განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/18-19
გამოძიების #0-----------
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
27 ივნისი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა---------–-------------------------, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–---------------, პ/ნ 2----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, უმუშევარი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თ------–-------------------------–----------–-, ნასამართლობის არ მქონე.
ადვოკატი - გ---–------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი; 187-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით; სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2----–-–--------------, დაახლოებით 02:30 საათზე, თ------–-------------------------–-----------------------–----------- არსებული გზის მონაკვეთზე, ავტომანქანაში, ადმინისტრაციულად დაკავებულმა ა---------–-------------, თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს პოლიციის მუშაკებს - ლ-------------- და ბ------------–------- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გაუწია წინააღმდეგობა, რა დროსაც, მათ საქმიანობის შეწყვეტის მიზნით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
1.2. 2----–-–--------------, დაახლოებით 03:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კ-----–- მდებარე ა---------- პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ა---------–------------- განზრახ, მარცხენა ფეხის დარტყმის გზით დააზიანა შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს ა---------- პოლიციის განყოფილების მინა და ფარდა-ჟალუზი, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა 263,7 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა 2----–-–--------------, დაახლოებით 02:30 საათზე, თ------–-------------------------–-----------------------–----------- არსებული გზის მონაკვეთზე, ავტომანქანაში, ადმინისტრაციულად დაკავებული ა---------–------------- მიერ, თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს პოლიციის მუშაკების - ლ-------------- და ბ------------–-------------- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობის გაწევა, რა დროსაც, მათ საქმიანობის შეწყვეტის მიზნით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.2. 2----–-–--------------, დაახლოებით 03:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კ-----–- მდებარე ა---------- პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ა---------–------------- განზრახ, მარცხენა ფეხის დარტყმის გზით დააზიანა შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს ა---------- პოლიციის განყოფილების მინა და ფარდა-ჟალუზი, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა 213,7 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს უტყუარობის, რელევანტურობისა და დასაშვებობის პრინციპების საფუძველზე.
3.1. პოლიციის წინააღმდეგობის ეპიზოდი
3.1.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით. (ა) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანების დანართის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს [შინაგან საქმეთა] სამინისტროში ან სსიპ-ში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი. (ბ) აღნიშნული დანაშაულის დაცვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს პოლიციის მუშაკის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებითი ობიექტია პოლიციელის პირადი უსაფრთხოება და ხელშეუხებლობა, თავისთავად ჯანმრთელობაც, ვინაიდან როდესაც ძალადობაზეა საუბარი ამან შეიძლება ჯანმრთელობის დაზიანებაც გამოიწვიოს. (გ) დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობაში, რომელიც აუცილებლად ძალადობრივი ხერხით ხდება (ან ძალადობის მუქარით, რაც მოცემული საქმისთვის არარელევანტურია), ძალადობა შეიძლება გამოიხატოს როგორც ცემაში, ასევე სხვაგვარ ძალადობაში, მაგ. ერთჯერადი დარტყმა, მოქაჩვა, ყელში წაჭერა და ა.შ. აუცილებელი არ არის, რომ ძალადობამ აუცილებლად რაიმე სახის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს. (დ) სსკ-ის 353-ე მუხლი მიზნით დაფუძნებული დელიქტია და პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა უნდა განხორციელდეს მისი საქმიანობის შეწვეტის მიზნით, ბუნებრივია, ამგვარი საქმიანობა უნდა იყოს კანონიერი. ამიტომ დამნაშავე ყოველთვის პირდაპირი განზრახვით მოქმედებს, გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინაარმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი. (ე) დანაშაული ფორმალური ხასიათისაა და იგი დამთავრებულად ჩაითვლება ქმედების დაწყებისთანავე, მნიშვნელობა არ აქვს ძალადობამ გამოიწვია თუ არა პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტა ან რაიმე სახის დაზიანება.
3.1.2. სასამართლო სწორედ აღნიშნული ელემენტების საფუძველზე შეაფასებს მტკიცებულებებს ქრონოლოგიურად, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის მიხედვით, #0----------- საქმეზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2----–-–-------------- თ------–-------------------------–----------–- მცხოვრები ა---------–------------- მიერ თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს ა---------- პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობის წინა ფასადის მინის დაზიანების ფაქტზე; იმავე პოლიციის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის ლ------------- ე.წ. პატაკის (#M----------------) შესაბამისად, რომელიც თარიღდება 2019 წლის 13 იანვრით, იმავე დღეს ბ------------–---------- და კ-------------–---–---- ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გადაამოწმეს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე, რომელსაც ჰკითხეს ვინაობა, ის კი გაღიზიანდა აღნიშნულზე და მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოწოდების მიუხედავად არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას შეეწყვიტა წესრიგის დარღვევა, რის გამოც იგი ადგილზევე დააკავეს და „პოლიციის ა/მანქანაში ჩასმისას ა---------–------------- მე და ბ------------–------- დაგვიწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება“, რის შემდეგაც გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ასევე პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, შემდეგ კი მოულოდნელად ჩაამსხვრია ფასადის მინა/ჟალუზი; ადმინისტრაციული დაკავების #ბი 0-------- ოქმის მიხედვით, რომელიც შედგენილია ლ------------- მიერ, ირკვევა, რომ 2----–-–--------------, თ------–-------------------------–----------–-, არაფხიზელ მდგომარეობაში ქუჩაში იმყოფებოდა ა---------–------------, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ოქმის შედგა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება); 2019 წლის 13 იანვრის ხელწერილის მიხედვით, ა---------–------------ იმავე დღეს გათავისუფლდა ადმინისტრაციული დაკავებიდან. მან უარი განაცხადა გამოკითხვასა და ალკოტესტით შემოწმებაზე; თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1------------------ დადგენილებით შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება ა---------–------------- მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ არ დადასტურდა მის მიერ საქართველოს ასკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, ლ------------- (შემოწმდა 2----–-–--------------) ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშანი არ აღენიშნება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, ბ------------–------- (შემოწმდა 2----–-–--------------) აღენიშნება სისხლნაჟღენთი სახის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
3.1.3. რაც შეეხება პოლიციელების ჩვენებებს: ლ------------- (დაზარალებული) განმარტა, რომ 2----–-–--------------, ღამით, პატრულირებდნენ ა--------–- ის, ბ------------–------- და კ-------------–---–-. დაახლოებით 2-3 საათის პერიოდში ქუჩაში გადაადგილდებოდა უცხო მამაკაცი ე.წ. კაპიშონში, ამიტომ გადასამოწმებლად შეაჩერეს, სხვა არაფერი ხდებოდა, ის და ბ------------–------- მივიდნენ მასთან, გააცნეს თავიანთი ვინაობა და მოსთხოვეს პირადობის მოწმობა, რა დროსაც ეცვათ ფორმის ტანსაცმელი. ამ მოთხოვნისთანავე ბრალდებული გახდა აგრესიული, დაიწყო შეგინება და ეუბნებოდა თუ რატომ არ იცნობდნენ მას. ამის გამო დააკავეს, ჩასვეს ავტომანქანის სალონის უკანა მხარეს, კ-------------–---–- დაჯდა საჭესთან, თავად ბრალდებულის მარჯვნივ, ხოლო ბ------------–------- მარცხნივ დაუჯდა, შუაში ჩაისვეს. ავტომანქანაში სინათლე ენთო. ბრალდებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ, ხოლო ფიზიკური შეურაცხყოფა მანქანაში ჩასმის შემდეგ დაიწყო. გზად ვიდრე მივიდოდნენ პოლიციის განყოფილებამდე ბრალდებული ყველაფერს იქნევდა, ხელებს და თავს ურტყამდა, რის შედეგადაც განიცდიდა ტკივილს, ერთი 10-ჯერ დაარტყა თავში, შეიძლება 7-ჯერ ან 15-ჯერაც დაარტყა, ძირითადად თავს ურტყამდა, იდაყვიც დაარტყა მკერდში, რა დროსაც ეტკინა. მას დაზიანებები არ დარჩა. გზაში აკავებდნენ ორივენი, თუმცა ენერგიას რომ აღიდგენდა ისევ ურტყამდა. ბრალდებული ბ------------–-------აც ურტყამდა, მაგრამ დეტალები არ ახსოვს. ბრალდებული მანქანაში იგინებოდა და იძახდა, რომ იყო ა---------–------------, განყოფილებაში დაადგინეს ვინაობა. დაახლოებით 15 წუთი დასჭირდათ პოლიციის განყოფილებამდე, რომ გადმოიყვანეს მანქანიდან შეწყვიტა. არ ჩათვალეს საჭიროდ დამხმარე ძალის გამოძახება და როგორც შეძლეს თავად შეაჩერეს, ხელბორკილები არ ჰქონდათ; ბ------------–-------ს (დაზარალებული) ჩვენებით, 2019 წლის 12 იანვრის დილიდან ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, აღნიშნული პოლიციის თანამშრომლები 13 იანვარს ღამის 2-3 საათების პერიოდში მოძრაობდნენ ა--------–- პრევენციის მიზნით, შეამჩნიეს პიროვნება ე.წ. კაპიშონით, რომელიც არაფერს აშავებდა. ის და ლ------------ გადავიდნენ, კ-------------–---–- არ გადავიდა ვერ იცნო ე.წ. კაპიშონში, წარუდგინეს საკუთარი თავი, სამსახურებრივი ფორმით იყვნენ, ზოგადად კამერა აქვთ, თუმცა მწყობრიდან იყო გამოსული დიდი ხანია, ქუჩაც განათებული იყო და ჩანდნენ, რომ იყვნენ პოლიციელები. პიროვნება იყო ნასვამი, სთხოვეს პირადობის მოწმობა და ჰკითხეს სახელი, რაზეც ბრალდებულმა განუცხადა, თუ რატომ არ იცნობდნენ და დაუწყო გინება საკმაოდ უწმაწური სიტყვებით. მოუწოდეს შეეწყვიტა აღნიშნული და ადეკვატურად მოქცეულიყო, რადგან მხოლოდ სახელს ეკითხებოდნენ, თუმცა ბრალდებული იგივეს აგრძელებდა, რის გამოც დააკავეს ადმინისტრაციული წესით შეურაცხყოფასა და დაუმორჩილებლობაზე. მოკიდეს ხელი და ჩასვეს მანქანაში, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა, არ დაემორჩილა, ფიზიკური ძალის გამოყენება დასჭირდათ მანქანაში რომ ჩაესვათ, წინააღმდეგობას უწევდა, ნებით არ ჩაჯდა, ხელბორკილი თან არ ჰქონდათ. მანქანაში შუქი ენთო, თავად მარცხნივ დაუჯდა, ხოლო ლ------------ - მარჯვნივ, კ-------------–---–- კი - საჭესთან. ბრალდებული მანქანაში ჩასმის შემდეგ უფრო აგრესიული გახდა, გზაში აგინებდა, ყველაფერს ურტყამდა ხელებს, ფეხებს, თავს, მუხლებს, ძირითადად - თავს და მუხლს. როგორც შესძლეს უკავებდნენ ხელს, მაქსიმალურად ცდილობდა, ერთი ხელი ლ------------- ჰქონდა გაკავებული, ერთი - მას, მაინც ვერ აკავებდნენ. თავად განიცდიდა ტკივილს, ზუსტად არ ახსოვს რამდენჯერ დაარტყა, თუმცა ბევრჯერ დაარტყა, სხეულის ყველა ადგილზე მოხვდა. დაახლოებით 15 წუთი დასჭირდათ პოლიციის განყოფილებამდე და ამ დროის განმავლობაში სულ ურტყამდა ბრალდებული, ხელს რომ უკავებდა, ფეხს ურტყამდა, მერე მუხლს, მერე თავს. თავი დაარტყა იქ, სადაც დაზიანება აქვს, მანამდე აღნიშნული დაიზაინება არ ჰქონია. მანქანაში თქვა, რომ იყო ა---------–------------, კ-------------–---–- ეუბნებოდა, რომ ნუ არტყმევინებდნენ, ამ უკანასკნელმა იცნო თუ არა არ იცის. ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობა შეწყვიტა, როცა დაადეს ბორკილები პოლიციის განყოფილებაში. მანქანიდან გადმოყვანის მომენტშიც პოლიციის განყოფილების შენობამდე მიყვანამდეც ურტყამდა; კ-------------–---–-ს (გამომძიებელი) განმარტებით, ზემოაღნიშნულ თანამშრომლებთან ერთად გადაადგილდებოდა ა--------–- პრევენციის მიზნით, დაახლოებით 02:02 საათზე შენიშნეს პიროვნება, რომელიც გადაადგილდებოდა ცენტრალურ გზაზე ე.წ. კაპიშონით. გადამოწმების მიზნით მივიდნენ ვინაობის საკითხად, რაზეც პიროვნება გახდა აგრესიული და დაუწყო ლანძღვა-გინება. თავადაც გადავიდა, მიახლოვებისას იცნო, მოუწოდა დაწყნარებულიყო და დამორჩილებოდა კანონიერ მოთხოვნას. განუმარტეს, რომ დააკავებდნენ თუ არ დაემორჩილეობოდა, თუმცა ბრალდებულმა კვლავ განაგრძო მათ მიმართ გინება, რის გამოც დააკავეს და ჩასვეს მანქანაში, უკანა ნაწილში. გვერდებზე დაუსხდნენ ლ------------ და ბ------------–-------, შესაბამისად, მარჯვნივ და მარცხნივ, თავად საჭესთან დაჯდა. მანქანაში სინათლე აანთო. ბორკილები თან არ ჰქონდათ. გზაში იყვნენ 10-15 წუთი და ამ ხნის განმავლობაში ბრალდებული გაუჩერებლივ იქცეოდა აგრესიულად, ურტყამდა ხელებს, ფეხებს, აგინებდა. ხელების გაკავების შემდეგ თავს ურტყამდა, სარკეში უყურებდა მის ქმედებებს და თანამშროლებს მოუწოდებდა შეეჩერებინათ, ნუ არტყმევინებდნენ. ორივეს მიმართულებით იქნებდა ხელებსა და ფეხებს. ხელები რომ შეუკავეს, თავის დარტყმა დაიწყო, რამდენჯერ არ დაუნახავს. ხელებს რომ იქნევდა ხედავდა. ხელებს რომ ურტყამდა და იქნევდა უფრო ხედავდა მარჯვენა მხარეს, ანუ გ------- მხარეს. როგორც სარკეში ხედავდა მარცხნივაც იქნევდა. ზუსტად არ იცის რამდენჯერ დაარტყა. გ------- ორჯერ დაარტყა სახის არეში, როგორც მან დაინახა მხოლოდ ხელი, თავით დარტყმა მას არ დაუნახავს. როცა ბ--------- ხელები დაუჭირა, ბ--------- დაიძახა „თავი დამარტყაო“. ბრალდებული ავტომანქანიდან გადაყვანის დროსაც აგრესიული იყო.
3.1.4. ა---------–------------- განმარტებით, 2019 წლის 12 იანვარს, ა--------–- ეხმარებოდა მეგობარს, შემდეგ იქეიფეს, 12 საათის (იგულისხმება ღამის დრო) შემდეგ ბრუნდებოდა სახლში ფეხით, იყო ნასვამი, დაახლოებით 7-8 ჭიქა ღვინო ჰქონდა დალეული. გზაში შეხვდა ავტომანქანა, რომელიც გაჩერდა, ისე დაელაპარაკნენ მანქანიდან, რომ ვერ გაიგო, ეგონა, რომ ნაცნობი იყო, თუმცა ვერ გაარკვია ნათქვამის შინაარსი. თავად მიუახლოვდა მანქანას და მაშინ მიხვდა, რომ პოლიცია იყო, რადგან ფორმა ეცვათ იქ მსხდომებს. საჭესთან იჯდა ლ------------, გვერდით ეჯდა კ-------------–---–-. სთხოვეს პირადობის მოწმობა, თან არ ჰქონდა. იცნობდა კ-------------–---–-, მას უთხრა რომ არ ჰქონდა საბუთები, მეგობართან იყო და აუხსნა სიტუაცია. უთხრა, რომ ა----- იყო, ხომ იცნობდა, მან კი შეურაცხმყოფელად უპასუხა, თუ საიდან უნდა სცოდნოდა, ვინ იყო და დაუწყო გინება. გინება იმათ დაუწყეს, ანალოგიურად მანაც ვერ შეიკავა თავი. აღნიშნულზე აღელდა, გადმოვიდნენ მანქანიდან და დაუწყეს ჯიკაობა, შემდეგ მანქანაში შეტენეს, ამ დროს ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, სანამ ჩასვამდნენ, ურტყამდნენ და ისე ჩააგდეს მანქანაში. დააგდეს უკანა სავარძელზე და ზემოდან დაასხდნენ ორნი. არ ახსოვს ფეხები მოხრილი ჰქონდა თუ არა, გვერდზე იწვა სალონში, საჭის მხარეს ჰქონდა თავი. თავს ვერ წევდა. მძიმე რომელიც იყო, ის ზურგზე ეჯდა, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ზურგზე. მანქანაში სინათლე ენთო თუ არა არ ახსოვს. მანქანაში ცუდად გახდა, თან შეურაცხყოფას აყენებდნენ, წყალს ითხოვდა და არ დაალევინეს, იძახდა რომ ცუდად იყო. აგინებდა სამივე, გზაში საჭესთან იჯდა კ-------------–---–-. ბორკილების დადების ფაქტი ზუსტად არ ახსოვს. პოლიციის განყოფილებაშიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციის განყოფილებაში სადაც იჯდა იქიდან ძირს გადმოაგდეს და ურტყამდნენ, თუმცა არ ახსოვს კონკრეტულად ვინ. შემდეგ გადაიყვანეს იზოლატორში, ფეხზე ჰქონდა ტრავმა სისხლი მოსდიოდა და ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, უთხრა, რომ სცემეს, არ მიქციეს ყურადღება, უთრეს რომ არაფერი სჭირდა ისეთი. სასწრაფოს ექიმები მივიდნენ იზოლატორში, წნევა გაუსინჯეს, ეუბნებოდა ცუდად იყო, თუმცა უთხრეს, რომ არაფერი სჭირდა სერიოზული. მეორე დღეს გაუშვეს სახლში. მინის ჩამსხვრევის მომენტი არ ახსოვს, ცუდად იყო, სასწრაფოს ითხოვდა, თუმცა დასცინოდნენ და აგინებდნენ. ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. რომ იჯდა ვიღაცამ ჩაარტყა, დავარდა და მერეც ურტყამდნენ, მინის ჩამსხვრევის მომენტი არ ახსოვს, ცუდად იყო. სასწრაფოს სთხოვდა, რაზეც დასცინოდნენ და აგინებდნენ. თანამშრომლები ეუბნებოდნენ რომ არაფერი სჭირდა დაზიანებებზე, დაწყნარებულიყო, პოლიციამ სასწრაფო არ გამოიძახა. ხელსახოცის თხოვნა არ ახსოვს.
3.1.5. ვიდრე ზემოაღნიშნულ ფაქტებს შეაფასებს სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე არსებით მომენტზე. უპირველესად ეს ეხება პოლიციელების კონტაქტს ა---------–-------------თან, რისი მიზეზიც მისი ვინაობის დადგენა იყო, ხოლო საფუძველს წარმოადგენდა ამ პირის ღამის საათებში გადაადგილება. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციას უფლება აქვს, მოახდინოს პირის იდენტიფიკაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პირის ვინაობის დადგენა იმავე პუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით შეუძლებელია ან დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან და პირის იდენტიფიკაცია აუცილებელია სამართალდარღვევათა პრევენციისათვის, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს პირდაპირი კავშირი აქვს ჩადენილ სამართალდარღვევასთან. ხოლო მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაადგინოს პირის ვინაობა ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან, რისთვისაც შეუძლია შეაჩეროს იგი, გამოჰკითხოს პერსონალური მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა, თუ: ა) პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა ან ჩაიდენს მას; გ) პირი იმყოფება სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე ან სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების ადგილზე; დ) პირს თან აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იარაღი, რომლის ტარებაც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, და ამ იარაღის ტარების უფლების დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია; ე) პირი იმყოფება დანაშაულის ან საგზაო-სატრანსპორტო ან სხვა საგანგებო შემთხვევის ადგილზე; ვ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გარეგნული ნიშნები ან პირის მოქმედება სამართალდარღვევაში მის შესაძლო მონაწილეობაზე მიანიშნებს. აღნიშნული საფუძვლები ამომწურავია და სხვა შემთხვევებს პოლიციის შესახებ კანონი არ ითვალისწინებს. ლ-------------, ბ------------–-------სა და კ-------------–---–-ს განმარტებით ა---------–------------- შეჩერების მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ ე.წ. კაპიშონი ჰქონდა გადაფარებული და ღამის საათებში მოძრაობდა ქუჩაში. სასამართლოსთვის გაურკვეველია რატომ წარმოადგენს აპრიორში საეჭვო გარემოებას ადამიანის ღამით ქუჩაში გადაადგილება, საქართველოს კანონმდებლობა არ უკრძალავს მოქალაქეებს ამგვარ მოქმედებას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ის კი არ არის ადამიანი დღე-ღამის რომელ პერიოდში გადაადგილდება საჯარო სივრცეში, არამედ პოლიციის შესახებ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები სახეზეა თუ არა. პოლიციის მუშაკის სტატუსი არ გულისხმობს იმ უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების შესაძლებლობას, რაც მას საქართველოს კანონმდებლობით აქვს მინიჭებული. მოცემულ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ პოლიციელების კონტაქტი ა---------–-------------თან არ შეესაბამებოდა პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრულ უფლებამოსილებას, რასაც თავადაც არ უარყოფენ, ხოლო ე.წ. „კაპიშონი“, რატომ წარმოადგენს საეჭვო ატრიბუტს ჩაცმულობაში, თანაც ზამთარში, 13 იანვარს, გაურკვეველია. როგორც ჩანს, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მეტი ძალისხმევა მართებთ, რათა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები მსგავსი წარმოდგენებისგან და შეხედულებებისგან გათავისუფლდენენ. ფაქტია, პოლიციის თანამშრომლებმა ვერ წარმოადგინეს მინიმალური მიზეზიც კი იმისა, თუ რატომ იყო აუცილებელი ა---------–------------- შეჩერება, მოქალაქის, რომელსაც უბრალოდ ღამის დროს მოუწია სახლში დაბრუნება და საერთოდ არაფერს აშავებდა. ისიც ნიშანდობლივია, რომ პოლიციის ავტომანქანაში მძღოლის გვერდით, მარჯვნივ, ანუ იმ მხარეს, რომელიც პირდაპირ შემხებლობაში იყო ა---------–-------------თან იჯდა კ-------------–---–-, რომელიც ასურეთიდან იყო და უფრო ლოგიკური იქნებოდა თუკი სწორედ ის გადავიდოდა და გაარკვევდა ამ პირის ვინაობას, ასეთ გადასვლას თუ ჰქონდა საერთოდ ადგილი, რადგან ბრალდებულის განმარტებით იგი დაძახებაზე თავად მიუახლოვდა პოლიციის ავტომანქანის წინა მარჯვენა ფანჯარას რა დროსაც შენიშნა ფორმიანი პირები. ამ კონტექსტში ასევე გაუგებარია, თუ რატომ იყო საჭირო ორი პოლიციელის გადასვლა, თუკი ეს პირი არაფერს „აშავებდა“, თანაც განათებულ ქუჩაზე, სადაც წესით ყველაფერი კარგად ჩანდა. ისიც ნიშნადობლივია, რომ ლ-------------- და ბ------------–-------ს ჩვენებებით მათ მხოლოდ მანქანაში შეიტყვეს ა---------–------------- ვინაობა პირადად მისგან, ხოლო კ-------------–---–-ს განმარტებით, ისიც გადავიდა ავტომანქანიდან და იცნო ა---------–------------. თუ ეს ასე მოხდა მაშინ გაურკვეველია ლ-------------- და ბ------------–-------ს განმარტებები ამ საკითხზე. სწორედ ამიტომ, სასამართლო დარწმუნებული არ არის, რომ მოვლენები სწორედ ისე განვითარდა, როგორც პოლიციის თანამშრომლები ყვებიან, რასთან დაკავშირებითაც სერიოზული ეჭვები გაჩნდა. ბუნებრივია, აღნიშნული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა არა გადამწყვეტი ფაქტორი იმ ფაქტის შესაფასებლად, რაც სსკ-ის 353-ით წარდგენილ ბრალდებაში ასახულ გარემოებებს ეხება. ისიც გასაკვირია, რომ 3 პოლიციელი გასულია სამოქმედო ტერიტორიაზე პრევენციული ღონისძიებების ჩასატარებლად და არცერთს ხელბორკილი არ აქვს თან, იმაზე საუბარიც კი ზედმეტია, რომ მათ არ ჰქონდა სამხრე კამერები, რომელზეც მოწმეებმა განმარტეს, რომ დიდი ხანია გაფუჭებულია და თუ ეს ასეა საინტერესო და სამწუხაროა, თუ ამ „დიდი ხნის“ მანძილზე რატომ არ ხდება მათი შეკეთება და იმ მიზნით გამოყენება, რისთვისაც იყო შეძენილი, რაც საბოლოო ჯამში ფაქტების ობიექტურ აღქმაში ეხმარება იმ ორგანოებს, რომლებმაც უნდა შეაფასონ მსგავსი ინციდენტები. გარდა ამისა, არ დადასტურდა ა---------–------------- მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.
3.1.6. მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი ამ ინციდენტში ა---------–------------- მანქანაში ჩასმის ეპიზოდია. მოწმეებმა - ლ------------- და კ-------------–---–-- ამ მომენტზე მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ა---------–------------ გახდა აგრესიული, დააკავეს და ჩასვეს მანქანის უკანა სავარძელზე მაშინ, როდესაც ბ------------–-------- აღნიშნა, რომ ფიზიკური ძალის გამოყენება დასჭირდათ ა---------–------------- ავტომანქანაში ჩასასმელად, რადგან წინააღმდეგობას უწევდა და ნებით არ ჩაჯდა. როგორც ჩანს, ბ------------–------- თავად იყო ჩართული ბრალდებულის ავტომანქანქანაში ჩასმის პროცესში და თუ მის განმარტებას გავიზიარებთ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით ამ მომენტს ადვილად არ უნდა ჩაევლო, შესაბამისად, ჩნდება ეჭვი იმის თაობაზე, სწორედ ამ მომენტში ხომ არ მიიღო მან ის დაზიანება, რაც სახეზე აღმოაჩნდა, მაგალითად ავტომანქანის ძარაზე ან კარზე, რადგან ამ ეპიზოდის დეტალები პოლიციელებს არ დაუკონკრეტებიათ. ბუნებრივია ბ------------–-------სთვის, როგორც ამ პროცესში, ისე ავტომანქანაში მოხდართან დაკავშირებით მონაყოლის გათვალისწინებით შეუძლებელი იქნებოდა იმის აღქმა, თუ ასეთს მართლაც ჰქონდა ადგილი, რომელი დარტყმის ან მოქმედების შედეგი იქნებოდა ეს დაზიანება. ბ------------–-------ს განმარტება, რომ ბრალდებულმა მას თავი დაარტყა, რაზეც დარჩა შესაბამისი დაზიანება არასარწმუნოა, ვინაიდან იგი ასეთი დარწმუნებული ვერ იქნება იმაში, რომ სწორედ ამ დროს მიიღო დაზიანება, რადგან მისი განმარტებით ბრალდებულმა არაერთხელ დაარტყა თავი, თან იმ სიტუაციაში, რომ ვერ აკავებდნენ ამის ზუსტი ცოდნა შეუძლებელია.
3.1.7. მესამე და მთავარი მონაკვეთი ავტომანქანაში განვითარებული მოვლენებია, რაშიც ბრალდების მხარე ედავება ა---------–-------------. ლ------------- განმარტებით, ვინაიდან არ ჰქონდათ ხელბორკილი გაუძნელდათ მისი შეკავება, რა დროსაც ავტომანქანაში გზად ვიდრე მივიდოდნენ პოლიციის განყოფილებამდე ბრალდებული ყველაფერს იქნევდა, ხელებს და თავს ურტყამდა, რის შედეგადაც განიცდიდა ტკივილს, ერთი 10-ჯერ დაარტყა თავში, შეიძლება 7-ჯერ ან 15-ჯერაც დაარტყა, ძირითადად თავს ურტყამდა, იდაყვიც დაარტყა მკერდში, რა დროსაც ეტკინა. მას დაზიანებები არ დარჩა. ბრალდებული ბ------------–-------აც ურტყამდა, მაგრამ დეტალები არ ახსოვს. ბ------------–-------ს განმარტებით, ყველაფერს ურტყამდა ხელებს, ფეხებს, თავს, მუხლებს, ძირითადად - თავს და მუხლს. როგორც შესძლეს უკავებდნენ ხელს, მაქსიმალურად ცდილობდა, ერთი ხელი ლ------------- ჰქონდა გაკავებული, ერთი - მას, მაინც ვერ აკავებდნენ. თავად განიცდიდა ტკივილს, ზუსტად არ ახსოვს რამდენჯერ დაარტყა, თუმცა ბევრჯერ დაარტყა, სხეულის ყველა ადგილზე მოხვდა. დაახლოებით 15 წუთი დასჭირდათ პოლიციის განყოფილებამდე და ამ დროის განმავლობაში სულ ურტყამდა ბრალდებული, ხელს რომ უკავებდა, ფეხს ურტყამდა, მერე მუხლს, მერე თავს. თავი დაარტყა იქ, სადაც დაზიანება აქვს, მანამდე აღნიშნული დაზიანება არ ჰქონია. პოლიციელების განმარტებით დაახლოებით 15 წუთი დასჭირდათ პოლიციის განყოფილებამდე და თუ მათ ჩვენებებს გავიზიარებთ გამოდის, რომ ბრალდებული 15 წუთის განმავლობაში მოკლე შესვენებებით (რაც ენერგიის აღსადგენად სჭირდებოდა) ხელებს, ფეხებს, მუხლებს, იდაყვსა და თავს ურტყამდა ლ-------------- და ბ------------–-------, რის შედეგადაც ლ------------- არავითარი დაზიანება მიიღო, ხოლო ბ------------–-------ს განმარტებით, სისხლნაჟღენთი სახის მიდამოში, სწორედ ამ დარტყმის შედეგად მიიღო, თუმცა სასამართლო ასეთი დარწმუნებული ვერ იქნება, როგორც თავად დაზარალებული, უტყუარი მტკიცებულება ამის თაობაზე არ არსებობს, ხოლო მხოლოდ ბ------------–-------ს ჩვენებით ამის დადგენა ზემოაღნიშნული მიზეზების გარეშე შეუძლებელია. ფაქტობრივად 15-წუთიანი ძალადობის მიუხედავად ლ------------- არავითარი დაზიანება არ დარჩა, ხოლო ბ------------–---------- დაკავშირებით უკვე აღინიშნა ერთი [სავარაუდოდ ამ დროს მიღებული] სისხლნაჟღენთი. აღსანიშნავია, რომ კონკრეტული ინფორმაცია პოლიციელების მხრიდან სასამართლოში არ თქმულა, კერძოდ ლ------------- ჩვენებით, ბრალდებული ბ------------–-------აც ურტყამდა, მაგრამ დეტალები არ ახსოვს, ბ------------–------- საერთოდ არ აღნიშნავს ბრალდებულის მიერ ლ------------ზე ძალადობას, ხოლო კ-------------–---–-ს ჩვენებით, ხელები რომ შეუკავეს, თავის დარტყმა დაიწყო, რამდენჯერ არ დაუნახავს. ხელებს რომ ურტყამდა და იქნევდა უფრო ხედავდა მარჯვენა მხარეს, ანუ გ------- მხარეს. როგორც სარკეში ხედავდა მარცხნივაც იქნევდა. გ------- ორჯერ დაარტყა სახის არეში, როგორც მან დაინახა მხოლოდ ხელი, თავით დარტყმა მას არ დაუნახავს. როცა ბ--------- ხელები დაუჭირა, ბ--------- დაიძახა „თავი დამარტყაო“. გამოდის, რომ კ-------------–---–-- თან დაინახა თავს როგორ ურტყამდა და თანაც უარყოფს თავის დარტყმის დანახვის მომენტს. ერთი რამ ცალსახაა, რომ გარდა ბ------------–-------სა არავის დაუნახავს მას რომ ურტყამდა ბრალდებული, ლ------------ზე ხელის დარტყმას კი კ-------------–---–- ადასტურებს. ხელის დარტყმის ფაქტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო გარკვეულიყო ხელის რა ნაწილს ურტყამდა ბრალდებული ლ-------------, თუმცა აღნიშნული არცერთ მოწმეს დაუკონკრეტებია, რადგან თუკი ლ-------------- და ბ------------–------- ბრალდებული შუაში ეჯდათ, სხეულითაც ხდებოდა ბრალდებულის განეიტრალება და ამას ემატება ხელების გაკავება, როგორ შეძლო ბრალდებულმა ასე ხელების ქნევა და დარტყმების განხორციელება ლ-------------თვის სერიოულ ეჭვებს ბადებს. გარდა ამისა, თუკი 15 წუთის განმავლობაში ბრალდებული, რომელიც ეხმარებოდა მეგობარს, შემდეგ დალია ალკოჰოლური სასმელი და ღამის 2:00 საათზე ბრუნდებოდა სახლში, ისეთი ძალა გამოაჩინა (ბრალდებული რაიმე განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით არ გამოირჩევა, დაახლოებით 175 სმ. სიმაღლისაა), რომ ორმა პოლიციელმა მისგან მომდინარე აგრესია ვერ შეაკავა. ამასთან თუკი შეატყვეს, რომ ვერ აკავებდნენ ბრალდებულს, რატომ არ გამოიძახეს დამხმარე ძალა, რაც ასევე არ ფიქსირდება და მოწმეთა განმარტებით არ ჩათვალეს საჭიროდ. ამ მიზეზის გამოც საეჭვოა სასამართლოსთვის მოწმეთა მონაყოლი ბრადებულის მიერ განხორციელებული 15-წუთიანი ძალადობის თაობაზე. შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ლ------------ და ბ------------–------- ასეთ დარტყმებს იღებდნენ და ამავდროულად არ ჩათვალეს საჭიროთ ავტომანქანის გაჩერება, ბრალდებულის გასანეიტრალებლად პროპორციული ძალის გამოყენება და დამხმარე ძალის გამოძახება, რომელსაც მათგან განსხვავებით შესაძლოა ხელბორკილიც ჰქონოდა. აღსანიშნავია, რომ ბრალდებული სხვა ვერსიას ჰყვება ავტომანქანაში განვითარებულ მოვლენებზე, რომ ის შეაგდეს მანქანაში და ზედ ესხდნენ პოლიციელები, იმ ვითარებაში, რაც სასამართლომ მოისმინა პოლიციელებისგან მათზე 15-წუთიანი ძალადობის შესახებ, გამორიცხულიც არ არის, რომ მგზავრობის რაღაც მონაკვეთში ასეც ყოფილიყო, თუმცა საერთო ჯამში შეუძლებელია აღნიშნულის დადასტურებით თქმა.
3.1.8. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ამ ნაწილში ა---------–------------- მიმართ წარდგენილ ბრალდებას ეხება გამოძიების დაწყება და პირველი განცხადებებია. თუკი გავიზიარებთ კ-------------–---–-ს, ლ-------------- და ბ------------–-------სა ჩვენებებს უკანასკნელ ორზე ა---------–------------- მიერ განხორციელებული 15-წუთიანი ძალადობის შესახებ მაშინ უცნაურია, თუ რატომ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით - ნივთის დაზიანება, რის შესახებაც მოწმეთა განცხადებით ბევრად გვიან ჰქონდა ადგილი ვიდრე თავად სავარაუდო ძლადობას. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის მიხედვით, #0----------- საქმეზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2----–-–-------------- თ------–-------------------------–----------–- მცხოვრები ა---------–------------- მიერ თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს ა---------- პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობის წინა ფასადის მინის დაზიანების ფაქტზე. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ამყარებს სასამართლოს ეჭვებს იმ გარემოებების არარეალურობაზე, რასაც მოწმეები ყვებიან. და მხოლოდ აღნიშნული არ არის საქმეში არსებული მტკიცებულება იმის შესახებ, რაც სერიოზულ ეჭვებს აჩენს ამ თვალსაზრისით. ლ------------- ე.წ. პატაკის (#M----------------) შესაბამისად, „პოლიციის ა/მანქანაში ჩასმისას ა---------–------------- მე და ბ------------–------- დაგვიწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება“, რის შემდეგაც გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ასევე პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, შემდეგ კი მოულოდნელად ჩაამსხვრია ფასადის მინა/ჟალუზი. ანუ პირველ განცხადებაში ლ------------ აღნიშნავდა ა---------–------------- მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფას ავტომანქანაში ჩასმისას და არა უშუალოდ ავტომანქანაში გზად. შეუძლებელია აღნიშნულის შემდეგ გავიზიაროთ ამ მოწმის ჩვენებები, როდესაც ლ------------ იმავე დღეს არ ახსენებს ე.წ. 15-წუთიან ძალადობას.
3.1.9. ამ ამბის მეოთხე ნაწილი უკავშირდება პოლიციის განყოფილებაში მიყვანას, რასთან დაკავშირებითაც ლ------------- განმარტა: ა---------–------------ რომ გადმოიყვანეს მანქანიდან შეწყვიტა [ძალადობა]. ბ------------–-------- განმარტა: ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობა შეწყვიტა, როცა დაადეს ბორკილები პოლიციის განყოფილებაში, მანქანიდან გადმოყვანის მომენტშიც პოლიციის განყოფილების შენობამდე მიყვანამდეც ურტყამდა, ხოლო კ-------------–---–-- განმარტა: ბრალდებული ავტომანქანიდან გადაყვანის დროსაც აგრესიული იყო. ამ მომენტთან დაკავშირებითაც ურთიერთგამომრიცხავია მოწმეთა ჩვენებები. ბ------------–------- აშკარა დარტყმებზე მიუთითებს, ხოლო კ-------------–---–- აგრესიულობაზე, ანუ დარტყმა რომ ყოფილიყო ალბათ აღნიშნავდა, ხოლო ლ------------ გამორიცხავს აღნიშნულს, იმ პირობებში, რომ თუ ბ------------–-------ს ნათქვამს დავუჯერებთ „ურტყამდა“, ნიშნავს სხვას ურტყამდა, ანუ ან ლ-------------, რომელიც საერთოდ გამორიცხავს ასეთს ან კ-------------–---–-, რომელიც ასევე დარტყმას გამორიცხავს, ხოლო თუ დარტყმა გულისხმობს, რომ ვიღაცას მოხვდა კიდეც, მაშინ ამის შესახებ მოწმეებს უნდა აღენიშნათ, რაც პირიქით უარყოფილია მტკიცებულებების გამოკვლებით. ეს მონაკვეთი კიდევ ერთი ნიშანია, თუ რატომ არ უნდა იქნეს გაზიარებული ზემოაღნიშნული პირების ჩვენებები.
3.1.10. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების აღკვეთაზე და სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი ორგანოს წარმომადგენლების მოქმედებებია ა---------–-------------თან დაკავშირებით, როცა იგი გაათავისუფლეს ადმინისტრაციული დაკავებიდან იმავე დილას (2019 წლის 13 იანვრის ხელწერილის მიხედვით, ა---------–------------ გათავისუფლდა ადმინისტრაციული დაკავებიდან). საინტერესოა, თუ ასეთი მძიმე სურათი იყო, რატომ არ მოხდა დაკავებულ ა---------–------------- იმავე დღეს სასამართლოში წარდგენა და რატომ გაათავისუფლეს იგი დაკავებიდან (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს. პირი, რომლის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვამდე. აღნიშნულ შემთხვევაში პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს - ანუ ამ შემთხვევაში დაკავებულის სასამართლოში წარდგენის შესაძლებლობას კანონმდებლობა იძლეოდა). იმიტომ ხომ არა, რომ როდესაც ა---------–------------ სასამართლოში აღნიშნავდა დაზიანებებზე, აღნიშნული გარკვეულწილად ყურადღების მიღმა დარჩენილიყო, ა---------–------------- არ ჰქონოდა ინიციატივის სურვილი, რომ თავად დაეფიქსირებინა აღნიშნული დაზიანებები, არ მიემართა ადვოკატისთვის. იმ ვითარებაში, როდესაც ა---------–------------- ადვოკატი არ ჰყავდა, მისთვის რთული იქნებოდა მთლიანი სურათის წარმოდგენა და ამიტომ მისი დაკავებიდან გათავისუფლებით მისთვის სხვა მოლოდინი აღარც იარსებებდა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ისიც აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ არაბრალდებულ ა---------–------------- დაკავების განჩინების შუამდგომლობა სასამართლოში შეტანილ იქნა 2019 წლის 7 თებერვალს, მომხდარიდან 4 კვირის თავზე, და თუ ბრალდების მხარისთვის ასეთი აუცილებელი იყო ბრალდებულის თავისუფლების „აღკვეთა“, მას ეს თავისუფლება ისედაც „აღკვეთილი“ ჰქონდა და შესაძლებელი იყო იმ პირობებში შეტანილიყო მისი დაკავების შუამდგომლობა და ზოგადად ბრალდების წარდგენა, ხოლო თუ ამ უკანასკნელი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ბრალდების მხარეს და მისი თავისუფლებაში ყოფნა კვლავ შეუძლებლად მიაჩნდათ, რატომ მოხდა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახის - პატიმრობის - მოთხოვნა ამ უკანასკნელი შუამდგომლობის დაყენებიდან 2 კვირის შემდეგ. ყოველივე ზემოაღნიშნული იმაზე მიანიშნებს, რომ ა---------–------------- ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლება კონკრეტულ მიზანს ისახავდა, იმ პირობებში, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომლისთვის ჯერ კიდევ 13 იანვარს იყო ცნობილი მათზე სავარაუდო 15-წუთიანი ძალადობის განხრციელების თაობაზე.
3.1.11. ამგვარი ტიპის საქმეებზე საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებები, რომლის მიხედვით, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ, 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება, განაცხადი #17828/05, პუნ 90); საქმეზე ვირაბიანი სომხეთის წინააღმდეგ (2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება, განაცხადი #40094/05, პუნ 153-154) ევროპული სასამართლოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა, როცა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის თაობაზე გაკეთებული დასკვნები მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ემყარებოდა, რომლებიც ასეთ შემთხვევაში შესაძლოა არ ყოფილიყვნენ მიუკერძოებელი მოწმეები; საქმეზე მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება, განაცხადი #18996/06 , პარ 82) ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: სასამართლო მიუთითებს მტკიცებულებათა შეფასებასთან მიმართებით, ეროვნული ორგანოების მხრიდან, გარკვეულწილად, არაერთგვაროვან მიდგომაზე. ეროვნული ორგანოების გადაწყვეტილებებიდან აშკარად ჩანს, რომ ისინი დაეყრდნენ, ძირთადად, ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს. მუხედავად იმისა, რომ მომჩივნის ჩვენების ნაწილი შეიტანეს გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში, შიდა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ ეს განცხადება იყო სანდო, ვინაიდან ის ასახავდა პირად აზრს და წარმოადგენდა მომჩივნის მიერ წამოყენებულ ბრალდებას. თუმცა შიდა სასამართლოსთვის მისაღები გახდა პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა საკმარისი დამაჯერებელი განმარტებების გარეშე იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მათი ჩვენებები, შესაძლოა, ყოფილიყო სუბიექტური და მიზნად ისახავდა მათი მხრიდან მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ამ კუთხით, სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ასევე უნდა დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ (Ognyanova and Choban v. Bulgaria, no. 46317/99, §99, 23 February 2006, and Antipenkov v. Russia, no. 33470/03, §69, 15 October 2009); საქმეზე დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ (2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება, განაცხადი #19634/07 , პარ 44) ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა: სასამართლო ასევე არ იზიარებს მთავრობის არგუმენტს იმის შესახებ, რომ ვინაიდან მომჩივანმა არ განაცხადა მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ მისი დაკავების პირველ დღეებში პროკურორის, მოსამართლის ან სხვა პირთა წინაშე, ეს ამცირებს მისი ბრალდების დამაჯერობლობას. მან შესაძლოა ვერც გაბედა ბრალდებების წარმოდგენა იმის გამო, რომ იმყოფებოდა იმ პირთა კონტროლქვეშ, რომლებსაც ის ადანაშაულებს მის მიმართ არასათანადო მოპყრობაში (იხ. Nadrosov v. Russia, no. 9297/02, §33, 31 July 2008). ამასთანავე, დაკავების საწყის პერიოდში, მომჩივანს არ იცავდა ადვოკატი. უნდა აღინიშნოს, რომ მომჩივანმა არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც ის გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლდა (იხ. §8) და პროკურატურის წინაშე აღნიშნული საკითხი საავადმყოფოდან გაწერისთანავე დააყენა (იხ. §17).
3.1.12. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ (2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება, #1\1\548, პარ II-44-45) აღნიშნა, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდოდ და დასაშვებად მიიჩნევს. აღნიშნულ სტანდარტზე ევროპულმა სასამართლომ დაამკვიდრა მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტი (იხ. Orhan v. Turkey, no. 25656/94, §264, 18 June 2002, and Avşar v. Turkey, no. 25657/94, §282, ECHR 2001 VII). თუმცა მსგავსი მტკიცება შესაძლოა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (იხ. Ülkü Ekinci, ხსენებული ზემოთ, §142) (იხ. ხსენებული საქმე დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, პარ 39).
3.1.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ ბრალდებასთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა---------–------------- მიერ წინამდებარე განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებულ გარემოებებს. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, კი ასეთი არაერთი ეჭვის წამოჭრაა შესაძლებელი, რომელთა შესახებ სასამართლომ ზევით უკვე ისაუბრა.
3.2. ნივთის დაზიანების ეპიზოდი
3.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სხვისი ნივთის განადგურება ან დაზიანება. ნივთი შეიძლება იყოს როგორც მოძრავი, ისე უძრავი. განადგურება უკავშირდება ნივთის იმგვარ მდგომარეობას, რომ იგი სრულიად უსარგებლო ხდება გამოსაყენებლად ან აღარ არსებობს, ხოლო დაზიანების დროს ნივთი კვლავ სახეზეა, თუმცა არა პირვანდელი სახით და მისი აღდგენა შესაძლებელია. აღნიშნული დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა და საჭიროებს მნიშვნელოვანი ზიანის დადგომას. ხსენებული კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში (იგულისხმება 25-ე თავი, რომელშიც შედის სსკ-ის 187-ე მუხლიც) მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.
3.2.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით (თარიღდება 13.01.2---------------- საათი), დადგენილია, რომ ა---------- პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ფასადის მინა-პაკეტი ჩამსხვრეულია, ასევე დაზიანებულია ფარდა-ჟალუზი, რომელიც მასზეა მიმაგრებული შიდა მხრიდან. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მინის ნამსხვრევები და ფარდა ჟალუზი სასამართლოში დათვალიერდა. ფარდა ჟალუზს ერთ ადგილას ეტყობა დაზიანების კვალი, ასევე რამდენიმე ნაწილადაა დამტვრეული მართვის ბერკეტი. 2019 წლის 16 იანვრის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის #ი----- დასკვნის მიხედვით, აღნიშნული მინა-პაკეტის ღირებულებამ (პირდაპირი ხარჯებით) შეადგინა 133,70 ლარი, ხოლო მისი ადგილზე ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ღირებულებამ 50 ლარი. 2019 წლის 18 იანვრის სასაქონლო ექსპერტიზის #2---- დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ფარდა-ჟალუზის საბაზრო ღირებულებამ, ექსპლუატაციის გათვალისწინებით, შეადგინა 80 ლარი. ნ---------–---–---–-- (გამოძმიებელი) ჩვენებით, სახლში იყო, როდესაც დაურეკა ხელმძღვანელმა, რომ სჭირდებოდა დახმარება, 10 წუთში მივიდა სამსახურში, მინა ჩამსხვრეული დახვდა. 2019 წლის 26 მარტს ინსპექტორ-გამომძიებლის ლ-–------–------ მიერ გამომძიებლისთვის წარდგენილ იქნა 2019 წლის 13 იანვრას 03:00 საათზე მისივე მობილური ტელეფონით დაფიქსირებული სავარაუდოდ ა---------–------------- მიერ ა---------- პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობის წინა ფასადის ჩამტვრევის ფაქტის ამსახველი სურათები ამობეჭდილი სახით, რაზეც ლ-–------–-----მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ გააკეთა ე.წ. „სქრინშოთები“ ვიდეოდან. აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათები შავ-თეთრია და მათზე ობიექტურად რაიმე კონკრეტულის გარჩევა ჭირს, რის გამოც სასამართლო მათ უტყუარად ვერ მიიჩნევეს რაიმე ფაქტის დასადგენად, ასევე ვერ დგინდება მათი წარმომავლობა, წარდგენილი არ არის ის ვიდეო ან ფოტო ფაილები, რომლიდანაც დამზადდა აღნიშნული ფოტოები, რაც ასევე ართულებს მისი ობიექტურად აღქმის შესაძლებლობას. მოწმე ლ-–------–------ (შსს-ოს თანამშრომელი) ჩვენების მიხედვით, ღამის საათებში ლ-------------, ბ------------–-------სა და კ-------------–---–-ს მიერ შეყვანილ იქნა ა---------–------------, რომელიც ამ დროს იყო აგრესიული და იგინებოდა, დაადეს ბორკილები და დასვეს. იგი თავისივე ტელეფონით აწარმოებდა ვიდეოგადაღებას, რის შესახებაც გააფრთხილა ბრალდებული, იმედოვნებდა, რომ დაწყნარდებოდა. ბრალდებული უცბად ადგა და ჩაამტვრია ფასადის ფანჯარა, ჟალუზი. მისგან დაახლოებით 4 მეტრში იმყოფებოდა ამ მომენტში, წამნახევარი, ორი წამი დასჭირდა ჩასამტვრევად. ოთახში იმყოფებოდა თავად, ზემოაღნიშნული პირები და ბ-------–-–---–- (განყოფილების უფროსი). ლ------------- განმარტებით, განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დასვეს სკამზე და ბორკილები დაადეს. იმ დროს ყველა პოლიციელი თავისი საქმით იყო დაკავებული, თავად ოქმს ავსებდა, ლ-–------–----- ვიდეოს იღებდა, ბ------------–------- ხელსახოცის მოსატანად გავიდა, ამ დროს ბრალდებული წამოდგა და მარცხენა ფეხი დაარტყა მინას, 2 წამი დასჭირდა, მინასთან იჯდა ახლოს, მისგან დაახლოებით 5 მეტრში იყო მინის ჩამსხვრევისას. ბ------------–-------- განაცხადა, რომ განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დაადეს ბორკილები და დარბაზში დასვეს, იგინებოდა და მოუწოდებდენენ რომ დაწყნარებულიყო, ხელსხოცზე როდესაც გავიდა ამ დროს წამოხტა, შუშას მარცხენა ფეხი დაარტყა და ჩაამსხვრია მინა, ორი წამი დასჭირდა, ვერ შესძლეს შეჩერება. იგივე განმარტა კ-------------–---–--. ბრალდებულმა ა---------–------------- განმარტა, რომ მას არ ახსოვს ჩაამსხვრია თუ არა პოლიციის შენობის მინა.
3.2.3. საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების გაანალიზების შემდეგ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს რაიმე გონივრული ეჭვი ა---------–------------- მიერ მინის ჩამსხვრევასთან და ფარდა-ჟალუზის დაზიანებასთან მიმართებით, რის გამოც სასამართლო წინამდებარე განაჩენის 1.2. პუნქტში აღნიშნულ გარემოებებს დადასტურებულად მიიჩნევს, იმ განსხვავებით, რომ ქმედებით გამოწვეული ზიანი შეადგენს 213,70 ლარს და არა 263,7 ლარს. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 187-ე მუხლით მნიშვნელოვანი ზიანი უკავშირდება უშუალოდ ნივთის ღირებულებას და არა დამატებით ხარჯებს, მაგალითად ისეთს რაც დაკავშირებულია ნივთის ტრანსპორტირებასთან ან მონტაჟთან. ანალოგიურად იკითხება სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი, რომელიც ღირებულებასთან მიმართებით ნივთის (ნივთების) ღირებულებას მოიაზრებს და არა ასევე დამატებით ხარჯებსაც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სსკ-ის 187-ე მუხლით ზიანის დაანგარიშებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული უშუალოდ დაზიანებული/განადგურებული ნივთის ღირებულება.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
4.2. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა, რომ ა---------–------------- განახორციელა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით; აგრეთვე იმავე სტანდარტით ბრალდების მხარემ დაადასტურა, რომ ა---------–------------- ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა---------–------------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამიტომ. ა---------–------------ სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ, ხოლო სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ა---------–------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები საქმეზე არ დადგენილა;
5.2. ა---------–------------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა მთვრალ მდგომარეობაში.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
6.2. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, დანაშაულის პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
6.3. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას - ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. იმავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.
6.4. სასამართლო სასჯელის სახისა და ზომის შერჩევისას ითვალისწინებს: ა---------–------------- წარსული ცხოვრებას, კერძოდ იგი არ არის ნასამართლევი; მიყენებული ზიანს, რაც მინიმალურ ზღვართან ახლოსაა; იმ ვითარებას, რის გამოც ა---------–------------ აღმოჩნდა პოლიციის განყოფილებაში; ასევე ზემოაღნიშნულ დამამძიმებელ გარემოებას და მიაჩნია, რომ მის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად გამოყენებულ უნდა იქნეს ჯარიმა 2000 ლარი. სასამართლოს მოსაზრებით თავისუფლების აღკვეთა უკიდურესი ზომაა, რაც მოცემულ სიტუაციაში გაუმართლებელია, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ა---------–------------ არაფერს აშავებდა ღამით გადაადგილებისას, არც შინაპატიმრობა იქნება მიზანშეწონილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 258-ე-260-ე, 268-ე-279-ე და 292-ე-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა---------–------------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ა---------–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარი.
3. ა---------–------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვეში გირაოს თანხა 3000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტან პირს - ლ----------------- (პ/ნ 2----------).
4. ნივთმტკიცებები - მინის ნამსხვრევები და ფარდა ჟალუზი - საქმეზე საბლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი