გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3189-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 ივნისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი
მოსარჩელე: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
უფლებამონაცვლე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;
წარმომადგენელი: ლ---- ბ---------–--ე;
მოპასუხე: შპს ,,დ------------–---ი“;
წარმომადგენელი: ზ----- ფ------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,დ------------–---ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 21 921.68 ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, სამინისტროსა და შპს ,,დ------------–---ს“ შორის 2015 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N3-- ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ აიღო ვალდებულება ქ.წყალტუბოში, სოფელ გ--–----ში მდებარე 13588.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ობიექტი) საცხოვრებელი კორპუსებით განაშენიანების გენერალური გეგმის და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა-მიწოდების მომსახურების შესრულებაზე. სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 99 643.92 ლარს, რომელიც მოპასუხეს სრულად ჩაერიცხა სამინისტროს მიერ. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევის ვადა იყო 2015 წლის 31 აგვისტოდან 2015 წლის 7 დეკემბერი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განსაზღვრული იყო 2016 წლის 31 იანვარი. მოპასუხის მიერ სამუშაოს შესრულების თარიღია 2016 წლის 21 იანვარი, რასაც ადასტურებს სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტი N3---2 მიღება-ჩაბარების აქტით. შესაბამისად მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა 44 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 11.2 პუნქტის თანახმად მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს თანხა შეადგენს 21 921.68 ლარს. სამინისტრომ წერილობით მიმართა მოპასუხეს თანხის გადახდის თაობაზე, თუმცა უშედეგოდ, თანხა გადახდილი არ არის, რის გამოც მომართა სასამართლოს და ითხოვს თანხის დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელს ცნობს ნაწილობრივ და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო: ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მომენტისათვის მათ ჩაბარებული ჰქონდათ პირველი ეტაპის სამუშაოები 24 910.98 ლარის ღირებულების, შესაბამისად ითხოვენ პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდეს შეუსრულებელი სამუშაოდან, რომელიც შეადგენდა 74 732.94 ლარს და პირგასამტეხლოს თანხა ამ დროისათვის შეადგენდა 16 441.25 ლარს.
მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოითხოვა, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს ანგარიში უნდა მოხდეს 74 732.94 ლარიდან და პირგასამტეხლოს დაანგარიშება 0,5%-იდან არის შეუსაბამოდ მაღალი, რაც უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 31 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და შპს ,,დ-------------–---ს“ შორის გაფორმდა N3-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ.წყალტუბოში, სოფ. გ--–----ში მდებარე 13 588.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 2----------- დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ობიექტი) საცხოვრებელი კორპუსებით განაშენიანების გენერალური გეგმის და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა-მიწოდების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, ბიუჯეტის კოდი (3-----), ტექნიკური დავალების შესაბამისად (დანართი N2); C----------- - ,,პროექტისა და გეგმის მომზადება, ხარჯების გამოთვლა“;
ხელშეკრულების:
3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 99 643.92 ლარს, მათ შორის დღგ- 15 199.92 ლარს.
4.2. პუნქტის თანახმად ,,მომსახურების“ გაწევის ვადაა: 2015 წლის 31 აგვისტოდან 2015 წლის 07 დეკემბრის ჩათვლით, გარდა მე-11 მუხლის 11.6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრება მხარეთა დამატებით წერილობითი შეთანხმებით.
4.3. პუნქტის თანახმად, მომსახურების მიწოდება ხორციელდება სამ ეტაპად, წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N1-ის შესაბამისად.
8.1. პუნქტის თანახმად, ,,მომსახურება“ მიღებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები ამ ხელშეკრულების დანართ N1-ში მოცემული თითოეული ეტაპის შესრულების შემდეგ, ხელს მოაწერენ შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტს.
11.2. პუნქტის თანახმად, ,,ხელშეკრულების“ მე-4 მუხლის 4.2 პუნქტით განსაზღვრული ,,მომსახურების“ მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, ,,მიმწოდებელს“ ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუწოდებელი ,,მომსახურების“ ღირებულების 0.5%-ის ოდენობით.
15.1. პუნქტის თანახმად, ,,ხელშეკრულება“ ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერიდან და მოქმედებს 2016 წლის 31 იანვრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №3-- (ს.ფ. 19-24).
3.1.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 16 ნოემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და შპს ,,დ-------------–---ს“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი N3--/1 და შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 24 910.98 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- 2015 წლის 16 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტი №3--/1 (ს.ფ. 28).
-სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 29).
3.1.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სრულად აუნაზღაურა მოპასუხე შპს ,,დ-------------–---ს“ 2015 წლის 16 ნოემბრის N3--/1 მიღება-ჩაბარების აქტით შესრულებული სამუშაოს ღირებულება 24 910.98 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 18 ნოემბრის საგადახდო მოთხოვნა N09797 (ს.ფ. 26).
3.1.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 21 იანვარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და შპს ,,დ-------------–---ს“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი N3--/2 და შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 74 732.94 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- 2016 წლის 21 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტი №3--/2 (ს.ფ. 32).
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს.ფ. 33).
3.1.5. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 26 იანვარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სრულად აუნაზღაურა მოპასუხე შპს ,,დ-------------–---ს“ 2016 წლის 25 იანვრის Nეა-15 2990441 ანგარიშფაქტურით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულება 74 732.94 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 26 იანვრის საგადახდო მოთხოვნა N00196 (ს.ფ. 27).
3.1.6. 2016 წლის 26 იანვრის N06-22/22/2521 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართვით შპს ,,დ-------------–---ს“ ეცნობა, რომ ვინაიდან სამინისტროს განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტი ზემოაღნიშნული სამუშაოების დასრულებას N3---1 მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად ადასტურებს 2016 წლის 21 იანვარს, ხელშეკრულების 11.2 პუნქტის თანახმად დაერიცხებათ პირგასამტეხლო ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს თანხა შეადგენს 21 921.68 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 26 იანვრის N06-22/22/2521 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართვა (ს.ფ. 35).
3.1.7. 2019 წლის 30 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე საოქმო განჩინებით მოსარჩელე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 30 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2015 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულების №3---ის 4.2 პუნქტის თანახმად ,,მომსახურების“ გაწევის ვადაა: 2015 წლის 31 აგვისტოდან 2015 წლის 07 დეკემბრის ჩათვლით, გარდა მე-11 მუხლის 11.6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევისა. 8.1. პუნქტის თანახმად კი ,,მომსახურება“ მიღებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები ამ ხელშეკრულების დანართ N1-ში მოცემული თითოეული ეტაპის შესრულების შემდეგ, ხელს მოაწერენ შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტს.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 16 ნოემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და შპს ,,დ------------–---ს“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი N3--/1 და შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 24 910.98 ლარი, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის მიერ განხორციელდა 2015 წლის 18 ნოემბერს.
დადასტურებულია და მხარეების მიერ სადავოდ არაა გამხდარი, რომ მოპასუხემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საბოლოოდ ჩააბარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო 2016 წლის 21 იანვარს.
სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო სრულად და არა ნაწილ-ნაწილ, რადგან 2015 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ,,მომსახურება“ მიღებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები ამ ხელშეკრულების დანართი N1-ში მოცემული თითოეული ეტაპის შესრულების შემდეგ, ხელს მოაწერენ შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტს (ხელშეკრულების 8.1. პუნქტი).
მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება, რომ ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო მთლიანად და არა ეტაპობრივად. ამ მტკიცებულების წარმოდგენა მოსარჩელის ვალდებულებაა. მან ასეთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ - ,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობას, არამედ მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა, რომ მოპასუხე მხარეს ხელშეკრულების ამოწურვის მომენტისათვის არ ჰქონდა ჩაბარებული პირველი ეტაპის სამუშაოები 24 910.98 ლარის ღირებულების, რაც მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შპს ,,დ------------–---ს“ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 2301.64 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა ხელშეკრულებაა, ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადავო ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ადმინისტრაციული ორგანოა, მაგრამ ის ხშირად გამოდის სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში. თუ მისი მიზანია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირება, ასეთ მიზნით მის მიერ დადებული ყველა გარიგება სამოქალაქო გარიგებაა და მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოთხოვნები. სამოქალაქო გარიგების დადებისას მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობა, კერძოდ, 2015 წლის 31 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და შპს ,,დ-------------–---ს“ შორის გაფორმდა N3-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. წყალტუბოში, სოფელ გ--–----ში მდებარე 13 588.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 2----------- დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ობიექტი) საცხოვრებელი კორპუსებით განაშენიანების გენერალური გეგმის და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა-მიწოდების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, ბიუჯეტის კოდი (3-----), ტექნიკური დავალების შესაბამისად (დანართი N2); C------------ ,,პროექტისა და გეგმის მომზადება, ხარჯების გამოთვლა“; ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 99 643.92 ლარს, მათ შორის დღგ- 15 199.92 ლარს. ,,მომსახურების“ გაწევის ვადაა: 2015 წლის 31 აგვისტოდან 2015 წლის 07 დეკემბრის ჩათვლით, გარდა მე-11 მუხლის 11.6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევისა. ამ შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრება მხარეთა დამატებით წერილობითი შეთანხმებით. მომსახურების მიწოდება ხორციელდება სამ ეტაპად, წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N1-ის შესაბამისად. ,,ხელშეკრულება“ ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერიდან და მოქმედებს 2016 წლის 31 იანვრამდე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”. როგორც ზემოთ აღინიშნა შპს ,,დ------------–---ს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის უნდა გადაეცა შესრულება. სამინისტრო კი აუნაზღაურებდა შესრულებული სამუშაოს ღირებულებას. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ,,მომსახურება“ მიღებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები ამ ხელშეკრულების დანართ N1-ში მოცემული თითოეული ეტაპის შესრულების შემდეგ, ხელს მოაწერენ შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტს. ანგარიშსწორება განხორციელდება გაწეული მომსახურების შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის განმავლობაში. დადგენილია, რომ მოსარჩელემ საბოლოოდ ხელშეკრულება შეასრულა 2016 წლის 21 იანვარს, ხოლო 2015 წლის 16 ნოემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და შპს ,,დ-------------–---ს“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი N3--/1 და შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 24 910.98 ლარი, რომელიც ანაზღაურებული იქნა 2015 წლის 18 ნოემბერს, ანუ მოპასუხის მიერ 24 910.98 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო დანარჩენი 74 732.94 ლარის მომსახურება მის მიერ შესრულებული იქნა 44 დღიანი დაგვიანებით, რასაც არ უარყოფს მოპასუხე მხარეც.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება დაიდო ქ. წყალტუბოში, სოფელ გ--–----ში მდებარე 13 588.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 2----------- დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ობიექტი) საცხოვრებელი კორპუსებით განაშენიანების გენერალური გეგმის და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა-მიწოდების მიზნით, ბიუჯეტის კოდი (3-----), ტექნიკური დავალების შესაბამისად (დანართი N2); C------------ ,,პროექტისა და გეგმის მომზადება, ხარჯების გამოთვლა“;
ხელშეკრულების დადების შემდეგ მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ, მოპასუხისაგან მოეთხოვა ქ. წყალტუბოში, სოფელ გ--–----ში მდებარე 13 588.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 2----------- დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ობიექტი) საცხოვრებელი კორპუსებით განაშენიანების გენერალური გეგმის და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა-მიწოდება განეხორციელებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. ნარდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ აქვთ როგორც უფლებები, ასევე მოვალეობები და პირიქით მოვალეობის გარდა მეორე მხარის მიმართ გააჩნია მოთხოვნის უფლება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (უფლებამონაცვლე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს) უფლება აქვს მოითხოვოს სრულყოფილი შესრულება ვადაში. მაგრამ ვალდებულია მიიღოს შესრულება და გადაიხადოს შესაბამისი ღირებულება. შპს ,,დ------------–---ის“ ვალდებულებაა სამუშაოები შეასრულოს ხელშეკრულების პირობების დაცვით. ამ ვალდებულების შესრულების შემდეგ უფლება აქვს მოითხოვს შესრულების მიღება და მისი ღირებულების ანაზღაურება. ორივე მხარე ვალდებულია ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს ისე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. შპს ,,დ------------–---მა“ სამუშაოები ვერ შეასრულა ხელშეკრულების პირობების დაცვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებაა ვადის დარღვევის გამო დააკისროს პირგასამტეხლო, რადგან ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება.
6.5. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სსკ მუხლი 317.1). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში - დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი ე.ი. ორმხრივად შეიბოჭონ თავი.
6.6. სწორედ, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების დარღვევის გამო წარმოეშვა მოსარჩელეს მოპასუხეზე პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 416-417-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ამ სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე დავის ფარგლებში, დადგენილია მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი (361-ე, 400-ე მუხლები), ანუ ვალდებულების შესრულება ვადის დარღვევით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
6.7. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში შპს ,,დ-------------–---ის“ მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება უკვე ვადაგადაცილებაა და, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევაა, რაც მოსარჩელეს ანიჭებს მოპასუხეზე პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებას.
6.8. ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე არ უარყოფს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს, პრეტენზიას აცხადებს პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩნევს, რომ მასზე დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
უნდა განიმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას და უსაფუძვლო გამდიდრებას.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
სასამართლო განმარტავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ - (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.). პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, რომელიც ინფორმაციული და არა არსებითია, მით უფრო იმ პირობებში, რომ მისი დარღვევა გამოიხატა ვადის გადაცილებაში და არა საერთოდ ვალდებულების შეუსრულებლობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლო, რაც შეადგენს შეუსრულებელი ვალდებულების 74 732.94 ლარის ღირებულების 0,5 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ანუ ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 373.66 ლარის ოდენობით, სულ 16 441.04 ლარს, არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება 0,07 %-მდე, რაც იქნება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 52.31 ლარი (74 732.94 x 0.07% = 52.31). ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს ,,დ-------------–---ის“ მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 2301.64 (52.31 x 44 =2301.64) ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომლის გადახდისაგანაც გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ.
მოსარჩელე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მოპასუხე შპს ,,დ-------------–---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 69.05 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე შპს ,,დ------------–---ს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს - 2301.64 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შპს ,,დ------------–---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 69.05 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა