გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210018002751324
N2-1278-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
21 ივნისი, 2019 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე ე---------------შვილი
წარმომადგენელი ნ-------------შვილი
მოპასუხეები: ვ---------------------------------------------ძეები
ვ------------------------------------ეების წარმომადგენელი მ-----------–----ნი
დავის საგანი ხელშეშლის აღკვეთა
1. სასარჩელო მოთხოვნა
ვე--------------------------------------------ძეებს აეკრძალოთ ე---------------შვილის საკუთარი, ქ.ხ-–----–-, გ-------------------7-ში მდებარე უძრავი ნივთით სარგებლობა, და ის, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს მესაკუთრეს.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სარჩელის მიხედვით, ე---------------შვილის საკუთრებაა ქ.ხ-–----–-, გ-------------------7-ში მდებარე, 512 კვ.მ. ფართის უძრავი ნივთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით საკადასტრო კოდით 6------------ რომელსაც ისევ უკანონოდ ფლობენ მოპასუხეები - ნივთის წინანდელი მესაკუთრე ვ---------------ძე და მისი ოჯახის წევრები რომლებიც არ ათავისუფლებენ მოსარჩელის უძრავ ქონებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. შესაგებელი წარმოადგინა ვ---------------ძემ და სარჩელი არ ცნო იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სადავო სახლში არ ცხოვრობს.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე ე---------------------------ეების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინიც, იმავე საფუძვლით, სარჩელს არ ცნობენ.
ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ე---------------შვილი საკუთრებაა ქ.ხ-–----–-, გ-------------------7-ში მდებარე, 512.00 კვ.მ. ფართის უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 6-----------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 13-14);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
ვ---------------ძე არ ფლობს და არ სარგებლობს სადავო ნივთით
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე არის უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხე მხარე უკანონოდ ფლობს მოსარჩელის უძრავ ქონებას, სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს: მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ქ.ხ-–----–-, გასახურდიას ქ.N---ში მდებარე, 512.00 კვ.მ. ფართის უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 6----------- რომელზეც ე---------------შვილის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული და ის, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს მესაკუთრეს - ე---------------შვილს.
5. კანონები რომლებიდაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია;
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას;
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება;
სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას; .
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს;
საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე დადგენილია, რომ სადავო ნივთზე საკუთრების უფლება მოსარჩელემ მოიპოვა სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე და ის, რეგისტრირებულია მოსარჩელე ე---------------შვილის საკუთრებად. ამასთან, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას კანონიერად ფლობს. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები;
ვ---------------ძემ შესაგებელში აღნიშნა, რომ სადავო ნივთის წინა მესაკუთრე იყო, თუმცა, ამ ნივთით არც აუქციონზე რეალიზაციამდე და არც მის შემდეგ არ უსარგებლია და არც ფლობს მას. ამ საფუძვლით, სარჩელი მის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. ვ---------------ძის შესაგებელი, სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის მთავარი სხდომის ოქმი: 15:20:37-15:20:45; 15:23-24-15:23-30);
მოპასუხეთა წარმომადგენელმა მთავარ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ,,მით უფრო ვ---------------ძის მიმართ“ რომელიც არ ფლობს, არც სარგებლობს სადავო ნივთით (იხ. 2019 წლის 21 ივნისის სხდომის ოქმი: 15:25:33-15:33-46);
რ-------------------------ძეებს წარმოდგენილი აქვთ ფორმალურად შედგენილი შესაგებელი, რომელშიც მხოლოდ ისაა მითითებული, რომ მოპასუხეები არ ცნობენ სარჩელს ასეთი პასუხი მარტივ შედავებასაც კი არ წარმოადგენს, - როგორც ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის Nას-845-789-2017 განჩინებაშია აღნიშნული.
მოპასუხის მიერ სათანადოდ შედგენილი შესაგებლის წარდგენის მნიშვნელობაზეა მითითებული იგივე განჩინებაში: - ,,სსსკ-ის 201-ე მუხლი ადგენს „მოპასუხის საპროცესო თავდაცვის ძირითადი ინსტრუმენტის - შესაგებლის ინსტიტუტს და ნორმის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა“ (იხ. სუსგ # ას-1067-1026-2016,23.06.2017წ.).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებმა ზედმიწევნით უნდა დაიცვან სსსკ-ის 201-ე მუხლის დანაწესი და, ზემოხსენებული შემთხვევის მსგავსად, ფორმალურად წარდგენილი შესაგებელი, შესაძლოა, ამავე მუხლის მე-7 ნაწილით შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარდგენასაც გაუთანაბრდეს, რა შემთხვევაშიც სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელე უთანასწორო მდგომარეობაში დგება და მის მიერ საპროცესო კოდექსის შესაბამისად წარდგენილი სარჩელისა და თანდართული მტკიცებულებების პირობებში, კვლავ უწევს მტკიცების ტვირთის დაძლევა ისეთი შესაგებლის წინაშე, რომელიც ფორმალურად, ანუ კანონის მოთხოვნათა დაუცველად არის შეტანილი“;
სასამართლო, მხარეთა არგუმენტების საფუძვლიანობაზე მსჯელობისას, ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად;
აღნიშნულთან მიმართებაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეთა წარმომადგენელმა მთავარ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ ზურაბ, ე---------------------------ეებიც არ ცხოვრობენ სადავო სახლში, თუმცა, აღნიშნა ისიც, რომ ოჯახის წევრების ნივთები ამ სახლში ინახება (იხ. სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი: 15:29:10-15:29:20);
საქმის განხილვისას, მოპასუხეთა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოპასუხეები, ფაქტობრივად, სადავო სახლში არ ცხოვრობენ და სხვას დაუტოვეს;
ასეთი გარემოებების არსებობისას, როდესაც მოპასუხეები ერთი ოჯახის წევრები (მშობლები და შვილები) არიან, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის რომელიმე მათგანის ან ყველა მოპასუხის დროებით არყოფნა სადავო სახლში, მით უმეტეს, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, პოლიციიდან გამოთხოვილი გასაუბრების ოქმების თანახმად, 2019 წლის თებერვალში, რ----------------------------ეები ადასტურებდნენ, რომ ოჯახი სადავო ბინაში ცხოვრობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ესე იგი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ითხოვს მოპასუხის მფლობელობისგან თავისი უძრავი ნივთის გათავისუფლებას და ნივთის მესაკუთრისათვის გადაცემას. მოსარჩელის მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისაა და არსებობს ასეთი სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოსარჩელეს აქვს უფლება, მოსთხოვოს მოპასუხეს თავის კუთვნილ ნივთზე ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა;
მოპასუხე მხარის მიერ არც არის შედავებული ე---------------შვილის საკუთრების უფლება სადავო ნივთზე. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია მხოლოდ, რომ მოპასუხეები არ ცხოვრობენ სადავო სახლში.
ამდენად, არ არის რა დამტკიცებული საჯარო რეესტრის იმ ჩანაწერის უზუსტობა, რომლითაც სადავო ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული, ითვლება, რომ ეს ჩანაწერი უტყუარი და სრულია, - სარჩელში აღნიშნული უძრავი ნივთი ე---------------შვილის საკუთრებაა და მას უფლება აქვს მოითხოვის ხელშეშლის აღკვეთა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს საკუთარი ნივთი.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რადგან თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ”კ” ქვეპუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა;
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 60 ლარის გადახდა, რადგან საქმე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, რაც დავის საგნის ღირებულების 3%-ია, ნახევრდება.
მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 350 დაკისრებას და წარმოადგინა ამ ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის 4 პროცენტისა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, სასამართლოს, გონივრულ ოდენობად მიაჩნია 150 ლარი;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს: ვე--------------------------------------------ძეებს აეკრძალოთ ქ.ხ-–----–-, გ-------------------7-ში მდებარე ე---------------შვილის უძრავი ნივთით (საკადასტრო კოდი 6-----------) სარგებლობა და უძრავი ნივთი, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში, გადაეცეს ე---------------შვილს.
2. მოპასუხეებს სოლიდარულად გადახდეთ სახელმწიფო ბაჟი 60 (სამოცი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ;
3. ვე--------------------------------------------ძეებს სოლიდარულად გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილი - 150 ( ას ორმოცდაათი) ლარი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის № 7ა), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი