განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/16-19
გამოძიების #0-----------
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
25 ივნისი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-–---------------------, - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–---------------, პირადი #4----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: წ--–--- რაიონი, სოფელი ა------–--, ამჟამად პატიმარი.
ადვოკატი - ა-–-------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2019 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, წ--–--- რაიონის სოფელ ა------–--ში მდებარე ს--------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ი-–----------, ეჭვიანობის გამო, მარჯვენა ხელის სახის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ი--------------- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ი-–---------- მიერ ი--------------- მიმართ განხორციელებულ ძალადობას შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები - მ-----– და გ-----------------.
სასამართლომ დაადგინა:
2. ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა ი-–---------- მიერ არასრულწლოვანი შვილების - მ-----– და გ-----------------ს თანდასწრებით, მეუღლეზე ი----------------- ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს უტყუარობის, რელევანტურობისა და დასაშვებობის პრინციპების საფუძველზე.
4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუქნტით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, შვილი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ამდენად, ერთი მხრივ, ი-–--------- და, მეორე მხრივ, ი-------------- არიან მეუღლეები, ხოლო, მეორე მხრივ, ამ უკანასკნელთა შვილები არიან მ-----– (დაბადებულია 2----–-–----------------–-) და გ------- (დაბადებულია 2----–-–----------) ს-------- (არასრულწლოვნები), რაც სადავო არ გამხდარა.
5. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულმა ი-–---------- დუმილის უფლებით ისარგებლა, ხოლო ი-–---------- მეუღლემ ი--------------მ (დაზარალებული) და შვილმა რ------------- უარი განაცხადეს ბრალდებულის მიმართ ჩვენების მიცემაზე, ხოლო 14 წელს მიუღწეველი მ-----– ს------ კანონიერმა წარმომადგენელმა მ----------–----- უარი განაცხადა მის დაკითხვაზე, ვინაიდან ბავშვის პოზიციაა, რომ მას არ სურს მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა.
6. #2----- შეტყობინებაში (4:44:42 საათი), განმცხადებელი თ----------------, აღნიშნულია სტანდარტული ფრაზები ოჯახური ძალადობა/კონფლიქტი, ი-–---------სთან. სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმის მიხედვით, ი--------------ს ორივე მუხლზე აღენიშნება დაჟეჟილობა, მარცხენა ლოყაზე აქვს წვა, თუმცა დაზიანება არ აღენიშება (მონაწილეობდა ექთანი ე-–----------–----------). #-- სამედიცინო ბარათის მიხედვით, ი-------------- (შემოწმდა 22:00 საათზე) უჩივის მარცხნივ ლოყის არეში წვას და მუხლების ტკივილს. მუხლების საპროექციო არეში აღენიშნება სიწითლე და დაჟეჟილობა, ექიმი - თ-----------, ექთანი - ე--–---.... მოწმე ე-–----------–----------- (ექთანი) სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აღნიშნა, რომ ქალბატონი გასინჯეს პოლიციის განყოფილებაში, ჩიოდა, რომ ხელი გაარტყა ქმარმა და მუხლებზე დაეცა. გადმოცემით ლოყა ეწვოდა, გაწითლებული არ ჰქონდა, აღელვების ნიადაგზე იყო გაწითლებული. მუხლებზე გარეგნულად არაფერი ეტყობოდა, ერთზე ჰქონდა უფრო მეტად სიწითლე, რაზეც ქალბატონმა თქვა, რომ იყო ახალი. მოწმის განცხადებით, ვინაიდან შესამოწმებელი პირი ქალბატონი იყო თავად დაათვალიერა, ხოლო ჩანაწერები ექიმმა გააკეთა. მოწმე თ---------------- (ექიმი) სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ლოყები ნერვიულობის ფონზე ჰქონდა აწითლებული, სახის წვას უჩიოდა. მას თავად არ შეუმოწმებია ი--------------, ჩანაწერი ფოტოს საფუძველზე გააკეთა, რომელიც მობილური ტელეფონით იყო გადაღებული. სიწითლე აღენიშნებოდა მუხლზე, დაჟეჟილობა არ ახსოვს და სილურჯე არ აღენიშნებოდა. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არაფრის თქმა შეუძლია. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის მიხედვით, საბუთებით, ი--------------ს ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. გ------- ო------–---–-- (სამედიცინო ექსპერტი) განმარტა, რომ #-- სამედიცინო ბარათის მიხედვით, ი--------------ს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. დაზიანებას არ წარმოადგენს სიწითლე და დაჟეჟილობა, ხოლო წვა სუბიექტური შეგრძნებაა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ი--------------მ მიუთითა ადგილზე, სადაც ი-–---------- ხელი გაარტყა, რის შედეგადაც დაეცა მუხლებზე. მოწმეების - ლ------------------- (დაზარალებული მისი მულია), ც-–--------------- (დაზარალებულის დედა) და თ----------------- (დაზარალებულის მამა) განმარტებით, მასთან მივიდა ი------- ბავშვებთან მ-----–თან და გ-------სთან ერთად ატირებული, მან უთხრა, რომ ი-–--- გაარტყა ხელი. ისინი თავად არ შესწრებიან კონკრეტულ ფაქტს. მოწმეების - ზ------------–----- და ნ-----–---------------- (გამომძიებლები) ჩვენებებით, თავად არ შესწრებიან მომხდარს და გამოძიების დაწყების შემდეგ შეიტყვეს ფაქტის შესახებ. მოწმეებმა ნ-----–----–------- და მ----------–--–---–-- (გამომძიებლები) დაადასტურეს მათ მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. თავად არ შესწრებიან და არც არაფერი აღუნიშნავთ მომხდარის შესახებ.
7. სასამართლოს შეფასებით, უტყუარად არ დასტურდება ბრალდებულის მიერ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი. საქმეზე არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომ დაზარალებულზე არსებული ე.წ. დაზიანებები, რაზეც სამედიცინო ექსპერტმა განაცხადა, რომ აღნიშნული დაზიანებას არ წარმოადგენს, ბრალდებულის დაზარალებულზე ძალადობის შედეგია. როგორც გაირკვა, სამედიცინო ბარათში გაკეთებული აღნიშვნა სიწითლისა და დაჟეჟილობის შესახებ ეკუთვნის ექიმს თ----------------, რომლის განცხადებით, მას პირადად აღნიშნული დაზიანებები არ უნახავს, სახეზე სიწითლე კი ნერვიულობით ახსნა, ხოლო ექთნის ე-–---------–----------- განმარტებით მან სურათი გადაუღო და ის აჩვენა ექიმს. ეს სურათი სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებად არ წარუდგენია ბრალდების მხარეს. ასეთ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს ის წყარო, რასაც ეყრდნობა #-- სამედიცინო ბარათი და იგი პირადად შემოწმების შედეგებს არ ეფუძნება, შეუძლებელია, გადაჭრით, მასზე დაყრდნობით, სასამართლომ რაიმე დაასკვნას, ვერც ექიმის ჩვენება იქნება ამ მხრივ რელევანტური. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალური დათვალიერების ოქმში მითითებულია სიწითლეზე, რაც ასევე ექთანმაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაუდგენელია აღნიშნული ნიშნების წარმოშობის ზუსტი მიზეზი და ხანდაზმულობა, რის შესახებაც ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. სასამართლოსთვის ისიც კი არ არის ცხადი, რისგან შეიძლებოდა გამოწვეულიყო დაზარალებულის სხეულზე შესაბამისი ნიშნები. მოწმეები - ლ------------------, ც-–--------------, თ----------------, ზ------------–--- და ნ-----–--------------- ირიბი მოწმეები არიან და ისინი თავად არ შესწრებიან რაიმე ფაქტს, რომელსაც პირდაპირი კავშირი ექნებოდა მოცემულ საქმეზე ბრალდების დადგენილებაში ასახულ ინციდენტთან.
8. ასეთ ვითარებაში, მხოლოდ დაზარალებულ ი--------------სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ი-–---------- ხელი გაარტყა, არასაკმარისია. ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო ვერ დაეყრდნობა აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება მოწმის ინფორმაციას და იმ პირობებში, როდესაც მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, იგი განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებად. მაშინ, როდესაც დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმი) გამოქვეყნებაც კი არ ხდება მსგავს ვითარებაში (სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს), წარმოუდგენელია სხვა მსგავსი შინაარსის მტკიცებულება აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განიმარტოს და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ასეთ მტკიცებულებას გამოკითხვის ოქმი ერქმევა, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის. სასამართლო მოცემული განმარტების ფარგლებში მოიაზრებს საგამოძიებო მოქმედების ოქმს იმ ნაწილში, რაც ეხება მოწმის ინფორმაციას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ჩვენებას, რომლის მიცემაზეც მოწმე უარს ამბობს მისი უფლებიდან გამომდინარე არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში, თუ მოხდება საგამოძიებო ექსპერიმენტის (მოცემულ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა ბრალდების მხარე მას ჩვენების ადგილზე შემოწმებას უწოდებს, თუ ვითარების ადგილზე აღდგენას, რაც იმ მნიშვნელობით, რასაც სასამართლო ეხება, იდენტურ მონაცემებს შეიცავს და ისედაც, სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-3 ნაწილიც ანალოგიურად არის ფორმულირებული) ოქმის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულება, დაირღვეოდა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცემოდა საშუალება შეკითხვები დაესვა იმ პირისთვის, ვის ინფორმაციასაც ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რითაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების ეჭვქვეშ დაყენების რეალური შესაძლებლობა მოესპობოდა, რითაც ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა დაცვის მხარე. და ბოლოს, სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი არ არის გამოკითხვის ოქმის ჩანაცვლება და ამით პარალელური რეალობის შექმნა, რომლითაც, დაცვის მხარისათვის სათანადო გარანტიების გარეშე (აქ უპირველესად იგულისხმება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მასში მონაწილე პირის გაფრთხილების გარეშე არ მისცეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, თუნდაც საგამოძიებო ექსპერიმენტი გამოკითხვის შემდეგ განხორციელდეს, რა დროსაც ასეთი განმარტება უკვე გაკეთებულია, ვინაიდან ყოველი ახალი კომუნიკაცია საჭიროებს მსგავსი გაფრთხილების აუცილებლობას, როგორც ეს ხდება ყოველი ახალი გამოკითხვისას/დაკითხვისას), ბრალდების მხარე მიიღებს იდენტურ შედეგს, როგორც ეს გამოკითხვის ოქმის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა, რაც სსსკ-ის 129-ე მუხლის მიღმაა. გარდა ამისა, არსებული მტკიცებულებებით შეუძლებელია ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტის დადგენა, რაც ექსპერიმენტის ოქმშიც კი არ არის ასახული, ხოლო წვასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ მისი შემოწმების ობიექტური საშუალებები არ არსებობს. ისიც საეჭვოა, რომ ინციდენტის დრო სავარაუდოდ 16:45 საათამდეა, ხოლო დაზარალებული წვის შესახებ მიუთითებდა 22:00 საათზეც კი. ამიტომ ლოგიკური შეკითხვა ჩნდება, თუ ერთხელ ხელის გარტყმას, თუკი დავუშვებთ, რომ ადგილი ჰქონდა, 5 საათის განმავლობაში წვა ახლდა თან, მან არანაირი დაზიანება არ დატოვა დაზარალებულის სხეულზე და ამავდროულად დაზარალებულმა ტკივილგამაყუჩებლის მიღებაზე უარი განაცხადა, რაც არალოგიური და საეჭვოა, რის თაობაზეც შეკითხვის დასმის საშუალება დაცვის მხარეს არ მისცემია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მხოლოდ მინიმალური ეჭვი (უფრო მეტიც - ვერსია) შეიძლება არსებობდეს ამგვარი ტკივილის შესახებ.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ ბრალდებასთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი-–---------- მიერ წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში მითითებულ გარემოებებს. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, კი ასეთი არაერთი ეჭვის წამოჭრაა შესაძლებელი, რომელთა შემოწმებას მტკიცებულებების ნაკლებობის გამო სასამართლო ვერ ახერხებს, ასევე დაცვის მხარეც მოკლებული იყო შესაძლებლობას დაესვა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით კრიტიკული შეკითხვები, რის გამოც ამ საკითხებზე კატეგორიული დასკვების გაკეთება საქმის სამართლიანი განხილვის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
სამართლებრივი შეფასება:
10. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
11. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
12. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა რომ სწორედ ი-–---------- განახორციელა ძალადობა მეუღლეზე, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი-–---------- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-–--------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ი-–---------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ი-–---------ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი