გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/28301-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21.06.2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივან კახა კომლაძე
მოსარჩელე რე--------–-----, სო---------–------ ნი------–-----
წარმომადგენელი ნა--------–---, სო---------------–---
მოპასუხე ამ--------------–---
წარმომადგენელი ლა-–----------–---
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ა---------------–----ათვის მოსარჩელეების რ---------–----ის, ს-----------–----ისა და ნ-------–----ის სასარგებლოდ 7530 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდის დაკისრება.
თბილისში, ზ------------------------------------ კორპუსის მშენებლობა დაწყებულია ორმოციან წლებში, რაც დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო და კორპუსი დარჩა დაუსრულებელი ე.წ. კარკასის მდგომარეობაში. მიმდებარე ტერიტორია იყო კეთილმოუწყობელი, ინფრასტრუქტურა: წყალმომარაგება, გაზმომარაგება და ელექტრომომარაგება გაუკეთებელი. აღნიშნულ კორპუსში 2005 წლიდან შესახლდა რ---------–----ის ოჯახი. მოსარჩელის ოჯახი შესახლდა ამ მისამართზე პირველ სადარბაზოში, მე-8 სართულზე მდებარე N 23 ბინაში, რომელიც 2014 წლის მარტიდან საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა---------------–---- საკუთრებად.
ზ-------------------–----------------- კორპუსზე 2005 წლის მდგომარეობით, საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო, მასზე საკუთრების პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა სახელმწიფოს სახელზე 2006 წლიდან. 2006 წლის 30 აგვისტოდან 2008 წლის 16 იანვრამდე, პერიოდში უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო შპს „თ---–---------–----“ საკუთრების უფლება. 2008 წლის 16 იანვრიდან 19.030.2008 წლამდე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრება. 2010 წლის 05 აგვისტოდან მასზე მიტოვებულ იქნა საკუთრების უფლება. 2010 წლის 12 აგვისტოდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია სახელმწიფოსა და ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრება.
მოსარჩელის განმარტებით, ბინაში შესახლების დროისათვის, არ იყო იატაკი, კარ-ფანჯარა, ელექტრო და წყალმომარაგება და ა.შ. მოსარჩელეეებმა დააგეს იატაკი, შეილესა კედლები და ჭერი და გამზადდა შესაღებად, სველ წერტილებში დააგეს მეტლახი და მოაწყვეს წყალგაყვანილობა. კაპიტალურად გაკეთდა ელექტროგაყვანილობა და გაზიფიცირება, რაშიც ოჯახმა გასწია სოლიდური ხარჯები 2005 წლიდან ეტაპობრივად, ვიდრე მათთვის გახდებოდა ცნობილი მესაკუთრის არსებობა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. (ს.ფ. 107-120). 2.1. მას საკუთრების უფლება წარმოეშვა სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ. 2.2. მოპასუხემ სადავოდ გახადა როგორც დანახარჯების ოდენობა, ისე მოსარჩელეების კუთვნილი თანხებით რემონტის ჩატარების ფაქტი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ქ. თბილისში, ზ--------------------–------------------------------, ბინა 23, 61.65 კვ.მ. ფართით, 2014 წლის 26 მარტიდან, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა---------------–---- სახელზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. (ს.ფ.30-31).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ დგინდება მოსარჩელეების ხარჯზე მესაკუთრის გამდიდრება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, მე-4 მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს.
სასამართლო განმარტავს, რომ ეს შემთხვევა მაშინ არის სახეზე, როდესაც პირი გასწევს დანახარჯებს უცხო ქონებაზე, რომელიც მის მფლობელობაშია და შემდგომ უნდა დაუბრუნოს ნივთი მესაკუთრეს. ამ შემთხვევაში საქმე შეიძლება ეხებოდეს უფლებამოსილ მფლობელს, როგორიცაა მაგალითად მოქირავნე, ანდა არაუფლებამოსილ მფლობელსაც. სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლიდან გამომდინარე, მოთხოვნის უფლებისთვის არსებობს ორი ზედა ზღვარი. ეს მოთხოვნა ვერასოდეს იქნება იმაზე მაღალი ვიდრე ქონებრივი აქტივების სახით გაწეული ხარჯები, რომლებიც მოთხოვნის უფლების წარმდგენმა გასწია („განმდიდრების“ ოდენობა), და აგრეთვე იმაზე მაღალი ვიდრე გამდიდრება, რომელიც ამით მიიღო მოთხოვნის უფლების მოწინააღმდეგემ. არც შესრულების კონდიქციისათვის და არც დანახარჯების კონდიქციისთვის ეს ორმაგი საზღვრები არ არსებობს. დანახარჯების კონდიქციის დროს გამდიდრება მაშინაც უნდა დაბრუნდეს, თუ სახეზე არ არის გამდიდრების ოდენობის შესატყვისი „განმდიდრება“. აგრეთვე შესრულების კონდიქციაც ორიენტირებულია გამდიდრების ღირებულებაზე და არა შემსრულებლის მიერ გაწეულ ფულად ხარჯებზე.
სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის თანახმად, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ანაზღაურების მოთხოვნა გაწეული ხარჯებისთვის შეიძლება მხოლოდ, თუ მე-2 ნაწილში განსაზღვრული მომენტისთვის სახეზე იყო გამდიდრება. ხშირად გაწეული ხარჯების ოდენობა არ ემთხვევა გამდიდრების ღირებულებას.
სასამართლო მიუთითებს, რომ მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ღირებულების დასადგენად რელევანტურია არა ხარჯების გაწევის მომენტი, არამედ ის მომენტი, როდესაც მესაკუთრეს შეუძლია მოახდინოს ღირებულების მატების რეალიზაცია. თუ ნივთი იყო პირის მფლობელობაში, რომელმაც გასწია ხარჯები, ეს მაშინ როგორც წესი იქნება ის მომენტი, როდესაც ის დაუბრუნებს ნივთს მესაკუთრეს. ამასთან ერთად შეიძლება ისიც დადგინდეს, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული მოთხოვნის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელეების მიერ ქონების რემონტზე ხარჯების გაწევის ფაქტს. მოსარჩელეები იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მათი ხარჯებით არის ჩატარებული რემონტი მიუთითებენ, 2005 წლიდან ბინის ფლობის ფაქტზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთების ხელშეკრულებიდან და შპს „ყ--------------------–----“ ქვითრიდან დგინდება მოსარჩელეების მიერ ამ ბინის მფლობელობა 2013 წლის 08 იანვრიდან. (იხ. ს.ფ.50-56). წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 2005 წლიდან მოსარჩელეების მიერ ბინაში შესახლების ფაქტს არ არის წარმოდგენილი.
ასევე საქმის მასალებიდან, არ დგინდება, კონკრეტულად როდის ჩატარდა ბინაში სარემონტო სამუშაოები. მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა, ასახავს მდგომარეობას, რაც სპეციალისტს დახვდა შეფასების ჩატარების დროს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ დგინდება, რომ საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოებზე დახარჯული თანხები მოსარჩელეების კუთვნილება იყო.
მოპასუხე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მას საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, წარმოეშვა მოსარჩელის მიერ მითითებული ხარჯების გაწევის შემდეგ, 2013 წლის დეკემბერში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, დანახარჯების ანაზღაურებაზე უარი არ შეიძლება დაუკავშირდეს მესაკუთრის მიერ საკუთრების უფლების რეესტრში რეგისტრაციის ფაქტს. კონკრეტულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია ქ. თბილისის ნ----–----------------ის გამგეობის მიერ გაცემული 2013 წლის 31 დეკემბრის საკუთრების უფლების მოწმობა. ა---------------–---- საკუთრების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა შპს „თ---–--------–----“ გადაწყვეტილება მისთვის ბინის განაწილების თაობაზე, რაც დადასტურებულია შპს „თ---–--------–----“ 2013 წლის 25 ივნისის ცნობით. (იხ. ცნობა, ს.ფ. 122). საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ დგინდება, კონკრეტულად როდის და რა დოკუმენტის საფუძველზე, მიიღო შპს „თ---–--------–----“ გადაწყვეტილება ბინის მოპასუხისათვის განაწილების თაობაზე. უდავოა, რომ საკუთრების მოწმობის გაცემას სწორედ ეს დოკუმენტი დაედო საფუძვლად, ამდენად, უფლების დამდგენი დოკუმენტის გადაცემის მომენტიდან მოწინააღმდეგე მხარე მიიჩნევა უფლებამოსილ პირად და რეესტრში რეგისტრაცია, კონსტიტუციური ხასიათიდან გამომდინარე, არა მისი საკუთრების ხელახლა წარმოშობის საკითხს, არამედ უფლების დადასტურებას წარმოადგენს (უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, უძრავ ნივთზე საკუთრების მოპოვების წინაპირობად წერილობითი დოკუმენტის არსებობა და არა უფლების რეესტრში რეგისტრაცია განიხილება. იხ. სუსგ №ას-202-191-2017, 27 სექტემბერი, 2017 წელი).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ მოპასუხეს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება დაუდგინდა 2013 წლის დეკემბრამდე ბევრად ადრე, თუმცა როგორც აღინიშნა, საკუთრების დადგენის ზუსტი თარიღი არ ირკვევა. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზეა.
მოსარჩელეებმა წარმოადგინეს დამოუკიდებელი აუდიტორის 2018 წლის 07 სექტემბრის დასკვნა, რომლიდანაც ირკვევა, რომ სპეციალისტის კვლევის საგანია დაუმთავრებელი საცხოვრებელი კორპუსის კარკასისა და მასზე დამკვეთის მიერ გაწეული დანახარჯების აუდიტორული შეფასება. დასკვნის მიხედვით, დადგენილია, რომ ბინაში შესვლამდე კარკასის სავარაუდო ღირებულებაა - 6400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. ბინაში შიგნით შესრულებული შიდა სამუშაოების ღირებულებაა 6500 აშშ დოლარი და კორპუსის დღევანდელ მდგომარეობამდე მოსაყვანად გაწეული გარე სამშენებლო და საკომუნიკაციო ხარჯებიდან მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯია 12 960 აშშ დოლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სპეციალისტის ეს დასკვნა, რაც ეხება კორპუსის გარე სამშენებლო და საკომუნიკაციო ხარჯების ოდენობის განსაზღვრას, ეფუძნება მაცხოვრებელებისაგან გამოკითხვის შედეგად მიღებულ ინფორმაციას და ვიზუალურ დათვალიერებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულებების დასადგენად პირველ რიგში უნდა გაირკვეს რა სახისა და მოცულობის სამუშაოები შესრულდა, რა მასალით და ა.შ. ამ შემთხვევაში როდესაც საუბარია შენობის გარე სახურავის გადახურვის, კიბის უჯრედების მოაჯირის მოწყობისა, წყლის სანიაღვრე არხის, საკომუნიკაციო სისტემების მოწესრიგებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებაზე, სპეციალისტის მიერ გამოყენებული ინფორმაცია არ წარმოადგენს იმ მტკიცებულებას, რომლითაც რეალურად შესაძლებელია ასეთი სამუშაოების შესრულებისა და მისი მოცულობების დადგენა. დასკვნაში არ არის ასახული, რომ ის დაეფუძნა რომელიმე სხვა სპეციალისტის დასკვნას, რომლითაც დადგენილი იყო გარე სამშენებლო და საკომუნიკაციო სამუშაოების ღირებულებები. ამასთან, საყურადღებოა, დასკვნით განსაზღვრული მოსარჩელეების მიერ გაღებული ხარჯების ოდენობის დადგენასთან დაკავშირებული გარემოება, სპეციალისტი დაეფუძნა მაცხოვრებლების განმარტებას, იმის თაობაზე, რომ მთლიანი ხარჯი 350 000 ლარი, 27 ოჯახმა გაიყო თანაბრად. სასამართლოს მიაჩნია, რომ დასკვნა ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია და ეფუძნება მხოლოდ ზეპირ განმარტებებს ყოველგვარი წერილობითი მტკიცებულების გარეშე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით, არ დგინდება, შენობის გარე სამშენებლო და საკომუნიკაციო სამუშაოების განხორციელებაში მოსარჩელეების მიერ ხარჯის გაღების ფაქტი.
დასკვნიდან ირკვევა, რომ ბინაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულებებთან დაკავშირებით, სპეციალისტმა დაათვალიერა ბინა და ვიზუალური დათვალიერებისა და მოსარჩელეების განმარტების საფუძველზე, განსაზღვრა შესრულებული სამუშაოების ღირებულებები, შეფასების დროისათვის არსებული ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. კერძოდ, გალესილი კედლების ღირებულება 2000 აშშ დოლარი. იატაკის ღირებულება 1000 აშშ დოლარი, ჩასმული შესასვლელი და შიდა კარის ღირებულება 1200 აშშ დოლარი. ჩასმული ფანჯრის ღირებულება 600 აშშ დოლარი, შიდა ელექტროგაყვანილობა 800 აშშ დოლარი. შიდა წყალგაყვანილობა 600 აშშ დოლარი. სხვადასხვა სამუშაოები -300 აშშ დოლარი, ჯამში, 6500 აშშ დოლარი.
ამ შემთხვევაშიც, დაუსაბუთებელია სპეციალისტის დასკვნა, შეფასების დროისათვის ბინაში ჩატარებული გაუმჯობესებების ღირებულებებთან დაკავშირებით, რადგან არ დგინდება, კონკრეტულად რა მონაცემებზე დაფუძნებით დაადგინა ეს ღირებულებები, გაითვალისწინა თუ არა მასალების ღირებულებები, შესრულებული სამუშაოს მოცულობები და სხვა გარემოებები. ამასთან, ქონებაზე ჩატარებული სამუშაოები (კედლების შელესვა, იატაკის მოჭიმვა, კარ-ფანჯრის ჩასმა, ელექტროგაყვანილობის და წყალგაყვანილობის სისტემის მოწყობა), ემსახურება მოსარჩელეთა ინტერესებს, რომლებიც 2013 წლიდან ამ დრომდე ფლობენ ბინას.
ამასთან, უძრავი ქონების რემონტზე დახარჯული თანხების მოსარჩელეებისადმი კუთვნილების გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დგინდება, რომ დანახარჯების გაწევით ქონების ღირებულება გაიზარდა და მოპასუხე ამით გამდიდრდა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა, რომელიც სასამართლოს მიერ არ არის გაზიარებული მისი დაუსაბუთებლობის გამო, შეიცავს მონაცემებს ხარჯის გაწევამდე ქონების ღირებულების შესახებ და ინფორმაციას დანახარჯების თაობაზე, აქედან გამომდინარე, ამ მტკიცებულებით აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარეც, შეუძლებელი გახდებოდა ხარჯების გაწევის შედეგად ქონების ღირებულების გაზრდისა და მოპასუხის გამდიდრების ფაქტის დადგენა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სარჩელის განხილვის დროისათვისაც მესაკუთრეს არ დაბრუნებია კუთვნილი უძრავი ქონება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დგინდება იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. რ---------–----ის, ს-----------–----ისა და ნ-------–----ის სარჩელი მოპასუხე ა---------------–---- მიმართ, არ დაკმაყოფილდეს.
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ამ--------------–---ს (პირადი N 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონების, მდებარე _ ქ. თბილისი, ზ------------------------------------, სადარბაზო 1, სართული 8, ბინა N 23, საკადასტრო კოდი N 0--1-.--.----0--.0--0-- _ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია