გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/35853-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - ე-–----- მ--------ი
მოპასუხე - ს------------ კ---ი
წარმომადგენელი - მ---------–---------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ს------------ კ---ის მოსარჩელე ე-–----- მ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე 5599 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2016 წლის 18 თებერვალს, მ-----------------------------–-- ,,კ-------ს“ და ს------------ კ---ის შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, მ--------------ის ქუჩა #11, საკადასტრო კოდი #0---------------. ხელშეკრულების თანახმად, ს------------ კ---ის შპს ,,კ-------მ“ ასესხა 3200 აშშ დოლარი 4 წლის ვადით და განუსაზღვრა გრაფიკი ამ თანხის გადასახდელად. ასევე 2016 წლის 23 თებერვალს, მ-----------------------------–-- ,,კ-------ს“ და ს------------ კ---ის შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ს------------ კ---ის გადაეცა 199 ლარი, რაც წარმოადგენდა განვადებით შესაძენი წყლის გამათბობლის საფასურს. ორივე ხელშეკრულებით, ს------------ კ---იმ მ-----------------------------–-- კ-------სგან ისესხა 3200 ამერიკული დოლარი და 199 ლარი. ორივე ხელშეკრულებისთვის განისაზღვრა გადახდის გრაფიკი. ს------------ კ---ი არის მოსარჩელის დედამთილი, ვინაიდან მან ვერ შეძლო მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მოსარჩელეს შესთავაზა, მას დაეფარა მისი იპოთეკური სესხი და განვადების 199 ლარი, რომლის სრულად გადახდის შემდეგ, მას გადასცემდა საკუთრების უფლებას, ზემოთმითითებულ და იპოთეკით დატვირთულ საცხოვრებელი სახლის ნაწილზე.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ს------------ კ---ის ნაცვლად იხდიდა იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყოველთვიურ შენატანს და განვადების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყოველთვიურ შენატანსაც. იპოთეკური ხელშეკრულებით, მოსარჩელის მიერ გადახდილმა თანხამ შეადგინა 2007 აშშ დოლარი და 59 ცენტი, რაც შეადგენდა 5400 ლარის ეკვივალენტს, გადახდის დროისთვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით. მოსარჩელემ ასევე სრულად დაფარა განვადების ხელშეკრულებით გადასახდელი 199 ლარი.
ს------------ კ---ი აპირებს უძრავი ქონების გასხვისებას. მას არ სურს შეასრულოს მოსარჩელისთვის მიცემული პირობა, უძრავი ქონების ნაწილზე, საკუთრების უფლების გადმოცემასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხებით, მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ს------------ კ---იმ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა, რომ მართალია მან დადო სესხის ხელშეკრულება მ-----------------------------–-- ,,კ-------სთან“, თუმცა სესხის თანხა მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ გამოიყენეს, ნაწილით დაფარეს სხვა დავალიანებები, ხოლო დარჩენილი თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენეს. ამის შემდეგ, ისევ მოპასუხეს სთხოვდნენ თანხებს სესხის დასაფარად.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის განმარტება მის გადახდისუუნარობასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მას ყოველთვის ჰყავდა მდგმურები, ამასთან ვაჭრობს და საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვს. სესხის თანხის დაფარვაშიც ეხმარებოდა შვილს და რძალს, თანხის ნაწილს თვითონ აძლევდა, ნაწილს კი მისი მეუღლე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა, მოსარჩელის განმარტება, მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებით, რადგან სესხის ხელშეკრულებიდან აღებული ფულით, მას ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს, აღნიშნული თანხა მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ გამოიყენეს და სესხის თანხის აღება სწორედ მათი საჭიროებების გამო მოხდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 18 თებერვალს, მ-----------------------------–-- ,,კ-------ს“ და ს------------ კ---ის შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, მ--------------ის ქუჩა #11, საკადასტრო კოდი #0---------------. იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, გაიხსნა სესხის ხაზი, რომლის მაქსიმალური ოდენობა შეადგენდა 50 000 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 18 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2016 წლის 23 თებერვალს, მ-----------------------------–-- ,,კ-------ს“ და ს------------ კ---ის შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მ-----------------------------–-- კ-------მ ს------------ კ---იზე გასცა სესხი 199 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, 2017 წლის 23 თებერვალმდე ვადით, კრედიტის მიზნობრიობა - სამომხმარებლო, წყლის გამაცხელებლის შეძენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 23 თებერვლის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბილისი, მ--------------ის ქ. #11, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო #0--------------- საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოპასუხე ს------------ კ---ის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 60-61)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. სასამართლო საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, მოწმის ჩვენების და მხარეთა ახსნა-განმარტებების შესწავლისა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქმეზე არ დასტურდება ს------------ კ---ის 5999 ლარით უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მ-----------------------------–-- ,,კ-------ს“ და ს------------ კ---ის შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მსესხებლის ნაცვლად, მის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულებას, რაც უშუალოდ მის სახელშეკრულებო ვალდებულებას არ წარმოადგენდა. მოსარჩელის განმარტებით, საქმეზე წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებით დასტურდება, რომ იგი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ანგარიშზე ს------------ კ---ის მიერ აღებული სესხის ფარგლებში ახორციელებდა გადახდებს, რადგან მოპასუხე, რომელიც მისი დედამთილი იყო, ემუქრებოდა სახლიდან გაგდებით, თუ თანხებს არ გადაიხდიდა.
მოპასუხე ს------------ კ---ი არ დაეთანხმა მოსარჩელის განმარტებას და მიუთითა, რომ მართალია ხელშეკრულებები მ-----------------------------–--სთან მან დადო, მაგრამ აღებული სესხის თანხებიდან მას პირადი დანიშნულებისთვის ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს. აღებული სესხის ნაწილით დაიფარა მისი შვილის ო----- გ------ის ძველი დავალიანებები, ხოლო ნაწილი მისმა შვილმა და რძალმა, რომელიც ამავდროულად მოსარჩელეს წარმოადგენს, დახარჯეს.
სასამართლომ მოისმინა მხარეების განმარტებები და მოწმის ჩვენება, გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ არ დგინდება მოპასუხე ს------------ კ---ის უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი. არსებული მოცემულობის ფარგლებში, უდავოა, რომ მ-----------------------------–-- ,,კ-------სთან“ ს------------ კ---ის მიერ დადებული სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში, გადახდებს რამდენიმე პირი აწარმოებდა, როგორც ე-–----- მ--------ი, ასევე ს------------ კ---ი და ო----- გ------ი. ცალსახაა, რომ მოდავე მხარეები წარმოადგენენ ერთი ოჯახის წევრებს, არიან რძალ-დედამთილი. ამასთან, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ ო----- გ------ს, რომელიც წარმოადგენდა მოსარჩელის მეუღლეს და მოპასუხის შვილს, ჰქონდა ფულადი ვალდებულებები, რომლებიც დაიფარა სწორედ ს------------ კ---ის მიერ აღებული სესხით. ასევე, მეორე საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში განვადებით გამოტანილი საოჯახო ტექნიკა - წყლის გამათბობელი, ხმარდება ოჯახის საერთო ინტერესს და სარგებლობდა ყველა მისი წევრი, მათ შორის მოსაჩელე მხარე.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მითითება მხოლოდ იმ ფაქტზე რომ მის მიერ ხებოდა მოპასუხის კონკრეტული სასესხო ვალდებულების დაფარვა ავტომატურად არ წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის დადასტურების საფუძველს. მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რომ სწორედ მისი მეუღლის ფულადი ვალდებულებები დაედო ერთ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ სესხის აღებას. მხოლოდ ის ფაქტი რომ ოჯახის წევრებს დაეძაბათ ურთიერთობა არ ახდენს უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის აღმოცენების საფუძველს.
ყოველივ ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ მისი მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოება მის ხარჯზე მოპასუხე მხარის გამდიდრების თაობაზე საქმეზე დადასტურებული ვერ იქნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელფასის ცნობები (ს.ფ. 112-113);
- სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 26-52; 56; 85-86; 105-111; 114-120);
- ს------------ კ---ის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 62-64);
- შემაკავებელი ორდერი (ს.ფ. 90);
- ვადიანი ანაბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 169-170);
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 171);
- თანხმობა ოვერდრაფტით სარგებლობაზე (ს.ფ. 172-173);
- ოვერდრაფტის ხელშეკრულება (ს.ფ. 174);
- განაცხადი-თანხმობა ოვერდრაფტით სარგებლობაზე (ს.ფ. 175-176);
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 177-180);
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 181);
- სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 182-185);
- ო----- გ------ის განცხადება (ს.ფ. 186);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 976-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-მუხლის შესაბამისად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება. ამავე კოდექსის 991-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ერთი პირის გამდიდრება უნდა მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე მნიშვნელობას მოკლებულია ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე პირთა ბრალეულობა, კეთილსინდისიერება და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერება თუ მართლწინააღმდეგობა. ანაზღაურების მოთხოვნის არსებობისათვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა-დაზოგვა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება.
წარმოდგენილ შემთხვევაში, საქმის სურათიდან ნათლად ჩანს, რომ ე-–----- მ--------ის მიერ, მ-----------------------------–--სთან ს------------ კ---ის მიერ გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული შენატანები ემსახურებოდა იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც ოჯახის ერთიანი ინტერესებიდან გამომდინარე, იქნა აღებული მოპასუხე ს------------ კ---ის მიერ და ამ ვალდებულების შესრულებაც ოჯახის ყველა წევრისთვის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო უნდა ყოფილიყო. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოპასუხე მხარის გამდიდრების ფაქტი საქმეზე არ დასტურდება და შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელე კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, მხარეებს სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ უნდა დაეკისროთ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან, ე-–----- მ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.12.2018 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ს------------ კ---ის (პ/ნ: 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი თბილისი, მ--------------ის ქ N 11 (ნაკვ. 0------), ნაკვეთის დანიშნულება არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 449 კვ.მ შენობანაგებობ(ებ)ის საერთო ფართი 141.62 , ს/კ: 0----------------ის გასხვისება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე-–----- მ--------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ს------------ კ---ის (პ/ნ: 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი თბილისი, მ--------------ის ქ N 11 (ნაკვ. 0------), ნაკვეთის დანიშნულება არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 449 კვ.მ შენობა ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი 141.62 , ს/კ: 0----------------ის გასხვისება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე