განაჩენი

სისხლის სამართლის 04.07.2019
საქმის ნომერი
010100118002731362
დავის ტიპი
179 1
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002731362

საქმე №1-1020/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 ივლისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ა----–----–--------ას

ბრალდებულის _ ი----- მ--–-----ის

ადვოკატის _ ე---–------------ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171201018002 საქმე,ბრალდებულ ი----- ს---–----ს ძე მ--–-----ის მიმართ

დაბადებული: 0--------- წელს

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ--------------–-–---–---------------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

ბრალდების არსი :

 

1. 2018 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩა №121-ში მდებარე №10 საჯარო სკოლის მოპირდაპირედ, ი----- მ--–-----ე თავს დაესხა არასრულწლოვან ნ---- კ--–------ეს, კისერზე მიადო დანა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით დაეუფლა ამ უკანასკნელის მობილურ ტელეფონს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. ბრალდებულმა ი----- მ--–-----ემ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. საქმის არსებითი განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----- მ--–-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ :

 

5. დაზარალებულ ნ---- კ--–------ის გამოკითხვის ოქმი; მოწმეების - ხ--------------–---ს, თ-------–---–---–ის, ჯ----–------–---–ის გამოკითხვის ოქმები; მოწმე ხ--------------–---ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; მოწმე თ-------–---–---–ის მონაწილებით ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, რომლის თანახმად, ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან მოწმემ ამოიცნო ფოტოსურათი ბრალდებულ ი----- მ--–-----ის გამოსახულებით როგორც პიროვნება, რომელმაც 2018 წლის 19 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარედ, დანის გამოყენებით, თავს დაესხა მის მეგობარს ნ---- კ--–------ეს, რომელსაც დანის მუქარით მოსთხოვა ჯერ ფული, შემდეგ კი გასტაცა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი; 2018 წლის 23 ოქტომბრით დათარიღებული, ბრალდებულ ი----- მ--–-----ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 30 ოქტომბრის კრიმინალისტიკური ექსპერტიზის №ც.ი./265 დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა არის მჩხლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 7 ნოემბრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა N943, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის ღირებულება შეადგენს 250 ლარს; სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 07 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №008392718 დასკვნა, რომლის თანახმად, 2018 წლის 21 ოქტომბრის პირადი შემოწმების მონაცემების შესაბამისად, ნ---- კ--–------ეს აღენიშნებოდა ხაზოვანი ნაჭდევი მარჯვენა მტევნის ზურგით ზედაპირზე, რაც განვითარებულია რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის შემხები ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

6. ისეთი დანაშაულის ცნების განსაზღვრისათვის, როგორიც ყაჩაღობაა, საჭიროა გულდასმით იქნეს შესწავლილი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის დისპოზიცია, რომლის თანახმად "ყაჩაღობა არის თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარით."

 

7. ამდენად, იმისათვის, რომ დანაშაული ყაჩაღობად დაკვალიფიცირდეს, ის უნდა შეიცავდეს სამ აუცილებელ ნიშანს: ა) თავდასხმას; ბ) სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანს; გ) ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარას.

 

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა განმარტა, რომ ,,ყაჩაღური თავდასხმა წარმოადგენს დაზარალებულზე ძალდატანებით ზემოქმედებას მისი წინააღმდეგობის დასათრგუნად, სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით.

 

9. ყაჩაღური თავდასხმა ხშირ შემთხვევაში ხდება (იწყება) მოთხოვნის წაყენებით, რომელსაც თან ახლავს მუქარა, რომელიც არის ერთ-ერთი სახე ფსიქიკური ძალადობისა. თავდასხმა აგრესიული მართლსაწინააღმდეგო მოქმედებაა, რომელიც დანაშაულის ჩადენის მიზნით ქმნის ძალადობის გამოყენების რეალურ და უშუალო საშიშროებას, რაც შეადგენს ამ მიზნის მიღწევის საშუალებას.

 

10. ყაჩაღურ თავდასხმას ახასიათებს დაზარალებულთან უეცარი, მოულოდნელი, უშუალო შეხვედრა;

 

11. ყაჩაღური თავდასხმასას აუცილებელია ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარის ან ასეთი ძალადობის გამოიყენება. პირველ შემთხვევაში ძალადობის მუქარა ხდება ადამიანის ფსიქიკაზე უშუალო ზემოქმედების გზით, ხოლო მეორე შემთხვევაში ძალადობა ხდება ადამიანის სხეულზე უშუალო შეხების გზით.

 

12. ნივთის გადაცემის მოთხოვნა დაზარალებულის იძულების საშუალება რომ გახდეს, აუცილებელია თავდამსხმელმა გამოიყენოს ფსიქიკური ძალადობა. ამიტომ, ყაჩაღური თავდასხმის ქვეშ შეიძლება ვიგულისხმოთ ობიექტურად და სუბიექტურად საშიში გარემოს შექმნა, რომელსაც რეალურად შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური ძალადობა დაზარალებულის მიმართ, თუ ეს უკანასკნელი ეცდება ნივთის დაუფლებისას წინააღმდეგობის გაწევას. თავდასხმაში ჩამალული ძალადობის საშიშროება შეიძლება სწრაფად განხორციელდეს დაზარალებულზე ფიზიკური ზემოქმედების გზით. ე. ი. თავდასხმა ყოველთვის უთავსდება ისეთ ძალადობას, რომელიც ხორციელდება თავდამსხმელის მიერ ძალადობის ან იარაღის გამოყენებით, ანდა უშუალოდ ძალადობის გამოყენების მუქარით. თავდასხმა – ერთაქტიანი მოქმედება კი არაა, რომელიც ამოიწურება ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის გამოყენებით, არამედ დაზარალებულზე ზემოქმედების პროცესია, რომელშიც იმალება რეალური საშიშროება ძალადობის გამოყენებისა მთელი გარკვეული დროის მონაკვეთში, სანამ გრძელდება თავდასხმა.

 

13. სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრებას, ისე მის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში, სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა.

 

14. დანაშაულის საშიშროებიდან გამომდინარე, ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულია და იგი დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გათვითცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.

 

15. რაც შეეხება დისპოზიციის კიდევ ერთ შემადგენელ ნაწილს - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანს, სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს ჩამდენი პირი. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა სახეზე, როდესაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას - მოძრავ ნივთებს, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას, როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.

 

16. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულს ჰქონდა სრული შესაძლებლობა საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა გატაცებული ნივთი - მობილური ტელეფონი.

 

17. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ყაჩაღობისთვის დამახასიათებელი ყველა ზემოაღნიშნული ნიშანი. თავდამსხმელის მოქმედება მიმართული იყო სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებისკენ, თავდასხმას ჰქონდა უეცარი ხასიათი, დაწყებისთანავე ახლდა მოთხოვნა თანხის დაუფლების და მუქარა წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობის, რასაც დაზარალებული ნ---- კ--–------ისათვის უფრო რეალურს ხდიდა ყელზე მიბჯენილი დანა.

 

18. ყველა ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულ ი----- მ--–-----ის მიერ ნ---- კ--–------ის მიმართ ყაჩაღური თავდასხმის განხორციელების ფაქტს.

 

19. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

20. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

21. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ი----- მ--–-----ის ბრალდების დადასტურება.

 

22. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

24. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

25. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

26. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

27. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

28. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

30. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გონოვრულ ეჭვს მიღმა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი----- მ--–-----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დანაშაული - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

31. ი----- მ--–-----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.

 

32. ი----- მ--–-----ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

33. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

34. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

35. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

36. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

37. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

38. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

39. სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

 

40. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი----- მ--–-----ეს უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

41. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი----- მ--–-----ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

42. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, ნივთმტკიცებად ცნობილი - საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული საკეცი დანა და ი----- მ--–-----ისგან ამოღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი სიმ ბარათით და სს „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათი გაცემული ნ---- კ--–------ის სახელზე, რაც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოში - დაუბრუნდეს ნ---- კ--–------ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ი----- ს---–----ს ძე მ--–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ი----- მ--–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 24 ოქტომბრიდან.

 

ნივთმტკიცებები - საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული საკეცი დანა და ი----- მ--–-----ისგან ამოღებული ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება საგამოძიებო ორგანოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი სიმ ბარათით და სს „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათი გაცემული ნ---- კ--–------ის სახელზე, რაც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოში - დაუბრუნდეს ნ---- კ--–------ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი