გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.06.2019
საქმის ნომერი
330210018002781498
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/37096-18

გადაწყვეტილება

ს----------–ოს სახელით

14 ივნისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივან ანა მეშველიანი

მოსარჩელე - მ--- კ------ე

წარმომადგენლები - ლ--ა ზ--------ე, ქ------- ბ-------–---–ი

მოპასუხეები - თ----- ლ---–----ე, თ----- მ---------–ი, მ----- ფ-----ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 5000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ 2016 წლის 24 მარტს შპს „ს--------ო კ-------ა ს----------–ოსა“ და მ--- კ------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №----. ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებელმა აიღო ვალდებულება, გადაეცა მსესხებლისათვის სესხი, ხოლო ამ უკანასკნელმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით დაებრუნებინა სესხი გამსესხებლისათვის. ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 4 თვეს, წლიური 25%-ის დარიცხვით. მოსარჩელემ მოპასუხეს თანხა ჩაურიცხა 2016 წლის 25 მარტს.

2016 წლის 25 ივლისის ხელშეკრულებით მხარეებს შორის ხელშეკრულება გაგრძელდა 4 თვის ვადით. აღნიშნული ვადა იწურებოდა 2016 წლის 23 ნოემბერს.

 

2016 წლის ნოემბრის თვეში მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შპს "ს--------სო კ-------ა ს----------–ოსათვის" თანხის 5000 აშშ დოლარის დაკისრება. სასამართლოს 2017 წლის ივნისის განჩინებით დაკმაყოფილოდა სასარჩელო მოთხოვნა.

 

შპს "ს--------ო კ-------ა ს----------–ო" არის უქონელი სუბიექტი. კ-------ას დანაშაულის გზით მისმა დირექტორმა და პარტნიორმა მიაყენეს ზიანი. მოპასუხეთა მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ შპს "ს--------ო კ-------ა ს----------–ოს" ერთპიროვნული დამფუძნებელია თ----- მ---------–ი, დირექტორის პოზიციას იკავებდა თ----- ლ---–----ე, ხოლო კ-------ის საქმიანობას ერთპიროვნულად წარმართავდა თ----- მ---------–ის მეუღლე - მ----- ფ-----ე.

 

სასამართლოს დადგენილად ცნო, რომ სამივე პიროვნებამ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის დანაშაული. მოსარჩელე განაჩენით ცნობილია დაზარალებულად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა მ----- ფ-----ემ და თ----- მ---------–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და არ დაეთანხმნენ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

მოპასუხე თ----- ლ---–----ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, ამასთან, არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, ამდენად, სარჩელთან დაკავშირებით მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მ--- კ------ესა (გამსესხებელი) და შპს „ს--------ო კ-------ა ს----------–ოს“ (მსესხებელი) შორის 2016 წლის 25 მარტს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების (№----) საფუძველზე, გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 5000 აშშ დოლარი.

 

ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაიცა 4 თვის ვადით, წლიური 25%-ის დარიცხვით.

 

2016 წლის 25 ივლისის ხელშეკრულებით მხარეებს შორის ხელშეკრულება გაგრძელდა 4 თვის ვადით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-6).

სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-22).

სალაროს შემოსავლის ორდერი №----- (ს.ფ. 24).

 

3.1.2. შპს „ს--------ო კ-------ა ს----------–ოს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაბრუნების შესახებ არ შეუსრულებია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით (საქმეზე №1/719-17) დამნაშავედ იქნენ ცნობილი თ----- ლ---–----ე, მ----- ფ-----ე და თ----- მ---------–ი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენის შესაბამისად მოსარჩელე მ--- კ------ე არის დაზარალებულად ცნობილი. კერძოდ, დაზარალებულთა სიაში მ--- კ------ე 7---ე ნომრადაა დაფიქსირებული.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი საქმეზე N1/719-17 გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი გასაჩივრდა ს----------–ოს უზენაეს სასამართლოში. ს----------–ოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2017 წლის 31 ივლისის განაჩენი (ს.ფ. 27-150).

2018 წლის 16 მაისის განაჩენი (ს.ფ. 163-254).

2018 წლის 12 დეკემბრის განჩინების ასლი (ს.ფ. 153-162).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, მ----- ფ-----ის, თ----- ლ---–----ის და თ----- მ---------–ის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მ--- კ------ისათვის 5000 აშშ დოლარის ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი.

 

სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი და მასა და შპს „ს--------ო კ-------ა ს----------–ოს“ შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ს--------ო კ-------ა ს----------–ომ“ მოსარჩელისაგან ისესხა 5000 აშშ დოლარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დგინდება, რომ თ----- ლ---–----ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებდა მართლზომიერ გამგებლობაში; მ----- ფ-----ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; თ----- მ---------–მა ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში. მათ მიერ განხორციელებული ქმედებები კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში: შპს ''ს--------ო კ-------ა ს----------–ო'' (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულ იქნა 2013 წლის 14 აგვისტოს. საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი ინვესტირება. კ-------ის ერთპიროვნულ დამფუძნებელს წარმოადგენდა თ----- მ---------–ი, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებდა თ----- ლ---–----ე. შპს ''ს--------ო კ-------ა ს----------–ოს'' საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავდა თ----- მ---------–ის მეუღლე - მ----- ფ-----ე. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, საზოგადოება აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ შეიტანა გარკვეული თანხა, კერძოდ: 2013-2016 წლებში შპს ''ს--------ო კ-------ა ს----------–ომ'' მოქალაქეებისაგან ჯამურად სესხის სახით აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. თანხები შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს ''ს--------ო კ-------ა ს----------–ოს'' დირექტორმა თ----- ლ---–----ემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მ----- ფ-----ის წაქეზებით და თ----- მ---------–ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მ----- ფ-----ის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამურად სესხის სახით მ----- ფ-----ეზე გაიცა მსესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს "გ--------ზე"- 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც უკან არ დაუბრუნებიათ და მ----- ფ-----ემ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე შპს ''ს--------ო კ-------ა ს----------–ომ'' ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2343 მოქალაქეს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე - ,,საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2010 წლის 15 დეკემბერს, ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, V კარს დაემატა ახალი XXXIV3 თავი – ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი. განხორციელებული ცვლილების პროცესუალურ სამართლებრივი ანალიზის მიზნებისათვის, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის ჩვეულებრივი წარმოებისაგან. აღსანიშნავია, რომ ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით გათვალისწინებული წესები გამოიყენება მაშინ, როდესაც სახეზეა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, ანუ როდესაც დანაშაულის ჩადენის შედეგად პირისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დასტურდება კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საქმის განმხილველი მოსამართლე აღარ იკვლევს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დადასტურებულად ითვლება მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნული დასკვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920–ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმებული იქნა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს აღარ გააჩნიათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი, თუმცა სსსკ-ის 30920 მუხლის, ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს. „საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 106-ე მუხლზე მითითება ამავე კოდექსის 30920-ე მუხლის მეორე ნაწილის გაუთვალისწინებლად არ შეიძლება. მართალია, სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი („ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება“) 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად ამოღებულ იქნა, მაგრამ იმავე წლის 15 დეკემბრის კანონით (#4075.სსმ1, #76) განხორციელებული ცვლილებით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების განხილვისას მოქმედებს განსხვავებული წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები ხელახლა არ დგინდება, ანუ ისინი დადგენილად მიიჩნევა (სსსკ-ის XXXIV თავი)“. (იხ. სუსგ ას-1322-2018, 4 აპრილი 2019 წელი; სუსგ №ას-638-605-2014, 22 აპრილი, 2016).

 

ამავე განჩინებაში საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, მიიჩნევა თუ არა დადასტურებულად ზიანის ოდენობა და სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს თუ არა ზიანის ოდენობით, როგორც დადასტურებული ფაქტით. სსსკ-ის 30920 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო ამავე კოდექსის 30917 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

აღნიშნული ნორმები განხილულ უნდა იქნეს სისტემური, ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად. ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917მუხლი განსაზღვრავს სარჩელზე დასართავ მტკიცებულებათა წრეს, კერძოდ, სარჩელი უნდა შეიცავდეს ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებას. აღნიშნულს შეიძლება მოიცავდეს თვით განაჩენი ან კიდევ, შესაძლებელია, მითითებული მტკიცებულების დამოუკიდებლად შექმნა და სარჩელზე დართვა. რაც შეეხება ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920მუხლს, აღნიშნული ნორმა ადგენს დელიქტით მიყენებული ზიანის თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვის წესს. მითითებული მუხლი იმპერატიულად ადგენს ასევე, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. „საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვვის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, კი, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირიის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (საპროცესო კოდექსის 30917მუხლის მე-2 ნაწილი). (შდრ. სუსგ №ას-937-888-2012, 13 დეკემბერი, 2012.)’’

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, სასამართლო სსსკ 30920-ე მუხლის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მიზეზობრივ კავშირს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

შესაბამისად, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მ----- ფ-----ის, თ----- ლ---–----ის, თ----- მ---------–ის მიერ დაზარალებულის (მოსარჩელის) კუთვნილი ფულადი სახსრების არამართლზომიერად დაუფლების, განაჩენით დადასტურებული ფაქტი, მოპასუხეების ქმედებაში დელიქტური ვალდებულების წინაპირობების (ბრალის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ელემენტების) არსებობის საფუძველია.

 

რაც შეეხება დანაშაულით მიყენებული ზიანის ოდენობას, სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას მოსარჩელემ სხვა მტკიცებულების წარმოდგენით უნდა დაადასტუროს ზიანის ოდენობა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულება და სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლითაც დასტურდება შპს ,,ს--------ო კ-------ა ს----------–ოსათვის’’ მოსარჩელის მიერ 5000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი. ის გარემოება, რომ აღნიშნული თანხა დაბრუნებულია მოსარჩელისათვის მოპასუხეთა მიერ არ დასტურდება სათანადო მტკიცებულებით. შესაბამისად, მოპასუხეების მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი უნდა განისაზღვროს მ--- კ------ის მიერ შპს ''ს--------ო კ-------ა ს----------–ოსათვის“ გადაცემული თანხის, 5000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--- კ------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს კერძოდ, მოპასუხეებს - მ----- ფ-----ეს, თ----- ლ---–----ეს და თ----- მ---------–ს მოსარჩელე მ--- კ------ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ - 5000 აშშ დოლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე, 30920-ე მუხლები, ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 992-ე, 998-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით დადგენილია მოპასუხეთა ბრალეულობა მოსარჩელის მიმართ დამდგარ ზიანში.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ს----------–ოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით -,, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, რომელიც იურიდიული პასუხისმგებლობის სახეა. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმათაგან ზიანის ანაზღაურებას აქვს უნივერსალური მნიშვნელობა და გამოიყენება სამოქალაქო უფლებათა დარღვევის ყველა შემთხვევაში, მაშინ როცა სხვა ფორმების გამოყენებაზე პირდაპირ უთითებს კანონი ან ხელშეკრულება კონკრეტული სამართალდარღვევისას.

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა ერთი კონტრაჰენტისა მეორეს წინაშე,სამართალდამრღვევისა – დაზარალებულის წინაშე, დაკავშირებულია არა პიროვნული თავისუფლების ბოჭვასთან, როგორც ისტორიულ წარსულში, არამედ მოვალის მხოლოდ ქონების შემცირებასთან.

 

ქონებრივი პასუხისმგებლობის ვალდებულ პირზე დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობის ორგანიზმს ჰქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართალდარღვევის ბრალი.

 

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანს. არასახელშეკრულებო ზიანის უზოგადესი და ცენტრალური ნორმაა სსკ-ის 992-ე მუხლი, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი(ე.წ. „გენერალური დელიქტი“).

 

სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.

 

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზიანი წარმოადგენს პირის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების მისი ნების გარეშე ხელყოფას, რისი ანაზღაურებაც აღიარებულია ბრუნვის წეს-ჩვეულებებით და შეზღუდული არ არის კანონმდებლობით. როგორც ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსი, ასევე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობა, ერთმანეთისაგან განასხვავებს ქონებრივ და არაქონებრივ ზიანს. ქონებრივი ზიანი ქონებრივი სიკეთის ხელყოფით შემოიფარგლება. არაქონებრივი ზიანი ეტიმოლოგიურად მორალური ზიანის იდენტურია.ქონებრივ ზიანში იგულისხმება არა მხოლოდ დაზარალებულის ქონებრივი აქტივების შემცირება, არამედ პასივების გაზრდაც. სსკ-ის 408-ე მუხლის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას, რამეთუ ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა მოვალის დასჯაში. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესთა წონასწორობის აღდგენაზე. საჯარიმო სანქციები ქართული სამართლისათვის უცხოა. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს შემდეგი პრინციპების დაცვას: ზიანის სრულად ანაზღაურება;უსაფუძვლო გამდიდრების არდაშვება; ადექვატურობა.

 

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას.

 

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როდესაც კრედიტორი თავადაც არის პასუხისმგებელი დამდგარი შედეგისათვის (სსკ-ის 415-ე მუხლი;) პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად,ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.

 

ბრალი სამართალდარღვევის შემადგენლობის უმნიშვნელოვანესი სუბიექტური ელემენტია. ბრალის სამართლებრივი კატეგორია განასკუთრებული იურიდიული მნიშვნელობის მქონეა, როგორც კონტინენტური, ისე საერთო სამართლის სისტემაში. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ბრალის ორ ფორმას: განზრახვა (dolus) და გაუფრთხილებლობა (culpa), რომლებიც პირის ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტებია (იხ. სუსგ ას- 1322-2018, 4 აპრილი 2019 წელი).

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: 1. ზიანი - დადგენილია, რომ მ--- კ------ეს მიადგა ზიანი, ქონებრივი დანაკლისი 5000 აშშ დოლარის ოდენობით; 2. სახეზეა მართლწინააღმდეგობა - დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული; 3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა მოპასუხეთა მიერ დანაშაულის ჩადენა, მ--- კ------ეს არ მიადგებოდა ზიანი. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოპასუხეთა მიერ დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძვლით ზიანის ანაზღაურების ყველა წინაპირობა.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავის - „ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესის“ თანახმად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების ტვირთი, ზიანის მიყენების ფაქტის დამადასტურებლად შემოიფარგლება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის წარმოდგენით.

 

სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების - მ----- ფ-----ის, თ----- ლ---–----ის და თ----- მ---------–ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად სესხის ძირითადი თანხის - 5000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ''გ'' ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები - დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით საერთო ჯამში - 370,5 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე და 30921-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ--- კ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს - მ----- ფ-----ეს, თ----- ლ---–----ეს და თ----- მ---------–ს მოსარჩელე მ--- კ------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის სახით - 5000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეებს - მ----- ფ-----ეს, თ----- ლ---–----ეს და თ----- მ---------–ს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით - 370,5 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან - 7 (შვიდი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე