1. სექსუალური შევიწროება − საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს 1 თვემდე ვადით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სამართალდამრღვევისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 800 ლარამდე ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში ან ორი ან ორზე მეტი პირის მიერ −

გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს 1 თვემდე ვადით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.

შენიშვნა: ამ კოდექსის მიზნებისთვის სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.

საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4552 – ვებგვერდი, 10.05.2019