გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.06.2019
საქმის ნომერი
190210018002624866
კატეგორია
დავის ტიპი
მამობის დადგენის შესახებ
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2-2486-18

(საქმე N190210018002624866)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 ივნისი, 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე

მოსარჩელე: უ----- კ----------ი

წარმომადგენელი: ნ----- ტ------ე

მოპასუხე: ე------ ა-–---ა

მესამე პირი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი: ლ-–- პ--------–---–ი

დავის საგანი: მამობის დადგენა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელე უ----- კ----------ი პ/ნ 1---------- ცნობილი იქნას 2010 წლის 08 ივნისს დაბადებული დ-------- ა-–---ის და 2011 წლის 29 ივნისს დაბადებული - დ--–---- ა-–---ას მამად და ასევე დ-------- ა-–---ის და დ--–---- ა-–---ას დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის გრაფაში მიეთითოს უ----- კ----------ი და ბავშვების გვარად მიეთითოს კ----------ი.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2009 წელს მან ცოლად მოიყვანა მოპასუხე ე------ ა-–---ა. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არ გატარებულან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1. დ-------- ა-–---ი - დაბადებული 2010 წლის 08 ივნისს და 2. დ--–---- ა-–---ა - დაბადებული 2011 წლის 29 ივნისს.

დაახლოებით ხუთი წლის წინ მხარეები დაშორდნენ. მოპასუხემ დატოვა მოსარჩელის მშობლების ოჯახი და თავის მშობლებთან დაბრუნდა საცხოვრებლად, ისე რომ შვილები არ წაუყვანია და აღსაზრდელად მოსარჩელის ოჯახში დატოვა,სადაც დღემდე იმყოფებიან.

მოსარჩელეს იმედი ჰქონდა, რომ სასამართლოს გარეშე მოპასუხესთან ერთად შეძლებდა სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მისვლას და შვილებისათვის მამობის დადგენას, რაც ფიზიკურად ვერ შეძლო, რის გამოც მომართა სასამართლოს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ვინაიდან მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაგებელი და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, უცნობია მისი პოზიცია. ბავშვების დედა მოპასუხე ე------ ა-–---ა არ იმყოფება საქართველოში, მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია, სარჩელის ჩაბარება და მისი სასამართლო პროცესზე მოწვევა მოხდა საჯარო პუბლიკაციით.

 

2.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელის ლ-–- პ--------–---–ის განმარტებით, ვინაიდან ამ ეტაპზე ბავშვების დედა არ იმყოფება საქართველოში, ბავშვები არიან მამის ოჯახში, მათ სჭირდებათ კანონიერი წარმომადგენელი, ასეთი კი მათ ამ ეტაპზე არ ყავთ, ამიტომ ბავშვების ინტერესებს ემსახურება მამობის დადგენის დადებითად გადაწყვეტა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე უ----- კ----------ი ცხოვრობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ყარაჯალარში., 2009 წელს მან ცოლად მოიყვანა მოპასუხე ე------ ა-–---ა. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არ გატარებულან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1. დ-------- ა-–---ი - დაბადებული 2010 წლის 08 ივნისს და 2. დ--–---- ა-–---ა - დაბადებული 2011 წლის 29 ივნისს. მოსარჩელე დასაქმებულია და სამუშაოს შესრულებისას უწევს სხვადასხვა რეგიონებში წასვლა. მეორე შვილის დაბადებისას მოსარჩელე სამუშაოდ იყო წასული და ბავშვის დაბადების მოწმობის აღება დედის მიერ მოხდა, ვინაიდან ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ, ბავშვს დედის გვარი მიეცა. უფროსი შვილი სამშობიარო სახლიდან კი დაბადების მოწმობის გარეშე გამოიყვანეს, მშობლების დაუდევრობით დროულად ვერ შეძლეს მისთვის დაბადების მოწმობის აღება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარის ახსნა-გაანმარტება;

- დაბადების მოწმობის ასლები, ს.ფ.19-20.

 

3.1.2. დაახლოებით ხუთი წლის წინ მხარეები დაშორდნენ. მოპასუხემ დატოვა მოსარჩელის მშობლების ოჯახი და თავის მშობლებთან დაბრუნდა საცხოვრებლად, ისე რომ შვილები არ წაუყვანია და აღსაზრდელად მოსარჩელის ოჯახში დატოვა. სადაც დღემდე იმყოფებიან. უფროსი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ვერ მეტყველებს, მისი დიაგნოზია: ფოკალური ეპილეფსია G40.2. ვინაიდან მას დაბადების მოწმობა არ ჰქონდა, ექიმთან ვიზიტი და მკურნალობა მამის ოჯახს საკმაოდ ძვირი უჯდებოდათ. რამდენჯერმე სთხოვეს მოპასუხის ოჯახის წევრებს, რომ დედას აეღო შვილისთვის დაბადების მოწმობა, მაგრამ უშედეგოდ, მამა კი მოწმობას ვერ აიღებდა, რადგან ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ, მხოლოდ 2017 წელს სოციალური სამსახურის დახმარებით შეძლეს დ--------ისთვის დაბადების მოწმობის აღება, რის შემდეგაც ბავშვმა ისარგებლა სახელმწიფო პროექტის ფარგლებით. ის მუდმივად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ყოველივე ამას მამის ოჯახი ახორციელებს. დედის მხარე არ დაინტერესებულა ბავშვის მდგომარეობით. ხოლო დ--–----ი მეორე კლასის წარმატებული მოსწავლეა, ის ბებიას დედას ეძახის. მოსარჩელეს იმედი ჰქონდა, რომ სასამართლოს გარეშე მოპასუხესთან ერთად შეძლებდა სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მისვლას და შვილებისათვის მამობის დადგენას, რაც ფიზიკურად ვერ შეძლო, რის გამოც მომართა სასამართლოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარის ახსნა-განმარტება;

- ბავშვის ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, ს.ფ. 21;

- აქტი, ს.ფ. 23;

- მოწმეთა ჩვენებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გამხდარა, რადგან მოპასუხეს არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - ნ--------- ა------–----ა, რ----– მ---------ა და გ----–---- ხ--–--–----მ განმარტეს, რომ ისინი იცნობენ უ----- კ----------სა და ე------ ა-–---ას, რომელთა ერთად ცხოვრებას ადასტურებენ, ასევე ადსტურებენ იმ ფაქტს, რომ მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი (დ--------ი და დ--–----ი), რომლებიც დაბადებიდან მამის ოჯახში ცხოვრობენ, დედამ წლების წინ დატოვა ოჯახი და ამჟამად ბავშვები იზრდებიან მამის უ----- კ----------ის ოჯახში, მათზე მზრუნველობენ ბებია -პაპა (მამის მხრიდან) იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, 11 06.2019წ..

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოსარჩელე მხარემ შეძლო თავისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის თაობაზე ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე, 1190-ე მუხლები

- გაეროს ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის თანახმად, მშობლებისა და შვილების ურთიერთ უფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მიხედვით, 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. 3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს. 4. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას.

 

”ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ” ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ქორწინების გარეშე დაბადებული თითოეული ბავშვის მამობის დადგენა შეიძლება დამყარდეს ან დადგინდეს ნებაყოფლობითი აღიარებით ან სასამართლო გადაწყვეტილებით.

 

განსახილველ შემთხვევაში დ--–---- ა-–---ას და დ-------- ა-–---ის მამობა მამის განცხადებით დადგენილი არ არის, რადგან დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის ვინაობა მითითებული არ არის. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს თავად ბავშვების მამა, რომელსაც სადავო არ გაუხდია ის გარემოება, რომ დ--–---- ა-–---ა და დ-------- ა-–---ი მისი შვილები არიან. მოპასუხე მხარეს (ბავშვების დედას) წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადდა, რის გამოც სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს.

 

ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ამ უფლებათა განხორციელებას საკუთარი ეროვნული კანონმდებლობის შესატყვისად და თავისი მოვალეობების შესრულებას ამ სფეროში შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების თანახმად, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუკი სხვაგვარად ბავშვს არ ექნება მოქალაქეობა.

 

ბავშვის უფლებების შესახებ არსებული აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, ბავშვის უფლებაა რამდენადაც ეს შესაძლებელია იცნობდეს თავის მშობლებს, გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. აღნიშნულ ნორმის დებულება, რომ რამდენადაც ეს შესაძლებელია ბავშვი უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს, ნიშნავს ბავშვის უფლებას იცოდეს მისი ბიოლოგიური წარმოშობის, ბიოლოგიური მშობლების შესახებ,‘ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის” და ”ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ” ევროპული კონვენციის მიხედვით მამობის დადგენისა და უარყოფის საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია დადგინდეს ბავშვთან ბიოლოგიური ნათესაობის ფაქტი, რაც განსახილველ საქმეში სადაო არ არის.

 

მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული ,,ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და “ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, მამობის დადგენისას უპირველესი მიზანია ბავშვის ინტერესების დაცვა, დადგინდეს მისი წარმოშობა და მშობლების ვინაობა.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბავშვები დ-------- ა-–---ი და დ--–---- ა-–---ა იზრდებიან მამის ( მოსარჩელე) უ----- კ----------ის ოჯახში და დედა ე------ ა-–---ა (მოპასუხე) წლებია არ ზრუნავს ბავშვებზე, მას დატოვებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და იმყოფება საზღვარგარეთ. ვინაიდან ბავშვების დაბადების მოწმობებში უ----- კ----------ი მამად არ არის მითითებული, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები მასთან იმყოფებიან , იგი ვერ ახორციელებს მათი კანონიერი წარმომადგენლის უფლებას, რაც აუცილებელია არასრულწლოვანთა ინტერესებისათვის, დედა კი წლებია ბავშვებთან ერთად აღარ ცხოვრობს, შესაბამისად, ის , როგორც კანონიერი წარმომადგენელი, თავის უფლებებს ბავშვების სასიკეთოდ არ ახორციელებს.

 

ამდენად, უ----- კ----------ის ბავშვების მამად ცნობა ემსახურება არასრულწლოვანთა ინტერესებს, ყავდეთ კანონიერი წარმომადგენელი, რაც აუცილებელია მათი კეთილდღეობისათვის.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 259/ , 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. დაკმაყოფილდეს უ----- კ----------ის სარჩელი;

 

2. უ----- კ----------ი პ/ნ 1----------, დაბ. 29.04.1989 წ. ცნობილ იქნეს 2010 წლის 08 ივნისს დაბადებული, პ/ნ 1---------- დ-------- ა-–---ის და 2011 წლის 29 ივნისს დაბადებული, პ/ნ 3---------- დ--–---- ა-–---ას მამად, დ-------- ა-–---ის და დ--–---- ა-–---ას დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის გრაფაში მიეთითოს - მამა - უ----- კ----------ი დაბ. 29.04.1989 წ. პ/ნ 1----------. ასევე, ბავშვების გვარად მიეთითოს - კ----------ი; დანარჩენი მონაცემები დარჩეს უცვლელი.

 

3. მოპასუხე ე------ ა-–---ას მოსარჩელე უ----- კ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი