განაჩენი

სისხლის სამართლის 10.05.2019
საქმის ნომერი
330100117001929835
თარიღი
10.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2------

(გამოძიების №0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი---------ი,დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ----------–-----ი (დაბადებული - 1----–-–---------–----------------–----------–---------------------------------------–--------------------–-------------------–---------------------–---–-------ში).

 

ადვოკატი - ზ----------–---ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 30 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე ქ. თბილისში, ჭ----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ----------–-----მა შელაპარაკების ნიადაგზე მ-----–-----------ს დანის გამოყენებით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა განივი კოლინჯის დაზიანებით, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებას.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.

 

2.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2017 წლის 30 მარტს, დ----------–-----ის მიერ დანის გამოყენებით მ-----–-----------ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულ მ-----–-----------ის, მოწმეების - გ------------–---–ის, გ------------–--ის, გ---------------–--ის, გამომძიებლების ვ----–----–--ისა და დ---------------–---–ის, ექსპერტების - ნ----------–------–----–---–ისა და ს------------–-----ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ამოღების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, პიროვნების ამოცნობისა და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, კერძოდ:

 

2.5. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 30 მარტს, ქ. თბილისის შს სამმართველოს ძ---–-------–-----------------–-------------------–--ის გამომძიებელ ვ----–----–--ის მიერ, ექსპერტების - ლ--–--------–---ა და ლ-–-----------ს მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ჭ----------------------ში მდებარე „ვ------------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ა-–------------ის ბაღის კუთხის ტროტუართან მოასფალტებული ავტოსადგომი სავალ ნაწილზე გაჩერებულია ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“ ტაქსის ტრაფარეტით, სახ. #B--------. აღნიშნული ავტომანქანიდან რამდენიმე მეტრში გაჩერებულია „ჰიუნდაის მარკის ჯიპი სახ. #A--------. „ვ------------ს“ გარეთა პერიმეტრზე განთავსებულია სამეთვალყურეო ვიდეო კამერები. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.

 

2.6. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (ასევე მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების) სისწორე/ და კანონთან შესაბამისობა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ----–----–--ემ.

 

2.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებით სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ან რაიმე კვალი ამოღებული არ ყოფილა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებით დგინდება მხოლოდ ის გარემოება, რომ შემთხვევა მოხდა ქ. თბილისში, ჭ----------------------ში მდებარე „ვ------------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე შეთხვევის ადგილის აღწერილობა.

 

2.8. დაზარალებულმა მ-----–-----------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ დაახლოებით 15-16 წელია ტაქსისტად მუშაობს და ავტომანქანით ჩერდება ქ. თბილისში, ჭ---------------------ის წინ მდებარე „ვ------------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. 2017 წლის 30 მარტს, დაახლოებით სამის ათ ან თხუთმეტ წუთზე მივიდა ჭ----------------------თან მისი კუთვნილი, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით, სახ. #R--------. ადგილზე სადაც წლების განმავლობაში მუშაობს, შეამჩნია ბრალდებულის კუთვნილი ავტომანქანა. მიუახლოვდა დ----------–-----ს და ჰკითხა მგზავრს ხომ არ ელოდებოდა, რამაც ბრალდებული გააღიზიანა. დ----------–---ი სწრაფად გადავიდა ავტომანქანიდან, ხელი ჰკრა და ყვირილი დაუწყო („მე ჩემი საქმე მაქვსო“). საუბრისას ბრალდებულმა ავტომანქანაში, მძღოლის მხარეს, კარის ე.წ. „ჯიბეში“ შენახული, მომწვანო ფერის, თხელი დანა მოულოდნელად დაარტყა მუცელში. დ----------–-----ისთვის რაიმეს ახსნა ვერ მოასწრო, იგი საუბრის დაწყებისთანავე გადავიდა ავტომანქანიდან და ხელი ჰკრა. დ----------–---ი მოკვლით არ დამქურებია და დანის ხელმეორედ დარტყმა არ უცდია. დანის დარტყმისთანავე შემთხვევის ადგილზე ხალხი მოგროვდა. ბრალდებული ავტომანქანაში ჩაჯდა და წავიდა. გონება არ დაუკარგავს, თუმცა მუცლის არეში ტკივილს გრძნობდა. შეამჩნია, რომ მცირე ოდენობით სისხლი წამოუვიდა. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა სასწრაფო დახმარება და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

მოწმის განმარტებით, ავტო სახელოსნოდან დასახმარებლად მეგობარი გ---- გამოიქცა. დ----------–-----ს დანა მარჯვენა ხელში ეჭირა. სხვა საგანი ბრალდებულის ხელში არ შეუმჩნევია. საპასუხოდ არ დაურტყამს ბრალდებულისათვის.

 

მ-----–-----------მა დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული პიროვნების ამოცნობისა და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმების სისწორე.

 

დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება დაცვის მხარის მითითება, თითქოს ბრალდებულს ხელი შეუშალა ავტომანქანიდან გადასვლაში და ცდილობდა დ----------–-----ისთვის ავტომანქანის კარის ფეხებში მირტყმას. კონფლიქტის დროს ავტომანქანა არ დაზიანებულა. ბრალდებულის მანქანა ჩამქრალი იყო. მას გასაღები ხელში ეჭირა თუ არა არ შეუმჩნევია. ავტოსახელოსნოდან შემთხვევის ადგილამდე დაახლოებით 20-30 მეტრია. დანის დარტყმის მომენტში ბრალდებულის ავტომანქანის კარებთან დაახლოებით ნახევარ მეტრში იმყოფებოდა.

 

2.9. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2017 წლის 31 მარტს, მ-----–-----------ის მიერ, მისთვის წარდგენილი 4 ფოტოსურათიდან ამოცნობილ იქნა #3 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება (დ----------–-----ი), შავგრემანი ოვალური ფორმის სახით, მუქი ფერის თვალებით, წარბებით, ვიწრო ტუჩებით, ცხვირის ფორმით, ოდნავ შეთხელებული, მუქი ფერის ჭაღარა ნარევი თმით და სახის საერთო გამომეტყველებით.

 

2.10. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, 2017 წლის 21 აპრილს, მ-----–-----------ის მიერ, მისთვის წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოცნობილ იქნა მარცხნიდან პირველი და მარჯვნიდან მესამე მდგომი დ----------–-----ი ოვალური პირისახით, მუქი ფერის ჭაღარა შერეული, შეთხელებული თმით, მუქი ფერის წარბებით, მუქი ფერის თვალებით, საშუალო ზომის სწორი ცხვირით.

 

2.11. მოწმე გ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ქ. თბილისში, ჭ----------------აზე, „ვ------ ბანკთან“ მდებარე ავტო სახელოსნოში, რომელიც შედგება ღია ე.წ. „ბოქსებისგან“. მისი სამუშაო ადგილიდან მთლიანად ჩანს ა-–------------ის ბაღი. 2017 წლის 30 მარტს, დაახლოებით შუადღისთვის გაიხედა სახელოსნოდან და დაინახა ავტომანქანასთან მდგომი დაზარალებული, რომელიც მისთვის უცნობ პიროვნებას ესაუბრებოდა. ცოტა ხანში მოსაუბრეები „ხელებით ახსნაზე“ გადავიდნენ. იგი მათი მიმართულებით წავიდა. პროფილაქტიკის წინ იმყოფებოდა, როდესაც დაინახა, რომ მისთვის უცნობი პიროვნება გადავიდა ავტომანქანიდან, ხელი ჰკრა დაზარალებულს და ისევ ავტომანქანაში ჩაჯდა. დაზარალებული წაბორძიკდა და უკან, გზისკენ წავიდა. შემდეგ ძალიან სწრაფად მოხდა ავტომანქანის მძღოლის მანქანიდან გადასვლა, მუშტის მოქნევა და დაზარალებულისთვის დარტყმა. შეამჩნია, რომ დარტყმის მომენტში ავტომანქანის მძღოლს ხელში რკინის მაგვარი საგანი ეჭირა. მძღოლი დარტყმისთანავე ჩაჯდა ავტომანქანაში და წავიდა. ბრალდებულს ავტომანქანის გაჩერება სთხოვა, მაგრამ მძღოლი არ გაჩერდა. სანამ ბრალდებულს ესაუბრებოდა, მ-----–-----------ი გზის მეორე მხარეს გადავიდა. ბრალდებულის წასვლის შემდეგ, თვითონაც გადაკვეთა ქუჩა, მიუახლოვდა მ-----–-----------ს, რომელიც ბანკის თანამშრომელს ესაუბრებოდა და ჭრილობას აჩვენებდა. შეამჩნია, რომ დაზარალებულს მუცლის არეში მცირე ზომის ჭრილობა აღენიშნებოდა. მ-----–-----------ი ბანკის თანამშრომელს სთხოვდა სასწრაფო დახმარების გამოძახებას. მის კითხვაზე მ-----–-----------მა უპასუხა, რომ დანა დაარტყეს. მოწმის განმარტებით, ბრალდებული იმყოფებოდა მუქი ფერის ავტომანქანა „ო---–----------ი“, რომელზეც ტაქსის ნიშანი იყო დამაგრებული. გ------------–---–მა ასევე აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს დაზარალებულს ნაქსოვი პულოვერი ეცვა. პირველად ავტომანქანის მძღოლმა ხელი ჰკრა დაზარალებულს. მ-----–-----------ს საპასუხო დარტყმა არ განუხორციელებია. დაზარალებული ავტომანქანაში სახით არ შესულა. ერთხელ ჰკრა ხელი ბრალდებულმა დაზარალებულს, შემდეგ გაგრძელდა მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება. ხელის კვრის შემდეგ ბრალდებული ჩაჯდა ავტომანქანაში, რის შემდეგაც მ-----–-----------ი მიუახლოვდა ავტომანქანას, რა დროსაც გაიღო კარი, გადავიდა მძღოლი, დაარტყა დაზარალებულს, ჩაჯდა ავტომანქანაში და წავიდა. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის სისწორე.

 

2.12. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2017 წლის 30 მარტს, გ------------–---–ის მიერ, მისთვის წარდგენილი 4 ფოტოსურათიდან ამოცნობილ იქნა #2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება (დ----------–-----ი), შავგრემანი პიროვნება, მუქი ფერის თმებით, წარბებით და თვალებით, საშუალო ზომის ცხვირით, შემაღლებული შუბლით.

 

2.13. სასამართლო დაზარალებულ მ-----–-----------ისა და მოწმე გ------------–---–ის ჩვენებებს აფასებს მათი სანდოობის თვალსაზრისით და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ჩვენებები შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შესაბამისობაშია, როგორც ერთმანეთთან, ასევე სასამართლო - სამედიცინო, ტრასოლოგიურ და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებთან, სასამართლოში წარმოდგენილ სხვა წერილობით მტკიცებულებებთან და, შესაბამისად, მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს. მ-----–-----------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2018 წლის 30 მარტს, ურთიერთშელაპარაკებისას დ----------–-----მა მუცლის არეში დაარტყა დანა. ჭრილობის მიყენებას წინ უძღოდა მცირე შელაპარაკება, რომელიც გამოიწვია ბრალდებულისთვის კითხვის დასმამ მგზავრს ხომ არ ელოდებოდა. გაღიზიანებულმა დ----------–-----მა ხელი ჰკრა მას, რის შემდეგაც ავტომანქანის კარის ე.წ. „ჯიბიდან“ ამოიღო დანა და მუცელში დაარტყა. მოწმე გ------------–---–მა ასევე დაადასტურა დ----------–-----ის მიერ მ-----–-----------ისათვის დანის დარტყმის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ მ-----–-----------მა და გ------------–---–მა ფოტოსურათით უყოყმანოდ ამოიცნეს დ----------–-----ი. მ-----–-----------მა ასევე პირადად ამოიცნო ბრალდებული. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----–-----------ისა და გ------------–---–ის ჩვენებები აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის კანონით დადგენილ სტანდარტებს და მათ გამოიყენებს სასამართლო დ----------–-----ის მიმართ განაჩენის გამოტანისას.

 

2.14. მოწმე გ---------------–--მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ჭ----------------ასთან მდებარე ავტო სახელოსნოში. 2017 წლის მარტში სახელოსნოდან გამოსულმა დაინახა მისი თანამშრომელი გ----, რომელიც ბაღის მხარეს შეკრებილი ადამიანებისაკენ გარბოდა. ამ დროს შეამჩნია მ-----–-----------ი, რომელსაც ხელი მუცელზე ეკიდა და უკან მიიწევდა. ადგილზე მისვლა გ----მ დაასწრო. დაზარალებულს ჰკითხა თუ რა მოხდა, რაზედაც მ-----–-----------მა უპასუხა, რომ დანით დაჭრეს. ჭრილობა რომ ნახა, მიხვდა, რომ დანით იყო მიყენებული. შემთხვევის ადგილზე ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა, მისული იყო სასწრაფო დახმარებაც. მეორე დღეს გ----ს ესაუბრა მომხდარის შესახებ, რა დროსაც მანაც დაუდასტურა, რომ მ-----–-----------ი დანით დაჭრეს. კონფლიქტის მიზეზი მისთვის უცნობია. პირადად კონფლიქტს არ შესწრებია.

 

2.15. მოწმე გ-------------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ქ. თბილისში, ჭ----------------აზე მდებარე „ვ------ ბანკში“. 2017 წლის 30 მარტს, დაახლოებით 3 საათზე გავიდა ბანკიდან, რა დროსაც მასთან მივიდა დაზარალებული, რომელმაც უთხრა, რომ მუცელში იყო დაჭრილი და სასწრაფო დახმარების გამოძახება სთხოვა. დაზარალებულმა პულოვერი აიწია და აჩვენა მუცლის არეში, მარცხენა მხარეს არსებული პატარა ზომის ჭრილობა. მაშინვე დარეკა 112-ში და შეატყობინა, რომ ადამიანი იყო დაჭრილი. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მისთვის უცნობია თუ რა განუცხადა სასწრაფო დახმარების ექიმს დაზარალებულმა. მოწმის განმარტებით, დაზარალებულისათვის არ უკითხავს თუ ვინ მიაყენა ჭრილობა. ბანკიდან შემთხვევის ადგილი არ ჩანს, ხოლო ავტო სახელოსნო დაახლოებით 40-50 მეტრით არის დაშორებული.

 

2.16. სასამართლო აფასებს მოწმეების - გ---------------–--ისა და გ-------------–--ის სასამართლოზე მიცემულ ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ ისინი დაჭრის ფაქტის უშუალო შემსწრეები არ არიან. გ---------------–--მა შეამჩნია დაჭრილი მ-----–-----------ი, რომელსაც ხელი მუცელზე ეკიდა და უკან მიიწევდა. დაზარალებულს ჰკითხა თუ რა მოხდა, რაზედაც მ-----–-----------მა უპასუხა, რომ დანით დაჭრეს. ასევე დაჭრილი მ-----–-----------ი დაინახა მოწმე გ-------------–--ემ. მოწმის განმარტებით, დაზარალებულმა ჭრილობა აჩვენა მას და სასწრაფო დახმარების გამოძახება სთხოვა. აღნიშნული მოწმეების ჩვენებებში რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები ან საეჭვო განმარტებები არ ფიქსირდება, შესაბამისად, მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის რაიმე გონივრული საფუძველი არ არსებობს.

 

2.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამომძიებელმა დ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე. სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოწმეს განმარტება არ გაუკეთებია.

 

2.18. ამოღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 31 მარტს, ქ. თბილისის შს სამმართველოს ძ---–-------–-----------------–-------------------–--ის გამომძიებელ გ---------–------ის მიერ, ე----------–--ისგან ამოღებულ იქნა მ-----–-----------ის ტანსაცმელი - ერთი ცალი რუხ ფერის ნაქსოვი ჯემპრი და ორი ცალი შავი ფერის მაისური, რომელთაც მუცლის არეში აღენიშნება მცირე ზომის დაზიანება და მოწითალო-მოყავისფრო სისხლის მაგვარი ლაქები.

 

2.19. საქართველოს შს სამინსიტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 7 აპრილის #------ დასკვნის თანახმად, მ-----–-----------ის სისხლი მიეკუთვნება Ba/III/ჯგუფს. მ-----–-----------ის ორ მაისურზე და სვიტერზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Ba/III/ჯგუფს. ლაქები წარმოქმნილია სისხლიან საგანთან (სხეულთან) შეხების შედეგად. მ-----–-----------ის სისხლი და მ-----–-----------ის ორ მაისურზე და სვიტერზე არსებული სისხლი მიეკუთვნება Ba/III/ჯგუფს.

 

2.20. ექსპერტმა ნ----------–------–----–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2.21. საქართველოს შს სამინსიტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 19 აპრილის #-------- ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ მ-----–-----------ის ტანსაცმელზე არსებული გამჭოლი დაზიანებები წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად.

 

2.2. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 8 მაისის #0-------- დასკვნის თანახმად, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი #----ის ჩანაწერების მიხედვით, მ. ო--------ს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია 2017 წლის 30 მარტს, 14:47 საათზე. მას აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა მუცლის ღრუს მიდამოში, მარცხნივ ზედა მესამედში.

 

ექსპერტიზაზე წარდგენილი შპს პ------–-----------------------–----------–----–---------------–--ო ბარათი #3----ის ჩანაწერების მიხედვით, მ-----–-----------ი აღნიშნულ კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 2----–-–-----------------------–-–-----------–-----. დაუდგინდა დიაგნოზი: მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა განივი კოლინჯის დაზიანებით.

 

დაზიანება მ-----–-----------ის სხეულზე, მუცლის მიდამოში მარცხნივ ზედა მესამედში არსებული, მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ - მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს (3----------------–--–-).

 

2.23. ექსპერტმა ს------------–-----მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მ-----–-----------ის სხეულზე დაზიანება არის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი და მიყენებულია რაიმე ბასრი მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით. ექსპერტის განმარტებით, ავტომანქანის გასაღები მიეკუთვნება ბლაგვ საგანთა კატეგორიას და მსგავსი საგნით შეუძლებელია ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის მიყენება.

 

2.24. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამოღების ოქმის მიხედვით გამომძიებლის მიერ ამოღებულ იქნა მ-----–-----------ის ტანსაცმელი, რომელზეც დაინიშნა ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ტანსაცმელზე აღმოჩნდა მ-----–-----------ის სისხლი (Ba/III/ჯგუფი), ხოლო ტანსაცმელს აღენიშნება გამჭოლი დაზიანებები, რომლებიც წარმოქმნილია მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა სრულად შეესაბამება დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნული მტკიცებულებით უტყუარად დგინდება, რომ მ-----–-----------ის სხეულზე, მუცლის მიდამოში მარცხნივ ზედა მესამედში აღენიშნება მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, რომელიც განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ - მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება ტრავმის მიღების თარიღს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტ ს------------–-----ს ჩვენებითა და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დგინდება, რომ მ-----–-----------ს სხეულზე მიყენებული აქვს ჭრილობა მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, ხოლო ავტომანქანის გასაღები არ მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ საგანთა კატეგორიას, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ვერსიას ბრალდებულის მიერ დაზარალებულისთვის ჭრილობის გასაღებით მიყენების თაობაზე.

 

2.25. ბრალდებულმა დ----------–-----მა მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2017 წლის 30 მარტს, მისი კუთვნილი ავტომანქანა „ო---–--------“ გააჩერა ჭ----------------აზე, ა-–------------ის ბაღის ავტოსადგომზე. მოულოდნელად მანქანის სალონში დაზარალებული თავით შეიწია, დაუწყო საუბარი და გინება. დაზარალებულს მისთვის ხელი არ დაურტყამს, მხოლოდ აგინებდა და წასვლას სთხოვდა. დაზარალებული მოუწოდებდა რომ წასულიყო და არ გაჩერებულიყო იმ ადგილზე, სადაც მანქანა ჰყავდა გაჩერებული. მანქანიდან გადმოსვლისას დაზარალებულმა ორ-სამჯერ ფეხებში მიარტყა კარი. ბრალდებულის განმარტებით, ამ დავიდარობაში აიქნია ხელი, რომელშიც ავტომანქანის გასაღები ეჭირა. გასაღები დაზარალებულს მოხვდა მუცელში. დარტყმის შემდეგ დაზარალებული ჩაიკეცა, ხოლო თვითონ გაშორდა იქაურობას. პირადად მას დაზიანებები არ ჰქონია და ექსპერტიზა არ მოუთხოვია. დაზარალებულის წინააღმდეგ დანა არ გამოუყენებია.

 

2.26. სასამართლო აფასებს ბრალდებულ დ----------–-----ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას და აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა ფაქტობრივად დაადასტურა მ-----–-----------თან კონფლიქტისა და დაზარალებულისათვის მუცლის არეში დაზიანების მიყენების ფაქტი და განმარტა, რომ მ-----–-----------ს მუცლის არეში დაზიანება ავტომანქანის გასაღებით მიაყენა და კონფლიქტისას დანა არ გამოუყენებია. ბრალდებულის განმარტება დაზიანების გასაღებით მიყენების თაობაზე, ქარწყლდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტ ს------------–-----ს ჩვენებითა და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლებითაც ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ მ-----–-----------ს სხეულზე მიყენებული აქვს ჭრილობა მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, ხოლო ავტომანქანის გასაღები არ მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ საგანთა კატეგორიას და გასაღებით ამგვარი ჭრილობის მიყენება ობიექტურად შეუძლებელია. რაც შეეხება იმ გარემოებას, დ----------–-----ი იმყოფებოდა თუ არა თავდაცვით მდგომარეობაში და რეალურად მისი ქმედება მიმართული იყო თუ არა დაზარალებულის მოგიერიებისაკენ, სასამართლო აღნიშნავს, რომ თავად ბრალდებულის ჩვენებით დაზარალებულმა მიაყენა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა, სთხოვდა წასვლას, ხოლო ავტომანქანიდან გადასვლისას ავტომანქანის კარი მიარტყა ორ-სამჯერ ფეხებში, სხვა ძალადობრივი ქმედებები მ-----–-----------ს ბრადებულის მიმართ არ განუხორციელებია. აღსანიშნავია, რომ ბრალდებული არ უთითებს დაზარალებულის მხრიდან იმგვარ ფიზიკურ ძალადობაზე, რაც მისი სიცოცხლეს ან მინიმუმ ჯანმრთელობას მაინც შეუქმნიდა რეალურ საფრთხეს და საპასუხო თავდაცვითი მოქმედების ობიექტურად განხორციელების უფლებას მიანიჭებდა. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მიერ ბრალდებულის მიმართ შესაძლო ფიზიკური ძალადობა არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც (მოწმე გ------------–---–ის, დაზარალებულ მ-----–-----------ის ჩვენებებით) და ასევე საქმეში არმოიპოვება ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დ----------–-----ის სხეულზე რაიმე დაზიანების არსებობას დაადასტურებდა. ამდენად, დაცვის მხარის მტკიცება, რომ დ----------–-----ი იმყოფებოდა თავდაცვით მდგომარეობაში და საკუთარი სიცოცხლის/ჯანმრთელობის დასაცავად განახორციელა დაზარალებულისათვის მუცელში ჭრილობის მიყენება, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. აღნიშნული ვერსია მით უფრო არაარგუმენტირებულია იმ პირობებში, როდესაც დ----------–-----მა დაზიანება მიაყენა მ-----–-----------ს მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ (და არა მანქანიდან ან მანქანაში), რაც ხაზს უსვამს გინების გამო გაბრაზებული დ----------–-----ის აქტიურ ქმედებას, შორიახლოს მყოფი დაზარალებულისათვის დაზიანების მიყენების თაობაზე და არა მის თავდაცვით მოქმედებას ან სურვილს გასცლოდა შემთხვევის ადგილს, როგორც ამას ჩვენებაში უთითებს.

 

2.27. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს ამავე მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.

 

2.28. ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე ( იხ. Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Hummer v. Germany, პუნქტი 38; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Lucà v. Italy, პუნქტი 39; Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47.).

 

2.29. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის ყველა მოწმე, რომლებიც დ----------–-----ის წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებას. ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (3)(დ) მუხლის მოთხოვნები და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა, თუმცა ჯვარედინი დაკითხვის შედეგად დაზარალებულ მ-----–-----------ის, მოწმეების - გ---- კ-----–---–ის, გ---------------–--ისა და გ----------–-----ის ჩვენებებში არ იკვეთება იმგვარი არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათ სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. მოწმეთა ჩვენებები საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ეჭვი მათ სანდოობასთან დაკავშირებით არ არსებობს.

 

2.30. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

2.31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

2.32. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა მისი მოვალეობა და სასამართლოსათვის წარმოდგენილი/გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა დ----------–---ის მიერ დაზარალებულისათვის დანით ჭრილობის მიყენების ფაქტი, რამაც გამოიწვია მ-----–-----------ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ მ-----–-----------მა ბრალდებულის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, ხოლო დ----------–-----ი იმყოფებოდა თავდაცვით მდგომარეობაში და არსებობდა დანის გამოყენებით მისი სიცოცხლის/ჯანმრთელობის დავის გადაუდებელი ინტერესი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. აღნიშნული განზრახ, ძალადობრივ დანაშაულს წარმოადგენს, რომლისგანაც სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია და სავალდებულოდ უნდა დადგინდეს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომლის გარეშეც ქმედების სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირება გამოირიცხება.

 

3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ დ----------–-----მა ურთიერთშელაპარაკებისას დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა მ-----–-----------ს, რომელიც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ასევე დ----------–---ის ქმედება - მ-----–-----------ისათვის დანის დარტყმა, მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასთან. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულს ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ აუცილებელი მოგერიება შესაძლებელია როგორც საკუთარი, ასევე სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების დროს თავდასხმა უნდა იყოს ობიექტურად, რეალურად საშიში და მომგერიებელს სუბიექტურად უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი. სტრუქტურულად კი გამოიხატება უკიდურეს მდგომარეობაში, უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებაში და თავდაცვის სურვილში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელყოფა გარდა იმისა, რომ უნდა იყოს რეალური, იგი უნდა იყოს ასევე მართლსაწინააღმდეგო, იმწუთიერი, რელევანტური ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი და სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული. ასევე გადაცილებული არ უნდა იქნეს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.

 

3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურდა მ-----–-----------ის თავდასხმა - აშკარა და საშიში ფიზიკური ძალადობა ბრალდებულზე. უტყუარად დადგინდა, რომ თავდასხვა ობიექტურად და რეალურად არ იყო საშიში დ----------–-----ის სიცოცხლისათვის/ჯანმრთელობისათვის. თუნდაც მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ბრალდებულის მანქანიდან გადმოსვლის შესაკავებლად ფეხებში კარის მირტყმა (როგორც ამას ბრალდებული განმარტავს) არ წარმოადგენს თავდასხმის იმგვარ ობიექტურად და რეალურად საშიშ ფორმას, რაც წარმოშობს აუცილებელი მოგერიების უფლებას (სხეულის სიცოცხლისათვის სახიფათო ნაწილში დანის დარტყმის უფლებას), რომ აღარაფერი ვთქვათ მოცემულ შემთხვევაში თავდასხმის მართლწინააღმდეგობისა და სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილის არარსებობაზე. ამდენად, სასამართლო დაცვის მხარის ვერსიას ბრალდებულის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის თაობაზე ვერ გაიზიარებს.

 

3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ----------–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება - სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ქმედების ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), რომლითაც დ----------–-----ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს დ----------–-----ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.5. სასამართლო ითვალისწინებს დ----------–---ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (დანის გამოყენებით ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული - სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (დ----------–---მა დანის გამოყენებით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა მ-----–-----------ს), დ----------–---ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს, მისწრაფებას დაზარალებულისათვის მიეყენებინა ჯანმრთელობის დაზიანება), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს ოჯახი, შვილები, არის ტაქსის მძღოლი), დ----------–-----ის ქცევას სასამართლო განხილვის დროს (საქმის არსებითად განხილვის დროს ბრალდებულს წესრიგი არ დაურღვევია და არ გამოუვლენია მისი პიროვნებისათვის უარყოფითად დამახასიათებელი რაიმე ნიშანი), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (შურისძიება/დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანება), მის წარსულ ცხოვრებას (საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება მისი პიროვნებისათვის დამახასიათებელი რაიმე უარყოფითი გარემოება) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, დ----------–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.

 

4.6. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

4.7. ამდენად, განაჩენის 4.5.-4.6. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, დ----------–---ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და დ----------–---ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:

 

§ სისხლის ნიმუში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;

§ მ-----–-----------ის ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

§ დისკი შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----------–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2. დ----------–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

 

3. დ----------–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 21 აპრილიდან 2017 წლის 22 აპრილის ჩათვლით.

 

4. დ----------–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

5. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

· სისხლის ნიმუში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

· მ-----–-----------ის ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

· დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი