გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/8036-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ლ-------- ბანკი"
წარმომადგენელი - გ-------------–---–ი
მოპასუხე - ბ---------–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბ---------–-–---–ის სს „ლ-------- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 28345.62 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 23245.99 ლარი, პროცენტი - 1963.47 ლარი და ჯარიმა - 2936.16 ლარი.;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 10 ნოემბერ სს „ლ-------- ბანკს“ და ბ---------–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N---------------. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხის სახელზე გაიცა კრედიტი - 24000 ლარი, 2020 წლის 10 ნოემბრამდე, წლიური 41% საპროცენტო განაკვეთის, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,41% პირგასამტეხლოს დარიცხვის გათვალისწინებით.
საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 10 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა N--------------- გირავნობის ხელშეკრულება და ბანკის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ავტომაქანა BMW X5, სახ. ნომრით H------.
2019 წლის 10 იანვრიდან მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულკებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატება სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევაში, რის გამოც მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბანკმა“ 2019 წლის 2 აპრილიდან შეწყვიტა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება.
2018 წლის 10 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენს 28345.62 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 23245.99 ლარი, პროცენტი - 1963.47 ლარი, ჯარიმა - 2936.16 ლარი, საქმეზე გაწეული ხარჯი 200 ლარი (50 ლარი გირავნობის მოწმობის და 150 ლარი სააღსრულებო მომსახურების).
ვინაიდან გირავნობის საგანი სარჩელის წარმოდგენის დღის მდგომარეობით აღარ არსებობს, (განადგურებულია/დაშლიალია) შესაბამისად მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეზე თანხის დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო საერთოდ, ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ 24000 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 10 ნოემბერ სს „ლ-------- ბანკს“ და ბ---------–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N---------------. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხის სახელზე გაიცა კრედიტი - 24000 ლარი, 2020 წლის 10 ნოემბრამდე, წლიური 41% საპროცენტო განაკვეთის, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,41% პირგასამტეხლოს დარიცხვის გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 10.11.2018 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N---------------;
- სესხის დაფარვის გრაფიკი.
3.1.2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 10 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა N--------------- გირავნობის ხელშეკრულება და ბანკის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ავტომაქანა BMW X5, სახ. ნომრით H------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 10.11.2018 წლის N--------------- გირავნობის ხელშეკრულება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 10.11.2018 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბ---------–-–---–ს ერიცხება დავალიანება 28345.62 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 23245.99 ლარი, პროცენტი - 1963.47 ლარი, ჯარიმა - 2936.16 ლარი, საქმეზე გაწეული ხარჯი 200 ლარი (50 ლარი გირავნობის მოწმობის და 150 ლარი სააღსრულებო მომსახურების).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხე ცნო დავალიანება 24000 ლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ ცნო, მაგრამ რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ბანკის მხრიდან მოთხოვნა არ შეესაბამებოდა რეალურ გადახდებს, ან დარჩენილი ნაწილი მოპასუხის მიერ დაფარულია, წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 02.04.2019 წლის ცნობა დავალიანების შესახებ;
- გადახდის გრაფიკი;
- 24.06.2019 წლის სხდომის ოქმი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ლ-------- ბანკის“ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. მოპასუხისთვის 10.11.2018 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან დავალიანების ძირითადი თანხის - 23245.99 ლარის, პროცენტის - 1963.47 ლარის, ჯარიმის - 2936.16 ლარისა, საქმეზე გაწეული ხარჯის 200 ლარის (50 ლარი გირავნობის მოწმობის და 150 ლარი სააღსრულებო მომსახურების) დაკისრება.
5.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
ბანკსა და ბ---------–-–---–ს შორის 2018 წლის 10 ნოემბერს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დადებით მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ჯეროვნად არ შესრულებულა.
5.1.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის თანხის - 24000 ლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სასამართლოსთვის საკმარისი საფუძველია მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისთვის. რაც შეეხება დარჩენილი პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას, მოპასუხის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება და შემდგომში მისი არაჯეროვნად შესრულება, ბანკს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს პროცენტისა და პირგასამტეხლოს სრულად დაკისრება.
5.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დავალიანების გაცემის დროისთვის არსებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის გონივრული, შესაბამისად არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების საფუძველი და მოპასუხეს სრულად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს 2936.16 ლარის გადახდა.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში გადახდილია 851 ლარი. ვინაიდან საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო მოთხოვნა სესხის თანხის 24000 ლარის დაკისრების ნაწილში, სს „ლ-------- ბანკს“ უნდა დაუბრუნდეს მოთხოვნის პროპორციული ბაჟის თანხა - 720 ლარი. დარჩენილი თანხის პროპორციული ბაჟის თანხა - 130.36 ლარის გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს სს „ლ-------- ბანკის“ სასარგებლოდ, ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ საქმეზე გაწეული ხარჯის 200 ლარის (50 ლარი გირავნობის მოწმობის და 150 ლარი სააღსრულებო მომსახურების) ანაზღაურება.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ლ-------- ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ბ---------–-–---–ს სს ,,ლ-------- ბანკის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 28345.62 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 23245.99 ლარი, პროცენტი - 1963.47 ლარი და ჯარიმა - 2936.16 ლარი.
3. მოპასუხე ბ---------–-–---–ს სს ,,ლ-------- ბანკის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ 130.36 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. სს ,,ლ-------- ბანკს“ (ს.კ. 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 10.04.2019წ. N---------- საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი (851 ლარიდან) 720 ლარი (შვიდასოცი ლარი), გადამხდელი სს ,,ლ-------- ბანკი“ (ს.კ. 2--------) გადამხდელის ბანკი - სს ,,ლ-------- ბანკი”, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები ბანკი - ხაზინა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე