გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/35426-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 მაისი 2019 წ. ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი შორენა აბჟანდაძე
მოსარჩელე - სს ,,მ---------------------ი“
წარმომადგენელი - ნ----- ვ-------–---–ი, ნ---------------–--ე
მოპასუხე - ბ--- შ--–----–---–ი, გ--–- შ--–----–---–ი
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს: ბ--- შ--–----–---–ს და გ--–- შ--–----–---–ს მოსარჩელე შპს ,,მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 3 635.89 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხეებს ბ--- შ--–----–---–ს და გ--–- შ--–----–---–ს მოსარჩელე შპს ,,მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საპროცენტო სარგებლის 2 690.26 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხეებს ბ--- შ--–----–---–ს და გ--–- შ--–----–---–ს მოსარჩელე შპს ,,მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების საფასურის 100 ლარის გადახდა.
1.4. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2017 წლის 20 აპრილს ბ--- შ--–----–---–სა და შპს "მ---------------------ი -ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 6 364 ლარის ოდენობით.
მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 385 ლარის ოდენობით სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ფოლკსვაგენ გოლფი. მსესხებლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები დამატებით აგრეთვე უზრუნველყოფილი იყო გ--–- შ--–----–---–ის სოლიდარული თავდებობით.
2017 წლის 12 სექტემბერს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. ნივთის მდგომარეობის გათვალისწინებით ავტომობილი გაიყიდა 3 800 ლარად, რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელდა შემდეგნაირად: ა. 352 ლარი — სრულად გაიქვითა დარიცხული პირგასამტეხლო; ბ. 853.81 ლარი — სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი გ. 2 592.19 ლარი – შემცირდა სესხის ძირითადი თანხა;
ვინაიდან გირავნობის საგნის რეალიზაციის დღისთვის მოპასუხეს შპს „მ---------------------ი“-ს მიმართ ერიცხებოდა სესხის ძირითადი თანხა 6 228.08 ლარი, ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ მას კვლავ დარჩა დავალიანება - სესხის ძირითადი თანხა 3 635.89 ლარის ოდენობით, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 5%-ის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან ავტომობილის რეალიზაციიდან სარჩელის წარდგენის დღისთვის გასულია სრული 14 თვე (12.10.2017წ. და ყოველი მომდევნო თვე 12.11.2018წ.-ის ჩათვლით) და 24 კალენდარული დღე (2018 წლის 12 ნოემბრიდან), დარიცხული სარგებელი შეადგენს 2 690.26 ლარს (181.79X14 + 24 დღის სარგებელი 145.20 ლარი).
მოსარჩელემ სესხის დარჩენილი ნაწილის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით 2018 წლის 21 ნოემბერს წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა მოპასუხეებს და მისცა დამატებითი ვადაც. არცერთი მოპასუხე დატოვებულ შეტყობინებას არ გამოხმაურებია.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა ბ--- შ--–----–---–მა და გ--–- შ--–----–---–მა შპს ,,მ---------------------ი“-ს სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელე მხარეს მითითებული აქვს მხოლოდ ავტომანქანის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ანგარიში და არ ამახვილებს შეგნებულად ყურადღებას თუ რამდენი აქვს მოპასუხეს გადახდილი და რამდენი მოაკლდა აღნიშნულ სესხს. ასევე ავტომანქანის შეფასების აქტი არის არაპროფესიონალურად შესრულებული, რათა დაემალათ სიცრუე. მოპასუხემ ხელშეკრულება დადო 1999 წლის ავტომანქანა გოლფ IV 2.3-ზე, ხოლო შეფასებით შეაფასეს 1999 წლის ავტომანქანა გოლფი IV 1.8, რაზეც აქტი შეადგინეს. შესაბამისად, საეჭვოა ის დაზიანებები და ხარვეზები, რაც ასახულია აქტში, მაღალი ალბათობით არის სხვა მანქანაზე საუბარი.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ თავდებობის ლიმიტიდან გამომდინარე ნათლად ჩანს მოსარჩელის პოზიცია თავის მსესხებლებთან დაკავშირებით, რადგან საუბარია 6 364 ლარზე და თავდებობის ლიმიტი არის 22 500 ლარი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსარჩელე ვარაუდობდა ამ თანხამდე სესხის გაზრდას და მსესხებლის რთულ პირობებში ჩაყენებას.
მოპასუხეთა მითითებით მოთხოვნილი თანხა ძალიან დიდია და არასამართლიანია მხარისათვის მისი დაკისრება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 20 აპრილს ბ--- შ--–----–---–სა და შპს "მ---------------------ი -ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 6 364 ლარის ოდენობით.
მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 385 ლარის ოდენობით სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ფოლკსვაგენ გოლფი.
ხელშეკრულების 2.4 მუხლის თანახმად, სესხი იყო პროცენტიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრებოდა შეთანხმებით სესხის გადაცემის შესახებ. სესხზე სარგებლის დარიცხვა იწყებოდა მისი მსესხებლისთვის გადაცემის დღიდან და გრძელდებოდა თანხის სრულად დაბრუნებამდე, მათ შორის მესაკუთრის მიერ ხელშეკრულების მე-6 მუხლით დადგენილი წესით, ავტომობილის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემიდან მის რეალიზაციამდე არსებულ პერიოდში, მიუხედავად იმისა, თუ გადაცემიდან რამდენ ხანში უზრუნველყოფდა მოგირავნე ავტომობილის რეალიზაციას.
ხელშეკრულების 4.5. მუხლის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენდა მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და გამსესხებელს უფლება ჰქონდა მოეთხოვა მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონებიდან.
ხელშეკრულების 8.15. მუხლის თანახმად, მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა და უთანხმოება უნდა გადაწყვეტილიყო მხარეთა მოლაპარაკების გზით, ხოლო დავის ან/და უთანხმოების მოლაპარაკების გზით მოგვარების შეუძლებლობის შემთხვევაში, იგი უნდა განეხილა და გადაეწყვიტა საქართველოს სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 20 აპრილის სესხის და გირავნობის ხელშეკრულება #D---------- (ს.ფ. 16-21);
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (ს.ფ. 22);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2017 წლის 20 აპრილს, შპს ,,მ---------------------ს“ და გ--–- შ--–----–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, გ--–- შ--–----–---–მა იკისრა პასუხისმგებლობა, ბ--- შ--–----–---–ს და შპს ,,მ---------------------ს“ შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის თაობაზე.
ხელშეკრულების მესამე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხით 22 500 ლარის ოდენობით.
თავდებობის ხელშეკრულების 5.8 მუხლის თანახმად, მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა და უთანხმოება უნდა გადაწყვეტილიყო მხარეთა მოლაპარაკების გზით, ხოლო დავის ან/და უთანხმოების მოლაპარაკების გზით მოგვარების შეუძლებლობის შემთხვევაში, იგი უნდა განეხილა და გადაეწყვიტა საქართველოს სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 20 აპრილის ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 25-26);
- 2017 წლის 20 აპრილის წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 24);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. შემფასებელ ი----- პ---–--–---–ის მიერ მომზადებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიშის თანახმად, ავტომანქანის ღირებულება, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი - V-----------------------------------------------------–-–------------------------, გამოშვების წელი - 1999 წელი, ფერი - ვერცხლისფერი, 2017 წლის 18 ივლისის მდგომარეობით, დამრგვალებით შეადგენს 4200 ლარს, ხოლო მისი ლიკვიდური ღირებულებაა 3500 ლარი.
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასებისათვის მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი იქნა 100 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეფასების ანგარიში (ს.ფ. 30-35);
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 36);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2017 წლის 12 სექტემბერს, ,,მ---------------------ს“ და ზ----- ქ--------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ,,მ---------------------მა“ ზ----- ქ--------ს 3 800 ლარად მიყიდა, გირავნობით დატვირთული ავტომანქანა, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი - V-----------------------------------------------------–-–------------------------, გამოშვების წელი - 1999 წელი, ფერი - ვერცხლისფერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეფასების ანგარიში (ს.ფ. 30-35);
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 36);
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 37);
- შპს ,,მ---------------------ის“ წერილი (ს.ფ. 38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. კრედიტორის მიერ ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან სრულად გაიქვითა დარიცხული პირგასამტეხლო 352 ლარი, სრულად გაიქვითა სარგებელი 853.81 ლარი და შემცირდა სესხის ძირითადი თანხა 2 592.19 ლარი.
საქმეში წარმოდგენილი დავალიანების ცნობის თანახმად, მოპასუხეებს ბ--- შ--–----–---–ს და გ--–- შ--–----–---–ს შპს ,,მ---------------------ის“ მიმართ, 2018 წლის 06 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებათ დავალიანება სესხის ძირითადი თანხა 3 635.89 ლარი და სარგებელი 2 690.26 ლარი, ავტომობილის შეფასების საფასური 100 ლარი, ჯამში 6 426.15 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 06/12/2018 წლის ცნობა (ს.ფ. 42)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 891-ე-895-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით შპს ''მ---------------------ის'' და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.
დადგენილია რომ მხარეებს შპს "მ---------------------სა" და მოპასუხე ბ--- შ--–----–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს "მ---------------------ი" უფლებამოსილია მოითხოვოს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული სესხის ძირითადი თანხის - 3 635.89 ლარის გადახდა.
აქვე, 2017 წლის 20 აპრილის ხელშეკრულების 6.4 პუნქტის შესაბამისად, მსესხებელი პასუხისმგებელია სრულად მთელი თავისი ქონებით იმ ხარჯებისა და დანახარჯებზეც, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, კრედიტორის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციამდე მოხდა მისი შეფასება, რისთვისაც გადახდილი იქნა 100 ლარის. მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებულია აანაზღაუროს კრედიტორის აღნიშნული დანახარჯიც.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 20 აპრილს, შპს ,,მ---------------------ს“ და გ--–- შ--–----–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, გ--–- შ--–----–---–მა იკისრა პასუხისმგებლობა, ბ--- შ--–----–---–ს და შპს ,,მ---------------------ს“ შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის თაობაზე. ხელშეკრულების მესამე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხით 22 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ძირითად მსესხებელთან ერთად თავდებ პირს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2017 წლის 20 აპრილის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, ანაზღაურების თაობაზე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
წარმოდგენილ შემთხვევაში, ხელშეკრულების 2.4 მუხლის თანახმად, სესხი იყო პროცენტიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრებოდა შეთანხმებით სესხის გადაცემის შესახებ. სესხზე სარგებლის დარიცხვა იწყებოდა მისი მსესხებლისთვის გადაცემის დღიდან და გრძელდებოდა თანხის სრულად დაბრუნებამდე, მათ შორის მესაკუთრის მიერ ხელშეკრულების მე-6 მუხლით დადგენილი წესით, ავტომობილის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემიდან მის რეალიზაციამდე არსებულ პერიოდში, მიუხედავად იმისა, თუ გადაცემიდან რამდენ ხანში უზრუნველყოფდა მოგირავნე ავტომობილის რეალიზაციას.
მოსარჩელე მხარე ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პუნქტის საფუძველზე ითხოვს მოპასუხე მხარისთვის, საპროცენტო სარგებლის 2 690.26 ლარის დაკისრებას, რომლიც მოიცავს რეალიზაციის შემდგომ (რეალიზაციის მომენტში სრულად დაიფარა დარიცხული სარგებელია) სარჩელის წარმოდგენის მომენტამდე დაანგარიშებული სარგებლის დაკისრებას.
სასამართლო ხელშეკრულების ზემოაღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულების 2.4 მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემიდან მის რეალიზაციამდე არსებულ პერიოდში მოვალისთვის საპროცენტო სარგებლის დაკისრებას. შესაბამისად, მხარეთა შეთანხმება სსკ-ის 403 მუხლის თანახმად სარგებლის დაკისრების შესაძლებლობას ითვალისწინებს ხელშეკრულების შეწყვეტიდან (ავტომანქანის მფლობელობაში გადაცემის მომენტი) ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციამდე პერიოდში და არა აღნიშნულის პერიოდის შემდგომ, რაც გამორიცხავს მოსარჩელე მხარის მოთხოვნის საფუძვლიანობას და დასაბუთებულობას.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 20 აპრილის სესხის და გირავნობის ხელშეკრულების 8.15 პუნქტის და 2017 წლის 20 აპრილის თავდებობის ხელშეკრულების 8.5 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის მოხდა პირდაპირი წერილობითი შეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით, რაც შესაბამისად წარმოადგენს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულის ნორმის შესაბამისად, მოპასუხეებს - ბ--- შ--–----–---–ს და გ--–- შ--–----–---–ს სს ,,მ---------------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 112.08 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს ,,მ---------------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბ--- შ--–----–---–ს და გ--–- შ--–----–---–ს სს ,,მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3635.89 ლარის გადახდა.
3. სს ,,მ---------------------ი“-ს სასარჩელო მოთხოვნა ბ--- შ--–----–---–ს და გ--–- შ--–----–---–ისათვის სოლიდარულად 2690.26 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. ბ--- შ--–----–---–ს და გ--–- შ--–----–---–ს სს ,,მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ მხარის მიერ შეფასების აქტის მომზადებისათვის გაწეული ხარჯის 100 ლარის ანაზღაურება.
5. ბ--- შ--–----–---–ს და გ--–- შ--–----–---–ს სს ,,მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 112.08 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე