განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2019
საქმის ნომერი
010100119002983566
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002983566

საქმე #1-356/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ა----------–---–ის

ბრალდებულის - ი-----–- კ--------ძის

ადვოკატის _ ი-----–- ა--–--ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171050419007 საქმე :

 

ბრალდებული: ი-----–- კ--------ძე

მამის სახელი: ზ------ი

დაბადებული: 03.08.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს

პირადი N:6----------

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: მქონე

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ-------------–----------------------------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

ბრალდების არსი:

 

1.2019 წლის 05 აპრილს, ქ. ბათუმში, მ---–-----------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ი-----–- კ--------ძემ, თმების მოქაჩვით და ხელებისა და ფეხების დარტყმებით ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, ქ------- ბ-----------ის მიმართ, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2.აღნიშნულიდან გამომდინარე ი-----–- კ--------ძეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ი-----–- კ--------ძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ი-----–- კ--------ძემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი :

 

4. საქმეში წარმოდგენილი N880699 შეტყობინების თანახმად, 2019 წლის 05 აპრილს, 112-ის სამსახურში შევიდა შეტყობინება ქ---- ბ-----------ისგან, ქ. ბათუმში, მ---–-------------------------ში "ოჯახური კონფლიქტის/ძალადობის ფაქტთან" დაკავშირებით. უფრო მეტი ინფორმაცია ოჯახური კონფლიქტი იყო ეს, თუ ადგილი ჰქონდა ძალადობასაც, შეტყობინება არ შეიცავს.

 

5. დაზარალებულმა ქ------- ბ-----------მა უარი განაცხადა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე.

 

6. სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 6 მაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით ქ------- ბ-----------ს ფიზიკური დაზიანების ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა.

 

7. მოწმე გ------- კ-----–---–მა, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, სასამართლოს განუმარტა, რომ 2019 წლის 5 აპრილს ოჯახური ძალადობის თაობაზე მათ განყოფილებაში 112-ის სამსახურიდან შესული შეტყობინების საფუძველზე თანამშრომელთან რ----- კ----ესთან ერთად გავიდა ბათუმში ლ---------------------------------ში, სადაც დახვდათ ქ------- ბ-----------ი, რომელმაც განუცხადა, რომ მისმა მეუღლემ ი-----–- კ--------ძემ ფიზიკურად იძალადა მასზე, მოქაჩა თმები და მუშტები დაარტყა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ქალბატონი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მისაცემად. თავად კ--------ძე პოლიციელების მისვლისას სახლში არ იმყოფებოდა.

 

8. ანალოგიური განმარტებები მისცა სასამართლოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა რ----- კ----ემ.

 

9. აღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულის მიერ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას.

 

10. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების ობიექტური შეფასება, გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულად ცნობილი პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს, კერძოდ:

 

11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე დათქმებს შეიცავს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, რომელთა თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენiთ პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეტანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

13. ამდენად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებული მტკიცებულებულებების ერთობლიობა. განსახილველ საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, არათუ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს ი-----–- კ--------ძის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. დაზარალებულმა ქ------- ბ-----------მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სხეულზე რაიმე დაზიანების კვალი მას არ აღენიშნებოდა. რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს, ისინი არ არიან ფაქტის უშუალოდ შემსწრე და თვითმხილველი პირები, მათი ჩვენებები თავისი არსით ირიბი ჩვენებებია, რომლებიც სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

 

14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, რომელიც ასახულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში, ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან. ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა. ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს.

 

15. ირიბი ჩვენების - სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება).

 

16. საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. ცალსახაა, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიციის ორი თანამშრომლის ჩვენება, რომელიც გამოძახების შემდეგ მივიდნენ დაზარალებულის საცხოვრებელ მისამართზე, საერთოდ არ შეხვედრიან ბრალდებულს, არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს, ვერ იქნება მიჩნეული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად.

 

17. ოჯახური ძალადობის ბრალდების საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 31 ოქტომბრის N308აპ/18 განაჩენში მიუთითა, რომ იმ "...მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და მათი განმარტებები ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს".

 

18. მითითებული განაჩენით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებული გაამართლა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო დაზარალებულის ჩვენება, თუმცა მხოლოდ ერთი მტკიცებულება სასამართლომ არ მიიჩნია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტის შემქმნელ ინფორმაციად, რადგან საქმეში არ მოიპოვებოდა სხვა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა.

 

19. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში დაზარალებულის ჩვენებაც არაა მტკიცებულებად წარმოდგენილი, შესაბამისად, სახეზეა არა მტკიცებულებების არასაკმარისობა, არამედ არარსებობა, რაც ქმნის გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღების უპირობო საფუძველს.

 

20. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაემტკიცებინა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

 

22. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

23. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნინო ნაკაშიძის ბრალდების დადასტურება.

 

24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ .

 

სამართლებრივი შეფასება:

 

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი-----–- კ--------ძის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც ი-----–- კ--------ძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე, 280-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ი-----–- ზ------ის ძე კ--------ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ი-----–- კ--------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულ ი-----–- კ--------ძეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი