გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2019
საქმის ნომერი
330210018002779885
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/37031-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 მაისი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ლაზარაშვილი

მოსარჩელე - მ---------------–---ი

წარმომადგენლები - ა----------–---–ი, ს-----------------–---–ი, ნ----------–---–ი

მოპასუხე - შ--------–--------–-----------------------------–------–------ი“

წარმომადგენელი - ა----------ა

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე შ--------–--------–-----------------------------–------–------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება - 5 000 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მ---------------–---ი დაინტერესებულია აღმოსავლური სპირიტუალური ტრადიციებით, ბუდიზმითა და იოგას კულტურით (მუშაობდა იოგას ინსტრუქტორად 2-------- წლებში, სწავლობდა ბუდიზმის სასწავლო და მედიტაციის ცენტრში). იგი ცდილობს ამ რწმენითა და მსოფლმხედველობით საკუთარი ცხოვრების წარმართვას. მოსარჩელის რწმენა და ინტერესები გახდა 2-------- წლებში ოჯახში არსებული კონფლიქტის მიზეზი.

 

მ---------------–---ი 2014 წელს ყ------ში წავიდა სამუშაოდ, თუმცა სამსახურის დაკარგვის გამო 2015 წელს დაბრუნდა საქართველოში. სამსახურის დაკარგვიდან გამომდინარე იყო იმედგაცრუებული. ნაცვლად სხვა სამსახურის ძიებისა, მოსარჩელემ ამჯობინა გარკვეული პერიოდი დასვენება, დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში იგი მუდმივად სახლში იმყოფებოდა და ძირითად დროს უთობდა საკუთარი ინტერესების რეალიზაციას, მათ შორის იოგასა და მედიტაციას, 10 დღიან მარხვას, კვების სპეციალური რაციონის შემუშავებას და საკვების მიღების ინტენსივობის შემცირებას, მარილიანი წყლით ორგანიზმის გაწმენდას. მოსარჩელის დედას, კ--------------------ს პრობლემად მიაჩნდა შვილის საზოგადოებისგან განმარტოება და შვილის უარის მიუხედავად ცდილობდა მოსარჩელეს ფსიქიატრის კონსულტაცია მიეღო. ვინაიდან მ---------------–---მა უარი განაცხადა სპეციალისტის დახმარებაზე, მშობელმა მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის არანებაყოფლობითი წესით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსების თაობაზე.

 

შ--------–--------–-----------------------------–------–------ში“ 2015 წელს არანებაყოფლობითი მკურნალობა გაგრძელდა 13 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში, ცენტრის დროულად დატოვების მიზნით მოსარჩელე იძულებით იღებდა ერთის მხრივ შეთავაზებულ მედიკამენტებს და მეორეს მხრივ, საკვებს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელე იღებდა მხოლოდ ფარმაკოლოგიურ მედიკამენტებს და მასთან ალტერნატიული მკურნალობით რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. სტაციონარიდან გამოწერის შემდგომ მოსარჩელეს გააჩნია მუდმივი, რაციონალური შიში, რომ ბუდიზმისა და იოგას შესაბამისი ცხოვრების წესის, რწმენის ფარგლებში განხორციელებული ქმედებების, ვარჯიშის, პროცედურების გამო საკუთარი თავისგან დაცვის და სიცოცხლის დაცვის მიზნით ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლის გამოყენებით კვლავ იქნებოდა მოთავსებული სტაციონარში არანებაყოფლობითი წესით.

 

მშობელთან ერთ-ერთი მორიგი ოჯახური კონფლიქტის დროს მ---------------–---ი 2----–-–------------------ს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მოათავსეს შ--------–--------–-----------------------------–------–------ში“. იგი კლინიკაში მიიყვანა სასწრაფო დახმარებამ დედის თანხლებით. ფსიქიატრიული დაწესებულების ექიმ-ფსიქიატრთა დასკვნის მიხედვით, სახეზე იყო არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონირების ყველა კრიტერიუმი: 1. მ---------------–---ს ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნდა გადაწყვეტილების მიღების უნარი, 2. მისთვის სტაციონარში მოთავსება იყო ფსიქიატრიული დახმარების გაწევის ერთადერთი გზა, 3. დახმარების დაყოვნება საფრთხეს უქმნიდა, როგორც მის, ისე სხვის ჯანმრთელობას და შესაძლებელი იყო მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის დადგომა.

 

შ------------–-----------------------------–------–------ის“ შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2----–-–-----------------ის ბრძანებით მოსარჩელე მოათავსეს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში, არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა ადმინისტრაციული წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში. საჩივარში აისახა ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საფუძველი უნდა გამხდარიყო ბრძანების გაუქმების. კერძოდ: ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნაში უმეტესად ასახული იყო ოჯახური კონფლიქტი, ასევე სასამართლო სხდომაზე, მოწმეთა დაკითხვის დროს მოსამართლემ არ გამოიკვლია გარემოება, რომ მ---------------–---მა დააზიანა ნივთები პატრულის ადგილზე შეღწევის და გადაყვანის მცდელობისას, ვინაიდან განიცდიდა მძიმე სტრესს პატრულთან ურთიერთობის წინა გამოცდილებიდან გამომდინარე. ასევე საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია გარემოება, რომ განმცხადებელი შესაძლოა ყოფილიყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და რომ ზიანის არსებობის გარდა არ არსებობდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა კრიტერიუმი, რომელიც საფუძვლად დაედებოდა მოსარჩელის არანებაყოფლობით სტაციონირებას. კერძოდ, საექსპერტო დასკვნაში არ არის მითითებული დახმარების დაყოვნების შემთხვევაში საფრთხის შექმნა პაციენტის ან სხვისი სიცოცხლია ან/და ჯანმრთელობისათვის. დედის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ვერ შეფასდება რეალურ რისკად დედის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისადმი. ისევე როგორც, რელიგიური მოტივით შიმშილობა არ წარმოადგენს საფრთხეს საკუთარი თავისთვის, არამედ ეს არის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული თავისუფლების რეალიზაცია.

 

მოსარჩელე სტაციონარში იმყოფებოდა 11 დღე. მოთავსების დღიდან განთავისუფლებამდე არ ჩატარებია მკურნალობის კურსი, არ მიუღია არანაირი წამალი, არ იღებდა საკვებს და მოთავსებიდან 7 დღე არ სვამდა წყალს. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უკანონო მოთავსების, ფიზიკური შეურაცხოფისა, დამამცირებელი ქმედების და ღირსების შელახვის გამო, მოსარჩელე განიცდის მძიმე სულიერ ტკივილს. მას ჰქონდა და აქვს მუდმივი შიში კვლავ სტაციონარში მოთავსების, ვინაიდან 2----–-–------------------ს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მისი მოთავსების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა 2015 წლის სტაციონირება. ექიმ ფსიქიატრთა დასკვნაში (რომელსაც არ ეთანხმება მოსარჩელე და უარყოფს რომ იგი ფსიქიკური დაავადების მქონეა) მითითებულია, რომ განმცხადებელი ერთხელ უკვე იყო სტაციონირებული არანებაყოფლობითი მკურნალობის გამო.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------------ის ბრძანებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანება უსაფუძვლობის გამო და შეწყდა მ---------------–---ის მიმართ არანებაყოფლობით ფსიქიატრიული სტაციონარული მკურნალობა. მისი დაწესებულებაში მოთავსება კი იმთავითვე არაკანონიერად ჩაითვალა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შ--------–--------–-----------------------------–------–------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხის განმარტებით, შ--------–--------–-----------------------------–------–------ის“ მიერ კანონის სრული დაცვით იქნა შეტანილი სასამართლოში განცხადება არანებაყოფლობითი მკურნალობის მიზნით მ---------------–---ის სტაციონარში მოთავსების თაობაზე. სამედიცინო დაწესებულებაში მოსარჩელე შეყვანილ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ საპატრულო პოლიციის თანხლებით. სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება კი აუცილებელი გახდა მ---------------–---ის აგრესიული ქმედებების გამო (სახლში დაამსხვრია ნივთები, დანით ხელში დადიოდა), რაც ასახულია სამედიცინო ისტორიაში. შ--------–--------–-----------------------------–------–------ში“ შემოყვანის დროს მოსარჩელემ განაგრძო აგრესიული ქმედებები.

 

მოპასუხის განმარტებით, 2015 წლის ეპიზოდთან მიმართებით, რომელიც ეხება მოსარჩელის პირველ სტაციონირებას, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება სადავოდ არ გამხდარა; ხოლო რაც შეეხება 2017 წლის სტაციონირების ფაქტს, არანებაყოფლობითი მკურნალობის მიზნით, მ---------------–---ს უტარდებოდა არამედიკამენტოზური მკურნალობის კურსი, ვინაიდან დაწესებულებაში შეყვანის მომენტში იყო რამდენიმე დღის ნაშიმშილევი, უარს აცხადებდა საკვების მიღებაზე და ფსიქოტროპულ მედიკამენტებს შესაძლოა გამოეწვია მისი ჯანმრთელობის გაუარესება. სააპელაციო სასამართლოში პაციენტის სტაციონირებიდან გასული იყო 11 დღე და სწორედ ექიმების სწორი მკურნალობისა და პაციენტთან სიტუაციის არ გამწვავების შედეგი იყო ის რომ მოსარჩელე გაწონასწორებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა პროცესზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 19.03.15-01.04.15წ. მოსარჩელე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის ბრძანების საფუძველზე სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მოთავსებულ იქნა შ--------–--------–-----------------------------–------–------ში”; დიაგნოზი: მწვავე და გარდამავალი ფსიქოზური აშლილობა შიზოფრენიის სიმპტომების გარეშე F23.0.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის ბრძანება (ს.ფ.22-24);

- პაციენტის სამედიცინო ბარათი (ს.ფ.25);

- საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმი (ს.ფ.27)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);

3.1.2. 2----–-–------------------ს მოსარჩელე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟისა და დედის თანხლებით გადაყვანილ იქნა შ--------–--------–-----------------------------–------–------ში“.

 

2017 წლის 18 ოქტომბერს შ--------–--------–-----------------------------–------–------მა“ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მ---------------–---ის სტაციონარში მოთავსება.

დიაგნოზი: მწვავე და გარდამავალი ფსიქოზური აშლილობა შიზოფრენიის სიმპტომებით F23.1.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ს-------–---------------–------------------–-----------–---------------–------------ი (ს.ფ. 38);

- არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების შესახებ სასამართლოსათვის მიმართვის ფორმა (ს.ფ. 40);

-ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნა (ს.ფ.41-42);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);

3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------------ის ბრძანებით, დაკმაყოფილდა შ--------–--------–-----------------------------–------–------ის“ შუამდგომლობა და მ---------------–---ი არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მოთავსდა შ--------–--------–-----------------------------–------–------ში“ არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბრძანება (ს.ფ. 45-47);

 

3.1.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2----–-–-----------------ის ბრძანებით: მ---------------–---ის წარმომადგენლის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------------ის ბრძანება; შ--------–--------–-----------------------------–------–------ის“ შუამდგომლობა (მიმართვა) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მ---------------–---ის სტაციონარში მოთავსების შესახებ არ დაკმაყოფილდა; დაევალა შ--------–--------–-----------------------------–------–------ს“ მ---------------–---ის დაუყოვნებლივ გაწერა სტაციონარიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ბრძანება (ს.ფ. 64-71);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

3.2.1. არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიზნით 2----–-–------------------ს, მოსარჩელის მოთავსებით შ--------–--------–-----------------------------–------–------ში“, დაირღვა მ--------------–---ის საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლო ბრძანების საფუძველზე მოსარჩელის არანებაყოფლობითი ფიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში კანონიერად მოთავსების თაობაზე და მიუთითებს:

 

ფსიქიატრიული დახმარების შესახებ საქართვლოს კანონის თანახმად, საქართველო როგორც დემოკრატიული სახელმწიფო აღიარებს, ფსიქიკური ჯანმრთელობას როგორც ადამიანის ჯანმრთელობის ფუნდამენტურ ნაწილს და საზოგადოების კეთილდღეობის აუცილებელი პირობას, ხოლო ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვას სახელმწიფოს მოვალეობად. ამავე კანონის მე-3 მუხლი განსაზღვრავს რომ ფსიქიატრიული დახმარების სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ფსიქიატრიული დახმარების შესახებ კანონი, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

 

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია ადამიანის თავისუფლების უფლება. კონსტიტუციის მე-13 მუხლიდან გამომდინარე, ნებადართულია მხოლოდ „თავისუფლების მართლზომიერი აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი მართლზომიერი შეზღუდვა“, რომელიც უნდა განხორციელდეს კანონით განსაზღვრული წესით და სასამართლო გადაწყვეტილებით. საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის თავისუფლება გულიხმობს მის ფიზიკურ თავისუფლებას, მის უფლებას თავისუფლად გადაადგილდეს ფიზიკურად, თავის ნების შესაბამისად, იმყოფებოდეს ან არ იმყოფებოდეს რომელიმე ადგილზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II. მე-2-3 პ);

 

“ევროპული საჯარო წესრიგის (ordre public) კონსტიტუციური დოკუმენტი“ _ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი მუხლი ადგენს რომ სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, რაც განიმარტება ისე რომ კონვენცია სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ, არამედ პოზიტიურ ვალდებულებებსაც; სახელმწიფო ვალდებულია არა მხოლოდ თავი შეიკავოს კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისაგან (ნეგატიური ვალდებულებ) არამედ უნდა უზრუნველყოს მათი დაცვა, მათ შორის მესამე მხარის (ფიზიკური და იურიდიული პირები) მიერ (პოზიტიური ვალდებულება). ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ, კონვენციით განმტკიცებული უფლებების დაირღვევისას სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს დარღვეული უფლების ეფექტური დაცვა (განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებით), წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება თავად სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც ვერ უზრუნველყო კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5.1 მუხლის თანახმად: ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია: ...

(ე) პირთა კანონიერი დაპატიმრება ინფექციურ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან სულით ავადმყოფების, ალკოჰოლიკების, ნარკომანებისა თუ მაწანწალების კანონიერი დაპატიმრება;...

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ მიუთითა პრეცედენტული სამართლით დადგენილ მყარ პრინციპზე: იმისთვის რომ, კონვენციის 5.1 მუხლის შესაბამისობა იქნას უზრუნველყოფილი თავისუფლების აღკვეთა პირველ რიგში უნდა იყოს “კანონიერი”, მათ შორის კანონით განსაზღვრული პროცედურის დაცვით განხორციელებული; ამ მიმართებით კონვენცია არსებითად უთითებს ეროვნულ კანონმდებლობაზე და ადგენს მატერიალური და პროცედურული წესების შესაბამისობის დაცვის ვალდებულებას. ამასთანავე, საკმარისი არ არის თავისუფლების აღკვეთის მხოლოდ ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა, იგი ასევე უნდა განხორციელდეს აუცილებელი გარემოებების არსებობისას და ნებისმიერი ჩარევა უნდა შეესაბამებოდეს მეხუთე მუხლის მიზანს, უფრო ზუსტად თვითნებობისგან პირის დაცვას;

უშუალოდ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა თავისუფლების აღკვეთასთან მიმართებით, ევროსასამართლომ გამოკვეთა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი „ე“ პუნქტის შესაბამისად ფსიქიკური ავადმყოფობის საფუძველზე პირის კანონიერი დაპატიმრების სამი მინიმალური პირობა: სარწმუნოდ უნდა იყოს ნაჩვენები, რომ პირი ფსიქიკურად დაავადებულია, რაც ნიშნავს, რომ ფსიქიკური აშლილობა კომპეტენტური ორგანოს წინაშე უნდა დადასტურდეს ობიექტური სამედიცინო მტკიცებულების საფუძველზე; ფსიქიკური აშლილობა უნდა იყოს იმ ტიპის ან ხარისხის, რომ ამართლებდეს თავისუფლების იძულებით აღკვეთას; და თავისუფლების აღკვეთის გახანგრძლივების კანონიერება დამოკიდებული უნდა იყოს ამგვარი აშლილობის განგრძობად ხასიათზე (იხ. ვინტერვერპი, ნიდერლანდების წინააღმდეგ 1979წ 24 სექტემბერი § 39; ჯონსონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1997 წლის 24 ოქტომბერი, § 60; სტანევი ბულგარეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], № 36760/06, § 145, 2012 წლის 17 იანვარი; X ფინეთის წინააღმდეგ N34806/04, 2012წლის 3 ივლისი, §149, შტუკატუროვი (Shtukaturov) რუსეთის წინააღმდეგ - 44009/05, 27.03.2008 §149).

ფსიქიკური ჯანმრთელობის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის კონტექსტში, სასამართლომ არაერთხელ მიუთითა რომ: პირის დაპატიმრება იმდენად სერიოზული ზომაა, რომ ის გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როცა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომები განხილული და დადგენილია, რომ არასაკმარისია იმ ინდივიდუალური ან საზოგადო ინტერესის დასაცავად, რომელიც შეიძლება მოითხოვდეს განსახილველი პირის დაპატიმრებას (იხ. ვიტოლდ ლიტვა პოლონეთის წინააღმდეგ № 26629/95, § 78, ECHR 2000-III; ვარბანოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, № 31365/96, § 46, ECHR 2000-X; ასევე, სტანევი, ბულგარეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], № 36760/06, § 143); პირი უნდა იქნას მიჩნეული “დაპატიმრებულად”, მაშინაც როცა იგი იმყოფებოდა ღია საავადმყოფოს რეჟიმში საავადმყოფოს დაუცველ სართულებზე ან მის გარეთ შესაძლო ვიზიტის თავისუფლად განხორციელების რეგულარული ხელმისაწვდომობით (იხ. Ashingdane v. the United Kingdom 1985 წლის 28 მაისი, § 42) და რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების დაწესებულებაში მოთავსებასთან დაკავშირებით, თავისუფლების აღკვეთის განმარტება არ შედგება მხოლოდ პირის კონკრეტულ ტერიტორიაზე არაუმნიშვნელო დროით მოთავსების ობიექტური ელემენტისგან. პირი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება თავისუფლებააღკვეთილად, თუ იგი არ ეთანხმება კონკრეტულ შეზღუდვას _ როგორც დამატებითი სუბიექტური ელემენტი. (იხ. სტანევი, ბულგარეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], № 36760/06, § 116,117).

საქმეზე დადგენილი უდავო გარემოებაა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2----–-–-----------------ის ბრძანებით მ---------------–---ის წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------------ის ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა შ-------–--------–-----------------------------–------–------ის“ შუამდგომლობა (მიმართვა) არანებაყოფლობითი დახმარების მიზნით მ---------------–---ის სტაციონარში მოთავსების შესახებ და მოპასუხეს დაევალა მ---------------–---ის დაუყონებლივ გაწერა სტაციონარიდან.

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს საქართველოს კანონზე „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“, რომელიც ეფუძნება თანამედროვე ფსიქიატრიის მიდგომებს, იმის თაობაზე რომ ფსიქიატრიული მკურნალობა ნებაყოფლობითია და ტარდება პირის ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; რომ ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი არ არის საკმარისი პირობა ნების წინააღმდეგ მკურნალობისა და საფუძველი ადამიანისათვის სხვადასხვა უფლებების, თავისუფლებებისა თუ საქმიანობის შეზღუდვისათვის _ „ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს პირის არა მხოლოდ ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზს, არამედ მის ფსიქიკურ მდგომარეობას და სოციალური ადაპტაციის ხარისხს“ და სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით, ყურადღებას გაამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე და დასკვნებზე, რაც საფუძვლად დაედო არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მ---------------–---ის სტაციონარში მოთავსების თაობაზე შ-------–--------–-----------------------------–------–------ის“ შუამდგომლობის (მიმართვა) არ დაკმაყოფილებას: „პალატის მიერ საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა და ექიმის ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, დადასტურებული არ იქნა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით, მ---------------–---ის სტაციონარში მოთავსების აუცილებლობა. პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მ---------------–---ს შ-------–--------–-----------------------------–------–------ში" მოთავსების დღიდან დღემდე არ ჩატარებია ფსიქიატრიული მკურნალობის კურსი, არ მიუღია არანაირი წამალი და სამკურნალო საშუალება, თუმცა მიუხედავად ამისა პაციენტი არის მშვიდი, გარეგნულად მოწესრიგებული, გასაუბრებისათვის მისაწვდომი, შეკითხვებზე პასუხობს არსებითად, შეკითხვის ფარგლებში, ადგილში, დროში და საკუთარ ვინაობაში ორიენტირებულია სწორად, არ არის სოციალურად საშიში, არ გამოხატავს აგრესიას; შესაბამისად, პალატას მიაჩნია რომ ის აღგზნებული მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც კომისიის დასკვნის მიხედვით პაციენტი მიყვანილი იქნა სტაციონარში და რაც საფუძვლად დაედო პაციენტის სტაციონარში იძულებით მოთავსებას უკავშირდებოდა არა პაციენტის დაავადებას, არამედ იმ ოჯახურ კონფლიქტს, რაც წინ უძღოდა საპატრულო პოლიციის გამოძახებას; ამასთან, საქმის გარემოებები მიუთითებენ მ---------------–---ისა და დედას შორის დაძაბული ურთიერთობისა და ხანგრძლივი კონფლიქტის შესახებ; ...ამდენად, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პაციენტის მიმართ ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში მიჩნეული ვერ იქნება, რომ მ---------------–---ი ფსიქიკური აშლილობის გამო გაუცნობიერებლად ამბობს უარს ფსიქიატრიული დახმარების მიღებაზე და რომ ამ დახმარების გარეშე საფრთხე ექმნება მის ან სხვა პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას; სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პაციენტის სტაციონარში მოთავსებას არ უკავშირებს პაციენტის მიმართ ფსიქიატრიული დაავადების შესახებ დიაგნოზის არსებობას, არამედ უნდა არსებობდეს ფსიქიატრიული დახმარების მიღებაზე პაციენტის გაუთვითცნობიერებელი უარი და დახმარების დაყოვნების საფრთხის შემცველობა, რაც მოცემულ შემთხვევაში მ---------------–---ის მიმართ არ დგინდება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ შ------–--------–-----------------------------–------–------ის“ შუამდგომლობა (მიმართვა) დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.“

 

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა – სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების სპეციალური სახეა, რომელიც მოიცავს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემას; კანონის მე-18 მუხლის თანახმად, სტაციონარში მოთავსებიდან 48 საათში ექიმ-ფსიქიატრთა კომისიამ უნდა შეისწავლოს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა და გადაწყვიტოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიზანშეწონილობის საკითხი. თუ ექიმ-ფსიქიატრთა კომისია დაასკვნის, რომ არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება არ არის მიზანშეწონილი, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა გაეწეროს სტაციონარიდან, ხოლო ექიმ-ფსიქიტრთა კომისიის დაასკვნის შემთხვევაში, თუ არსებობს ამავე მუხლით დადგენილი კრიტერიუმები და არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება აუცილებელია, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია მიმართავს სასამართლოს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პაციენტის სტაციონარში მოთავსების შესახებ შესაბამისი ბრძანების გამოცემის მოთხოვნით.

 

მართალია, ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დაასკვნა არ წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას რასაც სასამართლო ეყრდნობა პირის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების ჩვენების ფაქტის დადგენისა და პირის სტაციონარში მოთავსების საკითხის განსაზღვრისას, თუმცა ვინაიდან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და მკურნალობის კრიტერიუმების განსაზღვრა და შესაბამისი რისკების შეფასება უშუალოდ მედიცინის პრეროგატივაა და აღნიშნულ საკითხში სასამართლოს კომპეტენცია არ გააჩნია, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების ჩვენების ფაქტის დადგენისა და პირის სტაციონარში მოთავსების საკითხის განსაზღვრის პროცესში სასამართლო მტკიცების მაღალ ხარისხს ანიჭებს სწორედ კანონის შესაბამისად შედგენილ ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნას; ამდენად, დასკვნის გამცემი არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტისას, ვალდებულია მაქსიმალურად აწონ-დაწონოს პაციენტის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სტაციონირებიდან გამომდინარე სარგებელი და ის შესაძლო რისკები, რაც დაკავშირებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში პიროვნული თავისუფლების შეზღუდვასთან.

 

განსახილველ შემთხვევაში, ნებაყოფლობით მკურნალობაზე მოსარჩელის თანხმობის არარსებობის პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა კონკრეტული გარემოება იმის თაობაზე რომ შ-------–--------–-----------------------------–------–------ის" ექიმ-ფსიქიატრთა დასკვნა, მ---------------–---ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სტაციონირების აუცილებლობას კანონით დადგენილ კრიტერიუმთა უგულვებელყოფით ასაბუთებდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთავსება სტაციონარში უნდა შეფასდეს თავისუფლების შეზღუდვად, რომელიც ვერ იქნება მართლზომიერი და გამართლებული, რამდენადაც ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ იმ მინიმალურ სტანდარტს, რაც სავალდებულოა ფსიქიკური ავადმყოფობის საფუძველზე პირის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების ჩვენების ფაქტის დასადგენად.

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ--------------–---ის სარჩელი მოპასუხე შ--------–--------–-----------------------------–------–------ის“ მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5, მე-8 მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე, 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახედ დელიქტურ ვალდებულებას განსაზღვრავს.

 

,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა. განსხვავებით ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულებისა, დელიქტის დროს თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი." (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ)

განახილველ შემთხვევაში მ--------------–---ი ითხოვს მოპაუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, სტაციონირებისათვის საჭირო კანონით განსაზღვრული კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, არანაბეყოფლობითი სტაციონალური ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მისი შ--------–--------–-----------------------------–------–------ში“ მოთავსების, მის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ღირსების შემლახავი ქმედებით განცდილი მძიმე სულიერი ტკივილისათვის;

 

6.2. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. ამავე კოდექსის 207-ე მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, ადგენს სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) დელიქტურ პასუხისმგებლობას სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის, მათ შორის (ამავე მუხლის მე-3 ნაწილი), რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურები წესს მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა; ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება.

 

მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირთა ანალოგიური ქმედებისაგან, სამოქალაქო კოდექსის არც აღნიშნული და არც სხვა დელიქტური მუხლი არ ითვალისწინებს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უკანონოდ მოთავსებული პირისათვის ზიანის ანაზღაურებას, თუმცა უდავოა რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების თაობაზე, გააჩნია მყარი ლეგიტიმური საფუძველი:

 

საქართველოს კონსტიტუციის 4.2. მუხლის თანახმად საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

ვინაიდან საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელთა მონაწილეა საქართველო (მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია), საქართველოს კანონმდებლობის ნაწილია, შიდასახელმწიფოებრივი სამართლის წყაროა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ საკუთარი უფლებები და კანონიერი ინტრესები დაიცვან უშუალოდ კონვენციის საფუძველზე, მათ შორის სასამართლოში.

 

გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში მითითებული ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით ჩამოყალიბებული სტანდარტებისა და განსახილველ საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს რომ 2----–-–------------------ს მოსარჩელის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და კონვენციის მოთხოვნათა დარღვევით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2----–-–-----------------ის ბრძანებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის აღსრულებამდე _ მოსარჩელის სტაციონარიდან გაწერამდე, უნდა შეფასდეს მ---------------–---ის თავისუფლების უკანონო შეზღუდვად, რაც მას ანიჭებს შესაბამისი კომპენსაციის მიღების უფლებას, როგორც საქართველოს კონსტუტუციის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე _ უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება, ასევე კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად _ ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება (ზიანის ანაზღაურების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშვება, როდესაც ადგილი აქვს მე-5 მუხლის 1-4 პუნქტების დარღვევას); ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებში, ასევე არა ერთგზისაა აღნიშნული რომ შესაძლებელია პირი გახდეს მე-5 მუხლის დარღვევის მსხვერპლი, მაგრამ რეპარაციაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი თუ მიყენებულია მატერიალური ან მორალური ზიანი.

 

6.3. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, როგორც დამოუკიდებელი და განცალკევებული კონცეფცია მომდინარეობს დელიქტური სამართლის სფეროდან, რომლის თანახმადაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში უკანონო ჩარევით გამოწვეული ზიანისათვის სარჩელის აღძვრის ახალი საფუძველი იქნა აღიარებული (Warren and Brandeis, “The Right to Privacy”, (1890) 4, Harward Law Review 193).

როგორც უნივერსალური საერთაშორისო ხელშეკრულება, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე17(1) მუხლით დადგენილია, რომ „არავინ უნდა დაექვემდებაროს მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებლის შეუვალობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებურ ან უკანონო ჩარევას ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფას.“

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი აყალიბებს პირადი ცხოვრების პატივისცემის ზოგად უფლებას და ადგენს: „1. ყველას აქვს უფლება პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მის მიმოწერას. 2. დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების ჩარევა ამ უფლების განხორციელებაში, გარდა ისეთი ჩარევისა, რაც დაშვებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის ან უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან ზნეობის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.“

 

კონვენციის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება როგორც ნეგატიურ ვალდებულება - არ ჩაერიოს მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებით სარგებლობაში, ასევე პოზიტიურ ვალდებულებაც - უზრუნველყოს ამ უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა და ამ მიზნით აკრძალოს უფლებაში ნებისმიერი უკანონო და თვითნებური ჩარევა, მიუხედავად იმისა ქმედება მომდინარეობს სახელმწიფო დაწესებულებებისა თუ კერძო ან იურიდიული პირებისგან. სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულება ვრცელდება ურთიერთობებზე კერძო პირებს შორისაც.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებით დაცულ ურთიერთობათა სფერო საკმაოდ ფართოა და არ ექვემდებარება ამომწურავ განსაზღვრებას (კოსტელო-რობერტსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Costello-Roberts v. the United Kingdom), 1993 წლის 25 მარტი, 36-ე პარაგრაფი). ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი მოიცავს მრავალ საკითხს, მათ შორის პირის ფიზიკურ და მორალურ ხელშეუხებლობას, პატივსა და ღირსებას, სოციალურ იდენტიფიცირებას, პირის სახელსა და გვარს, სქესობრივ ცხოვრებას, ადამიანის სხეულთან დაკავშირებულ ასპექტებს, საცხოვრებელ გარემოს, პირადი ან კერძო სივრცის პატივიცემას და სხვა.

 

6.4. საქართველოს კონსტიტუციის 4.2. მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.

 

აღნიშნული ნორმით „საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს ადამიანს და მის უფლებებს, როგორც უმაღლეს ფასეულობას. „ეს არის ერთ-ერთი ფუძემდებლური ნორმა-პრინციპი, რომელიც იძლევა ადამიანის უფლებების მასშტაბისა და მნიშვნელობის შეგრძნების შესაძლებლობას, განაპირობებს მთლიანად კონსტიტუციისა და, განსაკუთრებით, კონსტიტუციური უფლებების განმარტებისა და გამოყენების ფარგლებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება N1/466 საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 3).

 

ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებისა და თავისუფლებების, კონკრეტული სფეროების გარანტირება უზრუნველყოფილია ასევე საქართველოს კონტიტუციის კონკრეტული მუხლებით, მაგალითად: მე-9 მუხლით გარანტირებულია ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, მე-10 მუხლით დაცულია სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებები, მე-12 მუხლით _ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, მე-13 მუხლით _ ადამიანის თავისუფლება, მე-15 მუხლით უზრუნველყოფილია ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარ გადაწყვეტილებებში არაერთხელ აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების ფართო და მრავალმხრივი შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი ზუსტი და ამომწურავი განმარტება. „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფარგლებში პირები უზრუნველყოფილი არიან ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობის, სახელის, პირადი მონაცემების, საცხოვრებლის, ოჯახისა და სქესობრივი ცხოვრების საიდუმლოების, მიმოწერის და სატელეფონო საუბრის საიდუმლოების ხელშეუხებლობის უფლებებით. განაპირობებს რა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების არსს, თითოეული მათგანი, იმავდროულად, დამოუკიდებელი შინაარსის მატარებელია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება N1/3/407 საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II,4)

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი ითვალისწინებს, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2. მუხლით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2. მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესი ერთი შეხედვით ამომწურავად ჩამოთვლის დაცულ არამატერიალურ სიკეთეთა წრეს, თავად ამ სიკეთეთა შინაარსობრივი მხარე და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის კონცეფცია, რომელსაც ანვითარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და საქართველოს კონსტიტუცია, ეროვნულ სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას აღნიშნული ნორმის ფარგლებში უზრუნველყოს ასევე იმ არაქონებრივ უფლებათა და სიკეთეთა დაცვა, რომელიც იმანენტურია ადამიანისათვის, როგორც უმაღლესი ფასეულობისათვის და განაპირობებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების არსს.

 

მითითებული მე-18-ე მუხლი განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

6.6. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მორალური ზიანის არსებობის ფაქტს უკავშირებს იმ ფსიქოლოგიურ და ემოციურ სტრესს, რაც მან განიცადა თავისუფლების უკანონო შეზღუდვითა და მისი პირადი არაქონებრივი უფლებების ხელყოფის ფაქტით, რასაც სადავოდ ხდის მოპასუხე მხარე, ისევ და ისევ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელის ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სახეზე იყო მ---------------–---ის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების კანონით განსაზღვრული ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები; ფაქტი რომ მოსარჩელე ფსიქიკურად დაავადებულია და საჭიროებს იძულებით მკურნალობას, დადასტურებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს ბრძანებითაც, რაც გამორიცხავს მოპასუხის სამოქალაქო პასუხისმგებლობას;

 

სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება კონკრეტულ შემთხვევაში დაკავშირებულია არაქონებრივ უფლებათა დარღვევასთან. არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. პირადი არაქონებრივი უფლებების ხელყოფით მოყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს მორალური ზიანის არსებობა. მორალური ზიანის ქვეშ იგულისხმება სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც ქონებრივი ექვივალენტი არ გააჩნია.

 

ვინაიდან პიროვნება ადამიანის სულიერ ღირებულებათა ერთობლიობაა, ტერმინი „მორალური ზიანი“ სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობის სფეროში მიყენებული ზიანის ამსახველია და ადამიანის ფსიქიკაში იმ ნეგატიური ცვლილებების არსებობას გულისხმობს, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში. ამდენად, მორალური ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლებების ხელყოფის ფაქტი.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს: ვინაიდან მორალური ზიანი არამატერიალიზებული ზიანია, რომლის ობიექტურად, კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურება მეტწილად რთული და ზოგჯერ შეუძლებელიც კია, დაზარალებულის მტკიცების ტვირთი ზედმეტად არ უნდა დამძიმდეს და უშუალოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოიწვევდა თუ არა დაზარალებულის ფსიქიკაში ნეგატიურ ცვლილებებს.

 

არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის განმსაზღვრელი არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტის არსებობა, სასამართლოს შეფასებით მოცემულ შემთხვევაში სახეზეა: კერძოდ, დავის სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელიც ეხება პირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობითი მოთავსების შედეგებს, სასამართლო უშუალოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებების (რომელიც არსებითი მტკიცებულებაა თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტის შედეგად მოსარჩელის ფსიქიკაში მიმდინარე უარყოფითი ემოციების დადგენის თვალაზრისით), მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებების, საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტაციისა და სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნევს გარემოებას, რომ მოსარჩელის თავისუფლების უკანონო შეზღუდვით, ასევე ხელყოფილ იქნა მ---------------–---ის პატივი და ღირსება, პირადი ცხოვრების ავტონომიაზე უფლება, რამაც მოსარჩელეს ღრმა ზნეობრივ-ფსიქიკური ტანჯვა განაცდევინა;

 

სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს: განსაკუთრებულ მტკიცებას არ საჭიროებს ფაქტი, რომ ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობითი მოთავსების გზით, როდესაც არ არსებობს მსგავსი შეზღუდვის „სამედიცინო აუცილებლობა“ და მით უფრო, როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს გადაწყვეტილების მიღებისა და გარემო სიტუაციის აღქმისა და შეფასების უნარი, უარყოფითად აისახება ნებისმიერ, თუნდაც სრულიად ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანზე; უარყოფით განცდებს კიდევ უფრო აღრმავებს, თუ თავისუფლების შეზღუდვას თან ახლავს ფიზიკური იძულება (სარჩელშიც და სასამართლო პროცესზეც მოსარჩელემ ხაზი გაუსვა ფსიქიატრიული დაწესებულების რეჟიმის სიმკაცრეს, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიტაციის აკრძალვას, მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლების შეზღუდვას, ფიზიკური შეურაცყოფის ფაქტს); სასამართლოს შეფასებით, სწორედ მოსარჩელის განსაკუთრებულ ემოციურ მდგომარეობასა და დაუცველობის განცდაზე მეტყველებს, საქმეში არსებული მტკიცებულებებით გამყარებული, ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ სასაწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის მომენტიდან, მ---------------–---ი ცდილობდა მობილურის მეშვეობით მუდმივ კონტაქტზე ყოფილიყო უფლებადამცველებთან; განსაკუთრებული პროტესტის ნიშნად უარს აცხადებდა საკვების მიღებასა (იღებდა მინიმალური ოდენობით წყალს) და ყველანაირ მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, რაც ცხადია უარყოფითად აისახებოდა როგორც მის ფსიქიკურ ასევე ფიზიკურ მდგომარეობაზე (ფაქტს არ უარყოფს და ადასტურებს მოპასუხე მხარეც); თუმცა საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტაციით ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელის ეს ქმედაბები, ისევე როგორც სურვილი დაეტოვებინა სტაციონარი, ფსიქიატრიული დაწესებულების მედპერსონალის მიერ განიხილებოდა ცალსახად, როგორც პაციენტის ფსიქიკური დაავადების სიმპტომები და არა როგორც პიროვნული თავისუფლების გამოხატული სურვილი და ობიექტური პროტესტი მისი უფლებების ხელყოფაზე.

 

მორალური ზიანის ფაქტის დადგენისა და ზიანის მიმართ მოსარჩელის სუბიექტური დამოკიდებულების შეფასების თვალასაზრისით სასამართლო ასევე გაამახვილებს ყურადღებას საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დადასტურებად იმ ფაქტობრივ გარემოებეზეც, რომლებიც წინ უძღოდა მოსარჩელის მოპასუხე დაწესებულებაში სტაციონირებას: ორივე ჯერზე (2-------------–--–-), მ---------------–---ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მოთავსების მაპროვოცირებელ გარემოებას წარმოადგენდა ოჯახური კონფლიქტი, განპირობებული მ----------------–---ის დედის მხრიდან, შვილის ცხოვრების წესთან შეუგუებლობის ფაქტით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,112“-ის ინფორმაციითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის - ქ.თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოთხოვილი რეაგირების ოქმებით დასტურდება, როგორც დედა-შვილს შორის ხანგრძლივი კონფლიქტური სიტუაციის არსებობის ფაქტი, ასევე ის ფაქტიც რომ მ---------------–---ი თავდაცვის მიზნით მიმართავს საპატრულო პოლიციას (2----–-–------------ს განხორციელებული შეტყობინებით იგი ითხოვს დედასთან კონფლიქტის ფაქტის დაფიქსირებას, ხოლო 2----–-–----------ს შეტყობინებას ახორციელებს მის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე); ეს უკანასკნელი გარემოება განსაკუთრებით საგულისხმოა, მოსარჩელის განმარტების კონტექსტში, რომ პირველი სტაციონირებიდან მოყოლებული მას მუდმივად სტანჯავდა სტიგმატიზაციის განცდა და შიში, რომ მის მიერ არჩეული ცხოვრების წესის (ბუდიზმისა და იოგას მიმდევრობის) გამო, დედის ნებასურვილის შემთხვევაში, საკუთარი და სხვათა ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლის დაცვის ან სხვა საბაბით, შესაძლოა მომავალში კვლავ დაქვემდებარებოდა არანებაყოფლობით სტაციონირებას; წლების მანძილზე განცდილი ფსიქოლოგიური წნეხი და მშობლის მხრიდან მისი დიაგნოზით (რომელსაც კატეგორიულად არ ეთანხმება მოსარჩელე) მუდმივი მანიპულირება, არსებითად ხელყოფდა როგორც მის სულიერ სიმშვიდეს, ასევე პატივსა და ღირსებას, მისი პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლებას; სწორედ ამ აკუმულირებულ, ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას უკავშირებს მოსარჩელე მის მიერ გამოხატულ აგრესიას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟისა და ფსიქიატრიულ დაწესებულების მედპერსონალის მიმართ, სტაციონარში მისი გადაყვანის მომენტში.

 

ფაქტი, რომ იმ არსებით გარემოებებს, რომელიც წინ უძღოდა მ---------------–---ის 2017 წლის 17 ოქტომბრის სტაციონირებას, მოპასუხის მხრიდან არ მოჰყოლია არათუ სათანადო რეაგირება, არამედ შეფასებაც კი მოსარჩელის მიმართ არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტისას, დასტურდება როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–-----------------ის ბრძანებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციითა და მოპასუხე მხარის ინიციატივით გამოძახებული სპეციალისტის სასამართლო პროცესზე დააფიქსირებული პოზიციდანაც (იხ. 2----–-–----------ის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი, 17:48-17:50), რაც სასამართლოს შეფასებით, პირდაპირი გამოხატულებაა შ--------–--------–-----------------------------–------–------ის“ ექიმ ფსიქიატრთა მხრიდან წინასწარი განზრახვის გარეშე, მაგრამ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხის გადასაჭრელად არსებით გარემოებათა ზედაპირული შესწავლისა, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს რომ სახეზეა შ--------–--------–-----------------------------–------–------ის“ მიერ მ---------------–---ისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ყველა პირობა: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდარ შედეგს შორის.

 

6.11. მორალური ზიანის მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, თუმცა ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ხორციელდება იმ სოციალურ ამოცანათა განხორციელების გათვალისწინებით, რომელსაც მიზნად ისახავს დელიქტური ვალდებულების ეს სახე. კერძოდ, მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. აღნიშნული სამი სატისფაქციური, რეპრესიული და პრევენციული ფუნქციების კომბინაცია წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების საერთო მიზანს, რაც უნდა აისახოს მორალური ზიანის ანაზღაურებისას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, ვერ განხორციელდება იმდენად, რამდენადაც მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია; კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება და დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.

 

რეპრესიული ფუნქციის განსახორციელებლად არსებითი მნიშვნელობისაა, სამართალდარღვევის ხასიათის, დამრღვევის ბრალის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინება. ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების პრევენციული ფუნქციების განხორციელებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამართალდარღვევის განმეორების აკრძალვას.

საგულიხმოა, რომ მოსარჩელემ საქმის სასამართლო განხილვისას, არაერთხელ და საგანგებოდ გაუსვა ხაზი, სარჩელით მოთხოვნილი მორალური ზიანის ანაზღაურების სწორედ პრევენციულ მიზნებზე.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ---------------–---ის სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მორალური ზიანის სახით 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, ვინაიდან მ---------------–---ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე შ--------–--------–-----------------------------–------–------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 150 ლარის ოდენობით;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე- 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ---------------–---ის სარჩელი შ--------–--------–-----------------------------–------–------ის“ მიმართ მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შ--------–--------–-----------------------------–------–------ს“ მოსარჩელე მ---------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით;

 

3. შ--------–--------–-----------------------------–------–------ს“ მ---------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი