გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.05.2019
საქმის ნომერი
330210018002713380
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
02.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/32609-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

02 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე

მოსარჩელე - მ----–--- ქ--------

წარმომადგენელი - დ---------–---

მოპასუხე - მ----- წ--------–ი

წარმომადგენელი - გ-------------ა, დ----------–-----

დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ნ---- გ-------ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და ვალდებულების მოცულობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: სესხის ძირითადი თანხა 35 000 აშშ დოლარი.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2014 წლის 01 ოქტომბერს, მოსარჩელე მ----–--- ქ--------მ მ----- წ-------–ისგან ისესხა 35 000 აშშ დოლარი ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. სესხისთვის სარგებელი განისაზღვრა ყოველთვიური 2.5%, რომელსაც გამსესხებელი ღებულობდა ყოველი თვის 01 რიცხვში, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. მსესხებლის ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მ----–--- ქ--------ს სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისში, დ-------------ი, ი. პ------–ის ქ. #15, ბინა #48, საკადასტრო კოდი #0----------------------, სესხი გაიცა ექვსი თვის ვადით და მსესხებელს კრედიტორისთვის სესხი უნდა დაებრუნებინა 2015 წლის 01 აპრილის ჩათვლით, მევალემ კრედიტორს ერთი თვის სარგებელი 875 აშშ დოლარი წინასწარ გადაუხადა, წინასწარ გადაუხადა დანარჩენი სარგებელი, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, მოსარჩელე კრედიტორს უხდიდა ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვში სარგებელს შეთანხმების თანახმად.

 

2015 წლის 03 აპრილს, რადგან მსესხებელი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა, კრედიტორმა მოსარჩელეს სესხის დაბრუნების ვადა გაუგრძელა 2015 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით. მხარეთა შეთანხმება დადასტურდა სანოტარო წესით. ხელშეკრულების დანარჩენი პირობები დარჩა უცვლელი.

 

2015 წლის 07 ოქტომბერს, კრედიტორმა მოსარჩელეს (მსესხებელს), როგორც სარგებლის კარგ გადამხდელს სესხის დაბრუნების ვადა კვლავ გაუგრძელა ერთი წლის ვადით, 2016 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით. 2014 წელს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობები დარჩა უცვლელი.

 

2016 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით მოსარჩელე კრედიტორს (მოპასუხეს) პირნათლად უხდიდა ყოველთვიურ სარგებელს 875 აშშ დოლარს. ფულის გადაცემა ხდებოდა მოვალის მიერ კრედიტორისათვის ნაღდი ანგარიშსწორებით, რაც დასტურდება კრედიტორისა და მოვალის მიერ საქართველოს ბანკიდან აღებული კრედიტორისათვის გადახდილი სარგებლის ცნობის უკანა გვერდზე აღნიშნული და დადასტურებული ხელმოწერებით.

 

2016 წლის 01 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 დეკემბრამდე 850 აშშ დოლარი მოპასუხემ მოსარჩელეს ორი თვის სარგებელი გადასცა ოჯახის წევრების თანდასწრებით. მიმღებმა ხელის მოწერაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ეჩქარებოდა და შემდგომში სარგებლის მიღების ფაქტს ერთად დაუდასტურებდა.

 

აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ კრედიტორს მ----- წ--------–ს 2016 წლის 13 დეკემბერს აუღია აღსრულების ფურცელი ნოტარიუს ნ---- გ-------ის სანოტარო ბიუროში, კრედიტორისთვის 2016 წლის 01 დეკემბრისთვის მოსარჩელეს სარგებელი გადახდილი ქონდა 12 250 აშშ დოლარი. დარჩენილი იყო 35 000 აშშ დოლარი. მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხემ მ----- წ--------–მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ გადახდილი თანხები არ გამოაკლო ძირითად ვალს 7000 აშშ დოლარი და 35000 აშშ დოლარის მაგივრად ნოტარიუსთან მოითხოვა და მიიღო სააღსრულებო ფურცელი 42 000 აშშ დოლარზე რომელიც წარადგინა აღსრულების ეროვნულ ბიუროში და დაწყებულია აღსრულება, რომელშიც მოთხოვნის ძირითად თანხას არ აქვს გამოკლებული მოასარჩელის მიერ გადახდილი სარგებელი 7000 აშშ დოლარი, აღნიშნული მოთხოვნა არ არის შემცირებული 35000 აშშ დოლარამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მ----- წ--------–მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე მოპასუხეს თანხას უხდიდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. აღნიშნული გადახდა ხდებოდა მხოლოდ 2016 წლის 01 მარტამდე და არა 01 ოქტომბრამდე, როგორც მოსარჩელეს აქვს მითითებული. 2016 წლის 01 მარტის შემდგომ მოსარჩელეს არანაირი გადახდა არ განუხორციელებია.

 

მოპასუხის დავალიანება შეადგენს 42 000 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 35 000 აშშ დოლარი, რასაც უნდა დაემატოს ყოველთვიური სარგებელი 875 აშშ დოლარის ოდენობით. როგორც უკვე აღინიშნა მოსარჩელეს 2016 წლის მარტის თვის შემდგომ არ განუხორციელებია, ხოლო 8 თვის მანძილზე დარიცხულმა სარგებელმა შეადგინა 7000 აშშ დოლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 01.10.2014 წელს, მ----–--- ქ--------ს და მ----- წ--------–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ----- წ--------–მა მ----–--- ქ--------ს სესხის სახით გადასცა 35 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებლის 2.5%-ის დარიცხვის საფუძველზე, რომელიც მსესხებელს უნდა გადაეხადა ყოველი თვის 01 რიცხვში. ხელშეკრულება დაიდო ექვსი თვის ვადით, მსესხებელს სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა 2015 წლის 01 აპრილის ჩათვლით.

 

ხელშეკრულების მე-6 პუნქტის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის ან/და მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაერიცხებოდა პირგასამტეხლო, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.1%, რაც გაგრძელდებოდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

ხელშეკრულების მე-7 პუნქტის საფუძველზე, დაგვიანების შემთხვევაში, გადახდების განხორციელებისას, გადახდილი თანხა პირველ რიგში მოემსახურებოდა პირგასამტეხლოს გადახდას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტების გადახდას და სულ ბოლოს სესხის ძირითადი თანხის გასტუმრებას. გადახდა ჩაითვლებოდა დადგენილ ვადაში განხორციელებულად, თუ გადასახდელი თანხა მთელი მოცულობით ჩაირიცხა გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე ან ნაღდი სახით გადაეცა ,,გამსესხებელს“ ვალდებულების შესრულებისათვის დათქმულ ვადაში. თუ დათქმული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ გადახდა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა.

 

სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მ----–--- ქ--------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: თბილისი, დ-------------ი, ი----- პ------–ის ქუჩა #15მ ბინა #48, ფართი 113.87 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-22);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15-16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2015 წლის 03 აპრილს, ცვლილება შევიდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში, რომლის საფუძველზეც გაიზარდა სესხის დაბრუნებისა და ხელშეკრულების ვადა 6 თვის ვადით და სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 03.04.2015 წლის შეთანხმება, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ს.ფ. 23-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2015 წლის 07 ოქტომბერს, ცვლილება შევიდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში, რომლის საფუძველზეც გაიზარდა სესხის დაბრუნებისა და ხელშეკრულების ვადა 1 წლის ვადით და სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 07.10.2015 წლის შეთანხმება, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ს.ფ. 25-27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2016 წლის 13 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლის თანახმად, 2014 წლის 01 ოქტომბერს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში, მ----–--- ქ--------ს მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 42 000 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 35 000 აშშ დოლარი, სარგებელი 7000 აშშ დოლარი.

 

ამავე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დადგენილ იქნა მ----–--- ქ--------ს საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, დ-------------ი, ი----- პ------–ის ქუჩა #15, ბინა #43, საკადასტრო კოდი #0---------------------- იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 13.12.2016 წლის #1-------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 31-35);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. 17.01.2017 წელს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალე მ----–--- ქ--------ს მიეცა 7 კალენდარული დღის ვადა ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 17.01.2017 წლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 36-39);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალე/მოსარჩელე მ----–--- ქ--------ს მიერ სესხის ძირითადი თანხის 35 000 აშშ დოლარის გადახდა მხარეთა შორის დადგენილ ვადაში კრედიტორისთვის(მოპასუხე) მ----- წ-------–ისათვის არ მომხდარა და არც არსებული მდგომარეობით იგი არ არის გადახდილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. საქმეზე დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ 13.12.2016 წელს, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ვალდებულების მოცულობა, რომელიც მთლიანობაში შეადგენს 42 000 აშშ დოლარს, საიდანაც 35 000 აშშ დოლარი არის სესხის ძირი თანხა, ხოლო 7000 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი, არ საჭიროებს კორექტირებას, ვინაიდან მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მისი მტკიცების ფარგლებში შემავალი გარემოების, მის მიერ პროცენტის ნაწილში, ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან მოპასუხეს სესხის სარგებელი 7000 აშშ დოლარის ოდენობით ეტაპობრივად გადაუხადა, რაზეც მიუთითებს ხელწერილი, რაც სარჩელთან ერთად საქმეში იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულების ოდენობა, სარგებლის ნაწილში საჭიროებს კორექტირებას. მოპასუხე მხარემ წარმოადგინა პრეტენზია და მიუთითა, რომ მოსარჩელეს სესხის სარგებლის ნაწილში ვალდებულება შესრულებული არ აქვს. ამასთან, ის ხელწერილი, რომელიც მ----–--- ქ--------ს მიერ სარჩელთან ერთად იქნა წარმოდგენილი, არ არის ხელმოწერილი მხარეების მიერ, არ არის დათარიღებული და არ წარმოადგენს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებას.

საქმეზე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით დასტურდება მოვალა მხარის მიერ კრედიტორისათვის კონკრეტული ფულადი თანხების გადარიხვისა და შესაბამისად, ვადამოსული ვალდებულებების შესრულების ფაქტი. მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა, რომ მის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი არ არის დაწერილი და არც ხელმოწერილი კრედიტორის მიერ.

 

ყოველივე აღნიშნული ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ვერ იქნა წარმოდგენილი ფულადი ვადლებულების სრულად (საპროვენტო სარგებლის ნაწილში) შერულების დასადასტურებალდ რაიმე კონკრეტული მტკიცებულება და სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრუალად შერულებასთან დაკავშირებით გაკეთებულ მითითებას. სასამართლო ასევე, განმარტავს, რომ სამოქალქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, ამავე კოდექსის 430-ე მუხლის თანახმად, კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს. აღნიშნული მუხლების დეფინიცა მოვალეს აძლევს შესაძლებოლობას თავი დაიცვას იმ სამომავლო რისკისაგან, რაც ვალდებულების შერულების მტკიცების ტვირთით მასზე მოდის. აღნიშნული უფლების გამოყენება, მხარის პრეროგატივაა, თუმცა მტკიცების ტირვთი კონკრეტული ვალდებულების დადგენილ დროს, ადგილას და შეთანხმებული ოდენობით შერულების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დანაწესიდან გამომდინარე ამ ვალდებულების შემსრულებელ პირს აწევს ამ გარემოების სადაოდ გახდომის შემთხვევაში. შესაბამისა,დ სამოქალაქო კანონმდებლობა იძლევა მოვალის დაცვის კონკრეტულ საშაულებებს და ამ უფლების გამოუყენლობა თავად მოვალის რიკს წარმაოდგენს.

წარმოდგენილ შემთხვევაში ნათელია, რომ რაიმე სახის წერილობითი დოკუმენტი საპროცენტო სარგებლის ნაწილში კრედიტორის მიერ გაცემული არ არის. ყოველივე აღნიშნულის შესაბამისად, სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მ----–--- ქ-------- აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, სესხის საპროცენტო სარგებელს ყოველთვის იხდიდა საბანკო ანგარიშსწორების წესით, უნაღდო გადარიცხვების საფუძველზე, რაც სადავოდ არ არის გამხდარი მოპასუხე მხარის მიერ, ხოლო წარმოდგენილი არ არის კრედიტორის მიერ შედგენილი, საქმეზე არ დასტურდება მოსარჩელე მ----–--- ქ--------ს მიერ სესხის საპროცენტო სარგებლის ნაწილში 8 თვის საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების შესრულების ფაქტი, რაც ჯამში შეადგენს 7000 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-22);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15-16);

- 03.04.2015 წლის შეთანხმება, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ს.ფ. 23-24);

- 07.10.2015 წლის შეთანხმება, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ს.ფ. 25-27);

- 13.12.2016 წლის #1-------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 31-35);

- 17.01.2017 წლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 36-39);

- ხელწერილი (ს.ფ. 30);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 623-ე და 624-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, . 01.10.2014 წელს, მ----–--- ქ--------ს და მ----- წ--------–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ----- წ--------–მა მ----–--- ქ--------ს სესხის სახით გადასცა 35 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებლის 2.5%-ის დარიცხვის საფუძველზე, რომელიც მსესხებელს უნდა გადაეხადა ყოველი თვის 01 რიცხვში. ხელშეკრულება დაიდო ექვსი თვის ვადით, მსესხებელს სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა 2015 წლის 01 აპრილის ჩათვლით. აღნიშნული ხელშეკრულების ვადა კრედიტორის მიერ ორჯერ იქნა გაგრძელებული. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოვალე - მ----–--- ქ--------ს მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა შეადგენს სესხის ძირითად თანხას -35 000 აშშ დოლარს (იხ. გადაწყვეტილების 3.1.6 პუნქტი) და სესხის სარგებელის სახით 7000 აშშ დოლარის (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტი). შესაბამისად, სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 42 000 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 35 000 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი 7000 აშშ დოლარი.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულების მოცულობის კორექტირების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მ----–--- ქ--------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 567 ლარიდან 562.7 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე, ხოლო 4.3 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, როგორც ზედმეტად გადახდილი.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარის მიერ მოთხოვნილია, მის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 1200 ლარის ოდენობით. ვინაიდან, მ----–--- ქ--------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხის შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 750 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს დავის საგნის ღირებულების 4%-მდე არსებულ ოდენობას.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 თებერვლის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუს ნ---- გ-------ის მიერ 13.12.2016 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის №1-------- საფუძველზე დაწყებული (კერძო აღმასრულებელი თ---------------ე) სააღსრულებო წარმოება №1-------, გარდა იმ შემთვევისა თუ უკვე გამოცხადებულია იძულებითი აუქციონი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე მ----–--- ქ--------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 თებერვლის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუს ნ---- გ-------ის მიერ 13.12.2016 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის №1-------- საფუძველზე დაწყებული (კერძო აღმასრულებელი თ---------------ე) სააღსრულებო წარმოება №1-------, გარდა იმ შემთხვევისა თუ უკვე გამოცხადებულია იძულებითი აუქციონი.

 

3. მოსარჩელე მ----–--- ქ--------ს მოპასუხე მ----- წ-------–ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 750 ლარის ანაზღაურება;

 

4. მოსარჩელე მ----–--- ქ--------ს დაუბრუნდეს დ---------–--ის მიერ 06/02/2017 წლის №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით სს ბანკი ,,რ-------–--ას“ მეშვეობით ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 567 ლარის ნაწილი - 4.3 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე