განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2019
საქმის ნომერი
010100117002026599
დავის ტიპი
177 3 გ , 177 2 ა
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100117002026599

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - ლე-------------ძე

 

ბრალდებული - შო----------ი

ადვოკატი - ჯე---–------ძე, ნუ------------იძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: შო----------ი

მამის სახელი: აკაკი

დაბადებული: 29.01.19-- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

პირადი ნომერი: 6----------

მისამართი: ქ. ბათუმი, ს. ხიმ–--–---–ის ქ. N58

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქ/პუნქტი.

დაკავების თარიღი და დრო: 2019 წლის 23 აპრილი, 19:02 საათი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2017 წლის 24 იანვარს, ღამის საათებში, შო----------მა უკანონოდ შეაღწია ქ. ბათუმში, ს. ხიმ–--–---–ის ქ. N69, ბინა N7-ში მდებარე ედ-----------------ძის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ორ ცალ პლაზმურ ტელევიზორს, კომპიუტერს, სხვადასხვა დასახელების ტანისამოსს და საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასევე ედ-----------------ძის მეუღლის ნო-------–------ძის ფეხსაცმელებს და პირად ნივთებს, რის შედეგადაც დაზარალებულებს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. შო----------ს ედ-----------------ძის და ნო-------–------ძის კუთვნილი ნივთები 2017 წლის 24 იანვარს არ მოუპარავს.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება:

 

3. დაზარალებულ ედ-----------------ძის ჩვენების ანალიზის თანახმად, იგი იმყოფებოდა მეუღლის ნათესავის გასვენებაში, როდესაც მეზობელი დაუკავშირდა და აცნობა, რომ მისი ბინა იყო გაქურდული. ედ-----------------ძეს ბინა გამომძიებლის გარეშე არ გაუღია. მისი განმარტებით მოპარული იყო ხალიჩები, ტელევიზორი, გამათბობელი, მუსიკალური ცენტრი, ტანსაცმელი, კომპიუტერი და სხვა ნივთები.

 

4. დაზარალებულ ნო-------–------ძის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადასტურებულია ედ-----------------ძის ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

5. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ჯა-----–-------------–-ძის ჩვენების ანალიზის თანახმად, მისი შვილიშვილი იყო ჩამოსული და როდესაც დილით ბინაში მივიდა უკანა აივნის კარები იყო ღია. კედელზე ტელევიზორი აღარ იყო. როდესაც გარეთ გაიხედა, მეზობლის კარები ღია იყო. შემდეგ პოლიცია მოვიდა. მისი სახლიდან დაიწყეს დათვალიერება. ქურდებს ქუდი დარჩათ მასთან, ასევე სიგარეტის ნამწვავები იყო.

 

6. 2017 წლის 24 იანვრის ქ. ბათუმში, ს.ხიმ–--–---–ის ქუჩა N58-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩრეკის ოქმის თანახმად - გარეშე პირების - თითქოსდა ამავე მისამართზე მცხოვრები გი------------–-ძის და ზუ--------------–--ის მონაწილეობით ამოღებული იქნა სხვადასხვა დასახალების ნივთი და ნივთებზე ხელის კვლები.

 

7. 2017 წლის 26 იანვრის ამოცნობის ოქმების თანახმად, ჯა-----–-------------–-ძემ ამოიცნო 2017 წლის 24 იანვარს ქ. ბათუმში, ს.ხიმ–--–---–ის ქუჩა N58-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩრეკის დროს ამოღებული ნივთები - ნოუთბუქი და ტელეზორი.

 

8. 2017 წლის 26 იანვარს, შო----------მა ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა ნიმუშის აღებაში და ოქმის თანახმად მისგან აღებული იქნა ნერწვის ნიმუში.

 

9. 2017 წლის 27 იანვრის ამოცნობის ოქმების თანახმად, ედ-----------------ძემ ამოიცნო 2017 წლის 24 იანვარს ქ. ბათუმში, ს.ხიმ–--–---–ის ქუჩა N58-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩრეკის დროს ამოღებული ნივთები - ტელევიზორი და დინამიკი - სადენებით.

 

10. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის Nდ/9 დასკვნის თანახმად, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ნაქურდალი ნივთებიდან ამოღებული და შვიდ ცალ დაქტილოფირზე ზომებით: 30x71მმ, 39x48მმ, 40x42მმ, 55x56მმ, 78x45მმ, 89x51მმ, 30x38მმ გადატანილი ხელის თითის შვიდი კვალი ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისთვის, ხოლო ხუთ ცალ დაქტილოფირზე, ზომებით: 153x68მმ, 91x79მმ, 53x58მმ, 37x41მმ და 53x35მმ გადატანილი ხელის კვლები პიროვნების იდენტიფიკაცისათვის უვარგისია.

 

შვიდ ცალ დაქტილოფირზე ზომებით 30x71მმ, 39x48მმ, 40x42მმ, 55x56მმ, 78x45მმ, 89x51მმ, 30x38მმ გადატანილი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის თითის შვიდი კვალი არ არის იდენტური გამოკვლევაზე წარმოდგენილ 29.01.19-- წელს დაბადებულ შო--------------------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული ხელის თითების ანაბეჭდების.

 

ექვს ცალ დაქტილოფირზე ზომებით 30x71მმ, 39x48მმ, 40x42მმ, 55x56მმ, 78x45მმ, 89x51მმ გადატანილი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის თითის ექვსი კვალი იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფ 29.05.1--- წელს ქ. ბათუმში დაბადებული მა-------–-–---------------ძის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მარჯვენა ხელის დიდი, საჩვენებელი თითის ანაბეჭდების და მარცხენა ხელის დიდი საჩვენებელი და შუა თითის ანაბეჭდების.

 

ერთ ცალ დაქტილოფირზე ზომებით 30x38მმ, გადატანილი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის თითის ერთი კვალის იდენტური ანაბეჭდის ნიმუშები და შემთხვევის ადგილებიდან ამოღებული ხელის კვლები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.

 

გამოკვლევაზე წარმოდგენილი 29.01.19-- წელს დაბადებული შო--------------------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული ხელის ანაბეჭდები იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფ 29.01.19-- წელს დაბადებულ შო--------------------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული ხელის ანაბეჭდისა.

 

11. N004184517 ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით ,,შავი ნაქსოვი ქუდი’’ მოთვსებულ ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ. N10 ) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მა---------------ძეს (ობ. N1, პაკეტი წარწერით ,,მა---------------ძე’’-საგან აღებული ნერწყვის ნიმუში.

 

12. ბიოლოგიური (გენეტიკური და სეროლოგიური) დასკვნის თანახმად: პაკეტში, წარწერით ,,ანაწმენდები’’, მოთავსებულ ორ ცალ ანაწმენდზე (ობ. N2,3 კონტეინერები წარწერებით ,,დანა ჩანგლის ყუთიდან’’ და ,,მტვერსასრუტიდან’’) აღმოჩნდა ბიომასალა შერეული გენეტკური პროფილით. ობ. N2-ის პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და შო----------ის (ობ. N11, პაკეტი, წარწერით ,,ნერწყვის ნიმუში’’ ჯაიანი შოთა გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N2-ის მინორული წილი გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ობ. N3-ის პროფილში შო----------ის (ობ. N11) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ამავე პაკეტში მოთავსებულ მესამე ანაწმენდზე (ობ. N1) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. ამავე ანაწმენდებზე (ობ. N1-3) არსებულ მოვარდისფრო და მონაცრისფრო-მოყვითალო ფერის ლაქებში სისხლი არ აღმოჩნდა.

 

პაკეტში წარწერით ,,ანაწმენდი დოლბანდის ტამპონზე’’ მოთავსებულ დოლბანდზე არსებულ მოვარდისფრო ლაქებში (ობ. N4) სისხლი არ აღმოჩნდა. ობ. N4-ში გენოტიპირებისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

პაკეტში წარწერით ,,სიგარეტის ნამწვები’’ მოთავსებულ ორ ცალ სიგარეტის ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ. N5, 6) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შო----------ს (ობ. N11).

 

პაკეტში წარწერით ,,სიგარეტის ნამწვები’’ მოთავსებულ ორ ცალ სიგარეტის ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ. N7,8) გენეტუკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ორ სხვადასხვა პირს, რომლებიც განსხვავდება შო----------ის (ობ. N11) გენეტიკური პროფილისაგან.

 

პაკეტში წარწერით ,,შავი ნაქსოვი ქუდი“ მოთავსებულ ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ. N10) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება შო----------ის (ობ. N11), ობ.N7-ისა და ობ. N8-ის გენეტიკური პროფილებისაგან. ამავე ქუდზე არსებულ თმებზე (ობ. N9) გენოტიპირებისათვს საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

13. სასაქონლო ექსპერტიზის N264/ს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ნითების საბაზრო ღირებულება შეადგინა 2504 ლარს.

 

14. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაცვის მხარის მოწმის და-------------ანის ჩვენების თანახმად, შო----------ი 2017 წლის 20-24 იანვარს ცხოვრობდა მასთან.

 

15. სასამართლო სხდომაზე ვერ განხორციელდა მოწმის სახით გი------------–-ძის და ზუ--------------–--ის დაკითხვა, რადგან ისინი ბინაზე შემოწმების ოქმის თანახმად თავიანთ საცხოვრებელ სახლში - თერჯოლის რაიონში არ იმყოფებოდნენ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო ვერ დარწმუნდა შო----------ის ბრალეულობაში, ვინაიდან ისინი წინააღმდეგობრივი და ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავია, კერძოდ:

 

16. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის თანახმად, ქურდობა არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. პირის ქმედება რომ ქურდობად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია ქურდობისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2. ქმედების ფარული ფორმით განხორციელება, 3. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა.

 

17. სასამართლო მხარეებს განუმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, რაც ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები.

 

18. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.[1]

 

19. უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს ბრალდების მხარის რამოდენიმე საკვანძო მტკიცებულება, კერძოდ:

 

19.1. 2017 წლის 24 იანვრის საცხოვრებელი ბინების დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელმა გუ---------–---------–-ანმა მესაკუთრეების - ედ-----------------ძის და ჯა-----–-------------–-ძის მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი - 2 დამოუკიდებელი საცხოვრებელი ბინა. ოქმის შედგენისას ჯერ აღწერა თითოეული ბინა ცალ-ცალკე, შემდეგ სავარაუდოდ დაბრუნდა კვლავ პირველ აღწერილ ბინაში, საიდანაც ამოიღო სიგარეტის ნამწვავები, შემდეგ კვლავ დაბრუნდა მეორე ბინაში საიდანაც ამოიღო ქუდი, სადენი და დაასრულა ოქმის შედგენა. ნათელია, რომ ამ ფორმით და საშუალებით შედგენილი მტიცებულება საეჭვოა და ვერ იქნება გაზიარებული. ნათელია, ასევე რომ მოქმედებეთა ასეთი განვითარება წარმოქმნის ეჭვს რა იყო იმის მიზეზი უკვე დათვალიერებულ ოთახში მიბრუნების და ნივთმტკიცებების მოგვიანებით ამოღების.

 

19.2 2017 წლის 24 იანვრის ქ. ბათუმში ს.ხიმ–--–---–ის ქუჩა N58-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩრეკის ოქმის თანახმად - გარეშე პირების - თითქოსდა ამავე მისამართზე მცხოვრები გი------------–-ძის და ზუ--------------–--ის მონაწილეობით ამოღებული იქნა სხვადასხვა დასახალების ნივთი და ნივთებზე ხელის კვლები. ხსენებული ჩხრეკის თანახმად, ბინის მესაკუთრემ - ჯე---------------ლმა (ბრალდებულის დედა) დატოვა საცხოვრებელი ბინა, რის გამოც გამომძიებელმა მოიწვია გარეშე პირები - მეზობლები - გი------------–-ძე და ზუ--------------–--ე.

 

გამომძიებლის ეს მოქმედება კანონიერად შესაძლოა ჩათვლილიყო თუ გარეშე პირები იქნებოდნენ ჯე---------------ლის ან შო----------ის მეზობლები, ახლო ნათესავები, ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩხრეკის ოქმის ასლი გადაეცემა პირს, რომელთანაც ჩატარდა ამოღება ან ჩხრეკა, ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – სახლის მფლობელს ან/და გარეშე პირს (მეზობელს, ახლო ნათესავს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელს), რომელიც ამოღებას ან ჩხრეკას ესწრებოდა.

 

ნათელია, რომ არც ბარ------–-ძეს და არც თო-----–--ეს ქ. ბათუმში, ს.ხიმ–--–---–ის ქუჩა N58-ში არ უცხოვრია; საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ხსენებული მოწმეების გამოკითხვის ოქმში მათ საცხოვრებელ მისამართად სწორედ აღნიშნულია მითითებული და არა რეალური - თერჯოლის მუნიციპალიტეტი.

 

ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ საგამოძიებო ორგანოს სრული წვდომა ჰქონდა ხსენებული პირების საცხოვრებელ ადგილზე, რადგან თუ პირი ქ. ბათუმში, ს.ხიმ–--–---–ის ქუჩა N58-ში ცხოვრობს, მაშინ თერჯოლის მუნიციპალიტეტში ბინაზე შემოწმების ოქმს როგორ შეადგენდნენ?

 

ის ფაქტი, რომ გამოძიებამ ჯე---------------ლის მხრიდან საცხოვრებელი ბინის დატოვების შემდეგ გი------------–-ძის და ზუ--------------–--ის "გარეშე პირებად" საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილებად მიღება გადაწყვიტა, ხოლო ამ ნაწილში მყარი პოზიციის მისაღებად მათ გამოკითხვის ოქმებში საცხოვრებელ მისამართად ქ. ბათუმში, ს.ხიმ–--–---–ის ქუჩა N58 მიუთითა საეჭვოს ხდის ჩხრეკის ჩატარებას და მის კანონიერებას.

 

სასამართლოს მოსაზრებით, შესაძლოა ბარ------–-ძე - თო-----–--ის გამოკითხვის ოქმში მისამართის შეცდომით მითითება, მაგისტრი მოსამართლის შეცდომაში შეყვანასაც ისახავდა მიზნად, რადგან შეუძლებელი იყო საქმის იმ ეტაპზე ჩხრეკის კანონიერად ცნობის თაობაზე ხსენებული პოზიციის არ გაზიარება. რეალურად ეს ფაქტი ნათელი გახდა, არა მხოლოდ დაცვის მხარის საწინააღმდეგო მოსაზრებებებით, არამედ თვით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ბინაზე შემოწმების ოქმებით.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (საქმე - კობიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ) აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას, ხოლო სასამართლოს ამოცანაა დაადგინოს იყო თუ არა სამართალწარმოება მთლიანობაში, რაც მოიცავს მტკიცებულებათა მოპოვების გზებს, სამართლიანი. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მომჩივანს მტკიცებულების გასაჩივრების შესაძლებლობა და დაცული იყო თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი.

 

ნათელია, რომ კანონმდებელმა გარეშე პირები - მეზობელი, თვითმართველობის წარმომადგენელი და ახლო ნათესავი ერთ სტატუსში მოიხსენია, რაც მიუთითებს, რომ ხსენებული პირი სახლის მესაკუთრისთვის მაღალი ლეგიტიმაციის მატარებელია, რადგან ერთის მხრივ საჭიროა გამოძიების ხელშეშლის აღკვეთა (მესაკუთრის მხრიდან შესაძლო არ მონაწილეობა), ხოლო მეორეს მხრივ გასაჩხრეკი ქონების მესაკუთრის უფლებების დაცვა, რაც გამოიხატება შესაძლო სამართლებრივი დავის უფლების არსებობა - გამოყენებაში.

 

სასამართლო დასკვნის სახით განმარტავს, რომ გარეშე პირი წარმოადგენს გასაჩრეკი ობიექტის მესაკუთრის პრაქტიკულად უფლების დამცველს, რომელმაც მინიმუმ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა და შედეგები უნდა შეატყობინოს მესაკუთრეს, რაც უდავოდ ამ საქმეზე არ განხორციელებულა.

 

ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ გარეშე პირი - გი------------–-ძე გამოძიებას გამოკითხული ჰყავს 2017 წლის 4 მაისს, სადაც მის საცხოვრებელ მისამართად იგივე ქ.ბათუმი, ს.ხიმ–--–---–ის ქუჩა N58-ია მითითებული, ხოლო გამოკითხვის ოქმში მოწმე აღნიშნავს "...მე რამოდენიმე თვის უკან ვცხოვრობდი ... ქირით ქ.ბათუმში, ს.ხიმ–--–---–ის ქუჩა N58-ში...", რაც მიუთითებს იმაზე, რომ ხსენებული პირის იმ მისამართზე ცხოვრების ფაქტი გამოძიების ინტერესს წარმოადგენდა და არა რეალურ ფაქტს, საწინააღმდეგო მსჯელობა კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თო-----–--ის ან ბარ------–-ძის ჩვენების მოსმენის საშუალება ექნებოდა სასამართლოს.

 

სასამართლო საეჭვოდ არ მიიჩნევს თავად გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორეს, მაგრამ საეჭვოდ მიაჩნია ნივთმტკიცების - სიგარეტის ნამწვის მოპოვების, ჯე---------------ლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, გაუგებარია, რატომ არ ამოიღო გამომძიებელმა საცხოვრებელი ბინების დათვალიერებისას კონკრეტულ ოთახში ყოფნისას სიგარეტის ნამწვავები, რატომ მიუბრუნდა მოგვიანებით, სხვა ბინიდან გამოსვლის შემდეგ, რატომ არ მოიწვია ჯე---------------ლის მხრიდან სახლის დატოვების შემდეგ კანონიერად გარეშე პირი სახლის ჩხრეკის დროს, რატომ არ გადასცა ან არ ეცადა გადაეცა მოგვიანებით ეს ოქმი სახლის მესაკუთრისათვის. ამდენად, ვინაიდან სასამართლოსთვის ორთავე მტკიცებულება საეჭვოა, რომლის საფუძველზეც ჩატარდა გენეტიკური ექსპერტიზა, ბუნებრივია, თავად დასკვნაც უვარგისია პირის ბრალეულობის სამტკიცებლად. (ანალოგიური პრაქტიკა დადგენილია უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის N507აპ.-17 საქმე გადაწყვეტილებით)

 

20. გარდა ამ გარემოებებისა, თუნდაც ზემოხსენებული მტკიცებულებები მოპოვებული ყოფილიყო კანონიერად, მაინც არ არსებობდა შო----------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისი მტკიცებულებები. კერძოდ შო----------ის ედ-----------------ძის სახლში ყოფნის ფაქტს ადასტურებდა მხოლოდ ერთი მტკიცებულება სიგარეტის ნამწვი, რომელზეც დარჩენილი იყო ბიოლოგიური მასალა. საცხოვრებელ სახლში სადაც ცხოვრობდა სამი პირი - შო----------ი, მისი დედა - ჯე---------------ლი და დიშვილი მა---------------ძე გამოძიებამ სასამართლოში არ დაკითხა, მუხედავად იმისა, რომ შეყვანილი ჰყავდა დასაკითხ პირთა სიაში, რათა გამორიცხულიყო იმ პირთა წრე ვისაც შესაძლოა საცხოვრებელ სახლში შეეტანა ეს ნივთები. სასამართლო ვერ დაარღვევს სხვა პირთა უდანაშაულობის პრეზუმციას, მაგრამ ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც არ ეხება ბრალდებულს და ეხება სხვა პირს, რაც ობიექტურად წარმოშობს ეჭვს დანაშაულის არა შო----------ის, არამედ სხვა პირ(ებ)ის მხრიდან შესაძლო ჩადენის თაობაზე. ამ ნაწილში დაცვის მხარის პოზიციას ამყარებს მოწმე და-------------ანის ჩვენება, რომლითაც პრაქტიკულად გამოირიცხა შო----------ის მხრიდან ქურდობის ჩადენა.

 

21. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

22. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტიურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. სასამართლოსთვის, როგორც ობიექტური დამკვირვებლისთვის, არ არის სარწმუნო ზემოაღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე პირის მსჯავრდება, რადგან ეს მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.

 

23. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის და მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

24. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა შო----------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის და იგი უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული შო----------ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

შო----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- შო----------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას და ჯა-----–-------------–-ძის საცხოვრებელი ბინის დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთები და საგნები, რომლებიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ანდა მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

- შო----------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ხელის კვლები, ედ-----------------ძის საცხოვრებელი ბინის დათვალიერებისას ამოღებული სიგარეტის ოთხი ცალი ნამწვი, შო----------ის ნერწყვის ნიმუში და ხელის კვლები, ასევე მა---------------ძის ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განემარტოს შოთა ჯაიანს რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი