გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N231210019002905582-2/044-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
,,24" ივნისი, 2019 წელი ქ. ბორჯომი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მაგისტრატი მოსამართლე ბორჯომის მუნიციპალიტეტში - ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი - სალომე გვარჯალაძე
მოსარჩელეები - მე--- კვ-----
თა---- კვ-----
მოპასუხე - შპს ,,ჯი---------------------------“
დირექტორი- ემ----- შა-------
წარმომადგენელი - მა---- თ-------
დავის საგანი - აუცილებელი საავტომობილო გზის მოწყობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაუდგინდეს მოსარჩელეებს მე--- კვ-----ს და თა----ი კვ-----ს საკუთრებაში არსებული ს/კ 6----------- და ს/კ 6----------- მიწის ნაკვეთების საჯარო გზასთან დასაკავშირებლად 3 მეტრის სიგანის აუცილებელი საავტომობილო გზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- დასკვნის დანართ N2-ზე ყვითელი ფერის ისრებით ნაჩვენები მიმართულებით, N6-----------; N6----------- და N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გავლით. ამ მიზნით შპს ,,ჯ---------------------------ს“ დაევალოს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- დასკვნის დანართ N2-ზე ყვითელი ფერის ისრებით ნაჩვენები მიმართულებით რკინიგზაზე არარეგულირებადი გადასასვლელის მოწყოვა.
მოსარჩელეები სარჩელს ამყარებენ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მე--- და თა---- კვ-----ები არიან ბო--------- რაიონის სოფელ ცე-–- 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 907 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა 1 (საცხოვრებელი სახლი) თანამესაკუთრეები. მათ საკუთრებაშია ასევე ბო--------- რაიონში, სოფელ ცე-–- 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1103 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნაკვეთები მათი ოჯახის საკუთრებაშია 60 წელზე მეტ ხანს.
N6----------- და N6----------- მიწის ნაკვეთებს ფაქტობრივი მდგომარეობით არ გააჩნიათ საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან. კერძოდ ხსენებული მიწის ნაკვეთების დასავლეთ ნაწილში დაახლოებით 30 მ-ში მდებარეობს საჯარო საავტომობილო ბეტონის გზა, რომელიც მთავრდება რკინიგზის ხაზთან, სადაც არაა მოწყობილი გადასასვლელი და შესაბამისად აღნიშნული მიმართულებით მიწის ნაკვეთებთან ავტომობილით მოხვედრა შეუძლებელია.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- დასკვნის მიხედვით მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზა შესაძლებელია მოეწყოს დასავლეთ ნაწილიდან 6-----------, 6----------- და 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გავლით (იხ. N--------- დასკვნის დანართ N2-ზე ყვითელი ფერის ისრებით ნაჩვენები მიმართულება) აუცილებელი გზის მოწყობისთვის აუცილებელი აღნიშნული მიწის ნაკვეთები წარმოადგენენ რკინიგზის ხაზსა და მის მახლობლად არსებულ ტერიტორიას, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს ,,ბ------------------------"რ--------ს საკუთრებაში. (სახელწოდების ცვლილების შემდეგ შპს ,,ჯ-----------------------------").
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ,,ს----------–--- რკინიგზის“ დირექტორთა საბჭომ 2013 წლის 1-------------------- სხდომის დადგენილებით დაამტკიცა ახალი ინსტრუქცია სარკინიგზო გადასასვლელების მოწყობისა და მომსახურების შესახებ, რომლის 1.2 პუნქტით გადასასვლელების არსებობისას აკრძალულია ახალი გადასასვლელების გახსნა 5 კმ. და ნაკლებ მანძილზე. ხოლო ცე---–--------ს მე-17 კვ. მე-9 პკ+88 მეტრი უკვე არის დაუცველი გადასასვლელი, რომელიც დაშორებული მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი ადგილიდან, ანუ მე-17 კმ-ის მე პკ+80 მეტრიდან სულ რაღაც 400 მეტრით. ასევე გადასასვლელის მოწყობა საფრთხეს შეუქმნის მგზავრთა გადაყვანას, მატარებლის უსაფრთხო მოძრაობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უძრავი ნივთი მდებარე ბო--------- მუნიციპალიტეტის სოფელი ც---, საკადასტრო კოდით 6-----------, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 907,00 კვ.მ. წარმოადგენს თა---- და მე--- კვ-----ების საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 20-21);
3.1.2. უძრავი ნივთი მდებარე ბო--------- მუნიციპალიტეტის სოფელი ც---, საკადასტრო კოდით 6-----------, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 1103,00 კვ.მ. წარმოადგენს თა---- და მე--- კვ-----ების საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 22-23);
3.1.3. უძრავი ნივთი მდებარე ბო--------- მუნიციპალიტეტის სოფელი ტ--, საკადასტრო კოდით 6-----------,ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 9366,00 კვ.მ; წარმოადგენს შპს ,,ბ---------------------------------“-ს საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 40-41);
3.1.4. უძრავი ნივთი მდებარე ბო--------- მუნიციპალიტეტის სოფელი ტ--, საკადასტრო კოდით 6-----------, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 2325,00 კვ.მ. წარმოადგენს შპს ,,ბ---------------------------------“-ს საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 42-43);
3.1.5. უძრავი ნივთი მდებარე ბო--------- მუნიციპალიტეტის სოფელი ტ--, საკადასტრო დოკით 6-----------, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 232,00 კვ.მ. წარმოადგენს შპს ,,ს----------–--- რ--------“-ს საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 44-45);
3.1.6. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ბ---------------------------------ს" შეეცვალა სახელწოდება და ამჟამად იგი არის შპს ,,ჯი---------------------------“, საიდენტიფიკაციო კოდი 4--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 46, 48);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ბო--------- მუნიციპალიტეტის სოფელ ცე-–- მდებარე N6----------- და N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს ფაქტობრივი მდგომარეობით არ გააჩნიათ ნორმალური ექსპლუატაციის პირობებისათვის დამაკმაყოფილებელი არც საავტომობილო და არც საფეხმავლო დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა N--------- (ს.ფ. 25-39);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.2.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 04 ოქტომბრის საინჟინრო ექსპერტიზის N--------- დასკვნის პირველი ვარიანტის შესაბამისად ბო--------- რაიონში, სოფელ ცე-–- მდებარე 6----------- და 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზა შესაძლებელია მოეწყოს დასავლეთის ნაწილიდან N6-----------, N6----------- და N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გავლით, აღნიშნული რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენს რკინიგზის ხაზსა და მის მახლობლად არსებულ ტერიტორიას, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს ,,ბ---------------------------------“-ს საკუთრებაშია. აღნიშნული ვარიანტით მისასვლელი გზის მოწყობის შემთხვევაში საჭიროა შედგენილ იქნას შესაბამისი პროექტი, რომელიც დაზუსტებულ იქნება ადგილზე (პროექტი მოიცავს გზის ფართის, კონფიგურაციის და სიგანის ზუსტ განსაზღვრას). ასევე საჭირო იქნება სამშენებლო სამუშაოების ჩატარება. კერძოდ საჭირო იქნება საავტომობილო ბეტონის გზიდან რკინიგზის ხაზზე საავტომობილო გადასასვლელის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოების დასაზუსტებლად საჭიროა შედგენილ იქნას შესაძლო გზის მოწყობის პროექტი და მიღებულ იქნას ყველა საჭირო ნებართვა შესაბამისი სამსახურის მხრიდან (სსიპ ,,ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო" საპროექტო მომსახურებას არ ახორციელებს. შესაბამისად ხსენებული პროექტის მომზადება უნდა მოხდეს კომპეტენტური/შესაბამისი პროფილის მქონე საპროექტო სამსახურის მიერ).
ბო--------- რაიონის სოფელ ცე-–- მდებარე 6----------- და 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებთან საავტომობილო და საფეხმავლო მისასვლელი გზის მოწყობა ისე, რომ მოსაწყობმა გზამ არ გადაიაროს რკინიგზის ხაზი, ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია მოეწყოს სამხრეთ ნაწილიდან, რკინიგზისა და ხევის გაყოლებაზე, დაახლოებით 500 მ-იან მანძილზე, ბეტონის საავტომობილო გზამდე არსებული სივრცის (ტერიტორიის) გავლით, სადაც რკინიგზის ხაზს არ აქვს მოქცეული ზემოთხსენებული მიწის ნაკვეთები. აღნიშნული მიმართულებით მისასვლელი გზის მოწყობის შემთხვევაში საჭირო იქნება მნიშვნელოვანი ხარჯების მქონე საინჟინრო ღონისძიებები (მაღ შორის დიდი მოცულობის: საპროექტო სამუშაოები, მიწის სამუშაოები, დონეთა სხვაობებზე საყრდენი კედლების მოწყობა, სანიაღვრეების მოწყობა, უშუალოდ გზის მოწყობა და სხვა), რომლებიც დაკავშირებული იქნება მნიშვნელოვან დანახარჯებთან. აღნიშნული სამუშაოების დასაზუსტებლად საჭიროა შედგენილ იქნას შესაძლო გზის მოწყობის პროექტი და მიღებულ იქნას ყველა საჭირო ნებართვა შესაბამისი სამსახურის მხრიდან (სსიპ ,,ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო" საპროექტო მომსახურებას არ ახორციელებს). ასევე აღსანიშნავია, რომ ხსენებული მიმართულებით გზის მოწყობის შემთხვევაში მოსაწყობი გზის ნაწილი გაივლის საჯარო რეესტრში რამდენიმე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რომლებიც რეგისტრირებულია საკუთრების უფლებით და ასევე გაივლის დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზე.
სასამართლო სხდომაზე ექსპერტის ლა------------------- განმარტებით, გზის მეორე ვარიანტით მოწყობის შემთხევაში, ჩასატარებელი იქნება მნიშვნელოვანი საპროექტო სამუშაოები, მიწის სამუშაოები, სანიაღვრეების მოწყობა, უშუალოდ გზის მოწყობა, რაც საკმაოდ ძვირადღირებული სამუშაოებია და ტექნიკური თვალსაზრისით უფრო რთულად მოსაწყობია გზა, მისი მანძილიდან და იქ ჩასატარებელი სამუშაოებიდან გამომდინარე. პირველ შემთხვევაში კი მოსაწყობია მხოლოდ რ--------ზე გადასასვლელი, რომლის მოწყობაც შესაძლებელია საინჟინრო-ტექნიკური თვალსაზრისით, მაგრამ თუკი არსებობს რაიმე ნორმები, რომლითაც არის შეზღუდვა ან მოთხოვნა, ეს დასკვნაში არ არის ასახული. მოწმის განმარტებით რკინიგზის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმები დასკვნის გაცემისას არ შეფასებულა, რადგან არ არის მისი პროფილი და არც არის ამ დარგის სპეციალისტი. თუ რაიმე შეზღუდვა არსებობს და გადასასვლელის მოწყობა შეუძლებებლია, მაშინ ერთაერთ უალტერნატივო გზად რჩება ექსპერტიზის დასკვნაში განხილული მეორე ვარიანტი სამხრეთის მხრიდან 500 მეტრიანი მანძილის მოწყობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა N--------- (ს.ფ.25-39);
- ექსპერტ ლა------------------- ჩვენება;
3.2.3. სს ,,ს----------–--- რ--------“-ს ფილიალ ,,ი--------------------ის" დირექტორის N0------ განკარგულებით შექმნილმა კომისიამ, ბ----------------------- რკინიგზის წ---------ც---ს გადასარბენის 17 კმ პიკეტი 5-ში, სარკინიგზო გადასასვლელის მოწყობის შესაძლებლობის დადგენის მიზნით ადგილზე მოახდინა არსებული ინფრასტრუქტურის მოკვლევა, რის შედეგად დადგინდა შემდეგი:
ა) 2013 წლის ,,სარკინიგზო გადასასვლელების მოწყობისა და მომსახურეობის ინსტრუქცია“-ს 2.3.2 პუნქტის ცხრილი N2-ის მიხედვით არ არის უზრუნველყოფილი გადასასვლელთან მიახლოებული მატარებლის დამაკმაყოფილებელი მინიმალური ხილვადობის ნორმა 100 მეტრი;
ბ) არ არის განაპირა რელსიდან ორივე მხარეს 10 (ათი) მეტრის მანძილზე ჰორიზონტალური მოედანი, რითაც დარღვეულია 2013 წლის ,,სარკინიგზო გადასასვლელების მოწყობისა და მომსახურეობის ინსტრუქციის“ 3.3 პუნქტის მოთხოვნები;
გ) მოთხოვნილი ადგილიდან კილომეტრების ათვლის მიხედვით მარჯვენა მხარეს საავტომობილო გზის მისასვლელების გრძივი ქანობი შეადგენს მარცხენა მხარეს დაახლოებით 130%, ხოლო მარჯვენა მხარეს დაახლოებით 70%, რაც ეწინააღმდეგება ,,სარკინიგზო გადასასვლელების მოწყობისა და მომსახურეობის ინსტრუქციის“ 3.3 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის თანახმად საავტომობილო გზის მისასვლელების გრძივი ქანობი გადასასვლელების მოედნის წინ, არანაკლებ 20 მ მანძილზე, არ უნდა აღემატებოდეს 50%.;
დ) მოთხოვნილ ადგილზე, მატარებლის მემანქანეებისათვის გადასასვლელის შუა ნაწილის მხედველობა შეადგენს: სადგურ წ--------ს მხრიდან მომავალი მატარებლისათვის დაახლოებით 150 მეტრი, სადგურ ც---დან მომავალი მატარებლებისათვის დაახლოებით 70 მეტრი, რაც ეწინააღმდეგება ,,სარკინიგზო გადასასვლელების მოწყობისა და მომსახურეობის ინსტრუქციის“ 2.3.2 პუნქტის ცხრილი N2 შენიშვნის მოთხოვნებს, რომლის თანახმად საერთო სარგებლობის ახლად მშენებარე და სარეკონსტრუქციო საავტომობილო გზების და გადასავლელებზე სამრეწველო საწარმოებთან მისასვლელი გზების დაპროექტებისას, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისეთი ხილვადობა, რომ ავტომობილის მძღოლმა, რომელიც იმყოფება ავტომობილის გასაჩერებლად აუცილებელი ხილვადობის ზღვარზე შეძლოს დაინახოს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი არანაკლებ 400 მეტრზე, ხოლო მოახლოებული მატარებლის მემანქანემ შეძლოს დაინახოს გადასასვლელის შუა ნაწილი არანაკლებ 1000 მ მანძილზე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან, მგზავრთა, მატარებელთა და ავტოტრანსპორტის (და მათ მგზავრთა) მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოთხოვნილ ადგილზე სარკინიგზო გადასასვლელის მოწყობა დაუშვებელია.
ამავდროულად, დადგენილია, რომ წ---------ც---ს გადასარბენის მე-17 კილომეტრის მე-9 პიკეტს + 88 მეტრი უკვე არის დაუცველი გადასასვლელი, რომელიც მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი ადგილიდან დაშორებულია 400 მეტრით, ასევე არსებობს დაუცველი გადასასვლელი ც----ლიბანის გადასარბენის მე-18 კილომეტრის მე-7 პიკეტს + 40 მეტრი, რომელიც დაშორებულია მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი ადგილიდან დაშორებულია 1 კმ-ით და 160 მეტრით, რის გამოც ახალი გადასასვლელის მოწყობა არ დაიშვება ,,სარკინიგზო გადასასვლელების მოწყობისა და მომსახურეობის ინსტრუქციის“ 1.2 პუნქტის მიხედვით, რომლის თანახმად გზაგამტარების და გადასასვლელების არსებობისას აკრძალულია ახალი გადასასვლელების გახსნა 5 კმ და ნაკლები მანძილზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის 2019 წლის 05 მაისის N88 განკარგულება (ს.ფ.172-174);
- 2019 წლის 1-------- ქმანი (ს.ფ. 175-181);
- შპს ,,ჯი---------------------------ს" 2017 წლის 11 დეკემბრის N151 მიმართვა (ს.ფ. 56)
3.2.4. მოწმეთა გი--------------, ომ---------------- განმარტებით, დაბა ცე-–-, კვ-----ების საცხოვრებელი სახლის პირდაპირ არსებულ ლიანდაგზე დაუცველი გადასასვლელი მოწყობილი იყო 1960-70 წლებამდე, ხოლო ამის შემდგომ დღემდე გადასასვლელი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმე გი-------------- და ომ---------------- ახსნა-განმარტება (იხ. 2019 წლის 10 ივნისის სხ. ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო სარჩელს, წარმოდგენილ წერილობით მასალებს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მიაჩნია, რომ თა---- და მე--- კვ-----ების სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 170-ე, 174-ე, 180-ე მუხლები, ,,სარკინიგზო გადასასვლელების მოწყობისა და მომსახურების ინსტრუქცია".
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საკუთრების, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული უფლების საკანონმდებლო შეზღუდვა დადგენილია, როგორც თვით კონსტიტუციით, ასევე სამოქალაქო კოდექსის მეორე თავით. საკუთრების უფლების შეზღუდვის საკითხის განხილვისას სასამართლო მკაცრი და დასაბუთებული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს იმ მიზნით, რომ გაუმართლებლად არ შეიზღუდოს იგი, როგორც ინდივიდის უფლების განუყოფელი მახასიათებელი. მაშინ როცა სასამართლო საკუთრების შეზღუდვის მართებულობაზე მსჯელობს, იგი გამორიცხავს ყველა შესაძლო სხვა ვარიანტს და თუ დაადგენს, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს, იღებს გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების შეზღუდვის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების მართლზომიერად განხორციელება ნიშნავს სასამართლო დავაში მონაწილე პირთა უფლების თანაზომიერად დაცვას. დავის გადაწყვეტისას სამართლის ნორმათა შეფასებას ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის კანონით დაცული უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
აღნიშნული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა კანონით დადგენილ შემთხვევებში შესაძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.
სწორედ ასეთი თმენის ვალდებულებაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით, რომლის მიხედვით, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების მოთხოვნისას დაუშვებელია მხოლოდ მომჩივანი მხარის ინტერესების გათვალისწინებით მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს და დადგინდეს ყველა გონივრული და შესაძლო საშუალება, რომლითაც შესაძლოა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა. აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენისას უნდა შემოწმდეს ყველა მესაკუთრის ინტერესი და მხოლოდ მათი ინტერესების ურთიერთშეჯერების შედეგად უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით განხილულია მოსარჩელის მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან დამაკავშირებელი ორი შესაძლებლობა. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას კი წარმოადგენს, ექსპერტიზის დასკვნის დანართ N2-ში მითითებული ყვითელი ფერის ისრებით ნაჩვენები ვარიანტი, რომლის შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს შპს ,,ჯ---------------------------ს“ დაევალოს სამანქანე გზისათვის რ--------ზე მოაწყოს გადასასვლელი და აღნიშნული ფართი აღიარებულ იქნეს აუცილებელ გზად. ამასთან, სასამართლო სხდომაზე ექსპერტ ლა------------------- განმარტებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ დასკვნაში რ--------ზე გადასასვლელის მოწყობის შესაძლებლობის დადგენისას მხედველობაში მიღებული არ ყოფილა რკინიგზის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმები.
დადგენილია აგრეთვე, რომ აღნიშნულ მონაკვეთში გადასასვლელის მოწყობა მგზავრთა, მატარებელთა და ავტოტრანსპორტის (და მათ მგზავრთა) მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე დაუშვებელია.
სასამართლო მიუთითებს, რომ თმენის ვალდებულება შეუზღუდავი არაა და არ გულისხმობს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესების იგნორირებას. აუცილებელი გზა იმგვარად უნდა დადგინდეს, რომ ორივე მხარის უფლებები იყოს დაცული. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილება ვერ იქნება განხილული სხვა მიწის ნაკვეთზე მესაკუთრის უფლების შეზღუდვის საპირწონედ, მითუმეტეს, თუ აღნიშნული ვარიანტით სხვის მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის მოწყობა დაკავშირებულია აღნიშნულ უძრავ ქონებაში განთავსებული სარკინიგზო ხაზის და მატარებლის უსაფრთხო ექსპლუატაციასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის, და მით უფრო სამგზავრო მატარებლის უსაფრთხო ექსპლუატაცია წარმოადგენს არა მარტო უშუალოდ რკინიგზის ინტერესს, არამედ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ასევე საზოგადოების მაღალ ინტერესს.
,,სარკინიგზო გადასასვლელების მოწყობისა და მომსახურების ინსტრუქციის" 1.1 პუნქტის თანახმად გადასასვლელებით მოსარგებლე ყველა ორგანიზაცია და პირი მოვალეა, იხელმძღვანელოს მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფით ერთ-ერთი მთავარი პირობით: სარკინიგზო ტრანსპორტს უპირატესობა ენიჭება მოძრაობაში, ყველა დანარჩენი სახეობის სახმელეთო ტრანსპორტის წინაშე.
ამდენად, აღნიშნული ინსტრუქციითაც დადგენილია სარკინიგზო ტრანსპორტის ექსპლუატაციის უსაფრთხოების უპირატესობა მოძრაობის სხვა მონაწილეებთან შედარებით.
შესაბამისად, როდესაც სასწორზე დგება კერძო მესაკუთრისა და საზოგადოების ინტერესი, ბუნებრივია, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს საზოგადოების ზოგად ინტერესს.
საკუთრების უფლების შეზღუდვისას საზოგადოების ზოგად ინტერესსა და მესაკუთრის საკუთრების უფლებას შორის გონივრული ბალანსის დაცვაზე ასევე მიუთითებს თავის გადაწყვეტილებებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (მაგ.: სტატილეო ხორვატიის წინააღმდეგ, ჰატონი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს რა მხარეთა შორის ინტერესთა კონფლიქტს, კერძოდ იმ ფაქტს, რომ ერთის მხრივ მართალია მოსაჩელეებს არ გააჩნიათ ჯეროვანი გზა, ხოლო მეორეს მხრივ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რისკის ქვეშ დადგება სარკინიგზო ლიანდაგზე მოძრავ მატარებელთა, მგზავრთა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება, მიიჩნევს ამ კონკრეტულ შემთხვევაში საზოგადოების ზოგადი ინტერესი უპირატესია კერძო მესაკუთრის უფლებასთან შედარებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელეების საკუთრებასთან მისასვლელად აუცილებელი გზის მოწყობა ასევე შესაძლებელია ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული მეორე ვარიანტის მიხედვითაც. მართალია, აღნიშნული ვარიანტით გზის მოწყობა დაკავშირებულია დიდი მოცულობის სამუშაოებთან და მოითხოვს დიდ დანახარჯებს, თუმცა ეს გარემოება ვერ გახდება საზოგადოების ზოგადი ინტერესის უგულებელყოფის საფუძველი.
გამომდინარე აღნიშნულიდან სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა არ არსებობს მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მე--- და თა---- კვ-----ების სარჩელი შპს „ჯი---------------------------ს“ მიმართ აუცილებელი საავტომობილო გზის დადგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის (ქ. ბორჯომი, დუმბაძის ქ. N7) მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის აპარატში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლუიზა თოდუა