განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
330100117001922966
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2212-17

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ-----------–---

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - გ----------------

 

ბრალდებული - ბ--------------- (პ/ნ 2----------), დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული დ-----–------–-----------–-----–--------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, ა-–----------------------------------ში

 

კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბ---------------მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - 0,000006 გრამი მეტამფეტამინი (მარილი) და 0,000027 გრამი ამფეტამინი, რაც 2017 წლის 1--------–-, თბილისში, კ-----------–-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ბ---------------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ იყო პირობითი მსჯავრის ქვეშ და მიდიოდა პრობაციის ბიუროში, რომელიც იქვე, 300 მეტრში მდებარეობს, თან სახლიდან გადასაყრელად ნაგავი გამოიტანა. რამდენიმე კაცი, შემდგომში ვინც მის დაკავებასა და ჩხრეკაში მიიღო მონაწილეობა, ლიფტთან შეხვდა, მაგრამ არაფერი უთქვამთ, რადგან ფიზიკურადაც არ იცნობდნენ, შემდეგ ისინი არ უნახავს. ნაგავი გადააგდო თუ არა, მივარდნენ, ერთი ხელთათმანიანი ჩახტა სანაგვე ურნაში, ამოიღო ორი პარკი და ჰკითხა, მისი იყო თუ არა. დაეთანხმა, მაგრამ არაფერი ამოუღიათ იმ პარკებიდან. ჩაუტარეს ჩხრეკა და ამოუღეს მხოლოდ 10 ლარი. ტელეფონიც კი არ ჰქონდა. ჩხრეკის ოქმი რომ მისცეს ხელმოსაწერად, უთხრეს, რაც ამოგიღეთ, ის არისო, არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი. ჩხრეკის ოქმს მოაწერა ხელი, სადაც მხოლოდ მისგან ამოღებული 10 ლარი ეწერა. გადაიყვანეს განყოფილებაში და ეუბნებოდნენ, რომ ჩხრეკის დროს ამოღებული შპრიცები მისი იყო. ზუსტად იცოდა, მის ნაგავში შპრიცები არ ყოფილა. ჯერ ორი შპრიცი მიიტანეს, ერთში წითლად იყო სითხე, შემდეგ სამი გახდა. იზოლატორში გაიგო, რომ 5 წლიდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, მაგრამ ეუბნებოდნენ, რომ წელიწადნახევარზე მეტს არ მისცემდნენ. უარზე იყო, რატომ უნდა მოეხადა სასჯელი იმისთვის, რაც არ ჩაუდენია. წარმოუდგენელია, 300 მეტრში მდებარე პრობაციის ბიუროში წასულიყო შპრიცებით. გადაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, ტესტებით არაფერი გამოჩნდა და მასალა სხვა ანალიზზე გადააგზავნეს. მოხმარებული ჰქონდა მეტადონი, რასაც პროგრამით იღებდა, ასევე, დანიშნული ჰქონდა დიაზეპამიც, თუმცა მეტამფეტამინი არ ჰქონია მოხმარებული. დაკავებისას მოექცნენ უხეშად, დააკავეს დღის 2 საათამდე, თუმცა ოქმში 4 საათი წერია. იზოლატორში რომ მიაკითხა გამომძიებელმა, ხელი არაფერზე მოუწერა, არაფრის ასლი მისთვის არ გადაუციათ და არც ხელი მოუწერია გადაცემაზე.

 

მოწმე გ-----------–---- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2017 წლის 1--------–- მუშაობდა ვ---------------–-------------------–---–- უფროსის მოადგილედ. მასთან ახლო ურთიერთობაში მყოფმა პირმა, რომელსაც არაერთხელ მიუწოდებია სანდო ინფორმაცია, აცნობა, რომ ქ---------–-----------თან უნდა ყოფილიყო 1971 წელს დაბადებული ბ---------------, რომელიც იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება. ამის შესახებ პატაკით მიმართა უშუალო ხელმძღვანელს, განყოფილების უფროსს. მისცა მოკლე ჩვენება, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი და დაიწყო გამოძიება. უშუალოდ ადგილზე არ გასულა და ბ--------------- ნახა განყოფილებაში.

 

2017 წლის 1--------–-- პატაკით, გ-----------–--- მიმართავს ვ---------------–----------------–-------- განყოფილების უფროსს, რომ, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, კ-----------–-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უნდა იმყოფებოდეს ბ---------------, რომელსაც ტანთ უნდა ეცვას შავი ფერის ნაჭრის ქურთუკი და ნაცრისფერი სპორტული შარვალი, თან უნდა ჰქონდეს ნარკოტიკული საშუალება და იმყოფებოდეს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ.

 

მოწმეების - ე-–------------------- და გ------------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით, 2017 წლის 1--------–- განყოფილების უფროსის მოადგილემ - გ-----------–---მ მიიღო ინფორმაცია, რომ ქ---------–-----------თან უნდა ყოფილიყო ბ---------------, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. გავიდნენ მითითებულ მისამართზე დაახლოებით 2 საათზე და მივიდნენ 10 წუთში. დასახელებულ ადგილზე, ეზოში, ნამდვილად იდგა ბ---------------, რომელიც ამოიცნეს ჩაცმულობისა და აღწერილობის მიხედვით. წარუდგნენ, აუხსნეს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია, სთხოვეს, წარედგინა, თუ რამე კანონსაწინააღმდეგოს ფლობდა, რაზეც უარი განაცხადა. ჩაუტარეს ჩხრეკა. ე-–-----------------მ ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღო 3 ცალი შპრიცი, ერთი ცალი ინსულინის, რომელშიც სითხე ესხა, და 2 ცალი - ორგრამიანი, რაღაცნაირი მასით. შპრიცებიდან ერთს თავი ჰქონდა მომწვარი, უკანა ნაწილი ჩვეულებრივ დგუშით ეხურებოდა. მანქანიდან გადმოიტანეს ე.წ. ფაილის პოლიეთილენის პარკი, დალუქეს ადგილზევე და მოაწერეს ხელი, ხელი მოაწერა ბ---------------მაც. ადგილზე იყო თუ არა სანაგვე ურნა, არ შეუნიშნავთ. ბ--------------- დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც გადასცეს ოქმების ასლები. რაც შეეხება დალუქულ ნივთმტკიცებას, გადასცეს გამომძიებელს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა დ---------------–---–-- დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები, ამასთან, განმარტა, რომ ე-–-----------------მ და გ------------------მ ნივთმტკიცება - სამი ცალი შპრიცი წარუდგინეს ე.წ. ფაილში დალუქული. ბ---------------მ დუმილის უფლება აირჩია, თუმცა დაეთანხმა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანას.

 

ბ---------------ს პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 1--------–-, 14:07 საათიდან 14:30 საათამდე დროის შუალედში, ბ---------------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შავი ფერის ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი ერთჯერადი მოხმარების სამედიცინო, ე.წ. ინსულინის შპრიცი, რომელსაც მომწვარი აქვს ძირი და შპრიცში არის მოთავსებული სითხე; ასევე, ერთი ცალი ერთჯერადი მოხმარების 2 მლ-იანი სამედიცინო შპრიცი, თავზე ნემსით, შპრიცში და ნემსის თავსახურში მოთავსებულია სითხე და ნივთიერება ნალექის სახით, და ერთი ცალი ერთჯერადი მოხმარების 2 მლ-იანი სამედიცინო შპრიცი, რომლის ძირში, ნემსის გასაკეთებელ მილაკში, მოთავსებულია ნივთიერება ნალექის სახით.

 

ქიმიური ექსპერტიზის #8------------- დასკვნით, ბ---------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 2 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების ცარიელი შპრიცის შიდა კედლებზე აღინიშნება ფსიქოტროპული ნივთიერება დიაზეპამი, წონით 0,000001 გრამი; 2.5 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული 0,1 მლ მოწითალო მღვრიე ხსნარი შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება დიაზეპამს, წონით 0,00002 გრამს, ნარკოტიკულ საშუალებებს -მეტამფეტამინს (მარილი), წონით 0,000006 გრამს, და ამფეტამინს, წონით 0,000027 გრამს; 1 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების ინსულინის შპრიცში მოთავსებული 0,02 მლ გამჭვირვალე, მოყვითალო ხსნარი წარმოადგენს მარილმჟავას, რომელიც არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.

 

ექსპერტმა ა-–----------------------მ დაადასტურა ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ჩაატარა ინსტრუმენტული კვლევა. წარდგენილ სამ ცალ შპრიცში მოთავსებულ ნივთიერებებთან დაკავშირებით იყო დასმული შეკითხვები. იმის დასადგენად, თუ რა ნივთიერებას შეიცავდა, დამუშავდა შპრიცში არსებული შიდა ზედაპირი, ანუ მოხდა მისგან გამოწვილვა. კვლევა აწარმოა თანამედროვე ქრომატომასსპეტრომეტრის საშუალებით, რომლის მეშვეობითაც ხდება სითხის ნარევის დაყოფა, სათითაო კომპონენტების იდენტიფიცირება და რაოდენობრივი განსაზღვრა. ქრომატოგრაფის მიხედვით მოხდა გადათვლა, თუ რა კონცენტრაცია იყო ხსნარში და მოხდა საბოლოო გადაანგარიშება. ზოგადად, სუფთა ამფეტამინი და მეტამფეტამინი არის სუფთა, გამჭვირვალე ნივთიერება, არის არა სითხე, არამედ - მყარი ნივთიერება. რაც შეეხება დოზებს, ნარკოტიკული საშუალების რა ოდენობა იწვევს ნარკოტიკულ თრობას, პასუხს ვერ გასცემს, რადგან პროფესიით ქიმიკოსია, ამაზე პასუხი უნდა გასცეს ექიმმა ნარკოლოგმა. ამასთან, მოწმის განმარტებით, მოწითალო ფერი ნარკოტიკის ფერია თუ კუსტარული წარმოებისაა, ამის თქმა შეუძლებელია, შესაძლოა, ტექნოლოგიის ეტაპზე ჰქონდეს ისეთი მინარევი, რაც ფერს განსაზღვრავს.

 

ექსპერტმა თ-----------–---მ, ასევე, დაადასტურა ამავე ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, ამასთან, განმარტა, რომ ამფეტამინი და მეტამფეტამინი არის თეთრი ფხვნილი, გააჩნია რაში გაიხსნება. კუსტარულად დამზადებული იცვლის შეფერილობას. ისევე, როგორც ყველა ქარხნულ აბს, მასაც აწერია ვარგისიანობის ვადა და, ვადასთან ერთად, შეიძლება შეიცვალოს მისი ფერიც. ვიზუალიც და შემადგენლობაც. ანალოგიურად იცვლება კუსტარულად დამზადების შემთხვევაშიც. შპრიცში მოთავსებულ მოწითალო სითხეში იყო თუ არა სისხლის შემცველობა, ამის დასადგენად საჭიროა სხვა, სპეციალური ქიმიური გამოკვლევის ჩატარება.

 

ნარკოლოგიური ექსპერტიზის #7------ დასკვნით, 2017 წლის 1--------–- ბ---------------ს კლინიკური გამოკვლევით დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ ყოფნა, ხოლო ლაბორატორიული გამოკვლევისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების - მეტადონისა და მეტამფეტამინის მოხმარება, ასევე, ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველობა.

 

ექსპერტებმა - ლ-------–--–---–-- და თ-------------–---–-- დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტეს, რომ ბ--------------- 2017 წლის 1--------–- შემოწმდა იმუნოქრომტესტით და ლაბორატორიული მეთოდით. იმუნოქრომტესტიდან გამომდინარე, საჭირო გახდა დამატებითი ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება. საბოლოოდ ბ---------------ს დაუდგინდა მეტადონისა და მეტამფეტამინის, ასევე, ფსიქოტრუპული ნივთიერების - ბენზოდიაზეპინების ჯგუფის შემცველობა ორგანიზმში. მეტადონი ხშირი მოხმარების დროს (როდესაც პროგრამაშია ადამიანი) ორგანიზმში რჩება დაახლოებით 10 დღის განმავლობაში. ამფეტამინი და მეტამფეტამინი რჩება შვიდი დღე, თუმცა დამოკიდებულია ორგანიზმზეც. როგორც წესი, მე-8 დღეს აპარატმა არ უნდა დააფიქსიროს ეს ნივთიერება ორგანიზმში. რაც შეეხება კლინიკურ გამოკვლევას, ხდება სხვადასხვა სიმპტომებზე დაკვირვება. ბ---------------ს ჰქონდა თრობის ნიშნები, სავარაუდოდ, მეტადონის. კლინიკური ნიშნებით შეიძლება ითქვას, რომელი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო ადამიანი, თუმცა რა დოზებს რა თრობის გამოწვევა შეუძლია, ინდივიდუალურად ორგანიზმზეა დამოკიდებული. კვლევისთვის ლაბორატორიულ შემოწმებაზე იგზავნება მასალა მაშინ, როდესაც ექსპრეს მეთოდით (იმუნოქრომტესტით) ზუსტად ვერ დგინდება. ასევე, შეიძლება გაიგზავნოს, როცა აჩვენებს დადებით შედეგს, თუმცა პირი უარყოფს მოხმარებას. კონკრეტულად ამ შემთხვევაში ექსპრეს მეთოდის შედეგმა განაპირობა ლაბორატორიულ კვლევაზე გაგზავნა. დიაზეპამი შედის ბენზოდიაზეპინების ჯგუფში. ბიოლოგიურ მასალაში ნივთიერება რამდენ ხანში დაფიქსირდება, ორგანიზმში არსებულ მეტაბოლურ პროცესებზეა დამოკიდებული, შეიძლება, არ დაფიქსირდეს 30-40 წუთში. ამავდროულად, ექსპერტმა ლ-------–--–---–-- კატეგორიულად გამორიცხა ამ საქმესთან დაკავშირებით რაიმე სახის სატელეფონო ზარები მასთან.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულ ბ---------------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს ბ---------------ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების - ამფეტამინისა და მეტამფეტამინის უკანონო შეძენასა და შენახვას, რაც 2017 წლის 1--------–- მისი პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული.

 

მოწმეებმა - ე-–-----------------მ და გ------------------მ ერთმანეთთან თავსებადი ჩვენებებით სრულად დაადასტურეს 2017 წლის 1--------–-, გ-----------–---- ინფორმაციის საფუძველზე, ბ---------------სთვის პირადი ჩხრეკის ჩატარება, რის შედეგადაც მისი ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს სამი ცალი შპრიცი. აღნიშნული ჩვენებები სრულად ემთხვევა ბ---------------ს პირადი ჩხრეკის ოქმს, რომელსაც ბრალდებულიც აწერს ხელს, ყოველგვარი შენიშვნის გარეშე.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ბრალდებულის განცხადებაზე, რომ შპრიცები, ნარკოტიკული საშუალებებით, მას არ ჰქონია ჯიბეში და ისინი პოლიციის თანამშრომელმა ამოიღო ურნიდან, რომელშიც მის მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაგდების შემდეგ ჩახტა. მისივე განმარტებით, მან ხელი მოაწერა ოქმს, რომელშიც დაფიქსირებული იყო არა შპრიცების ამოღება მისგან, არამედ - მისგან ამოღებული 10 ლარი. ბ--------------- თავის ჩვენებაში, ერთის მხრივ, აცხადებს, რომ უთხრეს, ჩხრეკის ოქმია, რაც ამოგიღეთ, ის არისო, ამიტომ არ წაუკითხავს და ისე მოაწერა ხელი, ხოლო, მეორეს მხრივ, აცხადებს, რომ ოქმში, რომელზეც მან ხელი მოაწერა, მითითებული იყო მხოლოდ მისგან ამოღებული 10 ლარი. აღნიშნული ჩვენება არის წინააღმდეგობრივი ხასიათის, რამდენადაც, თუკი არ წაუკითხავს, გაუგებარია, საიდან არის მისთვის ცნობილი, რა ეწერა ოქმში.

 

ბ---------------ს პირადი ჩხრეკის ოქმზე დაფიქსირებული აქვს: ,,გადმომეცა დადგენილების და ოქმის ასლი‘‘, რაც სასამართლოში, ასევე, დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელმა პირებმა. საგულისხმოა, რომ, მოსამართლოს შეკითხვაზე, სად იყო მის მიერ ხელმოწერილი ოქმის ასლი, რომელშიც 10 ლარი ეწერა, რომელიც მას გადაცემული აქვს, ბრალდებულმა ჯერ განმარტა, რომ მისთვის არც გადაუციათ ოქმის ასლი და არც მის ჩაბარებაზე აქვს ხელი მოწერილი, ხოლო შემდეგ განმარტა, რომ არ ჰქონდა ოქმი, რადგან გამოიცვალა საცხოვრებლი ბინა. ერთსა და იმავე ჩვენებაში არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი ინფორმაციის გადმოცემა, თან არაერთხელ, სასამართლოს უქმნის მისი ჩვენების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველს, მით უფრო, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებათა ერთობლიობის ფონზე. ასეთ ვითარებაში, სასამართლოს არ აქვს არანაირი საფუძველი, გაიზიაროს ბრალდებულის ჩვენება, თითქოს, მან სხვა ოქმზე მოაწერა ხელი.

 

წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების თანახმად, რომელთა ავთენტურობა სრულად დადასტურდა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებით, სამი ცალი შპრიცის ამოღება მოხდა ბ---------------ს პირადი ჩხრეკისას. ჩხრეკის ჩამტარებელმა პირებმა კატეგორიულად გამორიცხეს ურნიდან შპრიცების ამოღება და განაცხადეს, რომ საერთოდ არ იციან, იმ ადგილზე იყო თუ არა სანაგვე ურნა. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბ--------------- ცხოვრობს (ყოველ შემთხვევაში, იმ დროისთვის ცხოვრობდა) ა-–------------------------ში, ხოლო მისი დაკავება მოხდა კ-----------–-----------თან, რომელიც საკმაოდაა დაშორებული მის საცხოვრებელ ბინას. შესაბამისად, დამაჯერებლობას მოკლებულია, რომ მას აღნიშნული მანძილი გაევლო საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ხელში და შეუძლებელია, ა-–----------------------, მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, დაკავების ადგილზე მისვლამდე, არ ყოფილიყო თუნდაც ერთი სანაგვე ურნა.

 

ამასთან, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიმღები პირია სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გ-----------–---, ბ--------------- უნდა ყოფილიყო ქ---------–-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებოდა კიდეც პოლიციის თანამშრომელთა მისვლისას. შესაბამისად, დგინდება, რომ აღნიშნული პირი იდგა მითითებულ ტერიტორიაზე და არ გადაადგილდებოდა, როგორც ამას თავად უთითებს ჩვენებაში ბრალდებული. ინფორმაციის მიმღები პირის განცხადებით, როგორც კი მიმართა ხელმძღვანელს პატაკით, გამოიკითხა, შედგა ჯგუფი და მისი თანამშრომლები გავიდნენ მითითებულ მისამართზე. გ-----------–---- გამოკითხვის ოქმის თანახმად, გამოკითხვა დაიწყო 2017 წლის 1--------–- 13:48 საათზე და დასრულდა 13:55 საათზე. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად კი, ბ---------------ს ჩხრეკა დაიწყო 1--------–-, 14:07 საათზე, ანუ ინფორმაციის მიმღები პირის გამოკითხვის დაწყებიდან 19 წუთში უკვე იწყება ბ---------------ს პირადი ჩხრეკა, რომლის დაწყებამდეც მას გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ, რაც დადასტურებული აქვს ხელმოწერით. დროის აღნიშნული პერიოდი, სასამართლოს აზრით, არ წარმოადგენს არაგონივრულ დროს არც პოლიციელების მითითებულ მისამართზე მისასვლელად და არც იმისათვის, რომ ბ--------------- ქ---------–-----------ში მდებარე კორპუსის ეზოში მდგარიყო. საერთოდ გაუგებარია ბრალდებულის განცხადება, თითქოს, ოქმში დაკავების დროდ მითითებულია 16 საათი, მაშინ, როდესაც მისი დაკავება განხორციელდა 14 საათამდე. დაკავების ოქმის თანახმად, ის დაკავებულ იქნა 2017 წლის 1--------–-, 14:31 საათზე, მას შემდეგ, რაც დასრულდა მისი პირადი ჩხრეკა.

 

სასამართლო ცალსახად გამორიცხავს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეთა დაინტერესებულობას ბ---------------ს პიროვნებით, რამდენადაც დადგენილია, რომ დაკავებასა და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე არცერთი პოლიციელი არ იცნობდა ბ---------------ს და არც ეს უკანასკნელი იცნობდა მათ. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონოდა რაიმე სახის ინტერესი და დანაშაულის მასზე დაბრალების სურვილი რომელიმე მათგანს. საქმის სასამართლო განხილვისას არ გამოკვეთილა ისეთი ფაქტი ან გარემოება, რაც ბრალდებულის მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირთა ჩვენებების არასანდოობასა და საქმის შედეგით მათ დაინტერესებულობაზე მიანიშნებდა.

 

რაც შეეხება ბ---------------ს განცხადებას, რომ ის მიდიოდა პრობაციის ბიუროში (რაც, თავის მხრივ, გარდა ბრალდებულის განცხადებისა, არაფრით დასტურდება) და იქ ნარკოტიკით არ წავიდოდა, სასამართლოსთვის არ გამოდგება მისი უდანაშაულობის მამტკიცებელ არგუმენტად. სასამართლო აღნიშნავს, რომ პრობაციის ბიუროში წასვლა თავისთავად არ გამორიცხავს ნარკოტიკული საშუალების შემცველი შპრიცების ჯიბეში ქონას, რამდენადაც, პირის ჯიბეში არსებული ნივთების აღმოჩენა/იდენტიფიცირება შესაძლებელია მის მიმართ მხოლოდ საპოლიციო და საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების შედეგად, ასეთი კონტროლი კი პრობაციის ბიუროში ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად მისულ მსჯავრდებულ პირთა მიმართ არ ხორციელდება.

 

საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტების ჩვენებებით დადასტურდა ბრალდებულისგან ამოღებულ შპირცებში ნარკოტიკული საშუალებების - 0,000006 გრამი მეტამფეტამინისა და 0,000027 გრამი ამფეტამინის არსებობა. ის ფაქტი, რომ ბ---------------ს არ დაუდგინდა ამფეტამინის მოხმარება, რაც, ასევე, შედიოდა იმ ნივთიერებაში, რაც მას პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა, არ გამორიცხავს მისი მხრიდან აღნიშნული ნივთიერების ფლობას. ამასთან, სასამართლოში დაკითხულ ექსპერტ ლ-------–--–---–-ს ჩვენების თანახმად, მოხმარებული ნარკოტიკული ნივთიერების ბიოლოგიურ მასალაში დაფიქსირებას გარკვეული დრო სჭირდება და აღნიშნული დამოკიდებულია ორგანიზმში არსებულ მეტაბოლურ პროცესებზე, შესაძლებელია, 30-40 წუთში არ დაფიქსირდეს, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ დაკავებული ბ--------------- იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მას ახალი მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, რასაც მისი ქურთუკის ჯიბეში აღმოჩენილი შპრიცებიც ადასტურებს. რაც შეეხება იმ ფაქტს, შპრიცებში დარჩენილი ოდენობა რამდენად საკმარისია იმისათვის, რომ ხელახლა იქნეს გამოყენებული თრობის გამოსაწვევად, ამაზე საქმის არსებითი განხილვისას ზუსტი პასუხი ვერ იქნა მიღებული. მოწმის სახით დაკითხულ ექიმ-ნარკოლოგ ლ-------–--–---–-ს განმარტებით, ნარკოტიკის რა დოზა რა ხარისხის თრობას გამოიწვევს, დამოკიდებულია ინდივიდუალურად ორგანიზმზე. ფაქტია, რომ ბ---------------ს თან ჰქონდა იმ ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებები, რაც იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები და გამოკვლეული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები საკმარისია იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდეს და უტყუარად იქნეს მიჩნეული ბ---------------ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცებულებით სტანდარტს - თუ რამდენი და რა შინაარსის მტკიცებულებაა აუცილებელი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, კონსტიტუციით დადგენილია მინიმუმ ორი უტყუარი მტკიცებულების არსებობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამავე სტანდარტს ადგენს საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება არ იყოს ჩადენილი ბრალდებულის მიერ და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ჩადენილია ბრალდებულის მიერ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად.

 

ამავე კანონის სია #2 განსაზღვრავს ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს, სადაც მე-7 და 42-ე ნომრებად მითითებულია ამფეტამინი და მეტამფეტამინი, რომელთა დიდ ოდენობად, დანართი #2-ის მიხედვით, ითვლება ნებისმიერი ოდენობა 1 გრამამდე. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბ---------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ნივთიერებაში ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინის (მარილი) წონა შეადგენს 000006 გრამს, ხოლო ამფეტამინის - 0,000027 გრამს.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული თითოეული მტკიცებულების შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებითა და მათში ასახული ძირითადი პრინციპებით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულ უნდა იქნეს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულ ბ---------------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.

 

ზემოთ განხილულ, მთელ რიგ მტკიცებულებათა საფუძველზე, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ბ---------------ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ბ---------------ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, ბ--------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელი დაენიშნოს აღნიშნული მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული სანქციის ფარგლებში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბ---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ წარსულში ნასამართლევია და ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის გამოსწორებას რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით, ხოლო დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც კონკრეტული დამნაშავის მხრიდან, ასევე, ზოგადად. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა.

 

მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და გასაკიცხაობის ხარისხი, განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი და, ამავდროულად, დანიშნულმა სასჯელმა, მისი სიმკაცრის გამო, არ გამოიწვიოს მასში უსამართლობის განცდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს, რომ ბ---------------მ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა და შეინახა პირადი მოხმარების მიზნით, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, რომ ჩაიდინა მძიმე კატეგორიის დანაშაული, ბრალდებულის პიროვნებას, რომ არის ნარკოტიკების მომხმარებელი, ასევე, ითვალისწინებს მის წარსულს, რომ მსჯავრდებულია განზრახი დანაშაულისათვის და დანაშაული ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით მსჯავრდებიდან ერთ თვეში, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბ--------------- ნარკოტიკულ საშუალებას არ ფლობდა გავრცელების მიზნით და მიზანშეწონილად მიაჩნია, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი, რეციდივის შემთხვევის გათვალისწინებით.

 

ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბ---------------ს მიერ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის გამოც სასამართლო ხელმძღვანელობს რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, მის მიმართ ამ დანაშაულისთვის დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

 

სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ ბ---------------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, ამავე კანონით დადგენილი ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს - ნადგურდება. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების საკითხი და შპრიცები, მათში არსებული ხსნარებით, უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბ---------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ბ---------------ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

ბ---------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.

 

ბ---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 18 აპრილიდან 2017 წლის 5 მაისის ჩათვლით - 18 (თვრამეტი) დღე.

 

ბ---------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 7000 (შვიდი ათასი) ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

ბ---------------ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბ---------------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული შპრიცები, მათში არსებული ხსნარით, განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე