განაჩენი

სისხლის სამართლის 26.06.2019
საქმის ნომერი
170100119002913859
დავის ტიპი
151
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/17-19

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

25 ივნისი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ--------------–---

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ს---------------–-------------------, - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–-------------, პირადი #5----------, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: წ--–----------------------–--------, ამჟამად პატიმარი.

 

ადვოკატი - მ--------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1511 მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ადევნება, ე.ი. პირადად უკანონო თვალთვალით არასასურველი კომუნკაციის დამყარება და სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.

 

თარჯიმნები - ე-–---------------, ე-–-------------, ლ--------–-------

 

სხდომის სახე - ნაწილობრივ დახურული

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2018 წლის დ------------ 2019 წლის 6----------–----- პერიოდში, წ--–---------–----–----------------–-------–-, ს--------------------- უკანონო თვალთვალითა და სასქესო ორგანოს სისტემატური ჩვენებით არასასურველი კომუნიკაცია დაამყარა მისი მეზობლების - ი---------------- და ე-–-------–--------- მიმართ, რითაც მათ მიაყენა ფსიქიკური ტანჯვა და შექმნა დაზარალებულის ცხოვრების წესის შეცვლის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა ს--------------------- მიერ ბრალდების დადგენილებაში აღნიშული ქმედებების განხორციელება.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს უტყუარობის, რელევანტურობისა და დასაშვებობის პრინციპების საფუძველზე.

 

4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1511 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ადევნება - პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.

 

5. ი---------------, ე-–-------–---------, პ---------------, კ-----------–--------, პ---–----–--------, ტ-------------------, თ-----------–----, ლ---------–-------- და ნ------------------- გარდა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება დაცვის მხარემ უდავოდ გახადა საქმის არსებითი განხილვისას. #3----- შეტყობინების მიხედვით, ი-------------- აღნიშნავდა, რომ მისი მეზობელი სახელად „ვ-----“ სისტემატურად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სადაც მას დაინახავს აჩვენებს სასქესო ორგანოებს. 2019 წლის 7 თებერვლის ამოცნობის ოქმების მიხედვით, ი--------------მ და ე-–-------–--------- ამოიცნეს ს--------------------, რომელსაც იცნობდნენ, როგორც მეზობელ „ვ-----ს“. დაზარალებულ ი--------------- ჩვენებით, ცხოვრობს ს-----–-- რაც ამ სოფელში ცხოვრობს იცნობს ბრალდებულს, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო. იცნობს მისი ოჯახის წევრებს, მის ოჯახშიც ყოფილა, სასწრაფოს ექთანია და გამოძახებაზე ყოფილა. როგორც კი დაინახავდა ს---------- მას, მისკენ სახით დგებოდა, ჩაიხდიდა და სასქესო ორგანოს აჩვენებდა, მოკიდებდა ხელს და რაღაცას აკეთებდა. ეზოში უწევს ხშირად გასვლა, ბრალდებულის სახლის პირდაპირ ცხოვრობს გზის გადაღმა, უნდა-არუნდა მაინც უყურებს. მთავარი იყო ს---------- დაენახა იგი ან ფარდა გადაეწია, სიცხეს ან სიცივეს არ ჰქონდა მნიშვნელობა. როგორც კი გავიდოდა ეზოში ეგრევე გარეთ ჩნდებოდა. დიდ ტანჯვას იწვევდა, თავის სულს და სხეულს ღრღნიდა, სხვას ვერ ეუბნებოდა. 2018 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან მიხვდა, რომ მის მიმართ ხორციელდებოდა აღნიშნული. დანით დაიწყო სიარული, საწოლშიც ჰქონდა დანა, ცხოვრობს მარტო. ერთი ფანჯარა აქვს სულ და დახურული ჰქონდა, ნათურის შუქზე იყო, ცხოვრების წესი შეიცვალა. გარეთ გამოსვლა ეშინოდა. თუ ს---------- გარეთ იდგა თავს იკავებდა გასვლისგან. მეზობელს უთხრა ე-–----. ს---------- მის გვერდით არ აღმოჩენილა, არც ეზოში შესულა. გაჩერების ადგილი შეიცვალა. ერთხელ მოყვებოდა რაღაც მანძილზე საღამოს საათებში, შიში განიცადა, 10 წუთი იდგა გაჩერებაზე, ს---------- არაფერი უთქვამს. დაზარალებულ ე-–-------–--------- განმატებით, ცხოვრობს ს-----–-- ბრალდებულს იცნობს ბავშვობიდან, დაახლოებით 24 წელია. მისი სახლი მომიჯნავე მიწის ნაკვეთზეა და გამჭვირვალე ღობე ჰყოფს. როცა გავიდოდა ეზოში ს---------- ჩაიხდიდა, ამოიღებდა სასქესო ორგანოს და მოძრაობებს აკეთებდა. მას უყურებდა და ისე აკეთებდა. როცა გავიდოდა თავად, ს----------ც გამოდიოდა. ნებისმიერ დროს, დღეში ორჯერაც. შეურაცხყოფილად გრძნობს თავს, იტანჯებოდა, ნერვიულობდა, ზიზღს გრძნობდა, მეუღლესაც ვერ უთხრა. დაახლოებით ერთი თვე გრძელდებოდა, ახალი წლის შემდეგ დაჭერამდე. ს----------ს ასეთი ქცევის მიუხედავად მაინც გამოდიოდა გარეთ, თუმცა მორიდებული იყო, რომ არ გამოჩენილიყო.

 

6. მ----------–-------- (მეზობელი) გამოკითხვის ოქმის მიხედვით, იგი იცნობს ს----------, რომელსაც სოფელში იცნობენ, როგორც „ვ-----ს“. მეგობრობს მის დასთან, თავად ს---------- გაუვლის ხოლმე სახლში და ყავას სვამენ ხანდახან. ს---------- ცხოვრობდა რუსეთში და ბოლო 2 წელია ჩამოსულია საქართველოში, ვიზას ვეღარ აკეთებს და ამიტომ ვერ მიდის. მისი თანატოლები სოფელში არ არიან და ამიტომ ვინმესთან მეგობრობს თუ არა არ იცის. დედა ჰყავს ჩავარდნილი ლოგინად და ალბათ ამიტომ არ გადის გარეთ. ზოგადად ან მარტო დადის გარეთ ან დისშვილთან ერთად. ეხმარება სიძეს, რომელიც სკოლაში მუშაობს დარაჯად. მისთვის რაიმე საეჭვო არ შეუნიშნავს, არც სოფელში გაუგია რაიმე ცუდი ს------------. მოწმე ე-------------- (ბრალდებულის დედა) გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ს---------- ჰყავს მეგობარი დ---------–------ და ურთიერთობა აქვს მოხუცებულ ბერძნებთან. მან ქართული არ იცის და ქართველი მეგობრები არ ჰყავს. არ უყვარს ბევრი საუბარი, მის შვილს არანაირი ავადმყოფობა არც სჭირდა და არც ახლა სჭირს, არის ჯანმრთელი და არანაირ მედიკამენტს არ იღებს. იგი მალ-მალე დადიოდა საპირფარეშოში და რომ ჰკითხა, უპასუხა, რომ შარდვასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა. არასდროს შეუმჩნევია, რომ ს---------- გარეთ მოეშარდოს ან სექსუალურ მოთხოვნილებებთან დაკავშირებით ჰქონოდა პრობლემა. მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ დაზარალებულებთან. მოწმე ტ------------------- (მეზობელი) განმარტებით, ცხოვრობს მეუღლესთან. ს---------- გაიცნო 3 წელია, კარგი ურთიერთობა აქვთ, მისთვის შვილივითაა. მასთან მოდიოდა როცა მეუღლე სახლში იყო, ის კაცების საუბარში არ ერეოდა და არ იცის რაზე საუბრობდნენ. 1-2 საათი რჩებოდა, გარეთ საუბრობდნენ. ს---------- გადიოდა თუ არა ფიზიოლოგიური მოთხოვნის გამო არ დაუნახავს. ს---------- ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. როგორც იცის ს---------- ი-------- და ე-–-------- კარგი ურთიერთობა აქვს. სოფელში კ----------- ცუდს არავინ ამბობს, აფასებენ, უყვართ. ცუდი არავისთვის გაუკეთებია. მოწმე კ-----------–-------- (ბრალდებულის და) განმარტებით, მისი ძმა კარგი ადამიანია, კარგი ურთიერთობა აქვთ, არ იცის ჰყავდა თუ არა მეგობარი ქალი. ჯანმრთელია, მას ძმის ცუდი ქმედება არ დაუნახავს. დაზარალებულებთან კარგი ურთიერთობა აქვს, მისთვის არ შეუჩივლიათ. მისი ძმა ხშირად გადიოდა ეზოში, ხედავდა მას, ტუალეტში შედიოდა, გამოდიოდა, საქონელსაც აჭმევდა. მოწმე პ---–----–-------- (ბრალდებულის სიძე) განცხადებით, ს---------- კარგი ადამიანია. ახლო ურთიერთობა აქვთ, ძმებივით არიან. ს---------- ჯანმრთელია. დაზარალებულებთან მოწმეს კარგი ურთიერთობა აქვს. ეხმარებოდნენ კიდეც ი--------------ს პრესებთან დაკავშირებით ერთი კვირით ადრე. მათ ბრალდებას ს----------ს მიმართ ვერ ხსნის - არ სჯერა, რომ ასეთი რამ მოხდა. მოწმე - პ--------------- (გამომძიებელი) განმარტებით დაზარალებულები აღნიშნავდნენ ბრალდებულის არასასიამოვნო ქცევას, ხოლო თ-----------–---- (გამომძიებელი) აღნიშნა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

 

7. ს--------------------- განმარტებით, ცხოვრობს დედასთან, დასთან, სიძესთან და მათ ოთხ შვილთან ერთად. დაზარალებულებთან მეზობრული ურთიერთობა აქვს, ესალმებიან ერთმანეთს. კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ. ვერ ხსნის დაზარალებულების პოზიციას მის მიმართ. ის მუშაობდა სახლში ხეებს ჭრიდა, შარდავდა, მერე პოლიციელები მოვიდნენ და დააკავეს. ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს. მუშაობის დროს ტუალეტში შედიოდა ხომლე. ერთხელ მოშარდა ეზოში მუშაობისას. ისე სახლში არ მუშაობს, სასეირნოდ გადის. დაზარალებულების სახლები მისი ეზოდან ჩანს - ე-–-------–--------- სახლი მისი ნაკვეთის ბოლოსაა, ხოლო ი--------------- - გზის იქით. დაზარალებულების მზერა ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისას არ შეუნიშნავს. ის და ი--- ერთი მიმართულებით არასდროს მიდიოდნენ, საერთოდ ვერ ხედავს ი---ს, შეიძლება სამსახურში მიდიოდა, ერთი-ორჯერ უნახავს. დისშვილები იყენებენ ფანარს, როცა ტუალეტში მიდიან. ყურადღების მიქცევის მიზნით ი--------------- ფანჯარისათვის არ მიუნათებია ფანარი. დაზარალებულებს როცა დახმარება სჭირდებოდათ ეხმარებოდა, მათთვის ცუდი არ გაუკეთებია, თუ დასჭირდათ ამის მერეც დაეხმარება. ბოლოს როდის დაეხმარა ი---ს არ ახსოვს, ისე თივის პრესებზე დაეხმარა.

 

8. #0-------- სასამართლო-ფსიქიატრიული დასკვნის თანახმად, ს-------------------- ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული ქმედებისას ფსიქიკურად დაავადებული არ იყო. დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით და წნევები აქვს. კატეგორიულად უარყოფს ჩადენილს და აცხადებს, რომ პერიოდულად ნამდვილად გამოდის ეზოში და სახლთან ახლოს შარდავს, თავისი სიტყვების დასადასტურებლად იფიცება და იწერს პირჯვარს. კვლევისას გამოვლინდა ნათელი ცნობიერება, სწორი ორიენტაცია, გასაგები, თანმიმდევრული ასოციაციები, ნორმალური ტემპის აზროვნება, ლოგიკურად დასაბუთებული მსჯელობა, ინტელექტუალურ-მნსტიკური ფუნქციების შენახულობა, სიტუაციის შესატყვისი ემოციური ფონი, ფსიქოზური სიმპტომატიკის (ბოდვა, ჰალუცინაციები) არარსებობა და კრიტიკულობა.

 

9. სასამართლოს შეფასებით, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ მხოლოდ თითო-თითო მტკიცებულება წარადგინა ი---------------- და ე-–-------–--------- მიმართ ბრალდებულის მიერ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებასთან დაკავშირებით - თავად დაზარალებულების ჩვენებები, რაც კანონის მიხედვით არასაკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ბუნებრივია, ი--------------- ჩვენება ვერ იქნება უტყუარი მტკიცებულება ე-–-------–---------თან მიმართებით და პირიქით. სასამართლომ, განსაკუთრებით, ი--------------- ჩვენებაში დაინახა ფაქტების გაზვიადების მომენტები, კერძოდ, როდესაც დაზარალებულმა აღნიშნა: „სიცხეს ან სიცივეს არ ჰქონდა მნიშვნელობა“, რომელ სიცხეზეა საუბარი დეკემბრის მეორე ნახევრიდან თებერვლამდე წ--–--–-, ბუნდოვანია. ასევე, რომ ერთხელ დაინახა, თუ როგორ მოჰყვებოდა ს---------- და შიშს განიცდიდა მაშინ, როდესაც ბრალდებული არც კი მიახლოვებია და გასაუბრებია მას. ან ის გარემოება, რომ დანის ტარება დაიწყო და ლოგინშიც კი ინახავდა დანას მაშინ, როდესაც ს---------- არასდროს მიახლოებია მას და არც კი გასაუბრებია და თუ დაზარალებულს ს----------ს ასე ეშინოდა, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა და ესალმებოდა, ელემენტარულად ან მივიდოდა მის ოჯახში, რომელსაც კარგად იცნობდა ან პოლიციაში დარეკავდა. ეს მიზეზიც ასევე არალოგიკურია. თანაც საქმეზე დაიკითხნენ მოწმეები - ლ---------–------ და ნ------------------, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ს---------- ი--------------ს სექტემბრის მეორე ნახევარში ეხმარებოდა თივის პრესების დასაწყობებაში (ი---მ თავად დაუძახა ს----------), ანუ ფაქტია, რომ ისინი უცხოები არ ყოფილან ერთმანეთისთვის და თუ რამ გამოიწვია ასეთი შიში დაზარალებულში აუხსნელია, ყოველ შემთხვევაში, სასამართლომ ამგვარი შიშის მიზეზი, რომ ი-------------- იძულებული გამხდარიყო დანით დაეძინა, მტკიცებულებათა გამოკვლევით ნამდვილად ვერ დაინახა. ბრალდებული ი--------------ს არც არასდროს დამუქრებია, არც შეუშინებია და არც სხვა მხრივ წარმოადგენდა მისთვის საშიშროებას. იგივეს თქმა შეიძლება იმ ტანჯვაზე, რომელსაც დაზარალებული განიცდიდა, რომელიც თუ ასეთი მაღალი ხარისხის იყო, როგორსაც დაზარალებული სხდომაზე გადმოსცემდა, რატომ მანამდე არ მიმართა შესაბამის ზომებს და თუკი ეს ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმეც კი ხდებოდა, აღნიშნული მით უფრო გასაკვირია.

 

10. თუკი დაზარალებულების ჩვენებებებში ასახულ ინფორმაციას რეალურად წარმოვიდგენთ, გამოდის, რომ ზამთარში, დეკემბრის მეორე ნახევრიდან თებერვლამდე პერიოდში, წ--–--- რაიონის სოფელ ს-----–-- ბრალდებული ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე გადიოდა ეზოში, ღია სივრცეში, სადაც გზაც გადის და, შესაძლებელია, სხვა ადამიანების მიმოსვლა, ჩაიხდიდა შარვალს და სასქესო ორგანოთი გარკვეულ მოქმედებებს ახორციელებდა, რაც იმ ფონზე, რომ სხვა რაიმე მტკიცებულება არ წარდგენილა სასამართლოში, არ წარმოადგენს იმ დონის უტყუარ მტკიცებულებას, რომ მხოლოდ მათზე დაყრდნობით სასამართლოს შეეძლოს გონივრულ ეჭვს მიღმა შესაბამისი ფაქტების დადგენა. აქვე იმგვარი ეჭვიც ჩნდება, რომ თუ დავუშვებთ, რომ მაგალითად, ბრალდებული შარდავდა ეზოში, სწორედ ეს მოქმედება აღექვათ დაზარალებულებს, რისი შესაძლებლობაც საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევით არ გამორიცხულა, ხოლო ის მოქმედებები, რაზეც დაზარალებულები მიუთითებენ, არაკონკრეტიზირებული და ბუნდოვანია და იმ დისტანციის გათვალისწინებით, რაც სავარაუდოდ იყო ბრალდებულსა და დაზარალებულებს შორის შესაძლოა, აღქმაშიც ყოფილიყო პრობლემა. ყოველ შემთხვევაში ვერცერთმა დაზარალებულმა დააკონკრეტა თუ რა მოქმედებებზე იყო საუბარი, არადა მოცემულ შემთხვევაში ყველა დეტალს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამასთან ს-------------------- ბრალად წარდგენილი აქვს სასქესო ორგანოს ჩვენება. არც სასამართლო-ფსიქიატრიულ დასკვნას დაუდგენია რაიმე ისეთი ბრალდებულთან მიმართებით, რაც დამატებით მიანიშნებდა სასამართლოს ს--------------------- განსაკუთრებულ მახასიათებლებზე.

 

11. სასამართლოსთვის ნიშანდობლივია, თუ რატომ ცდილობდა სახელმწიფო ბრალმდებელი წარმოეჩინა, თითქოს ბრალდებული ჩაკეტილი პიროვნებაა და, შესაბამისად, ამის გამკეთებელი იქნებოდა მაშინ, როდესაც არც კი გამოუკითხავს დ---------–------, რომელზეც ბრალდებულის დედა მიუთითებდა, როგორც ბრალდებულის მეგობარს, ხოლო სხვა მოწმეები ვისაც ბრალდებულთან სისტემატური ურთიერთობა ჰქონდა გამორიცხავენ ს--------------------- რაიმე გადახრას ან ავადმყოფობას, ამასთან არც ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ გამოავლინა მსგავსი ხასიათის გარემოებები. გარდა ამისა, იმ გარემოებასაც მოეფინა ნათელი, თუ რატომ არ ჰყავს ს-------------------- ბევრი მეგობარი, რასთან დაკავშირებითაც აღსანიშნავია ენის ბარიერი, ასევე მისი თანატოლები სოფელში არ ცხოვრობენ, თავადაც მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოში. ისიც აღსანიშნავია, რომ ბრალდებული თავადაც არ უარყოფს, რომ გარეთაც მოუშარდავს, ხოლო ბრალდებულის დედა ჯერ კიდევ გამოძიებისას მიუთითებდა ბრალდებულის გახშირებულ შარდვასთან დაკავშირებით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუკი დაზარალებულ ი--------------- ჩვენებას დეტალურად მოვუსმენთ, იმგვარი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საუბრობს იურისტი, რომელიც ცდილობს ადევნების დანაშაულის ყველა ელემენტის გამოკვეთასა და მძაფრად წარმოჩენას. რაც შეეხება ე-–-------–---------, მან როგორც ჩანს ი--------------სთან კომუნიკაციისას მიაქცია უფრო მეტად ყურადღება, ვინაიდან ი--------------- გადმოცემით მას შესჩივლა და ე-–---- უთხრა, რომ მასაც შემჩნეული ჰქონდა. თუ ამ ჩვენების პათოსს გავიზიარებთ, მაშინ გამოდის, რომ ე-–--- დიდად შეწუხებული არ ჩანდა აღნიშნულზე და ისედაც ე-–-------–--------- აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც გადიოდა და ამის გამო ვერ შეიზღუდავდა თავს.

 

12. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ადევნების კრიმინალიზაციის საკითხებზე, რაც პირდაპირ უკავშირდება „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციას (ე.წ. სტამბულის კონვენცია, შემდგომში კონვენცია), რომელიც რატიფიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 5 აპრილს. კანონის განმარტებით ბარათში პირდაპირაა მითითებული, რომ სსკ-ის 1511 მუხლის (ადევნება - stalking) შემოტანა ზემოაღნიშნული კონვენციის 34-ე მუხლიდან გამომდინარობს. კონვენციის 34-ე მუხლის (ადევნება) თანახმად, მხარეებმა უნდა მიიღონ აუცილებელი საკანონმდებლო ან სხვა ზომები, რათა უზრუნველყონ, რომ სხვა პირის მიმართ მუქარის შემცველი განზრახი არაერთგზისი ქმედება, რომელიც იწვევს შიშს მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით იყოს კრიმინალიზებული. გარდა ამისა, 2019 წლის 3 მაისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელდა დამატება და 1661 მუხლით სამართალდარღვევად ჩაითვალა სექსუალური შევიწროვება (sexual harassment), რაც გულისხმობს საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. იმავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა. აღსანიშნავია, რომ განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული ქმედების სამართალდარღვევათა კოდექსში გაჩენა, მათ შორის, ზემოაღნიშულ კონვენციასაც უკავშირდება (იხილეთ კონვენციის მე-40 მუხლი).

 

სამართლებრივი შეფასება:

 

13. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციის განმარტებით ანგარიშს (Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence, Council of Europe, Treaty Series - No. 210), რომლის მიხედვით, ადევნება განიმარტება, როგორც განმეორებადი საფრთხის (მუქარის ან ძალადობის შემცველი) შემცველი ქცევა, რომელიც შიშს იწვევს კონკრეტულ პიროვნებაში მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ასეთი ქცევა შეიძლება შედგებოდეს განმეორებად ადევნებაში, არასასურველი კომუნიკაციის დამყარებაში ან როდესაც დაზარალებული გრძობს/იცის, რომ დაკვირვების ობიექტია. ეს გულისხმობს, ფიზიკურად გაყოლას, დაზარალებულის საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილას, სპორტულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოჩენას, ასევე ვირტუალურ საყაროში (სოციალურ ქსელებში და ა.შ.). არასასურველ კომუნიკაციას. ჩართვა გულისხმობს დაზარალებულთან ნებისმიერი აქტიური კონტაქტის დამყარებას ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით, მათ შორის, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებითა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. გარდა ამისა, საფრთხის შემცველი ქცევა შეიძლება მოიცავდეს პირის ქონების განადგურებას, პირად ნივთებზე უცნაური კვალის დატოვებას, რომელიც უკავშირდება დაზარალებულის შინაურ ცხოველებს ან ცრუ იდენტობის გამოყენებას ან არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. ამასთან, ნებისმიერი ასეთი აქტი უნდა განხორციელდეს განზრახ, დაზარალებულში შიშის გამოწვევის მიზნით (იხ. 182-ე-184-ე პუნქტები). რაც შეეხება სექსუალურ შევიწროვებას, მის განმარტებაში აღნიშნულია, რომ მისი განხორციელების ხერხები მრავალფეროვანია და მოიცავს ქცევის სამ ძირითად ფორმას: დაზარალებულისთვის არასასურველ სექსუალური ხასიათის სიტყვიერ, არასიტყვიერ და ფიზიკურ ქცევას. სიტყვიერი მოიცავს სიტყვებს ან ხმებს, რომელსაც გამოსთქვამს/გამოსცემს დამნაშავე, როგორებიცაა ხუმრობები, შეკითხვები, შენიშვნები და შეიძლება გამოიხატოს ზეპირად ან წერილობით; არასიტყვიერი მოიცავს ყველაფერს გარდა ხმისა და სიტყვებისა, მაგალითად, სახის გამომეტყველებები, ხელის მოძრაობები ან სიმბოლოები; რაც შეეხება ფიზიკურს, იგი მიემართება დამნაშავის ნებისმიერი სახის სექსუალურ ქცევას და შეიძლება მოიცავდეს დაზარალებულის სხეულთან შეხებასაც. ყველა შემთხვევაში, აღნიშნული უნდა იყოს სექსუალური ხასიათის და დაზარალებულისთვის არასასურველი ამასთან, იგი უნდა ისახავდეს მიზნად ან იწვევდეს დაზარალებულის ღირსების შელახვას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამნაშავის ქმედება ქმნის მტრულ, დამაშინებელ, დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ ან არასასურველ გარემოს (208-ე პარაგრაფი).

 

14. ზემოაღნიშუნლისა და საქართველოს კანონმდებლობის დეტალური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია თამამად ითქვას, რომ ს--------------------- ქმედებები, თუკი დაზარალებულების ჩვენებებს გავიზიარებთ, უფრო მეტად წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1661 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას - სექსუალურ შევიწროვებას, ვიდრე სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს - ადევნებას. სხვათა შორის, სტამბოლის კონვენციის განმარტებებიც იმავეზე მიუთითებს. ის, რაც ს--------------------- ბრალდების დადგენილებაშია აღნიშნული განსაკუთრებით ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, თანხვედრაში მოდის სასკ-ის 1661 მუხლის შემადგენლობასთან - საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს, ხოლო ის რასაც დაზარალებულების განცხადებით ს-------------------- აკეთებდა აღწერილია ამავე მუხლის შენიშვნაში - სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა, რაშიც შეიძლება მოვიაზროთ ის გაურკვეველი მოქმედებები, რომლებსაც დაზარალებულების თქმით ს-------------------- შარვლის ჩახდის შემდეგ აკეთებდა. მით უმეტეს ბრალდების დადგენილებაში მხოლოდ სასქესო ორგანოს ჩვენებაზეა საუბარი. ბუნებრივია, მოცემულ საქმეში, ურთულეს საკითხს წარმოადგენს ს--------------------- განზრახვის (ძირითადად პირდაპირი განზრახვა იგულისხმება) დადგენა, რისი დადასტურებულად, უტყუარად აღწერაც შეუძლებელია.

 

15. ამასთან გამორიცხულია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სისტემატურობამ განსაზღვროს ქმედება დანაშაულია თუ სამართალდარღვევა, ვინაიდან სამართალდარღვევათა განმეორებითობა თავისთავად ვერასდროს განაპირობებს ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციას, ვერ გარდაიქმნება დანაშაულად და ყოველ ჯერზე იქნება სამართალდარღვევა. ეს წესი გამოიყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლში მითითებული იქნება განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, მაგალითად, როგორც სსკ-ის 273-ე მუხლის შემადგენლობაა განსაზღვრული. ამ მუხლის მიხედვით, დანაშაულია მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. ამ შემთხვევაშიც საჭიროა პირი იყოს სახდელშეფარდებული და შემდეგ ჩაიდინოს იგივე ქმედება და არა ზოგადად ორი სამართალდარღვევა მიიჩნევა დანაშაულად.

 

16. სასამართლო ასევე შეეხება ადევნებისა და სექსუალური შევიწროვების შემადგენლობის რამდენიმე ნიშანს და პარალელებს გაავლებს მოცემული საქმის გარემოებებთან. სასკ-ის 1661 მუხლის მიზნებისათვის, საზოგადოებრივ ადგილად ასევე უნდა მოვიაზროთ იმგვარი ადგილი, რომელზეც საზოგადოებას ხელმისაწვდომობა აქვს. მოცემულ შემთხვევაში, ს--------------------- ეზო, რომლის დანახვაც შესაძლებელი იყო როგორც ი---------------, ისე ე-–-------–--------- სახლიდან და ზოგადად გზიდან, სწორედ ასეთ ადგილად მიიჩნევა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სასამართლომ უკვე განსაზღვრა სისტემატურობის საკითხის არაპრობლემურობა ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევის კონტექსტში. რაც შეეხება იმას, ს--------------------- ქმედებამ დაზარალებულთა ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია თუ არა, ეს კითხვა პასუხგაუცემელია, იქედან გამომდინარე, რომ ზოგადად კონკრეტული გარემოებები სასამართლომ ვერ დაადგინა, თანაც ფსიქიკური ტანჯვის შეფასება მხოლოდ დაზარალებულის სუბიექტური განცხადებების ფონზე იყო შესაძლებელი, რაც ასევე ბევრ შეკითხვას აჩენს. გარდა ამისა, თუ ასეთს (ფსიქიკურ ტანჯვას) ადგილი ჰქონდა, ს--------------------- ქმედება თითოეულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, ამ კონტექსტში კი, კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაჩნდება ტანჯვის გამოწვევასთან დაკავშირებით. იგივე მოცემულობაა ადევნების შემადგენლობის შემდეგ ნიშანზე - ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას ქმნის. ბუნებრივია, ის, რაც აღწერილია სექსუალური შევიწროვების დისპოზიციაში მარტივი შესაძლებელია თავისთავად შექმნას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის საჭიროება, რაც ვერ იქნება ქმედების აუცილებლად დანაშაულად მიჩნევის საფუძველი ანუ იდენტური მოცემულობაა სამართალდარღვევის შემთხვევაშიც. ამ მხრივ, ძნელია იმ მიჯნის გავლება, რომელიც ქმედებას აქცევს ადევნებად ან სექსუალურ შევიწროვებად, ამიტომ ამ ორს შორის განსხვავების განმსაზღვრელი სხვა ელემენტებია.

 

17. ამდენად, სასამართლოს შეფასებით ის, რაც შეიძლება იყოს ერთი დარგის პასუხისმგებლობის საგანი ვერ გახდება მეორე, თუკი არ იარსებებს განჭვრეტადი საკანონმდებლო ბაზა ამ თვალსაზრისით, რაზეც სასამართლომ ზევით უკვე ისაუბრა. თანაც, შინაარსობრივად მკაფიო მიჯნის გავლა იმ სიტუაციას, რაც ბრალის დდგენილებაშია ასახული და ადევნების შემადგენლობას შორის, შესაძლებელია სტამბოლის კონვენციის მე-40 მუხლისა და ასკ-ის 1661 მუხლის გაანალიზების შედეგად.

 

18. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

19. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

20. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა რომ ს--------------------- განახორციელა ადევნება, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა

 

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ს--------------------- საქართველოს სსკ-ის 1511 მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს-------------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ს--------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ს-------------------- უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი