გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/11456-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.06.2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივან კახა კომლაძე
მოსარჩელე ი------------–---
წარმომადგენელი ი---------–---–-
მოპასუხე მზ---------–---, გი--------------–---, ზუ------------–----
ირ---–---------–---, ნი----–------------–---
მოპასუხე მ-----------–---ს
წარმომადგენელი სო-------------
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების მ-----------–---ს, გი--------------–--ის, ზუ------------–--ის, ირ---–---------–---სა და ნ-----–------------–----ათვის მოსარჩელე ი------------–--ის სასარგებლოდ 84 940 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელე 2000 წლიდან ცხოვრობს, თბილისში, ნ--–-----------------------------------------–-----------------------ში, ბინა N3-ში და ამ მისამართზე 2002 წლიდან არის რეგისტრირებული. კორპუსი, როგორც დაუმთავრებელი ნაგებობა ირიცხებოდა სახელმწიფო საკუთრებად. ქ. თბილისის ვ---------------–-----------ის გამგეობის მიერ 2007 წლის 05 სექტემბერს გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის საფუძველზეც, 2017 წლის 05 სექტემბერს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ ნი----–------------–---, გი--------------–---, მზ---------–---, ზუ------------–--ე და ირ---–---------–---.
მოსარჩელის განმარტებით, 2000 წლიდან ეტაპობრივად, წლების განმავლობაში, არემონტებდა ბინას, მასში ჩაატარა მთელი რიგის სამუშაოები და კარკასის მდგომარეობიდან კეთილმოწყობილ საცხოვრებელ ბინად აქცია, დანახარჯებმა შეადგინა 84 940 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელის მოთხოვნა. (ს.ფ.69-78). 2.1. ი-------------–--- არ ყოფილა შესაბამისი უწყების მიერ შესახლებული სადავო ბინაში. 2012 წლის 28 მაისის მდგომარეობით, ბინა დაკავებული ჰქონდა ნ--------------–--ეს. აქედან გამომდინარე, მოპასუხეებს მიაჩნიათ, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს მის მიერ ქონების რემონტზე ხარჯების გაღების ფაქტს. მოპასუხეები სადავოდ ხდიან გაწეული დანახარჯების ოდენობასთან დაკავშირებულ გარემოებებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ქ. თბილისში, ფერდობი ნ--–--------------------------–----------------------------, 116.05 კვ.მ. ფართით, ქ.თბილისის ვ---------------–--ს გამგეობის 2007 წლის 05 სექტემბრის N3-- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, 2017 წლის 02 ოქტომბრიდან თანასაკუთრების უფლებით, რეგისტრირებულია ნ-----–------------–----, გი--------------–--ის, მ-----------–---ს, ზუ------------–--ისა და ირ---–---------–---ს სახელზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. (ს.ფ. 16).
3.2.2. განსახილველ შემთხვევაში, არ დგინდება, რომ მოპასუხეების კუთვნილი საცხოვრებელი ბინის სარემონტო სამუშაოებზე, მოსარჩელემ გაიღო ხარჯები.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
მოპასუხეები სადავოდ ხდიან მოსარჩელის მიერ მათ კუთვნილ ქონებაზე ხარჯის გაწევის ფაქტს.
მოსარჩელე იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მისი ხარჯებით არის ჩატარებული რემონტი მიუთითებს, 2000 წლიდან ბინის ფლობის ფაქტზე. აღნიშნული გარემოების დასადგენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, საგადახდო დავალებებით, სს „თ--–----“ ქვითრებით, დასტურდება, რომ 2014 წლისათვის ი------------–--- რეგისტრირებულია სს „თ--–----“ აბონენტად ამ მისამართზე. შპს „ყ--------------------–----“ ქვითრით, დგინდება, რომ 2019 წლისათვის მოსარჩელე რეგისტრირებულია მისამართზე, ნ--–--------–------ (ტომი მე-3, ს.ფ. 52-57). საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს მოსარჩელის მიერ მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებული ბინის ფლობა 2000 წლიდან.
საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვ---------------–--ს სამმართველოს პოლიციის III განყოფილების უფროსის 2008 წლის 24 ოქტომბრის წერილიდან, დგინდება, რომ წერილის გაცემის დროისათვის, ქ. თბილისში, ნ--–------------------------------–----------ში ცხოვრობენ: თ----------–---, ნ--------------–---- ნ-----–---------–--- და ს--–---------–---. (ტომი მე-3, ს.ფ. 18-19). ბინაში ნ--------------–--ის ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებითაც.
სასამართლო განმარტავს, რომ საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოებზე დახარჯული თანხები მოსარჩელის კუთვნილება რომ იყო, ამ გარემოების დასადასტურებლად, მხოლოდ 2000 წლიდან ბინაში ცხოვრების ფაქტი ვერ გამოდგება, სხვა მტკიცებულებების არარსებობისა და იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ ამ ბინაზე სხვა პირების მფლობელობაც დგინდება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოწმეთა ჩვენებებზე და აღნიშნავს, რომ მათი განმარტებები ზოგადია და მიუთითებენ კორპუსში შესახლებული პირების, მათ შორის მოსარჩელის მიერ ბინა N3-ის დაუფლებისა და სხვა შესახლებულ პირებთან ერთად ბინის გარემონტების თაობაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ზოგადი განმარტებები, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის კუთვნილი თანხებით სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოწმეებიც ადასტურებენ ბინაში სხვა პირის ცხოვრების ფაქტსაც.
ასევე საქმის მასალებიდან, არ დგინდება, კონკრეტულად როდის, რა სახისა და ღირებულების სამუშაოები ჩატარდა ბინაში. მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი აუდიტორიული დასკვნა, ასახავს მდგომარეობას, რაც სპეციალისტს დახვდა შეფასების ჩატარების დროს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება, რომ სარემონტო სამუშაოები შესრულებულია მოსარჩელის კუთვნილი თანხებით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ დგინდება მოსარჩელის ხარჯზე მესაკუთრეების გამდიდრება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს.
სასამართლო განმარტავს, რომ ეს შემთხვევა მაშინ არის სახეზე, როდესაც პირი გასწევს დანახარჯებს უცხო ქონებაზე, რომელიც მის მფლობელობაშია და შემდგომ უნდა დაუბრუნოს ნივთი მესაკუთრეს. ამ შემთხვევაში საქმე შეიძლება ეხებოდეს უფლებამოსილ მფლობელს, როგორიცაა მაგალითად მოქირავნე, ანდა არაუფლებამოსილ მფლობელსაც. სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლიდან გამომდინარე, მოთხოვნის უფლებისთვის არსებობს ორი ზედა ზღვარი. ეს მოთხოვნა ვერასოდეს იქნება იმაზე მაღალი ვიდრე ქონებრივი აქტივების სახით გაწეული ხარჯები, რომლებიც მოთხოვნის უფლების წარმდგენმა გასწია („განმდიდრების“ ოდენობა), და აგრეთვე იმაზე მაღალი ვიდრე გამდიდრება, რომელიც ამით მიიღო მოთხოვნის უფლების მოწინააღმდეგემ. არც შესრულების კონდიქციისათვის და არც დანახარჯების კონდიქციისთვის ეს ორმაგი საზღვრები არ არსებობს. დანახარჯების კონდიქციის დროს გამდიდრება მაშინაც უნდა დაბრუნდეს, თუ სახეზე არ არის გამდიდრების ოდენობის შესატყვისი „განმდიდრება“. აგრეთვე შესრულების კონდიქციაც ორიენტირებულია გამდიდრების ღირებულებაზე და არა შემსრულებლის მიერ გაწეულ ფულად ხარჯებზე.
სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის თანახმად, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ანაზღაურების მოთხოვნა გაწეული ხარჯებისთვის შეიძლება მხოლოდ, თუ მე-2 ნაწილში განსაზღვრული მომენტისთვის სახეზე იყო გამდიდრება. ხშირად გაწეული ხარჯების ოდენობა არ ემთხვევა გამდიდრების ღირებულებას.
სასამართლო მიუთითებს, რომ მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ღირებულების დასადგენად რელევანტურია არა ხარჯების გაწევის მომენტი, არამედ ის მომენტი, როდესაც მესაკუთრეს შეუძლია მოახდინოს ღირებულების მატების რეალიზაცია. თუ ნივთი იყო პირის მფლობელობაში, რომელმაც გასწია ხარჯები, ეს მაშინ როგორც წესი იქნება ის მომენტი, როდესაც ის დაუბრუნებს ნივთს მესაკუთრეს. ამასთან ერთად შეიძლება ისიც დადგინდეს, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული მოთხოვნის უფლება.
მესაკუთრეების გამდიდრების მტკიცების ტვირთი, მოსარჩელეს ეკისრება, რომელმაც ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა დამოუკიდებელი აუდიტორის 2015 წლის 20 მაისის დასკვნა, რომლიდანაც ირკვევა, რომ სპეციალისტის კვლევის საგანია მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებულ ბინაში, ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულების დადგენა 2015 წლის 20 მაისის მდგომარეობით. დასკვნის მიხედვით, ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულება შეფასების დღისათვის, 2015 წლის 20 მაისისათვის, განისაზღვრა 84 940 ლარის ოდენობით. ამ თანხაში შედის როგორც ბინის რემონტის ხარჯები, ასევე შენობის გარე სარემონტო და საკომუნიკაციო სამუშაოების ხარჯები. (ტომი 1, ს.ფ. 20-30).
ამ შემთხვევაში, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შეფასების დროიდან დაახლოებით 4 წელია გასული და ქონებაზე ჩატარებული სამუშაოები ემსახურებოდა და სარჩელის განხილვის დროსაც ემსახურება მოსარჩელის ინტერესებს, რომელიც ამ დროისთვის ფლობს ბინას.
ამასთან, უძრავი ქონების რემონტზე დახარჯული თანხების მოსარჩელისადმი კუთვნილების გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დგინდება, რომ დანახარჯების გაწევით ქონების ღირებულება გაიზარდა და მოპასუხეები ამით გამდიდრდნენ. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა, შეიცავს ინფორმაციას დანახარჯების თაობაზე და არ დგინდება, რემონტამდე, ბინის მდგომარეობა, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 31) და მოწმეთა ჩვენება, არ წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ მტკიცებულებას, რომლითაც დადასტურდება ბინის მდგომარეობა გარემონტებამდე, რადგან აღნიშნული გარემოების დადგენა შესაბამისი დარგის სპეციალისტის კვლევის საგანს წარმოადგენს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი მეთოდების გამოყენებით, ადგენს ბინის საბაზრო ღირებულებას. აქედან გამომდინარე, ამ მტკიცებულებით აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარეც, შეუძლებელი გახდებოდა ხარჯების გაწევის შედეგად ქონების ღირებულების გაზრდისა და მოპასუხის გამდიდრების ფაქტის დადგენა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სარჩელის განხილვის დროისათვისაც მესაკუთრეებს არ დაბრუნებიათ კუთვნილი უძრავი ქონება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დგინდება იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. არ დაკმაყოფილდეს ი------------–--ის სარჩელი.
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია