გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #150210019002867423
№2/37-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 ივნისი 2019 წელი ქ.ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - არარატ ესოიან
სხდომის მდივანი - არმენ ქოსიან
მოსარჩელე - ი/მ გ----- ზ-------იან (ს/კ 0----------);
წარმომადგენელი - ნ-----------------ე;
მოპასუხე - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - ხაჩატურ ალექსანიან;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას ი/მ გ----- ზ-------იანის სასარგებლოდ 25047,39 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წელს ჩაატარა ტენდერი წყლის გამანაწილებელ მილსადენებთან დაკავშირებული სამუშაოების სოფელ ალათუმანის სასმელი წყლის ახალი წყალსადენის გაყვანის და სოფელ კოთელიის საბავშვო ბაღის კანალიზაციის მშენებლობის (ბაღისათვის ანტისეპტიკის მოწყობა) შესახებ, რაშიც გამარჯვებულად იქნა მიჩნეული ინდ/მეწარმე „გ----- ზ-------იანი“. ი/მ „გ----- ზ-------იანის“ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც შემსყიდველს, ერთის მხრივ და ი/მ „გ----- ზ-------იანს“, როგორც მიმწოდებელს შორის მეორეს მხრივ 2017 წლის 17 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება №104 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ი/მ „გ----- ზ-------იანმა“ აიღო ვალდებულება შემსყიდველისათვის 205840 ლარის ღირებულების სამუშაოების მიწოდების შესახებ, საიდანაც წყალსადენის მშენებლობის ღირებულება პროექტის და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად შეადგენს 201867,44 ლარს, ხოლო სოფელ კოთელიის საბავშვო ბაღის ანტისეპტიკის მოწყობის ღირებულება კი შეადგენს 3972,56 ლარს.
ი/მ „გ----- ზ-------იანის“ მიერ პირნათლად შესრულად ხელშეკრულებით გათვალიწინებული პირობები, დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და მის მიერ შესრულებული სამუშაოები სრულად შეესაბამება ტექნიკურ პირობებში მითითებულ სტანდარტებს. ი/მ „გ----- ზ-------იანის“ მიერ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება ხდებოდა ეტაპობრივად შესაბამისი აქტების საფუძველზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადებში, რასაც ვერ ვეტყვით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. ი/მ „გ----- ზ-------იანი“ მშენებლობას ახორციელებდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ი/მ „გ------- ღ--–--------ანის“ მიერ შედგენილი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე.
ი/მ „გ----- ზ-------იანის“ მიერ სრულად დასრულდა სოფელ ალათუმანის ახალი წყალსადენის და სოფელ კოთელიის საბავშვო ბაღის კანალიზაციის მშენებლობა ი/მ „გ------- ღ--–--------ანის“ მიერ შედგენილი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში, მაგრამ მიუხედავად ამისა შემსყიდველის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან არ განხორციელდა სოფელ ალათუმანის ახალი წყალსადენის მშენებლობისთვის ი/მ „გ----- ზ-------იანის“ მიერ განხორციელებული სამუშაოების სრულად ანაზღაურება, კონკრეტულად კი 25047,39 ლარის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ი/მ „გ----- ზ-------იანის“ მიერ სამუშაოები ჩატარდა პროექტისა და ხარჯთაღიცხვის შესაბამისად. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ამას ხსნის იმით, რომ პროექტის თანახმად სათავო ნაგებობიდან სოფელ ალათუმანს წყალი არ მიეწოდება თვითდინებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შპს „ს---–----------------------–--–--------------------–------“ მიერ ჩატარებული გამოკვლევების და შპს „ქ--------–------“ აკრედიტებული ტიპის ინსპექტირების ორგანოს ინსპექტირების ანგარიშის /ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ი/მ „გ----- ზ-------იანის“ მიერ შესრულებული სამუშაოები შესრულებულია დარღვევების გარეშე და ის სრულად შეესაბამება წყალსადენის პროექტის და ხარჯთაღრიცხვის მონაცემებს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სარჩელი არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით წყალი არ არის მიწოდებული ადრესატისთვის და წყალდენის არგაშვება არის მოსარჩელის ბრალითაც.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წელს ჩაატარა ტენდერი წყლის გამანაწილებელ მილსადენებთან დაკავშირებული სამუშაოების სოფელ ალათუმანის სასმელი წყლის ახალი წყალსადენის გაყვანის და სოფელ კოთელიის საბავშვო ბაღის კანალიზაციის მშენებლობის (ბაღისათვის ანტისეპტიკის მოწყობა) შესახებ, რაშიც გამარჯვებულად იქნა მიჩნეული ინდ/მეწარმე „გ----- ზ-------იანი“. რის საფუძველზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც შემსყიდველს, ერთის მხრივ და ი/მ „გ----- ზ-------იანს“, როგორც მიმწოდებელს შორის მეორეს მხრივ, 2017 წლის 17 ნოემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №104.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №104 (ს.ფ. 15-18);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად ხელშეკრულების მოქმედის ვადა იყო 2018 წლის 29 იანვრის ჩათვლით (ხელშეკრულების 23.1. მუხლი), შესასრულებებლი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 205840 ლარს (ხელშ. 3.1. მუხლი), სამუშაოების შესრულება უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით (ხელშ. 6.1. მუხლი).
სამუშაოების შესრულება განხორციელდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ი/მ „გ------- ღ--–--------ანის“ მიერ შედგენილი წყალსადენის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას, და ი/მ „გ----- ზ-------იანს“, შორის 2018 წლის 27 სექტემბერს გაფორმებულია შეთანხმება 2017 წლის 17 ნოემბერს №104 ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილების თაობაზე. კერძოდ, ცვლილება შეტანილია ხარჯთაღრიცხვაში, ამასთან ხელშეკრულების საერთო ღირებულება და ერთეულთა ფასები არ იცვლება, ასევე უცვლელად დარჩა წყალსადენის პროექტი.
შესაბამისად სამუშაოების შესრულება განხორციელდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ი/მ „გ------- ღ--–--------ანის“ მიერ შედგენილი წყალსადენის პროექტისა და ახალი ხარჯთაღრიცხვის (ერთვის 2018 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმებას) საფუძველზე.
მხარეები ვადებს სადავოდ არ ხდიან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №104 (ს.ფ. 15-18);
- 2018 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმება (ს.ფ.154-163);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ი/მ „გ------- ღ--–--------ანის“ მიერ შედგენილი წყალსადენის პროექტი (ს.ფ. 64-75).
3.1.3. ი/მ „გ------- ღ--–--------ანის“ მიერ შედგენილი წყალსადენის პროექტის და ხარჯთაღრიცხვის მიმართ (მათ შორის ცვლილების თაობაზე შეთანხმებისას) არ არის ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა (პიეზომეტრიული), ანუ აღნიშნული პროექტი მერიას მიუღია განსახორციელებლად აღნიშნული ექსპერტიზის გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ი/მ „გ------- ღ--–--------ანის“ მიერ შედგენილი პროექტი (ს.ფ.64-75);
- 2018 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმება (ს.ფ.154-163);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
ხელშეკრულებით გათვალისწინებული 205840 ლარის თანხიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ ი/მ „გ----- ზ-------იანს“ არ გადაუხადა მხოლოდ 25047,39 ლარი, რომელიც წარმოადგენს მოცემულ საქმეზე დავის საგანს.
ანუ მხარეები ციფრებს სადავოდ არ ხდიან, ამასთან მოსარჩელე თვლის, რომ მოპასუხეს ეს თანხა გადასახდელად დარჩა, იმ მოტივით, რომ სრულად შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ხოლო მერიას მიაჩნია, რომ ეს თანხა არ ექვემდებარება გადახდას ვინაიდან არ დასრულდა სამუშაობი და წყალდენის არგაშვება არის მოსარჩელის ბრალითაც.
შესაბამისად მთავარი გარემოება არის ის, შესრულებულია თუ არა მხარეების მხრიდან თავიანთი ვალდებულებები ჯეროვნად, კერძოდ, ი/მ „გ----- ზ-------იანის“ მიერ სრულად შესრულებულია თუ არა სამუშაოები წყალსადენის პროექტის და ხარჯთაღრიცხვის თანახმად, დარღვევების გარეშე, ამასთან არის თუ არა მოსარჩელის ბრალი იმაში, რომ წყალი არ არის მიწოდებული ადრესატამდე.
3.2.1. ი/მ „გ----- ზ-------იანის“ მიერ შესრულებული სამუშაოები იყო ინსპექტირებული A ტიპის ინსპექტირების ორგანოს შპს „ქ--------–------ ის“ მიერ.
შპს „ქ--------–------ -ის“ ინსპექტირების ანგარიშის/ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ი/მ „გ----- ზ-------იანის“ მიერ შესრულებული სამუშაოები შესრულებულია დარღვევების გარეშე და ის სრულად შეესაბამება წყალსადენის პროექტის და ხარჯთაღრიცხვის მონაცემებს.
აღნიშნული სადავოდ გახადა მოპასუხემ, თუმცა შპს „ქ--------–------ -ის“ ინსპექტირების ანგარიშის/ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.
ასევე ი/მ „გ----- ზ-------იანის“ მიერ შესრულებული სამუშაოებზე და წყალსადენის პროექტზე ჩატარებულია სამეცნიერო-პრაქტიკული გამოკვლევა, შპს „ს---–----------------------–--–--------------------–------“ მიერ, ამასთან სასამართლო სხდომაზე დაკითხული იყო გამოკვლევის ხელმძღვანელი, ექსპერტი - პროფესორი ზ----- ც----–-შვილი.
გამოკვლევის დასკვნის თანახმად დადგენილია:
მშენებლის მიერ რეალურად განხორციელებული სქემა შეესაბამება ზემოთ მოყვანილ საპროექტო სქემას, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ძველი კაპტაჟის ძირიდან ნაცვლად გათვალისწინებული - 200 მმ კვეთის მილისა არის d-300 მმ კვეთის მილი 10 მ მანძილზე.
ამასთან გამოვლენილია ორი მიზეზი, რომელმაც შექმნა სოფელ ალათუმანის წყალდენის არგაშვების ფაქტი - პრეცენდენტი:
1) ძველი კაპტაჟის ძირიდან გამოსული წყალი q=6,2 ლ/წმ დებეტის ოდენობით პროექტით გათვალისწინებული კომბინირებული მილის საშუალებით წყალი გადაეცემა პატარა რეზერვუარს და შემდგომ ძირითად წყალსადენს. შეუვსებელი კვეთით წყლის გადაწოდებამ შექმნა უდაწნეო რეჟიმი. შედეგად მოხდა ის, რომ პრაქტიკულად არასრული კვეთით შევსებული მილით წყალმა თვითდენით იმოძრავა და წყალდენის წინაღობა გადალახა მხოლოდ ნაწილობრივ და შეჩერდა გარკვეულ მანძილზე, სავარაუდოდ 1-ლი და მე-2 ვანტუზს შორის, რაც დაფიქსირდა კიდეც.
2) დამპროექტებლის მიერ წარმოდგენილ პროექტში მიწის პროფილზე დატანილი არ იყო პიეზომეტრიული პროფილი წყლის დინების მიმართულებით სათავე ნაგებობიდან - რეზერვუარამდე ჩვენებით, რაც საწყისშივე გამოავლენდა შემაღლებულ ადგილებში პიეზომეტრიული დაწნევის არასაკმარისობას (მათ მიერ აგებულ იქნა პიეზომეტრიული პროფილი კრიტიკულ - მახასიათებელი წერტილების შესაბამისად და დაფიქსირდა პიეზომეტრიული ხაზის გადაკვეთის ფაქტი მიწასთან - იხ. დაშტრიხული არე პიეზომეტრიული პროფილის ნახაზზე).
ამასთან ექსპერტი გომორიცხავს, რომ აღნიშნული შეუსაბამობა (10 მ მანძილზე მილის კვეთის შეუსაბამობა) იწვევს სოფელ ალათუმანის წყალდენის არგაშვებას.
ექსპეტმა განმარტა, რომ: მშენებლის როლი ამ შემთხვევაში ბუნდოვანია, მან რა იცოდა გრავიტაციული წნევიანი, რომ უნდა ყოფილიყო, დამპროექტებელი იმისთვისაა, რომ ზედამხედველობა უნდა გაუწიოს; როდესაც პროექტი კეთდება აუცილებლად პიეზომეტრიული პროექტი აგებული უნდა იქნას, რომ დავინახოთ წყლის მოძრაობის დინამიკური დონეები და გაყვანა; აქ გამოჩნდა, რომ შემაღლებულ ადგილზე წყალი ვერ გაივლიდა; გამოდის, რომ დამპროექტებლის მიერ პიეზომეტრიული პროექტი არ არის ნანახი და არ არის გადატანილი პროექტზე; დამპროექტებლის მიერაა ეს შეცდომა დაშვებული, რადგან სიმაღლე არ აჩვენა, მას უნდა შემოევლო შემაღლებული ადგილისთვის, შემოვლით უნდა გაევლო.
ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ: დანიშნულების ადგილამდე აღნიშნული მილსადენებით წყლის მიწოდება ვერ მოხდა, პირველი ის იყო, რომ წყალსადენი არის წნევიანი სისტემა, ამ შემთხვევაში საუბარია მდებარეობის სიმაღლით უნდა გადალახოს წინაღობა იმ მილმდენში, რომელიც სათავიდან რეზერვუარამდე და თავისუფალი წნევით 4-5 მეტრით ჩაასხას წყალი რეზერვუარში, ეს პრინციპი აქ დარღვეულია, წნევიანი მდგომარეობა ვერ შეიქმნა სათავიდან მილი ვერ გაივსო. მეორეც, მდებარეობის გამო გათვალისწინებული არ იქნა, რომელიც ფარული მიზეზი იყო და შემდგომ გამოვლინდა; თავიდანვე პროექტით უკვე შეუძლებელი იყო წყლის მიწოდება მისამართზე, ვინაიდან ფარული ბომბი იყო ჩადებული, იმიტომ რომ დამპროექტებელს გამორჩა.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტი გაკვირვებული იყო, როდესაც გაიგო, რომ პროექტი მერიას მიუღია განსახორციელებლად ექსპერტიზის (პიეზომეტრიული პროექტის) გარეშე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ი/მ „გ----- ზ-------იანის“ მიერ სრულად და ჯეროვნად არის შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები წყალსადენის პროექტის და ხარჯთაღრიცხვის თანახმად, არსებითი დარღვევების გარეშე, ამასთან სოფელ ალათუმანის წყალდენის არგაშვებაზე მისი ბრალი არა არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ქ--------–------“ აკრედიტებული ტიპის ინსპექტირების ორგანოს ინსპექტირების ანგარიში/ექსპერტიზის დასკვნა Q--------------- (ს.ფ. 23-29);
- შპს „ს---–----------------------–--–--------------------–------“ მიერ ჩატარებული გამოკვლევები (ს.ფ. 30-42);
- მოწმის (ექსპერტის) ჩვენება (იხ. 04.06.2019წ. სხდომის ოქმი ს.ფ. 181-197);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ი/მ გ----- ზ-------იანის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 477-ე მუხლებით,6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
6.2. განსახილველ შემთხვევაში, წყლის გამანაწილებელ მილსადენებთან დაკავშირებული სამუშაოების სოფელ ალათუმანის სასმელი წყლის ახალი წყალსადენის გაყვანის და სოფელ კოთელიის საბავშვო ბაღის კანალიზაციის მშენებლობის (ბაღისათვის ანტისეპტიკის მოწყობა) შესახებ 2017 წელს ჩაატარებული ტენდერის საფუძველზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც შემსყიდველს, ერთის მხრივ და ი/მ „გ----- ზ-------იანს“, როგორც მიმწოდებელს შორის მეორეს მხრივ, 2017 წლის 17 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება #104 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.
აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მერიამ აიღო შესასრულებებლი სამუშაოების ღირებულება გადახდის ვალდებულება, რაც შეადგენს 205840 ლარს. ხოლო სამუშაოების შესრულება განხორციელდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ი/მ „გ------- ღ--–--------ანის“ მიერ შედგენილი წყალსადენის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას და ი/მ „გ----- ზ-------იანს“, შორის 2018 წლის 27 სექტემბერს გაფორმებულია შეთანხმება 2017 წლის 17 ნოემბერს #104 ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილების თაობაზე, კერძოდ, ცვლილება შეტანილია ხარჯთაღრიცხვაში, ამასთან ხელშეკრულების საერთო ღირებულება და ერთეულთა ფასები არ იცვლება, ასევე უცვლელად დარჩა პროეტი (ტექნიკური ნაწილი).
შესაბამისად სამუშაოების შესრულება განხორციელდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ი/მ „გ------- ღ--–--------ანის“ მიერ შედგენილი პროექტისა და ახალი ხარჯთაღრიცხვის (ერთვის 2018 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმებას) საფუძველზე.
6.3. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლო განმარტავს, რომ შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.
დადგენილია ის გარემოება, რომ ი/მ „გ----- ზ-------იანის“ მიერ სრულად და ჯეროვნად არის შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები წყალსადენის პროექტის და ხარჯთაღრიცხვის თანახმად, არსებითი დარღვევების გარეშე, ამასთან სოფელ ალათუმანის წყალდენის არგაშვებაზე მისი ბრალი არა არის (იხ.3.2.1.). შესაბამისად ი/მ „გ----- ზ-------იანმა“ სრულად შეასრულა თავისი ვალდებულება მერიის წინაშე, ხოლო მერიამ სრულად არ შეასრულა თავისი ვალდებულება ი/მ „გ----- ზ-------იანის“ წინაშე, ანუ გადასახდელად დარჩა 25047,39 ლარი.
6.4. სამოქალაქო კოდექსის ზემოხსენებული 477-ე, 361-ე მუხლების საფუძველზე, ვალდებულებების ძალით, მოპასუხემ უნდა გადაუხადოს მოსარჩელეს მოთხოვნილი თანხა.
შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 25047,39 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს 752 ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 752 ლარის გადახდა.
მოპასუხეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისთვის/წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების სანაცვლოდ 1000 ლარის გადახდა, რაც შეესაბამება კანონს. ამასთან წარმოდგენილია შესაბამისი დასტური - ხელშეკრულება და გადახდის ქვითარი (ს.ფ.52-53).
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი/მ გ----- ზ-------იანის სარჩელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას ი/მ გ----- ზ-------იანის სასარგებლოდ დაეკისროს - 25047,39 (ოცდახუთი ათას ორმოცდაშვიდი ლარი და 39 თეთრი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 752 (შვიდას ორმოცდათორმეტი) ლარის გადახდა. მოპასუხეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისთვის/წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების სანაცვლოდ 1000 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე არარატ ესოიან