გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2019
საქმის ნომერი
010210117001949711
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210117001949711

საქმე №2-1927/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე ვ---- დ------ე

წარმომადგენელი ჯ----– კ-----ე

მოპასუხე ხ-----------–------ე

წარმომადგენელი ლ-------------ე

მოპასუხე ლ---- გ----–---

წარმომადგენელი შ----- კ----------ე

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ლ---- გ----–---ზე და ხ-----------–------ეზე, ვ---- დ------ის სასარგებლოდ 61 000 აშშ დოლარის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ხ-----------–------ე სარჩელს ნაწილობრივ ცნობს.

 

2.2. მოპასუხე ლ---- გ----–--- სარჩელს არ ცნობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ხ-----------–------ეს ვ---- დ------ის მიმართ გააჩნდა ვადამოსული ვალდებულება, რის გამოც 2016 წლის 25 აგვისტოს მოპასუხე ხ-----------–------ემ ხელწერილით აღიარა ვ---- დ------ის მიმართ არსებული 61 000 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანება და აიღო ვალდებულება, რომ დავალიანებას მის მეუღლესთან ლ---- გ----–---სთან ერთად დაფარავდა 2017 წლის 25 თებერვლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- ხელწერილი;

 

3.2.3. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ლ---- გ----–---ს არ უკისრია ვალდებულება მოსარჩელის წინაშე.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ ხ-----------–------ემ და ლ---- გ----–---მ იკისრეს ვალდებულება მოსარჩელის წინაშე რასაც ადასტურებს ხელწერილით. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილიდან ირკვევა, რომ ლ---- გ----–---ს სესხის სახით თანხა არ აუღია, ხ-----------–------ე ხელწერილში მიუთითებს, რომ თავის მეუღლესთან ლ---- გ----–---სთან ერთად გადაუხდის სესხის თანხას მოსარჩელეს. ლ---- გ----–---ს არ გამოუთქვამს მზადყოფნა თვითონ გადაეხადა სესხის თანხა ან ხ-----------–------ესთან ერთად სოლიდარულად.

 

მართალია მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ლ---- გ----–---ს მიერ ვ---- დ------ის ანგარიშზე 2016 წლის 10 აგვისტოს, 2016 წლის 24 აგვისტოს და 2016 წლის 25 აგვისტოს განხორციელდა თანხების ჩარიცხვა, მაგრამ სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულით არ დასტურდება, რომ ლ---- გ----–---მ რაიმე ვალდებულება აიღო ვ---- დ------ის მიმართ ხ-----------–------ის დავალიანების გადახდის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

- ხელწერილი.

- ოქმები გასაუბრების შესახებ.

- ამონაწერი ვ---- დ------ის ანგარიშიდან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ---- დ------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ ხ-----------–------ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 61 000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო ლ---- გ----–---ს მიმართ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 341-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 361-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულია ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება) აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებული იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623 მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-e მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ---- დ------ესა და ხ-----------–------ეს შორის არსებობდა სასესხო ვალდებულება, რომელიც მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული. ვალის აღიარების თაობაზე მხარეებს შორის გაფორმებული იქნა შეთანხმება. აღნიშული შეთანხმებით მოპასუხე ხ-----------–------ემ აიღო ვალდებულება იმის თაობაზე, რომ ზ/აღნიშნულ დავალიანებას დაფარავდა 2017 წლის 25 თებერვლამდე, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხ-----------–------ის დავალიანება მოსარჩელის მიმართ დღეისათვის შეადგენს 61 000 აშშ დოლარს.

 

შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ-----------–------ის მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ მხოლოდ ვალდებულების ძალითაა უფლებამოსილი კრედიტორი მოითხოვოს მოვალისაგან რაიმე ვალდებულების შესრულება, ხოლო ამ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება ვ---- დ------ეს და ლ---- გ----–---ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა, შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ლ---- გ----–---ს მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში.

 

გარდა ზ/აღნიშნულისა, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ ვ---- დ------ის სასარჩელო მოთხოვნა ლ---- გ----–---ს მიმართ არის დაუსაბუთებელი, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხე ხ-----------–------ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-53, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე, მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ვ---- დ------ის სასარჩელო მოთხოვნა;

 

1.1. მოპასუხე ხ-----------–------ეს დაეკისროს მოსარჩელე ვ---- დ------ის სასარგებლოდ 61 000 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. ვ---- დ------ეს უარი ეთქვას ლ---- გ----–---ს მიმართ თანხის დაკისრებაზე.

 

2. მოპასუხე ხ-----------–------ეს დაეკისროს მოსარჩელე ვ---- დ------ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე