განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119002986952
#1/379-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02.07.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
პროკურორი - დ---------–----ე
ბრალდებული - ს-------–--------ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ს-------–--------ე
მამის სახელი: გ-------–-
დაბადებული: 16.06.1965 წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 4----------
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ტყიბული, ჭ--–-–---–------------.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 12 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ტყიბულის მუნიციპალიტეტში, გამოტანილ იქნა დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ს-------–--------ის მიმართ, რითაც იგი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად 2,8 მ3 წიფლის ჯიშის პირველი ხარისხის ხე-ტყის უკანონო მოპოვებისათვის და დაჯარიმებული იქნა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო მოპოვებული ხე-ტყე მიექცა სახელმწიფო საკუთრებაში, აღნიშნული ხე-ტყე დროებით შენახულ იქნა თავად ს-------–--------ესთან, რაზედაც შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო 2018 წლის 27 დეკემბერს შემოწმებისას, როდესაც უნდა მომხდარიყო ქონების ელექტრონული აუქციონის წესით გამოვლენილ კანონიერ შემძენზე გადაცემა, ხსენებული ხე-მასალა არ აღმოჩნდა ადგილზე ქ.ტყიბულში ჭ--–-–---–-------------ში, რადგან ს-------–--------ეს ხსენებული ხე-მასალა გამოყენებული ქონდა ზამთრის პერიოდში პირადი საჭიროებისათვის, კერძოდ მოახდინა შეშის ღუმელში დაწვა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა ს-------–--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ს-------–--------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
მხარეებს წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ ს-------–--------ის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ჩამორთმევას დაქვემდებარებულ ქონებასთან დაკავშირებული უკანონო ქმედება.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებითი სტანდარტი - ”გონივრულ ეჭვს მიღმა”, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ბრალდებულ ს-------–--------ის მიერ, მის მიმართ ინკრიმინირებული, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ საქმეში წარმოდგენილი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებანი: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეთა: ტ------–--------ის, გ-----------–---–ის, ნ-----–--------ის, ზ-------------ის გამოკითხვის ოქმები, თავად ს-------–--------ის გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან შემოსული მოკვლეული მასალები.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლით კრიმინალიზებულია აღწერილი ან დაყადაღებული ქონების გაფლანგვა, გასხვისება, დამალვა ან უკანონოდ გადაცემა იმის მიერ, ვისაც ეს ქონება მინდობილი ჰქონდა.
განსახილველი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია კრედიტორის კანონიერი ინტერესი სააღსრულებო დაწესებულებათა მიერ სასამართლო აქტების აღსრულებასთან დაკავაშირებით. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ აღწერილი ან დაყადარებული ქონების გაფლანგვა იმის მიერ, ვისაც ეს ქონება ჰქონდა მინდობილი. დანაშაული ფორმალური ხასიათისაა და დამთავრებულად ითვლება დანაშაულის საგნის, ანუ აღწერილი და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის მომენტიდან. ქმედების სუბიექტი არის- პირი ვისაც აღწერილი ან დაყადაღებული ქონება გადაეცა ხელწერილით შესანახად. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვას გულისხმობს- პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ჩადის უკანონო ქმედებას, ანგარებით ან სხვა პირადი დაინტერსების მოტივით.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს-------–--------ემ ჩაიდინა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
ს-------–--------ე აღიარებს და ინანიებს მომხდარს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
ასევე სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებული მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოცდაათ საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
მოცემულ შემთხვევაში, ს-------–--------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის გულწრფელ მონანიებას, ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლო, მიიჩნევს, რომ ს-------–--------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ს-------–--------ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ს-------–--------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.
ს-------–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დარინა აბულაძე