გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210119002962744
2-339-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
28 ივნისი, 2019 წელი, ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,კ------- ბანკი“
წარმომადგენელი გი-----------–--–ი
მოპასუხეები ლ---------–-–---–ი და თ----------–-–---–-
დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლ---------–-–---–ს და თ----------–-–---–ს სოლიდარულად გადახდეთ ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ 11 812.66 ლარი;
1.2. ლ---------–-–---–ს დაეკისროს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ 2 735.89 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2018 წლის 10 თებერვალს, ,,კ------- ბანკსა“ და ლ---------–-–---–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით, ლ---------–-–---–მა მიიღო 9 000 ლარი 48 თვით, წლიური 23 %-ით;
2018 წლის 7 თებერვალს, მოსარჩელესთან დადებული თავდებობის ხელშეკრულებით, თ----------–-–---–მა ვალდებულება იკისრა კრედიტორის წინაშე ლ---------–-–---–ის ვალდებულების შესრულებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ იძულებითი აღსრულების მცდელობა არ იქნებოდა ძირითადი მოვალის მიმართ. მისი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 28 600 ლარით;
2018 წლის 13 აპრილს, მოსარჩელესა და ლ---------–-–---–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით, მოპასუხემ მიიღო 2 200 ლარი 24 თვით, წლიური 55%-ით. მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი, რაც, მხარეთა შორის ხელშეკრულებების თანახმად, მოსარჩელეს უფლებას აძლევს მოითხოვოს: სოლიდარული მოვალეებისაგან - 2019 წლის 23 აპრილის მდგომარეობით არსებული დავალიანება 11 812.66 ლარი, საიდანაც 7 496.79 ლარი ძირითადი თანხაა, 2 852.50 ლარი - პროცენტი, 418.32 ლარი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 1045.05 ლარი - პირგასამტეხლო და ლ---------–-–---–ისაგან - 2 735.89 ლარი, საიდანაც 1 624.68 ლარი ძირითადი თანხაა, 586.65 ლარი - პროცენტი, 78.26 ლარი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 446.30 ლარი - პირგასამტეხლო;
2. მოპასუხის პოზიცია
სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო - სოლიდარულად გადახდის მოთხოვნა - ძირი თანხის - 7 496.79 ლარის მოთხოვნის, ინდივიდუალურად ლ---------–-–---–ისადმი მოთხოვნა, - ასევე ძირი თანხის, 1 624. 68 ლარის გადახდის ნაწილში, მთავარ სხდომაზე - ძირ თანხასთან ერთად - პროცენტის, შესაბამისად - 2 852.50 ლარის და 586.65 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც (2019 წლის 31 მაისის მოსამზადებელი სხდომის ოქმი: 15:42:05-15:45:40; 15:46:20-15:47:00; 2019 წლის 19 ივნისის მთავარი სხდომის ოქმი: 13:28:00-13:28:30; 13:29:55-13:30:10);
,3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 10 თებერვალს, ,,კ------- ბანკსა“ და ლ---------–-–---–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით, ლ---------–-–---–მა მიიღო 9 000 ლარი 48 თვით, წლიური 23 %-ით;
2018 წლის 7 თებერვალს, მოსარჩელესთან დადებული თავდებობის ხელშეკრულებით, თ----------–-–---–მა ვალდებულება იკისრა კრედიტორის წინაშე ლ---------–-–---–ის ვალდებულების შესრულებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ იძულებითი აღსრულების მცდელობა არ იქნებოდა ძირითადი მოვალის მიმართ. მისი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 28 600 ლარით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ.23-38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2018 წლის 13 აპრილს, მოსარჩელესა და ლ---------–-–---–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით, მოპასუხემ მიიღო 2 200 ლარი 24 თვით, წლიური 55%-ით.
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ.40-48);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.3. მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.50);
- სესხის გადახდის გრაფიკები (ს.ფ. 51-53);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, ასევე, არ უნდა გადახდეთ სიცოცხლის დაზღვევის თანხა;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ, შეაფაასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 411-ე, 417-ე, 420-ე, 626-ე, 891-ე მუხლები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;
317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხე მხარე აღიარებს, რომ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხეებისაგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;
891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის;
მოცემულ შემთხვევაში ლ---------–-–---–სა და ბანკს შორის დაიდო ორი სესხის ხელშეკრულება, რომლებითაც გათვალისწინებული იყო პროცენტი. მოპასუხეს ვალი უნდა დაებრუნებინა შეთანხმებული გრაფიკით. სადავო არ გამხდარა, რომ მოპასუხეები, მიუხედავად გაფრთხილებისა, სესხის თანხას არ იხდიან. ლ---------–-–---–მა დაარღვია გრაფიკი და თანხა საერთოდ აღარ გადაიხადა, რაც უფლებას აძლევს კრედიტორს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ერთ შემთხვევაში, ლ---------–-–---–ისა და თ----------–-–---–-საგან, რომელმაც ბანკის წინაშე სოლიდარული ვალდებულება იკისრა ლ---------–-–---–ის ვალდებულების შესრულებაზე და მეორე შემთხვევაში - მხოლოდ ლ---------–-–---–ისაგან - მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, რომლებითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორს უფლება ჰქონდა მოეთხოვა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველა თანხის დაუყოვნებლივ გადახდა როგორც მსესხებლისაგან, ისე - თავდებისაგან იმ შემთხვევაშიც, თუ იძულებითი აღსრულების მცდელობა არ იქნებოდა ძირითადი მოვალის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;
სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;
131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას;
მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს - ძირი თანხის და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის, 131-ე მუხლის შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია;
სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს პირგასამტეხლოს და სიცოცხლის დაზღვევის მოთხოვნის ნაწილშიც:-
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო;
იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხემ ისესხა ერთ შემთხვევაში 9 000 ლარი 48 თვით, მოთხოვნილია 11 812.66, მეორე შემთხვევაში ისესხა 2 200 ლარი 24 თვით, მოთხოვნილია 2 735.89 ლარი, პირგასამტეხლო, შესაბამისად - პირველ შემთხვევაში - 1045.05 ლარი - მოთხოვნილი თანხის 8.84% და მეორე შემთხვევაში -446.30 ლარი - მოთხოვნილი თანხის 16.31.% არ არის შეუსაბამოდ მაღალი არ არის;
ორივე სესხის ხელშეკრულების 5.1. და 5.2. პუნქტების თანახმად, ლ---------–-–---–მა იკისრა ვალდებულება ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა შეთანხმებული ოდენობით და გრაფიკით. ამ თანხის გადაუხდელობა მიიჩნევა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობად.
ასეთი გარემოების არსებობისას, როდესაც სადავო არ არის, რომ მოპასუხე მხარემ შეწყვიტა სესხის დაფარვა, მას ეკისრება სიცოცხლის დაზღვევის თანხის გადახდაც, ორივე ხელშეკრულებაზე, მოთხოვნილი ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა:
49-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 354 ლარი - სოლიდარული მოთხოვნისათვის, 50 ლარი - ინდივიდუალურ მოთხოვნაზე და 50 ლარი - სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებისათვის. მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო სასამართლოს მთავარ სხდომამდე, ორივე ხელშეკრულებაზე ძირი თანხების 7 496.79 ლარის და 1 624.68 ლარის მოთხოვნის ნაწილში, მთავარ სხდომაზე - პროცენტის - 2852.50 ლარის და 586.65 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც და შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ლ---------–-–---–ს და თ----------–-–---–ს სააქციო საზოგადოება ,,კ------- ბანკის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხის 111 ლარის და 9 თეთრის გადახდა, ლ---------–-–---–ს 14 ლარი და 95 თეთრი.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები
სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ლ---------–-–---–ის (პ/ნ 5----------) სახელზე რეგისტრირებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას (ავტომანქანა "პეჟო 206", სახელმწიფო სანომრე ნიშანი - C--------, გამოშვების წელი - 1999 წელი, ფერი რუხი 1/8, ტექ. პასპორტი OV0666696, ვინ კოდი - V----------------, რეგისტრაციის თარიღი 08.08.2015) და თ----------–-–---–-ს (პ/ნ 5----------) სახელზე რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებას (ავტომანქანა "მერსედეს ბენც ML 320", სახელმწიფო სანომრე ნიშანი - Z--------- გამოშვების წელი - 2001 წელი, ფერი ლურჯი 8/8, ტექ. პასპორტი OV0889646, ვინ კოდ - 4----------------, რეგისტრაციის თარიღი 22.02.2017)
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. ლ---------–-–---–ს და თ----------–-–---–ს სააქციო საზოგადოება ,,კ------- ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროთ 11 812 ლარის და 66 თეთრის სოლიდარულად გადახდა;
1.2. ლ---------–-–---–ს დაეკისროს სააქციო საზოგადოება ,,კ------- ბანკის” სასარგებლოდ 2735 ლარისა და 89 თეთრის გადახდა;
2. ლ---------–-–---–ს და თ----------–-–---–ს სააქციო საზოგადოება ,,კ------- ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხის 111 ლარის და 9 თეთრის გადახდა;
ლ---------–-–---–ს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 14 ლარი და 95 თეთრი - სახელმწიფო ბაჟის თანხა. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ნაწილი 35 ლარი და 5 თეთრი დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
3. სს ,,კ------- ბანკს" დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 293 ლარი და 29 თეთრი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი