გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.06.2019
საქმის ნომერი
200210017002159782
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/856-17

N200210017002159782

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი, 2019 წელი ქ. თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი

 

მოსარჩელე - შპს "თ------------------ი"

წარმომადგენელი-თ----- თ-------

მოპასუხე - ნ---- თ------–-–---–ი

წარმომადგენელი-ქ------- ზ-------–---–-

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 . მოპასუხე ნ---- თ------–-–---–ს დაეკისროს შპს ,,თ----------------ის” სასარგებლოდ არსებული დავალიანება 1757.12 (ათას შვიდას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და თორმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.

1.2 . მოპასუხე ნ---- თ------–-–---–ს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, შპს ,,თ----------------ი” ეწევა საყოფაცხოვრებო საქონლით სავაჭრო საქმიანობას, აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მოპასუხისათვის 2017 წლის ივლისის თვეში მიწოდებული აქვს სხვადასხვა დასახელების საქონელი, რომლის ღირებულებაც მოპასუხის მიერ არ არის სრულად გადახდილი. წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები ადასტურებს, რომ მოპასუხეს მოსარჩელისაგან შესყიდული აქვს 3626.80 ლარის ღირებულების სხვადასხვა საქონელი, რომლის ღირებულებაც მოპასუხის მიერ არ არის სრულად გადახდილი სარჩელის შემოტანის პერიოდისათვის. კერძოდ, მოპასუხის მიერ არ არის გადახდილი 1757,12 ლარის ოდენობის საქონლის ღირებულება.

მოსარჩელის მხრიდან კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ვადაში შესრულებულია ზეპირი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და მოპასუხის მოთხოვნის შესაბამისად მოსარჩელეს მისთვის მიწოდებული აქვს მოთხოვნილი საქონელი, ხოლო მოპასუხის მხრიდან არ არის სარჩელზე თანდართული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე მიწოდებული საქონლის ღირებულება გადახდილი. მოსარჩელის მიერ მოპასუხის გაფრთხილების მიუხედავად, მხარეთა შორის ვერ შედგა საქონლის ღირებულების გადახდაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო სარჩელის მოთხოვნა და განმარტა, რომ ცნობს სარჩელს 850 ლარის ანაზღაურების ნაწილში. ასევე განმარტა, რომ იგი არის კომპანიის დაპირებისაგან და არასწორად მოწოდებული ინფორმაციისაგან თავად დაზარალებული პირი. 2017 წლის ივნისის თვეში თელავში ჩამოვიდა ,,თ----------------ის” ს/ნ 4-------- მესაკუთრე: ბ---–-----------------–, შეხვდა ჩემს შვილს და მეუღლეს და შესთავაზა, რომ კ-----ში ჰქონდა 136 ობიექტი, სადაც დამონტაჟებული იყო ამ კომპანიის დისპენსერები და სჭირდებოდა დისტრიბუტორი, რომელიც კ-----ს მოამარაგებდა ,,თ----------------ის” საქონლით. დასძინა, რომ მოგებაც არის გამომუშავებით, თვეში დაახლოვებით 1000-1500 ლარი. კომპანიის წარმომადგენელმა გადმოგვცა დოკუმენტი, მისი სადისტრიბუციო 136-ე ერთეული ობიექტის ჩამონათვალი სია, მისამართების მითითებით. რადგან მისი წინადადება ჩავთვალეთ სანდოდ და მისაღებად, გადაწყვიტეს აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობა. მოამზადეს შესაბამისი პირობებით: 1. აწარმოეს დოკუმენტები, რომლის მიხედვით ინდ.მეწარმე ვიყავი მე და დისტრიბუტორი იყო ჩემი შვილი. 2. პროდუქციის დასატარებლად საჭირო იყო ავტომობილი ,,ო---–--------”, რის შესაძენადაც მისმა მეუღლემ თავისი კუთვნილი ავტომობილი დაალომბარდა 4000 ლარად ლ-------ი ბანკში. ამ ფულით შეიძინეს სადისტრიბუციო ავტომობილი. 3. ასევე აიღეს 3000 ლარი ვალი კერძო პირისგან. 4. ასევე შეიძინეს და დაარეგისტრირა საკასო აპარატი. 2017 წლის 7 ივლისს კომპანიიდან წამოიღეს საქონელი, ვფიქრობდით პირველ ეტაპზე წამოეღოთ დაახლოვებით 1500 ლარის ღირებულების, მაგრამ ,,თ------------------ის" მესაკუთრემ უთხრათ, რომ მხოლოდ ერთ წაღებაზე არ ეყოფოდა 1500 ლარის საქონელი დასარიგებლად. ამიტომ წამოიღეს საქონელი პირველად 3076,60 ლარის და გადაიხადეს ნაწილი თანხა 1869,68 ლარი. ამ რაოდენობის საქონლის წამოსაღებად დასჭირდათ სატვირთო მიკრო-ავტობუსის დაქირავება, რაშიც გადაიხადეს 200 ლარი. აღმოჩნდა, რომ მათ არ გამოატანეს ადვილად გასაღებადი საქონელი, რის გამოც საჭირო გახდა მათთვის მეორედ მიმართვა და 550.20 ლარის ღირებულების პროდუქციის დამატება, რაშიც დასჭირდათ დამატებითი გზის ხარჯი 80 ლარის გაწევა. როდესაც გავიდა უკვე დისტრიბუტორი - მისი შვილი საქონლის ჩასაბარებლად იმ ობიექტებზე, რომელიც მან მისცა, აღმოჩნდა სულ სხვა რეალობა ვიდრე კომპანიის წარმომადგენელმა შესთავაზათ. არავინ არ იღებდა კომპანიის საქონელს, იძახდნენ, რომ ადრე უფრო იაფად მოჰქონდათ ამ ფირმის ეს საქონელი. გამოვიდა ისე, რომ ფაქტიურად ბაზარი ხელახლა უნდა დაეკავებინათ, რასაც ძალიან დიდი დრო და ხარჯები უნდოდა. იყო მომენტები, როდესაც მიდიოდა წ-----ში, ს-------ში და იქიდან ისე მოდიოდა, რომ საერთოდ ვერ აბარებდა საქონელს. ხარჯს ხარჯი ემატებოდა. ზოგიერთ ობიექტზე რომ მივიდა, უთხრეს, რომ დარეკილი ჰქონდათ და თვითონ თიჯი კომფორტიდან უნდა ჩამოეტანათ საქონელი. რადგან ყოველთვიური ხარჯი იზრდებოდა, ლომბარდის ფული შესატანი იყო თვეში 180 ლარი, საწვავის ხარჯი და რადგანაც ვერ ვარიგებდით უკვე ამ პროდუქციას, თავის ფასებში ყიდდნენ, იმიტომ რომ მევალეც აწუხებდათ და ლომბარდიც მანქანას ყიდდა თუ 4000 ლარს არ შეიტანდნენ. ამიტომ დისტრიბუციისათვის 4000 ლარად ნაყიდი მანქანა სასწრაფოდ გაყიდა 3000 ლარად, რაშიც იზარალეს 1000 ლარი. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოსალაპარაკებლად ჩამოვიდნენ ,,თ------------------ის“ წარმომადგენლები, რა დროსაც აღნიშნული კომპანიის დირექტორმა ჯანო ჯაფარიძემ განცხადა, რომ არ იმყოფებოდა სამსახურში და საქმის კურსში. შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ, რომ 1200 ლარის საქონელი იყო დარჩენილი და ეს საქონელი თბილისში უნდა ჩაეტანა დისტრიბუტორს და ხარჯებში გამოდიოდა თვითონ ფირმა და 600 ლარი უნდა მიეცათ ფული უკან. მისმა შვილმა ჩაიტანა ეს საქონელი თბილისში, მაგრამ იქაც მოატყუეს და არ მისცეს 600 ლარი, რის შემდეგაც ეს საქონელი ისევ უკან ჩამოიტანა. აქაც ფაქტიურად მოგვატყუეს თაღლითურად და გავწიე კიდევ ხარჯი 80 ლარი. გამოდის, რომ მან თაღლითური გზით ყველაფერი მოატყუა, რითაც კიდევ ერთხელ დამატებით ხარჯში ჩააგდო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია რომ 2017 წლის ივლისის თვეში მხარეთა შორის შედგა ზეპირი ხელშეკრულება საქონლის ნასყიდობის თაობაზე, რასაც ადასტურებს წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 15-17);

 

3.2.2. 2017 წლის ივლისის თვეში მოსარჩელემ მხარეთა შორის არსებული ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს მიყიდა მის მიერ შეკვეთილი საქონელი 3626.80 ლარის ღირებულების.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი(ს.ფ.3-11)

 

- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 15-17);

-შესაგებელი(ს.ფ.16-31)

 

3.2.3. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიყიდული სხვადასხვა საქონლის ღირებულებებიდან არ არის გადახდილი 1757.12 ლარის ოდენობის საქონლის ღირებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი(ს.ფ.3-11)

-შესაგებელი(ს.ფ.16-31)

- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 15-17);

 

3.2.4. მოსარჩელის მხრიდან დათქმულ დროსა და ვადაში შესრულებულია ზეპირი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და მოპასუხის მოთხოვნის შესაბამისად მოსარჩელეს მისთვის მიწოდებული აქვს მოთხოვნილი საქონელი, ხოლო მოპასუხის მხრიდან არ არის სარჩელზე თანდართული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე მიწოდებული საქონლის ღირებულება გადახდილი. მხარეთა შორის ვერ შედგა საქონლის ღირებულების გადახდაზემოლაპარაკება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება(ოქმი)

- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 15-17);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ზემოაღნიშნული მუხლების თანახმად, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მითითებული გარემოებები, არამედ, მოპასუხეცაა ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს შესაგებელში აღნიშნული გარემოებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო მისი მტკიცების ტვირთის წარმოდგენა შესაგებელში მითითებული პოზიციის საფუძლიანობის დასადასტურებლად, კერძოდ მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები რითაც დადასტურებული იქნებოდა ის გარემოება რომ ,,თ----------------ის” ს/ნ 4-------- მესაკუთრე: ბ---–-----------------– დაპირდა მოპასუხის შვილს და მეუღლეს მოგება ექნებოდათ თვეში დაახლოებით 1000-1500 ლარი და კ-----ში მას ჰქონდა 136 ობიექტი, სადაც დამონტაჟებული იყო ამ კომპანიის დისპენსერები და იქ მოახდენდნენ მისგან წაღებული საქონლის რეალიზაციას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ შპს "თ------------------ის" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საფუძველია მხარეთა შორის არსებული ზეპირი ხელშეკრულება რომლის საფუძველზე მათ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა. მოპასუხე მხარემ მოსარჩელესთან დადებული ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე სადისტრიბუციოდ მიიღო 3626, 80 ლარის საქონელი, რომელიც სრულად არა აქვს გადახდილი მოსარჩელისათვის და დარჩენილი აქვს გადასახდელი 1757,12 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

დადგენილია, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. საქმეზე არ არის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-11, მე-14-ე, 39-ე, 41-ე, 53-ე, 201-ე, 2321-ე, 234-ე, 236-ე, 237-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,თ----------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე ნ---- თ------–-–---–ს მოსარჩელე შპს ,,თ----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1757,12 ლარის გადახდა;

3. მოპასუხე ნ---- თ------–-–---–ს მოსარჩელე შპს ,,თ----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;

4. მოსარჩელე შპს ,,თ----------------ის“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ.ბაჟიდან 50 ლარი.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის ქ. N41) მეშვეობით. 6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

6. სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე