გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.06.2019
საქმის ნომერი
330210118002709072
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
10.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/32310-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - მე--–-----------–---ი

წარმომადგენელი - ხა-----------ა

 

მოპასუხე - ემ----------–----ი

წარმომადგენელი - რო-------------–---ი

 

დავის საგანი - იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ემ----------–----ს მე--–-----------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული იურიდიული მომსახურების საფასურის - 10 646 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2014 წლის 13 მარტს ემ----------–----მა მიმართა მე--–-----------–---ს, რა დროსაც წარუდგინა 2010 წლის 19 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, 2014 წლის 17 თებერვლის კერძო აღმასრულებლის გე-–------------ის მიერ გაცემული წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, იპოთეკარებისათვის ეტაპობრივად გადახდილი თანხების დამადასტურებელი ხელწერილები და მოითხოვა იურიდიული მომსახურების გაწევა ყველა შესაბამის დაწესებულებაში, მათ შორის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მე--–-----------–---მა გაუწია იურიდიული კონსულტაცია მოპასუხეს და განუმარტა, რომ 2010 წლის 19 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკარებს მიღებული ჰქონდათ სააღსრულებო ფურცლები და შესაბამისად კერძო აღმასრულებლის მიერ ხორციელდებოდა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შემდგომ, ემ----------–----მა მოისურვა მე--–-----------–---ის იურიდიული დახმარება, კერძოდ, საქმის წარმოება, რათა არ დაეკარგა საკუთრება, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული. შესაბამისად, 2014 წლის 12 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა ანაზღაურების წესი და პირობები. კერძოდ, ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის გადაეხადა მომსახურების საფასური (ჰონორარი). აღნიშნული გადახდა, მხარეთა შეთანხმებით უნდა მომხდარიყო საქმის წარმატებით დასრულებისთანავე. წარმატებაში იგულისხმებოდა იპოთეკარების მიერ მოთხოვნილი თანხის დაკლება და 2010 წლის 19 ნოემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება. ჰონორარის ოდენობა განისაზღვრა იპოთეკარების მიერ მოთხოვნილი თანხებიდან საბოლოოდ დაკლებული თანხის 4%-ის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 13 მარტს ემ----------–----ის მიერ გაიცა რწმუნებულება.

 

აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელემ, როგორც ადვოკატმა, მიმართა სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების (სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება) შესახებ, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ. შესაბამისად, მოსარჩელემ წარადგინა სარჩელი სასამართლოში.

 

მოსარჩელის მიერ პირნათლად იქნა შესრულებული მოპასუხის მიერ მიცემული დავალება. ზემოთ მითითებული საქმის წარმოება დასრულდა წარმატებით. კერძოდ, კრედიტორების თავდაპირველი მოთხოვნა შეადგენდა ჯამში - 108 185 აშშ დოლარს, თუმცა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, სამივე კრედიტორთან აღსასრულებელი ვალდებულების ოდენობა შემცირდა და განისაზღვრა შემდეგნაირად: №1-------- სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა - სესხის ძირითადი თანხა 1 500 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 697 აშშ დოლარი და სანოტარო ხარჯი - 126.72 ლარი; №1-------- სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა - სესხის ძირითადი თანხა 1 500 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 697 აშშ დოლარი და სანოტარო ხარჯი - 126.72 ლარი; №1-------- სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა - სესხის ძირითადი თანხა 2250 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1045 აშშ დოლარი და სანოტარო ხარჯი - 126.72 ლარი; ამდენად, საბოლოოდ საქმის წარმოების შედეგად აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა შემდეგი მოცულობით: ძირითადი თანხა ჯამში 5250 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2012 წლის 19 მარტიდან 2014 წლის 14 თებერვლამდე (597 დღე) ჯამში 2439 აშშ დოლარი, სანოტარო ხარჯი სამივეზე 381 ლარი და აღსრულების 7% 585.41 აშშ დოლარი. აღნიშნულის თანახმად, ჯამში აღსასრულებელი ვალდებულების ოდენობა შემცირდა 8 363 აშშ დოლარამდე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ნაწარმოების საქმის შედეგად დაკლებული თანხა შეადგენს 99 822 აშშ დოლარს, ეროვნულ ვალუტაში 266 165 ლარს, რომლის 4% არის 10 646 ლარი და რომელსაც მოპასუხე, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ იხდის.

 

მოსარჩელე, ასევე განმარტავს, რომ 2016 წლის 14 სექტემბერს ემ----------–----მა გადასცა 6200 აშშ დოლარი იპოთეკარებისათვის გადასახდელად, რაზეც შედგენილ იქნა ხელწერილი. აღნიშნული თანხა მოსარჩელის მიერ სრულად იქნა ჩარიცხული იპოთეკარების საბანკო ანგარიშზე, თუმცა ეს თანხა საკმარისი არ იყო დავალიანების სრულად დასაფარად. დარჩენილი გადასახდელი თანხა მოსარჩელეს მიუტანა გურამ დადუანმა, რაც ასევე ჩარიცხულ იქნა კრედიტორებისათვის.

 

20-- წლის 11 სექტემბერს დასრულდა სააღსრულებო საქმის წარმოება და აღსრულების მიერ მოხსნილ იქნა ყადაღები მოპასუხის უძრავ ქონებაზე. საქმის წარმატებით დასრულების შემდგომ, მოსარჩელე სიტყვიერად სთხოვდა მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე კუთვნილი თანხის ჩარიცხვას, თუმცა მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია აღნიშნული თანხა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის 12.03.2014წ. დადებულ ხელშეკრულებაზე - იურიდიული მომსახურების შესახებ, ხელმოწერა მის მიერ არ არის შესრულებული. მის მიერ გაცემულ იქნა მხოლოდ მინდობილობა. ამას გარდა, მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოპასუხეს არ აქვს ასანაზღაურებელი გაწეული მომსახურების ღირებულება, ვინაიდან მოსარჩელეს მოპასუხის მიერ გადაცემული თანხები, რომელიც მას თავის მხრივ კრედიტორებისათვის უნდა გადაეცა, ამ უკანასკნელთათვის არ გადაუცია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2014 წლის 12 მარტს ემ----------–----სა (კლიენტი) და მე--–-----------–---ს (ადვოკატი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზეც მე--–-----------–---ს ემ----------–----ისათვის უნდა გაეწია იურიდიული მომსახურება ყველა შესაბამის დაწესებულებაში, მათ შორის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. ხელშეკრულებას ხელს აწერენ მხარეები.

 

ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ემ----------–----მა იკისრა ვალდებულება მე--–-----------–---ისათვის გადაეხადა იურიდიული მომსახურების საფასური (ჰონორარი) საქმის წარმატებით დასრულებისთანავე (იგულისხმება მოთხოვნილი თანხების დაკლება და 2010 წლის 19 ნოემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება) დაკლებული თანხების 4%-ის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, კლინეტის მიერ „საპროცესო ოპონენტთან“ მორიგების ან სხვა ნებისმიერი საფუძვლით, რომელიც არ არის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული, საქმის შემდგომ წარმოებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადისა, კლიენტი ვალდებულია ადვოკატს სრულად გადაუხადოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების საფასური (ჰონორარი).

 

აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, 2014 წლის 13 მარტს ემ----------–----მა მე--–-----------–---ის მიმართ გასცა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლის საფუძველზეც მე--–-----------–---ს მიენიჭა უფლებამოსილება ეწარმოებინა კლიენტის ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები ყველა ინსტანციის სასამართლოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-12.03.2014წ. ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ (იხ. ს.ფ. 34-39, 179-184);

- რწმუნებულება (იხ. ს.ფ. 40);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.2. 13.03.2014წ. გაცემული მინდობილობის საფუძველზე, მე--–-----------–---მა, როგორც ემ----------–----ის წარმომადგენელმა, სარჩელი აღძრა სასამართლოში 2010 წლის 19 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2014 წლის 14 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლების ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით.

 

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, ზემოთ აღნიშნული სააღსრულებო ფურცლები ნაწილობრივ გაუქმდა და ემ----------–----ის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად:

- №1-------- სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, სესხის ძირითადი თანხა ნაცვლად 10 000 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 1 500 აშშ დოლარით; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნაცვლად 30 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 1 აშშ დოლარით 2012 წლის 19 მარტიდან სააღსრულებლო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე.

- №1-------- სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, სესხის ძირითადი თანხა ნაცვლად 10 000 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 1 500 დოლარით; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნაცვლად 30 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 1 აშშ დოლარით 2012 წლის 19 მარტიდან სააღსრულებლო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე.

- №1-------- სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, სესხის ძირითადი თანხა ნაცვლად 15 000 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 2 250 აშშ დოლარით; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნაცვლად 45 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 1.5 აშშ დოლარით 2012 წლის 19 მარტიდან სააღსრულებლო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 19.11.2010წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 18-21);

- 14.02.2014წ. სააღსრულებო ფურცლები (იხ. ს.ფ. 25-33);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.09.2016წ. სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 52-53);

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.05.2016წ. სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 54-53);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.10.2016წ. განჩინება (იხ. ს.ფ. 56-59);

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.03.20--წ. განჩინება (იხ. ს.ფ. 60-64);

- სარჩელი (იხ. ს.ფ. 156-171);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.3. 2016 წლის 14 სექტემბერს ემ----------–----მა მე--–-----------–---ს გადასცა 6200 აშშ დოლარი იპოთეკარებისათვის ჩასარიცხად. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილ იქნა ხელწერილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი (იხ. ს.ფ. 65);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ემ----------–----სა და მე--–-----------–---ს შორის 2014 წლის 12 მარტს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე - იურიდიული მომსახურების შესახებ, ხელმოწერა არაა შესრულებული ემ----------–----ის მიერ.

 

3.2.2. სასამართლო ადგენს, რომ ემ----------–----ს არ შეუსრულებია მასსა და მე--–-----------–---ს შორის 12.03.2014წ. დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ გადაუხდია აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული იურიდიული მომსახურების საფასური.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის იურიდიული მომსახურების შესახებ 12.03.2014წ. ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ნამდვილობას. მისი განმარტებით, მას აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია. თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების საწინააღმდეგოდ, მოპასუხეს არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება. ამასთან, მას თავისი პოზიციის დასადასტურებლად მიეცა საშუალება ჩაეტარებინა ხელწერილის ექსპერტიზა, რისთვისაც განსახილველი საქმე 2019 წლის 03 აპრილს გადაეგზავნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ, საქმე დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, თუმცა მოპასუხეს არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნა. მან სასამართლო სხდომაზე მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გამოაქვეყნა ექსპერტიზის შედეგები. აღნიშნულის თანახმად, ხელმოწერა სავარაუდოდ შესრულებულია ემ----------–----ის მიერ, თუმცა კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა გამოსაკვლევი ხელმოწერის მარტივი აგებულებისა და გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნების სიმწირის გამო.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ 12.03.2014წ. ხელშეკრულებაზე განხორციელებული ხელმოწერა არ ეკუთვნის ემ----------–----ს. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, ან/და საერთოდ რომ არ იყოს მხარეთა შორის გაფორმებული იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, აღნიშნული ვერ იქნებოდა გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, შემდეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (სსკ-ის 709-ე მუხლი) დავალების ხელშეკრულების ნამდვილობისათვის არ ითვალისწინებს სპეციალურ ფორმას. არამედ, დავალების ხელშეკრულება შესაძლებელია მხარეთა შორის გაფორმდეს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. შესაბამისად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მე--–-----------–---ის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევის ფაქტი, მსჯელობა იმაზე არსებობდა თუ არა მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების თაობაზე საფუძველსა და მნიშვნელობას მოკლებულია.

 

ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იურიდიული მომსახურებისათვის ფაქტობრივად გაწეულად ჩათვალა ადვოკატის ხარჯები, იმის მიუხედავად, რომ საქმეში რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება (არც ხელშეკრულება და არც გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება) წარმოდგენილი არ ყოფილა და შემდეგ მიიჩნია რა ეს ხარჯები აუცილებლად, აუნაზღაურა მხარეს ისინი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით დაადგინა სტანდარტი: სასამართლომ პირველ რიგში, უნდა დაადგინოს განმცხადებლის მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება თუ არა ადვოკატის მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასებით და მეორე, იყო თუ არა ისინი აუცილებელი (იხ. Fadeyeva v. Russia, 30.11.2005წ.)

 

რაც შეეხება გაწეული იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მე--–-----------–---მა ნამდვილად გაუწია ემ----------–----ს იურიდიული მომსახურება. კერძოდ, მან აწარმოა საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტორების მიმართ. საქმე დასრულდა წარმატებით და სააღსრულებო ფურცლებით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემცირდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიული მომსახურების შესახებ 12.03.2014წ. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად, რწმუნებულს - ემ----------–----ს წარმოეშვა მაწრმუნებლის - მე--–-----------–---ის მიმართ გაწეული იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება 19.11.2010წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი დავალიანებიდან დაკლებული თანხის 4%-ის ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, მას არ მიუღია გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს მისგან მიღებული აქვს 6200 აშშ დოლარი, რომელიც უნდა გადაეცა კრედიტორისათვის, თუმცა არ გადასცა. მას, ასევე მიღებული აქვს 3000 ევრო და 1500 ევრო. თუმცა, მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების საწინააღმდეგოდ, არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ემ----------–----მა მე--–-----------–---ს გადასცა 4500 ევრო. რაც შეეხება 6200 აშშ დოლარს, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს მის მიერ 2016 წლის 14 სექტემბერს შედგენილი ხელწერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მან ემ----------–----ისაგან მიიღო 6200 აშშ დოლარი იპოთეკარებისათვის გადასაცემად. ამასთან, სარჩელს ერთვის სალაროს შემოსავლის ორდერები (იხ. ს.ფ. 79-82), საიდანაც ირკვევა, რომ მე--–-----------–---მა ემ----------–----ის კრედიტორებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დავალიანების ძირი თანხისა და პირგასამტეხლოს დაფარვის მიზნით, 16.11.2016წ. ჯამში გადაურიცხა - 4012 აშშ დოლარი, ხოლო სააღსრულებლო ფურცლის გაცემის ხარჯის დაფარვის მიზნით - 253.44 ლარი. სარჩელს, ასევე ერთვის თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრები (იხ. ს.ფ. 83-87), რომლის თანახმადაც დავალიანების ძირი თანხისა და პირგასამტეხლოს დაფარვის მიზნით, გადახდილია - 1605 აშშ დოლარი, ასევე გადახდილია ნოტარიუსის ბაჟი 127 ლარი. აღნიშნული ქვითრებიდან არ ირკვევა თუ ვის მიერ არის განხორციელებული ჩარიცხვები, თუმცა სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დასახელებული ქვითრები წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული დოკუმენტები დიდი ალბათობით იმყოფება მოსარჩელესთან, რის გამოც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ემ----------–----ის დავალიანების დაფარვის მიზნით, აღნიშნული თანხებიც მე--–-----------–---ის მიერაა ჩარიცხული.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე და ადგენს, რომ ემ----------–----ს არ აუნაზღაურებია მე--–-----------–---ის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების საფასური.

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა მე--–-----------–---ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფლდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, მე-400, 709-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხოლო, ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავალების ხელშეკრულება ითვალისწინებს მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის ორმხრივი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას. დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური ხელშეკრულებაა. მისი მხარეები არიან ერთი მხრივ მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობაში კრედიტორის როლში გამოდის, ხოლო მეორე მხრივ რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას და მონაწილეობს მოვალის მხარეზე

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2014 წლის 12 მარტს ემ----------–----სა (კლიენტი) და მე--–-----------–---ს (ადვოკატი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზეც მე--–-----------–---ს ემ----------–----ისათვის უნდა გაეწია იურიდიული მომსახურება ყველა შესაბამის დაწესებულებაში, მათ შორის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. ხელშეკრულები თანახმად, ემ----------–----მა იკისრა ვალდებულება მე--–-----------–---ისათვის გადაეხადა იურიდიული მომსახურების საფასური (ჰონორარი) საქმის წარმატებით დასრულებისთანავე (იგულისხმება მოთხოვნილი თანხების დაკლება და 2010 წლის 19 ნოემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება) დაკლებული თანხების 4%-ის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, 2014 წლის 13 მარტს ემ----------–----მა მე--–-----------–---ის მიმართ გასცა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლის საფუძველზეც მე--–-----------–---ს მიენიჭა უფლებამოსილება ეწარმოებინა კლიენტის ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები ყველა ინსტანციის სასამართლოში.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე, ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხე შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მე--–-----------–---მა ემ----------–----ს გაუწია იურიდიული მომსახურება. კერძოდ, მან, როგორც ემ----------–----ის წარმომადგენელმა, სარჩელი აღძრა სასამართლოში 2010 წლის 19 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2014 წლის 14 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლების ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით.

 

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, სარჩელის სასამართლოში წარდგენის დროისათვის, სადავო სააღსრულებო ფურცლებით განსაზღვრული ემ----------–----ის ვალდებულება ჯამში შეადგენდა - 108 185 აშშ დოლარს, ხოლო სააღსრულებო ფურცლების გაცემის ხარჯი - 380.16 ლარს.

 

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, ზემოთ აღნიშნული სააღსრულებო ფურცლები ნაწილობრივ გაუქმდა და ემ----------–----ის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად:

- №1-------- სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, სესხის ძირითადი თანხა ნაცვლად 10 000 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 1 500 აშშ დოლარით; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნაცვლად 30 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 1 აშშ დოლარით 2012 წლის 19 მარტიდან სააღსრულებლო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე.

- №1-------- სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, სესხის ძირითადი თანხა ნაცვლად 10 000 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 1 500 დოლარით; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნაცვლად 30 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 1 აშშ დოლარით 2012 წლის 19 მარტიდან სააღსრულებლო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე.

- №1-------- სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, სესხის ძირითადი თანხა ნაცვლად 15 000 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 2 250 აშშ დოლარით; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნაცვლად 45 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 1.5 აშშ დოლარით 2012 წლის 19 მარტიდან სააღსრულებლო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე.

 

ამდენად, აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: სესხის ძირი თანხა ჯამში - 5250 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო - 697 დღეზე დაანგარიშებით (ვინაიდან სააღსრულებო ფურცლების კერძო აღმასრულებელთან წარდგენის დროისათვის ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა სწორედ 697 დღეს შეადგენდა) ჯამში - 2439.5 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი ჯამში - 380.16 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, კი სადავო სააღსრულებო ფურცლებით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემცირდა 100 495.5 აშშ დოლარით. თუმცა, მოსარჩელე შემცირებული თანხის ოდენობას განსაზღვრავს - 99 822 აშშ დოლარით, ვინაიდან მას დავალიანების თავდაპირველი ოდენობიდან, ასევე გამოკლებული აქვს სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 380.16 ლარის ექვივალენტი აშშ დოლარი და აღსრულების საფასური - 538.22 აშშ დოლარი. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელის მიერ განსაზღვრული ოდენობა არ აღემატება სასამართლოს მიერ დადგენილ შემცირებული ვალდებულების ოდენობას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, სასამართლო იურიდიული მომსახურების ღირებულებას სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობიდან გამოითვლის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევის ფაქტი. სადავო არაა არც ის გარემოება, რომ სასამართლოში საქმის წარმოება დასრულდა წარმატებით და შემცირდა სადავო სააღსრულებო ფურცლებით განსაზღვრული ემ----------–----ის ვალდებულების მოცულობა. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ ემ----------–----ს არ გადაუხდია მასსა და მე--–-----------–---ს შორის 12.03.2014წ. დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული იურიდიული მომსახურების საფასური.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მე--–-----------–---ის სარჩელი ემ----------–----ის მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, 12.03.2014წ. ხელშეკრულების 4.1. პუნქტიდან გამომდინარე, ემ----------–----ს მე--–-----------–---ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 19.11.2010წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი დავალიანებიდან დაკლებული თანხის 99 822 აშშ დოლარის 4%-ის 3992.88 აშშ დოლარის ექვივალენტი 10 646 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 327 ლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, ვინაიდან მე--–-----------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად მოპასუხე ემ----------–----ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 320 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეს, ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.

 

ამასთან, მოცემულ საქმეზე დავის საგნის ღირებულების შესაბამისად, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - 320 ლარს, თუმცა მოსარჩელის მიერ გადახდილია 327 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა 07 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 ნოემბერის განჩინებით, მოსარჩელე მე--–-----------–---ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მე--–-----------–---ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ემ----------–----ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომლის რეკვიზიტებია - ქ. თბ--–------------------–------, საკადასტრო კოდი: 0--12.07.0--.0--.0--5---

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მე--–-----------–---ის სარჩელი ემ----------–----ის მიმართ იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე ემ----------–----ს მოსარჩელე მე--–-----------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ღირებულების - 10 646 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე ემ----------–----ს მოსარჩელე მე--–-----------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 320 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

 

3. მე--–-----------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ხა-----------ას მიერ 2018 წლის 05 ნოემბერს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 07.00 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №0.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე