელი (კონკურსანტი).

 

აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ არსებობს სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის’’ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 1 სექტემბრის N125 (17/18) დადგენილების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

2. მხარეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის, სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, კონკურსანტების მიერ წარდგენილი დოკუმენტების სრულყოფილად შესწავლის საფუძველზე. ამდენად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია:

 

2.2.1. მესამე პირმა ნუნუ რუსაძემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო.

 

2.2.2. მესამე პირებს: თეიმურაზ კოჩაძეს და ფრიდონ გოგიაშვილს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 28 ივნისის სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს N111 (17/18) დადგენილებით დამტკიცდა სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმები.

 

აღნიშნული დადგენილების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სააპელაციო კომისიის წევრს უფლება არა აქვს იყო აკადემიური თანამდებობის მაძიებელი (კონკურსანტი); ამავე დადგენილების მე-5 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია სააპელაციო კომისიის წევრი ამავე დროს იყოს საკონკურსო კომისიის წევრი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N111 (17/18) დადგენილება (იხ. ტომი1, ს.ფ. 15-29);

 

3.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ივნისის სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N01-04/34 ბრძანებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგ ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N01-04/34 ბრძანება (იხ. ტომი1, ს.ფ. 45-46);

 

3.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 9 აგვისტოს თეა ცქიფურიშვილმა შეავსო განაცხადი შემდეგ აკადემიურ თანამდებობაზე: ასისტენტ პროფესორი; ფაკულტეტი: საინჟინრო ტექნიკური; მიმართულება: ტრანსპორტი (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა); ქვემიმართულება: სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვა;

 

თეა ცქიფურიშვილმა განაცხადა თანხმობა მონაწილეობა მიიღოს კონკურსში აწსუ წესდებით, შერჩევის კრიტერიუმებით და სახელშეკრულებო მოთხოვნებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კონკურსანტი ანკეტა (იხ. ტომი1, ს.ფ. 30-38);

 

3.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 9 აგვისტოს ნუნუ რუსაძემ შეავსო განაცხადი შემდეგ აკადემიურ თანამდებობაზე: ასისტენტ პროფესორი; ფაკულტეტი: საინჟინრო ტექნიკური; მიმართულება: ტრანსპორტი (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა); ქვემიმართულება: სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვა;

 

ნუნუ რუსაძემ განაცხადა თანხმობა მონაწილეობა მიიღოს კონკურსში აწსუ წესდებით, შერჩევის კრიტერიუმებით და სახელშეკრულებო მოთხოვნებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (იხ. ტომი1, ს.ფ. 151)

- კონკურსანტი ანკეტა (იხ. ტომი1, ს.ფ. 153-159);

- პირადობის მოწმობის ასლი (იხ. ტომი1, ს.ფ. 152);

- შრომის წიგნაკი (იხ. ტომი1, ს.ფ. 160-174);

 

3.5. საქმეში წარმოდგენილი კონკურსანტის - თეა ცქიფურიშვილის შეფასების ფორმით ირკვევა, შემდეგი: I კატეგორია (ფორმალური სამეცნიერო კვალიფიკაციისა და სამეცნიერო შრომების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან): 1.1. აკადემიური ხარისხი არ შეესაბამება ვაკანსიის პროფილს; 1.2. სამეცნიერო შრომები შეესაბამება ვაკანსიის პროფილს;

საერთო შეფასება I კატეგორიის მიხედვით - არის საშუალო;

 

II კატეგორია (კონკურსანტის გამოცდილების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან): II.1. სამუშაო სტაჟი არ შეესაბამება ვაკანსიის პროფილს; II.2. დაკავებული აკადემიური/და/ან სხვა თანამდებობა არ შეესაბამება ვაკანსიის პროფილს; II.4. წასაკითხად შემოთავაზებული კურსები და მათი სილაბუსები აწსუ-ში დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება სრულად;

საერთო შეფასება II კატეგორიის მიხედვით - არის საშუალო;

 

III კატეგორია (სამეცნიერო კვლევა): III.1. ბოლო 10 წელში გამოქვეყნებული არაუმეტეს 5 სამეცნიერო ნაშრომი ვაკანსიის პროფილს შეესაბამება სრულად; III.2. პუბლიკაციები საერთაშორისო რეცენზირებად, იმპაქტ-ფაქტორის ჟურნალებში, ეროვნულ სამეცნიერო გამოცემებში, სამეცნიერო მონოგრაფიები ვაკანსიის პროფილს შეესაბამება ნაწილობრივ; III.3. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლოო 5 წელი) შესაბამება სრულად; III.4. დამატებითი სამეცნიერო აქტივობები (აკადემიების, სამეცნიერო საზოგადოებების წევრობა, სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა და სხვა) არ შეესაბამება; საერთო შეფასება III კატეგორიის მიხედვით - არის მაღალი;

 

IV კატეგორია (სამეცნიერო საგრანტო პროექტები (ბოლო 5 წელი): საერთო შეფასება IV კატეგორიის მიხედვით - არის დაბალი;

 

VI კატეგორია (პედაგოგიური გამოცდილება): VI.1. დაკავებული აკადემიური/ადმინისტრაციული თანამდებობა/თანამდებობები, წაკითხული სალექციო კურსები (ბოლო 5 წელი) ნაწილობრივ შეესაბამება პროფილს; VI.2. გამოცემული სახელმძღვანელოები (ბოლო 10 წელი) სრულად შეესაბამება პროფილს;

საერთო შეფასება VI კატეგორიის მიხედვით - არის საშუალო;

 

VII კატეგორია (კონკურსანტთან გასაუბრება): VII.1. კონკურსანტის პროფესიული უნარ-ჩვევები ფლობა: საშუალო; VII.2. აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა: საშუალო;

საერთო შეფასება VII კატეგორიის მიხედვით - არის საშუალო;

 

კონკურსანტის საბოლოო შეფასება: I კატეგორია: საშუალო; II კატეგორია - საშუალო; III კატეგორია - მაღალი; IVკატეგორია - დაბალი; V კატეგორია -; VI კატეგორია - საშუალო; VII კატეგორია- საშუალო;

 

გადაწყვეტილება: თეა ცქიფურიშვილს მიეცა რეკომენდაცია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კონკურსანტის შეფასების ფორმა (იხ. ტომი1, ს.ფ.47- 55);

 

3.6. საქმეში წარმოდგენილი კონკურსანტის - ნუნუ რუსაძის შეფასების ფორმით ირკვევა, შემდეგი: I კატეგორია (ფორმალური სამეცნიერო კვალიფიკაციისა და სამეცნიერო შრომების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან):

საერთო შეფასება I კატეგორიის მიხედვით - არის საშუალო;

 

II კატეგორია (კონკურსანტის გამოცდილების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან): II.1. სამუშაო სტაჟი შეესაბამება ვაკანსიის პროფილს; II.2. დაკავებული აკადემიური/და/ან სხვა თანამდებობა შეესაბამება ვაკანსიის პროფელს; II.4. წასაკითხად შემოთავაზებული კურსები და მათი სილაბუსები აწსუ-ში დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება სრულად;

საერთო შეფასება II კატეგორიის მიხედვით - არის მაღალი;

 

III კატეგორია (სამეცნიერო კვლევა): III.1. ბოლო 10 წელში გამოქვეყნებული არაუმეტეს 5 სამეცნიერო ნაშრომი ვაკანსიის პროფილს შეესაბამება სრულად; III.2. პუბლიკაციები საერთაშორისო რეცენზირებად, იმპაქტ-ფაქტორის ჟურნალებში, ეროვნულ სამეცნიერო გამოცემებში, სამეცნიერო მონოგრაფიები ვაკანსიის პროფილს შეესაბამება სრულად; III.3. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლოო 5 წელი) შესაბამება სრულად; III.4. დამატებითი სამეცნიერო აქტვობები (აკადემიების, სამეცნიერო საზოგადოებების წევრობა, სამეცნიერო ჟურნალის რედკოლოგიის წევრობა და სხვა) შეესაბამება სრულად;

საერთო შეფასება III კატეგორიის მიხედვით - არის მაღალი;

 

IV კატეგორია (სამეცნიერო საგრანტო პროექტები (ბოლო 5 წელი);

საერთო შეფასება IV კატეგორიის მიხედვით - არის საშუალო;

 

VI კატეგორია (პედაგოგიური გამოცდილება): VI.1. დაკავებული აკადემიური/ადმინისტრაციული თანამდებობა/თანამდებობები, წაკითხული სალექციო კურსები (ბოლო 5 წელი) სრულად შეესაბამება პროფილს; VI.2. გამოცემული სახელმძღვანელოები (ბოლო 10 წელი) სრულად შეესაბამება პროფილს; VI.5. სემინარებში მონაწილეობა; ტრენინგებში მონაწილეობა; VI.6. წასაკითხად შემოთავაზებული კურსები, მათი სილაბუსები და ბოლო წლის განმავლობაში გამოცემული სახელმძღვანელოები ვაკანსიის პროფილს შეესაბამება სრულად;

საერთო შეფასება VI კატეგორიის მიხედვით - არის მაღალი;

 

VII კატეგორია (კონკურსანტთან გასაუბრება): VII.1. კონკურსანტის პროფესიული უნარ-ჩვევები ფლობა: მაღალი; VII.2. აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა: მაღალი;

საერთო შეფასება VII კატეგორიის მიხედვით - არის მაღალი;

 

კონკურსანტის საბოლოო შეფასება: I კატეგორია: საშუალო; II კატეგორია - მაღალი; III კატეგორია - მაღალი; IVკატეგორია - საშუალო; V კატეგორია -; VIკატეგორია - მაღალი; VII კატეგორია- მაღალი;

 

გადაწყვეტილება: ნუნუ რუსაძეს მიეცა რეკომენდაცია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კონკურსანტის შეფასების ფორმა (იხ. ტომი, ს.ფ. 147-150);

 

3.7. დადგენილია, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს შედგა სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის“ აკადემიური 15 აგვისტოს N118 (17/18) დადგენილებით შექმნილი საინჟინრო-ტექნიკური და საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი სხდომის ოქმი N1, დღის წესრიგით: კომისიის თავმჯდომარის არჩევა; კომისიის მდივნის შერჩევა;

 

კენჭისყრის შედეგად კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა გიორგი აბრამიშვილი; კომისიის მდივნად არჩეული იქნა მანანა თალაკვაძე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი N1 (იხ. ტომი 1, ს.ფ. 134-135);

 

3.8. დადგენილია, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს შედგა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიური 15 აგვისტოს N118 (17/18) დადგენილებით შექმნილი საინჟინრო-ტექნიკური და საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი სხდომის ოქმი N2, დღის წესრიგით: კონკურსანტ თენგიზ ჭანტურიასთან ივანე საღინაძესთან, ომარ ზივზივაძესთან, შორენა ფხაკაძესთან, შოთა რუხაძესთან, სიმონ პაპიძესთან, მერაბ ირემაძესთან, ამირან ხვადაგიანთან, პარმენ ყიფიანთან, ომარ კიკვიძესთან, ფრიდონ გოგიაშვილთან, თეიმურაზ კოჩაძესთან, თამაზ მორჩაძესთან, ავთანდილ გელაშვილთან, ლალი გოგისვანიძესთან, ნუნუ რუსაძესთან, თეა ცქიფურიშვილთან ვლადიმერ ნაკაშიძესთან გასაუბრება და შეფასება.

 

კომისიის წევრების მიერ ნუნუ რუსაძე შეფასდა: გ. აბრამიშვილის შეფასება - მაღალი; ო. გელაშვილის შეფასება - საშუალო; მ. თალაკვაძის შეფასება - მაღალი; ზ. აზმაიფარაშვილის შეფასება - მაღალი; დ. გორგიძის შეფასება - მაღალი; გ. გოლეთიანის შეფასება - მაღალი; ნ. რურუას შეფასება მაღალი; თ. მუსელიანის შეფასება - მაღალი;

კომისიამ დაადგინა: ნუნუ რუსაძესთან გასაუბრების შეფასებაა მაღალი;

 

კომისიის წევრების მიერ თეა ცქიფურიშვილი შეფასდა: გ. აბრამიშვილის შეფასება - საშუალო; ო. გელაშვილის შეფასება - საშუალო; მ. თალაკვაძის შეფასება - მაღალი; ზ. აზმაიფარაშვილის შეფასება - საშუალო; დ. გორგიძის შეფასება - საშუალო; გ. გოლეთიანის შეფასება - მაღალი; ნ. რურუას შეფასება საშუალო; თ. მუსელიანის შეფასება - საშუალო;

კომისიამ დაადგინა: თეა ცქიფურიშვილის გასაუბრების შეფასებაა საშუალო;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი N2 (იხ. ტომი1, ს.ფ. 136-144);

 

3.9. დადგენილია, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს შედგა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიური 15 აგვისტოს N118 (17/18) დადგენილებით შექმნილი საინჟინრო-ტექნიკური და საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი სხდომის ოქმი N3, დღის წესრიგით: საკონკურსო კომისიის შედეგების შეჯამება; სხდომას ესწრებოდნენ: კომისიის თავმჯდომარე: გ. აბრამიშვილი; კომისიის მდივანი: მ. თალაკვაძე; კომისიის წევრები: ო. გელაშვილი; ზ. აზმაიფარაშვილი; დ. გორგიძე; გ. გოლეთიანი; ნ. რურუა; თ. მუსელიანი.

კენჭისყრის შედეგად აკადემიურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წარედგინა შემდეგი კანდიდატურები: თენგიზ ჭანტურია, ივანე საღინაძე, ომარი ზივზივაძე, შორენა ფხაკაძე, შოთა რუხაძე, მერაბი ირემაძე, ამირან ხვადაგიანი, პარმენი ყიფიანი, ომარი კიკვიძე, ფრიდონი გოგიაშვილი; თეიმურაზ კოჩაძე, ნუნუ რუსაძე, ვლადიმერ ნაკაშიძე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 43-44);

 

3.10. დადგენილია, რომ 2018 წლის 27 აგვისტოს თეა ცქიფურიშვილმა წარადგინა სააპელაციო განცხადება, რომლის თანახმად, აპელანტი არ ეთანხმება მე-2, მე-6 და მე-7 კატეგორიის მე-6 შეფასებას და მიაჩნია, რომ ამ კატეგორიებში მისი შეფასება უნდა ყოფილიყო მაღალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სააპელაციო განცხადება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 56-57);

 

3.11. დადგენილია, რომ 2018 წლის 31 აგვისტოს შედგა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიური 2018 წლის 27 აგვისტოს N118 (17/18) დადგენილებით შექმნილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა და საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების, ტრანსპორტისა და მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგიის მიმართულებების სააპელაციო კომისიის სხდომის ოქმი N3, დღის წესრიგით: სააპელაციო კომისიის მუშაობის შედეგების შეჯამება:

 

კომისიამ დაადგინა: კონკურსანტ თეა ცქიფურიშვილის შეფასება შეიცვალოს ნაწილობრივ, რაც გავლენას არ ახდენს კონკურსის საბოლოო შედეგზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სააპელაციო კომისიის სხდომის ოქმი N3 (იხ. ტომი 1, ს.ფ. 41-42);

 

3.12. დადგენილია, რომ 2018 წლის 1 სექტემბრის სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N125 (17/18) დადგენილებით სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N01-04/34, 29.06.2018 წლის ბრძანებით რიგ ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები; კერძოდ: ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით (მიმართულება: ტრანსპორტი (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა); ქვემიმართულება: სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვა) არჩეული იქნენ: ნუნუ რუსაძე (სასწვალო დატვირთვა - 500სთ, სასწავლო მეთოდური მუშაობა - 1000სთ); ფრიდონი გოგიაშვილი (სასწავლო დატვირთვა - 500სთ, სასწავლო მეთოდური მუშაობა - 1000სთ); თეიმურაზ კოჩაძე (სასწავლო დატვირთვა - 500სთ, სასწავლო მეთოდური მუშაობა - 1000სთ);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N125 (17/18) დადგენილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 45-46);

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება“. ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი; საქართველოს კონსტიტუცია;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 01 სექტემბრის N125 (17-18) დადგენილება - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N01-04/34, 29/06/2018 ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ (საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია მართვა) მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად ქვემიმართულება „სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვის“ ნაწილში და სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორის N01-04/34, 29/06/2018 ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 01 სექტემბრის N125 (17/18) დადგენილებით დადგენილი შედეგები (საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია მართვა) მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად) ქვემიმართულება ,,სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვის’’ ნაწილში, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ელემენტებს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.

 

ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამტკიცებს აკადემიური და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს.

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს, ხოლო მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით.

 

დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ სარგებლობს ავტონომიით, რაც ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა, რასაც ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოები: აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური (მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შინაარსობრივი კონტროლი სცილდება სასამართლოს კომპეტენციას, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას.

 

სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტრესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორობასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. ამასთან, დაუშვებელია სხვა ნებისმიერი ორგანოსა თუ პირის ჩარევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რასაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების შეზღუდვა და აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებაში მისთვის დაბრკოლების შექმნა. მოცემულ კონკრეტულ შემთვევაში, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის ალტერნატივაც არ არსებობს, სასამართლოს კონტროლი მდგომარეობს იმაში რომ ადმინიტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერსებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციაზე და განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე, ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით, უკანასკნელს არა აქვს პრიორიტეტული მნიშვნელობა კანონმდებლობის ნორმატიული მოთხოვნების დაცვასთან. სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს.

 

ზემოაღნიშნულთან ერთად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, თვითნებობის ფაქტების აცილების მიზნით, აქვს შესაძლებლობა, მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობას, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასებისას გარკვეულწილად გაითვალისწინოს მიზანშეწონილობის, რაციონალობის ასპექტები.

 

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ აკადემიურ თანამდებობაზე პროფესორ-მასწავლებელთა შერჩევა, შესაბამისი კრიტერიუმების დადგენა და საკონკურსო მასალების შეფასება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დისკრეციული უფლებამოსილებაა და ემსახურება განათლების სფეროში საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას, რის შესაბამისად სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა ანუ მისი დისკრეციის განხორციელების მართლზომიერება.

 

6.3. მოსარჩელე სადაოდ ხდის კონკურსის შედეგებს და მიაჩნია, რომ კომისიამ დაარღვია კონკურსის ჩატარების წესი, სათანადოდ არ გამოიკვლია და სწორი შეფასება არ მისცა წარდგენილ მასალებს და ვინაიდან მისი შეფასება იყო ბევრად უფრო მაღალი ვიდრე ოპონენტის - მესამე პირის ნუნუ რუსაძის, შესაბამისად რეკომენდაციის გაწევა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად უნდა მომხდარიყო მოსარჩელის კანდიდატურის და არა მესამე პირის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული კონკურსის ჩატარების საფუძვლებს წარმოადგენს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 28 ივნისის №111 (17/18) დადგენილებით დამტკიცებული სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმები, რომლითაც განისაზღვრა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი. მასში განსაზღვრულია საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება, კონკურსანტის მონაცემების შეფასების, კენჭისყრისა და სხვა საკითხების განხორციელების წესები.

 

1.5. მუხლით ასისტენტ პროფესორი - აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში. 2.1 მუხლი - აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობის და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 3.1. მუხლი - უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა გამოვლენის მიზნით იქმნება საკონკურსო კომისია. 3.2. საკონკურსო კომისიის შემადგენლობას შესაბამისი ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმებით უნივერსიტეტის რექტორი წარუდგენს დასამტკიცებლად აკადემიურ საბჭოს. 3.3. საკონკურსო კომისიის წევრი უნდა იყოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საკონკურსო თანამდებობის/თანამდებობების შესაბამისი დარგის სპეციალისტი; 3.4. საკონკურსო კომისიის წევრს უფლება არა აქვს იყოს აკადემიური თანამდებობის მაძიებელი (კონკურსანტი). მე-8 მუხლით განისაზღვრა საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი და კონკურსანტთა შერჩევის კრიტერიუმები. დასახელებული მუხლით კომისია კონკურსანტის მონაცემებს აფასებს შემდეგი კატეგორიებისა და პარამეტრების მიხედვით: პირველი კატეგორია - ფორმალური სამეცნიერო კვალიფიკაციისა და სამეცნიერო შრომების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან; მეორე კატეგორია - კონკურსანტის გამოცდილების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან; მესამე კატეგორია - სამეცნიერო კვლევა; მეოთხე კატეგორია - სამეცნიერო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა; მეხუთე კატეგორია - სამეცნიერო კვლევის კონცეფცია; მეექვსე კატეგორია - პედაგოგიურ გამოცდილება და მეშვიდე კატეგორია კონკურსანტთან გასაუბრება პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობისა და აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნის დადგენის მიზნით. ამავე მუხლით განისაზღვრა საკონკურსო კომისიის უფლებამოსილებები, რომლის მიხედვითაც საკონკურსო კომისია აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი კანდიდატის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების შეფასების საფუძველზე კონკურსით დადგენილ ვადებში გამოავლენს საუკეთესო მაჩვენებლის მქონე კონკურსანტებს და გაუწევს მათ რეკომენდაციას აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

 

სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის წესის 7.4 მუხლით საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის გზით, გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 7.14 მუხლით საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსანტს რეკომენდაცია გაუწიოს ასისტენტ პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად, თუ მისი შეფასებები კატეგორიის მიხედვით ერთდროულად აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს: საშუალო ერთ-ერთში მაინც პირველ და მეორე კატეგორიებს შორის, საშუალო ერთ-ერთში მაინც მესამე, მეოთხე, მეექვსე კატეგორიებს შორის, არანაკლებ საშუალო მეშვიდე კატეგორიაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკურსის ჩატარების ძირითადი საკითხები რეგულირდება ზემოთ დასახელებული სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის წესის მიხედვით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილად, რომ 2018 წლის 9 აგვისტოს თეა ცქიფურიშვილმა განცხადებით მიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს და სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის (სატრანსპორტო ლოჯისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა) მიმართულებით, ქვემიმართულება ,,სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვა ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში. შესაბამისად მისი კანდიდატურისათვის რეკომენდაციის გაწევა შესაძლებელი იქნებოდა თუ იგი დააკმაყოფილებდა და მიიღებდა შეფასებას 2018 წლის 28 ივნისის №111 (17/18) დადგენილებით დამტკიცებული წესის 7.14. მუხლით დადგენილი პირობების თანახმად.

 

ამავე დროს საქმეში წარმოდგენილი ნ. რუსაძის შეფასების ფორმით და საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმით დადგენილია, რომ ნუნუ რუსაძე შეფასებული იქნა შემდეგნაირად: პირველი კატეგორია: ფორმალური სამეცნიერო კვალიფიკაციისა და სამეცნიერო შრომების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან - საშუალო (საერთო შეფასება პირველი კატეგორიის მიხედვით); მეორე კატეგორია: კონკურსანტის გამოცდილების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან - მაღალი (საერთო შეფასება მეორე კატეგორიის მიხედვით); მესამე კატეგორია: სამეცნიერო კვლევა - მაღალი (საერთო შეფასება მესამე კატეგორიის მიხედვით); მეოთხე კატეგორია: სამეცნიერო საგრანტო პროექტები (ბოლო 5 წელი) - საშუალო (საერთო შეფასება მეოთხე კატეგორიის მიხედვით); მეექვსე კატეგორია: პედაგოგიური გამოცდილება - მაღალი (საერთო შეფასება მეექვსე კატეგორიის მიხედვით); მეშვიდე კატეგორია: კონკურსანტთან გასაუბრება - მაღალი (საერთო შეფასება მეშვიდე კატეგორიის მიხედვით); აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ნუნუ რუსაძის კანდიდატურის წარდგენისას დარღვეული არ ყოფილა ზემოდასახელებული №111 (17/18) დადგენილების მოთხოვნები.

 

მოსარჩელე სადაოდ ხდის შეფასების სამართლიანობას და მიაჩნია, რომ კომისიის წევრებს უნდა გამოეკვლიათ თითოეული კონკურსანტის საკონკურსო მასალა, შეეფასებინათ და გამოევლინათ უკეთესი. თვლის, რომ კომისიამ მონაცემებს მისცა არაობიექტური შეფასება.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ კომისიის წევრებს კონკურსანტთა შეფასების დროს უნდა გაეთვალისწინებინათ თითოეული კონკურსანტის სამეცნიერო ნაშრომები, ფორმალური სამეცნიერო კვალიფიკაციისა და სამეცნიერო შრომების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან, კონკურსანტის გამოცდილება, სამეცნიერო კვლევა, სამეცნიერო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა, სამეცნიერო კვლევის კონცეფცია, პედაგოგიური გამოცდილება, კონკურსანტის მიერ პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობა, აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა, სილაბუსის შედგენა და სხვა საკითხები.

 

კონკურსანტის შეფასების ფორმებით დგინდება, რომ კომისიის წევრებმა შეისწავლეს თითოეული კანდიდატის საკონკურსო მასალა, გაითვალისწინეს კონკურსანტის სამეცნიერო ნაშრომები, ფორმალური სამეცნიერო კვალიფიკაციისა და სამეცნიერო შრომების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან, კონკურსანტის გამოცდილება, სამეცნიერო კვლევა, სამეცნიერო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა, სამეცნიერო კვლევის კონცეფცია, პედაგოგიურ გამოცდილება, პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობა, აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა და ამ საკითხთა გათვალისწინებით, უპირატესობა მიანიჭეს ნუნუ რუსაძის კანდიდატურას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ- სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მართალია როდესაც დავის საგანი შეეხება ადმინისტრაციულ აქტს, მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელმაც გამოსცა ეს აქტი ანუ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამტკიცოს თავის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება. კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას მოთხოვნის დასაბუთებისაგან და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. მოთხოვნა მხარემ უნდა დაასაბუთოს, ხოლო შემდგომ ამ მოთხოვნათა უარყოფისა და საპირისპიროს დამტკიცების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება.

სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ წარდგენილი მასალების მიხედვით კონკურსანტთა შეფასება, უნივერსიტეტის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება და სასამართლო ვერ ჩაერევა ამ მხრივ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაში.

 

ხოლო, რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას კონკურსის მიმდინარეობის პროცედურებთან დაკავშირებულ დარღვევებზე, რაც გამოიხატა იმაში, რომ სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის’’ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა და საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების, ტრანსპორტის და მექანიკის ინჟინერის და ტექნოლოგიის მიმართულების სააპელაციო კომისიის სხდომაში კომისიის წევრად მონაწილოებას იღებდა ნანა შონია, რომელიც თავად იყო სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის’’ რექტორის 01-04/34 29.06.2018წ ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური თანამდებობების მაძიებელი (კონკურსანტი), სასამართლო მიუთითებს სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, სააპელაციო კომისიის წევრს უფლება არა აქვს იყოს აკადემიური თანამდებობის მაძიებელი (კონკურსანტი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული დებულება ცალსახად ადგენს შეზღუდვას, რომლის თანახმად სააპელაციო კომისიის წევრს უფლება არა აქვს იყოს კონკურსანტი, რაც ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნანა შონია განსახილველ შემთხვევაში მონაწილეობას არ იღებდა საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის (სატრანსპორტო ლოჯისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა) მიმართულებით, ქვემიმართულება ,,სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვა ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში და შესაბამისად, მოსარჩელე თეა ცქიფურიშვილთან ერთად ის არ იყო ამავე მიმართულებით აკადემიური თანამდებობის მაძიებელი (კონკურსანტი), სასამართლოს მიაჩნია, რომ ნანა შონიას სააპელაციო კომისიის წევრის სტატუსით საქმიანობით დარღვეული იქნა კონკურსის პროცედურული მიმდინარეობა. თუმცა, სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ პროცედურული დარღვევა უნდა წარმოადგენდეს ისეთი სახის დარღვევას, რომლის არარსებობის პირობებში მოსარჩელის მიმართ განსხვავებული შედეგი დადგებოდა.

 

აღნიშნულ მსჯელობასთან დაკავშირებით სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ ნანა შონია კონკურსში მონაწილეობას იღებდა განსხვავებული თანამდებობის დასაკავებლად, რაც პირდაპირ მიუთითებს თეა ცქიფურიშვილის მიერ საკონკურსო პოზიციის მიმართ ინტერესთა კონფლიქტის არარსებობაზე. ამასთან სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ ნანა შონიას კონკურსანტის სტატუსით კონკურსში მონაწილეობა და ამავე კონკურსის სააპელაციო კომისიის წევრობა, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ იქონიებდა გავლენას თეა ცქიფურიშვილის შედეგების მიმართ, რადგან სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმების მე-8.8 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ამ წესით განსაზღვრული პირობების დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია კონკურსის შედეგზე. მოცემულ შემთხვევაში 2018 წლის 31 აგვისტოს სააპელაციო კომისიის N3 სხდომის ოქმით დადგენილია, რომ სააპელაციო კომისიამ მუშაობის შედეგები შეაჯამა და კონკურსანტ თეა ცქიფურიშვილის შეფასება შეიცვალა ნაწილობრივ, შეფასებაში ნაწილობრივ ცვლილებას კი გავლენა არ მოუხდენია კონკურსის საბოლოო შედეგებზე. ასევე საყურადღებოა, რომ სააპელაციო კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს N3 სხდომის ოქმის თანახმად, სხდომას ესწრებოდნენ კომისიის თავმჯდომარე - გელა ბესიაშვილი, კომისიის მდივანი - ნია ნათბილაძე, კომისიის წევრები - ოლეგ ხარშილაძე, ვასილ კიკუტაძე, ნინო თოფურია და ნანა შონია, ანუ კომისია შედგებოდა ექვსი წევრისგან, რა დროსაც აზრი გამოთქვა თითოეულმა წევრმა. შესაბამისად, კომისიის ამ შემადგენლობაში ნანა შონიას მონაწილეობა თეა ცქიფურიშვილის მიმართ დამდგარ შედეგთან მიმართებაში არ წარმოადგენდა გადამწყვეტ მნიშვენლობის მქონე დარღვევას. იმის დამადასტურებელი მოსაზრება და მტკიცებულება, რომ ნანა შონიას არყოფნა სააპელაციო კომისიაში თეა ცქიფურიშვილისათვის სხვა შედეგის მომტანი იქნებოდა, მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების, დასახელებული ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიერ ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევასა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევას, რომელთა არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ თეა ცქიფურიშვილის სარჩელი - ბათილად იქნას ცნობილი „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 01 სექტემბრის N125 (17-18) დადგენილება - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N01-04/34, 29/06/2018 ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ (საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია მართვა) მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად ქვემიმართულება „სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვის“ ნაწილში, ბათილად იქნეს ცნობილი „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორის N01-04/34, 29/06/2018 ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 01 სექტემბრის N125 (17/18) დადგენილებით დადგენილი შედეგები (საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია მართვა) მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად) ქვემიმართულება ,,სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვის’’ ნაწილში და დაევალოს სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე თეა ცქიფურიშვილის (პ/ნ 60001093673) სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა მიმართულებით) ქვემიმართულება „სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვა“ ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე არჩევის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თეა ცქიფურიშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი