გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210119002990119
საქმე № 2/641-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - სს „ლ-------------ი“
წარმომადგენელი - რ-----------–-----–ი
მოპასუხე - მ---------------ი (მონაწილეობის გარეშე)
წარმომადგენელი - მ------------–---–ი
დავის საგანი- თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე მ---------------ს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს 13 724 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 5 787.48 ლარი, პროცენტი - 6 006.52 ლარი, პირგასამტეხლო - 1930 ლარი.
2. მოსარჩელის პოზიცია
2.1. 2015 წლის 22 ოქტომბერს სს „ლ-------------სა“ და მ---------------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 36 თვის ვადით, რომლითაც მსესხებელზე გაიცა 6500 ლარი, წლიური 34% სარგებლით, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ძირი თანხის 1%-ით. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მიუხედავად გაფრთხილებისა, იგი ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს, რის გამოც მისი დავალიანება 2019 წლის 07 მაისის მდგომარეობით შეადგენს 13 724 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 5 787.48 ლარი, პროცენტი - 6 006.52 ლარი, პირგასამტეხლო - 1930 ლარი (შემცირებული).
3. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გარიგება არის კაბალური და ამორალური, თუმცა სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა დააზუსტა შესაგებელი და სარჩელი ცნო ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მსესხებლის მხრიდან დაირღვა ხელშეკრულების პირობები - სესხის გრაფიკით დაბრუნების ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (26.06.2019 წლის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (26.06.2019 წლის სხდომის ოქმი).
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- გაფრთხილების წერილი.
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. 2015 წლის 22 ოქტომბერს სს „ლ-------------სა“ და მ---------------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0002/2015/32612, შემდეგი პირობებით:
ხელშეკრულების საგანი - 6500 ლარი;
ხელშეკრულების მოპმედების ვადა - 36 თვე;
სარგებელი - წლიური 34%;
ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგსამტეხლო - ძირი თანხის 1%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულება საბანკო კრედიტის შესახებ.
4.2.2. 2015 წლის 22 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით სესხი იყო სარგებლიანი - წლიური 34%-ის ოდენობით, რაც მსესხებლისათვის ცნობილი იყო სესხის დადების მომენტისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- ამონაწერი მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან.
4.2.3. 2015 წლის 22 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 1%-ის ოდენობით, რაც მსესხებლისათვის ცნობილი იყო სესხის დადების მომენტისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''ლ-------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.
ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2015 წლის 22 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, და მოპასუხემ ვერ შეძლო ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში სს ლ-------------სა და მ---------------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას, კერძოდ, თამარ ლომიძემ საკრედიტო ხელშეკრულებაის საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურა.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''ლ-------------ის'' მოთხოვნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადასახდელად დარჩენილი კრედიტის ძირითადი თანხის - 5 787.48 ლარის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია.
6.9. რაც შეეხება სარგებელს, მხარემ სადავო გახადა, როგორც სარგებლის გადახდის ვალდებულება, ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის ოდენობის კანონიერება. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა გაფრთხილების მიუხედავად. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ასევე საფუძვვლიანია საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია. აგრეთვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მან იცოდა სარგებლის ოდენობის შესახებ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის და არათუ საკუთარი ნება გამოხატა გარიგების დადებისას, არამედ იხდიდა კიდეც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელს. განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ სარგებლის შეთანხმებული ოდენობა არის წლიური 34%. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ ეს სარგებელი არის კლებადი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და კასატორი [სარგებლის მიმღები] მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი კასატორს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დებულება, რომლითაც კასატორმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ, როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით, უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე“(იხ. სუსგ №ას-663-629-2015, 28 ივლისი 2015 წელი). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება სარგებლის ოდენობის ნაწილში - წლიური 34% (ყოველთვიურად 2.83%) არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და არ წარმოადგენს ბათილ გარგებას, თუმცა მოსარჩელის მხრიდან მოთხოვნილი სარგებლის ოდენობასთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორის მხრიდან არ არის დასაბუთებული აღნიშნული სარგებლის დაანგარიშებული ოდენობის მართებულობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად კი, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად და ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება მათ მიერ სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებულია სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. მოცემულ შემთხვევაში სარგებლის ოდენობის მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს. მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვილი სარგებლის საფუძვლიანობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულება დაირღვა 2016 წლის 16 მაისიდან, ხელშეკრულების მოქმედების გადა იყო 2018 წლის 22 ოქტომბრამდე, სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2019 წლის 13 მაისს, ხოლო დავალიანება დაანგარიშებულია 2019 წლის 07 მაისის მდგომარეობით (ჩანს დავალიანების დაანგარიშების ათვლის დასაწყისი), ე.ი. ვალდებულების დარღვევიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე გასულია 2 წელი და 158 დღე, შესაბამისად, გადაუხდელი ძირი თანხის - 5 787.48 ლარიდან სარგებელი 2 წელსა (ორჯერ 34% - 3 935.48 ლარი) და 158 დღეზე (850.45 ლარი) შეადგენს 4786 ლარს, დავლიანების ცნობით, კი სარგებლის ოდენობა დაანგარიშებულია ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგაც.
აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა, კერძოდ, განმარტა, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 625-ე, 403-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო; ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: 1) მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; 2) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; 3) ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე (იხ. სუს. გადაწყვეტილება საქმე №ას-1701-1685-2011; 22 ოქტომბერი, 2012 წელი).
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა სარგებლის ნაწილში უნდა შემცირდეს და იგი დაანგარიშებული უნდა იქნეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის მიხედვით, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული სარგებლის ოდენობის მართებულება.
6.10. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
6.11. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოვალეს ეკისრება პირგასამტეხლო ძირი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან კი დასტურდება, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება, შესაბამისად, სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილშიც საფუძვლიანია, თუმცა პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების გარკვეულწილად კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, რის გამოც არსებობს მისი შემცირების საფუძველი, ვინაიდან სასამართლოს მოსაზრებით პირგასამტეხლოს მოცულობა სცილდება გონივრული საზომის ფარგლებს და იგი უნდა შემცირდეს 0,024%-მდე - 643 ლარამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალქო საპროცესო მოდექსის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აქედან გამომდინარე მოსარჩელეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 412 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 173.75 ლარი, ხოლო 238.25 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 213 ლარის (სარჩელზე 163 ლარი, უზრუნველყოფის განცხადებაზე - 50 ლარი) ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის გაჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მ---------------ს (პ/ნ: 24001043097) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. კ---ი, ა----–----ლის ქ.№1- საკადასტრო კოდი: №6--0--3--5-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რაც იმ გარემოების გათვალისწინებუთ, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უნდა დარჩეს ძალაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე სს “ლ-------------ის” სარჩელი მოპასუხე მ---------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე მ---------------ს მოსარჩელე სს ”ლ-------------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 11 216.48 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხა არის 5 787,48 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 4786 ლარი, პირგასამტეხლო - 643 ლარი.
3. მოსარჩელე სს „ლ-------------ს“ (ს/კ: 203828304) დაუბრუდეს 2019 წლის 10 მაისს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22 (საგადასახადო დავალება №5155789832) სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 412 ლარიდან 173.75 ლარი, დანარჩენი 238.25 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. მოპასუხე მ---------------ს მოსარჩელე სს ”ლ-------------ის” სასარგებლოდ, მის მიერ სარჩელსა და მისი უზრულველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაეკისროს 213 ლარის გადახდა.
5. უცვლელი დარჩეს გორის რაიონული სასმართლოს 2019 წლის 13 მაისის გაჩინებით გამოყებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მ---------------ისათვის (პ/ნ: 24001043097) მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. კ---ი, ა----–----ლის ქ.№1- საკადასტრო კოდი: №6--0--3--5-- გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შესახებ.
6. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით.
7. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი