განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/13-19
გამოძიების #0-----------
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
27 ივნისი, 20-9 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ----------------------------- - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–-------------------, პირადი #5----------, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: წ--–---------------------–-------------.
ადვოკატები - მ--------------–----, ნ-----------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 111 მუხლი და 120-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
თარჯიმნები - ე-–-------------, ე-–---------------, ვ-----–--------------
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2----–-–--------------, დაახლოებით 18:30 საათზე, წ--–---------------------–------------–- მდებარე ვ---------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, თ---------------- შელაპარაკებისას, ნიჩბის თავის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით, ჯანმრთელობა განზრახ დაუზიანა მამას - რ--------------, რამაც შედეგად გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხანმოკლე მოშლით.
სასამართლომ დაადგინა:
2. ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა თ---------------- მიერ მამის - რ--------------- ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (20-3 წლის 1- ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 20-5 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს უტყუარობის, რელევანტურობისა და დასაშვებობის პრინციპების საფუძველზე.
4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება. იგი შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანებამ მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვიოს. სსკ-ის მე-11 პრიმა მუხლი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო იმავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მამა. ამდენად, რ-------------- ბრალდებულის მამაა და, შესაბამისად, ოჯახის წევრი, რაც სადავო არ გამხდარა.
5. რ--------------- უარი განაცხადა ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. #9---- შეტყობინების მიხედვით, რ--------------- განაცხადა, რომ შვილმა თ---------------- თავის არეში მიაყენა დაზიანება. #2-- სამედიცინო ბარათის მიხედვით (1-.0-.2----------), რ-------------- არის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, აღენიშნება თავის ტრავმა, ნახეთქი, მცირე სისხლდენით. მოწმე ე-------------------- (ექიმი) ჩვენების მიხედვით, გამოძახებაზე გავიდნენ, მისვლისას გზაში შეეგება რ--------------, თავზე სისხლი აღენიშნებოდა, თხემზე ჰქონდა ორი ჭრილობა, გაკერვა არ დასჭირდა, ხოლო მაჯაზე ნაკაწრი. თავიდან თქვა, რომ ყინულზე დაეცა, შემდეგ კი აღნიშნა, რომ სახლში შესვლის შემდეგ თქვა რომ შვილმა გალახა, ნიჩაბიც ახსენა. დაზარალებული იყო ნასვამი, თუმცა ადეკვატური. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, რ--------------- მიუთითა ადგილზე, სადაც მისმა შვილმა შელაპარაკებისას თავში ჩაარტყა ნიჩაბი. სასამართლო სხდომაზე დათვალიერდა ნიჩაბი, რომელსაც რაიმე კვალი, მათ შორის, სისხლის კვალი არ აღენიშნება. ლ-------------------- (თარჯიმანი) განმარტებით, დაზარალებული იყო ნასვამი, მაგრამ ადეკვატურ პასუხებს იძლეოდა, იგივე აღნიშნა გამომძიებელმა ნ-----–----–-------. სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმის მიხედვით, რ-------------- თავზე, თხემის მიდამოში აქვს დოლბანდით შეხვეული, ასევე მარჯვენა ხელის მტევანზე აქვს დოლბანდით შეხვეული. ალკოტესტით შემოწმების ოქმის მიხედვით, რ-------------- დაუდგინდა 0,660 პრომილი, რაც აღნიშნავს ალკოჰოლურ სიმთვრალეს. მოწმე ა----------------- (ბრალდებულის დედა) გამოკითხვისას აღნიშნა, რომ დაზარალებულს დალეული ჰქონდა ჭაჭა, თავად არაფერი უნახავს, მეუღლემ უთხრა, რომ თ-------- ერთხელ ჩაარტყა ნიჩაბი თავის არეში. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, რ-------------- ამბულატორიულად დაესვა დიაგნოზი: ნახეთქი ჭრილობები თავისა და მარჯვენა ზედა კიდურის მიდამოებში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ბრალდებულმა თ---------------- განმარტა, რომ მამა იყო მთვრალი, ფეხი დაუცდა და თავი ყინულზე დაარტყა, თუმცა თავად არ უნახავს, იგინებოდა და აღნიშნულზე გავიდა გარეთ. უთხრა, რომ ცოტა დაელია უკვე ასაკში იყო, ფეხზე ააყენა და სახლში შეიყვანა. მას არაფერი დაურტყამს. მოწმე ე----------–----- (მეზობელი) განაცხადა, რომ როდესაც ნახა დაზარალებული მან დაზიანების მიზეზად ყინულზე წაქცევა დაასახელა. მოწმეები - ლ--------------, ა-–---------------–-----, ნ-----–----–------ და დ-------------------- (გამომძიებლები) თავად არ შესწრებიან მომხდარს ან არაფერი იციან ან გამოძიების პროცესში შეიტყვეს და ირიბ მოწმეებს წარმოადგენენ, ხოლო მ----------–--–---–-- (გამომძიებელი), რომელმაც ჩაატარა დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერება მას შემდეგ, რაც რ-------------- სამედიცინო დახმარება გაეწია, აღნიშნა, რომ რ--------------- გადმოცემით, ფეხი დაუცდა და წაიქცა, ხელზე მიიღო დაზიანება.
6. სასამართლოს შეფასებით, უტყუარად არ დასტურდება ბრალდებულის მიერ მამისთვის ნიჩბის დარტყმის ფაქტი. საქმეზე არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომ დაზარალებულზე არსებული დაზიანებები, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას წარმოადგენს, ბრალდებულის დაზარალებულზე ძალადობის შედეგია. უტყუარად დასტურდება, რომ დაზარალებული შემთხვევის მომენტში იყო მთვრალ მდგომარეობაში, ასევე მოწმეებიც მიუთითებენ, რომ გარეთ იყო ყინული. თავად დაზარალებული მოწმეებს ესაუბრებოდა, რომ წაიქცა, ხოლო შემდეგ ნიჩბის დარტყმაც ახსენა. მართალია, გამოძიების მიერ ამოღებულ იქნა ნიჩაბი, რომელზეც დაზარალებული მიუთითებდა დანაშაულის იარაღად, თუმცა, იმ პირობებში, რომ დაზარალებულს ნახეთქი ჭრილობები ჰქონდა და სისხლი მოსდიოდა, არ შემოწმებულა დაზარალებულის ბიოლოგიური კომპონენტების არსებობა ნიჩაბზე, მინიმუმ სისხლის კვალი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექიმის განცხადებით დაზარალებულს თავზე ორი ჭრილობა ჰქონდა და თუ ეს ფაქტია, მაშინ არ გაეცა შეკითხვას პასუხი, ერთ დარტყმას შეეძლო თუ არა ორი ჭრილობის გამოწვევა, თუ სწორედ უსწორმასწორო ზედაპირზე დაცემის შედეგია აღნიშნული. სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრება, რომ შეუძლებელი იყო თავის იმ მიდამოში დაცემის შედეგად არსებული დაზიანებების განვითარება, შეუმოწმებელ ვერსიად დარჩა. იმ ვითარებაში, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაც კი არ ჩატარებულა, რათა შემოწმებულიყო მომხდარის ზუსტი ადგილმდებარეობა, თუნდაც სისხლის კვალი, რომელიც წესით უნდა ყოფილიყო მიწის ან ყინულის ზედაპირზე (ვინაიდან როგორც ბრალდებულმა აღნიშნა მან წამოაყენა მამა, რომელიც ძირს იწვა), სასამართლოსთვის მით უფრო მეტი საეჭვო გარემოება იჩენს თავს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად წაქცევის მომენტს ბრალდების მხარეც არ უარყოფს, თუმცა იმ მიმართებით, რომ მხოლოდ მაჯა გაეკაწრა (ეს დაზიანება სისხლმდენი არ ყოფილა), ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ბევრ საკითხს ნათელს მოჰფენდა, თუმცა საქმისწარმოების ამ ეტაპზე ეს შანსი დაკარგულია. ასევე გაუგებარია, თუ რას ემსახურებოდა თავშეხვეული დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერება ნახვევების მოხსნის გარეშე, იმ პირობებში, რომ გამომძიებელს თავად არ შეუმოწმებია შეხვევის მიზეზი მართლაც ჭრილობების არსებობა იყო თუ სხვა რამ. ალბათ აღნიშნული იმას ემსახურებოდა, რომ დაზარალებულის პოზიცია დაეფიქსირებინათ დაზიანების მიმყენებლის თაობაზე, რაც წესით გამოკითხვის ოქმით უნდა ხდებოდეს და არა ამგვარი საგამოძიებო მოქმედებებით, რომლის არსი მოიცავს დათვალიერებას და არა გამოკითხვას. სასამართლოსთვის ისიც კი არ არის ცხადი, თუ ადგილი ჰქონდა ასეთ ჩარტყმას, ნიჩბის რა ნაწილი მოხვდა დაზარალებულს.
7. ასეთ ვითარებაში, მხოლოდ დაზარალებულ რ----------------- ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ თ---------------- ნიჩაბი ჩაარტყა, არასაკმარისია (დანარჩენი ირიბი ჩვენებებია). ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო ვერ დაეყრდნობა აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება მოწმის ინფორმაციას და იმ პირობებში, როდესაც მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, იგი განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებად. მაშინ, როდესაც დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმი) გამოქვეყნებაც კი არ ხდება მსგავს ვითარებაში (სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 11--ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს), წარმოუდგენელია სხვა მსგავსი შინაარსის მტკიცებულება აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განიმარტოს და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ასეთ მტკიცებულებას გამოკითხვის ოქმი ერქმევა, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის. სასამართლო მოცემული განმარტების ფარგლებში მოიაზრებს საგამოძიებო მოქმედების ოქმს იმ ნაწილში, რაც ეხება მოწმის ინფორმაციას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ჩვენებას, რომლის მიცემაზეც მოწმე უარს ამბობს მისი უფლებიდან გამომდინარე არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში, თუ მოხდება საგამოძიებო ექსპერიმენტის (მოცემულ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა ბრალდების მხარე მას ჩვენების ადგილზე შემოწმებას უწოდებს, თუ ვითარების ადგილზე აღდგენას, რაც იმ მნიშვნელობით, რასაც სასამართლო ეხება, იდენტურ მონაცემებს შეიცავს და ისედაც, სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-3 ნაწილიც ანალოგიურად არის ფორმულირებული) ოქმის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულება, დაირღვეოდა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცემოდა საშუალება შეკითხვები დაესვა იმ პირისთვის, ვის ინფორმაციასაც ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რითაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების ეჭვქვეშ დაყენების რეალური შესაძლებლობა მოესპობოდა, რითაც ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა დაცვის მხარე. და ბოლოს, სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი არ არის გამოკითხვის ოქმის ჩანაცვლება და ამით პარალელური რეალობის შექმნა, რომლითაც, დაცვის მხარისათვის სათანადო გარანტიების გარეშე (აქ უპირველესად იგულისხმება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მასში მონაწილე პირის გაფრთხილების გარეშე არ მისცეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, თუნდაც საგამოძიებო ექსპერიმენტი გამოკითხვის შემდეგ განხორციელდეს, რა დროსაც ასეთი განმარტება უკვე გაკეთებულია, ვინაიდან ყოველი ახალი კომუნიკაცია საჭიროებს მსგავსი გაფრთხილების აუცილებლობას, როგორც ეს ხდება ყოველი ახალი გამოკითხვისას/დაკითხვისას), ბრალდების მხარე მიიღებს იდენტურ შედეგს, როგორც ეს გამოკითხვის ოქმის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა, რაც სსსკ-ის 129-ე მუხლის მიღმაა. ასეთ ვითარებაში, როდესაც შემთხვევის გარემოებები ძალზედ პირობითია, დაზარალებულ ნაწილ პირებთან ჭრილობების მიზეზად წაქცევას ასახელებდა და ნაწილთან ჩარტყმას, საგამოძიებო ორგანოების მოქმედება, რომელთაც იცოდნენ დაზარალებულის ალკოჰოლური თრობის შესახებ და ამის მიუხედავად, მაინც იღებდნენ მისგან თანხმობას საგამოძიებო მოქმედებებზე, დამატებით ჩრდილს აყენებს გამოძიების შედეგებს, რაც მოცემულ საქმეში დეტალურ განხილვას არ საჭიროებს, ვინაიდან ისედაც არ დასტურდება თ----------------თვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ ბრალდებასთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა თ---------------- მიერ წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში მითითებულ გარემოებებს. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, კი ასეთი არაერთი ეჭვის წამოჭრაა შესაძლებელი, რომელთა შემოწმებას მტკიცებულებების ნაკლებობის გამო სასამართლო ვერ ახერხებს, ასევე დაცვის მხარეც მოკლებული იყო შესაძლებლობას დაესვა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით კრიტიკული შეკითხვები სწორედ იმ პირისთვის ვინც უშუალოდ განიცადა დანაშაულებრივი ზემოქმედება, თუკი ასეთს მართლაც ჰქონდა ადგილი, რის გამოც ამ საკითხებზე კატეგორიული დასკვნების გაკეთება საქმის სამართლიანი განხილვის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
სამართლებრივი შეფასება:
9. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
10. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
11. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა, რომ რ-------------- დაზიანებები სწორედ თ---------------- მიაყენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა თ---------------- საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლითა და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ--------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. თ---------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვეში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს თ--------------- (პ/ნ 5----------).
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, თ--------------- უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი