გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/8835-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20.06.2019წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: ს/ს „ს----------–--------ი“
წარმომადგენელი: გ----------------ე
მოპასუხეები: თ--------------, კ----------ე
დავის საგანი: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულბებების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თ--------------ს და კ----------ეს დაეკისროთ ს/ს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ 21 272,17 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 10 მარტს ს/ს „ს----------–--------ი“-ს და თ--------------ს შორის გაფორმდა გენერალური საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში 2017 წლის 25 მაისს გაფორმდა შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. თ--------------მ კრედიტის სახით მიიღო 85 000 ლარი, წლიური 13,5% დარიცხვით. აღნიშნული ხელშეკრულება უზრუნველყოფილია კ----------ის სოლიდარული თავდებობით. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებმა დაარღვიეს ნაკისრი ვალდებულებები და მათი დავალიანება ბანკიშ მიმართ შეადგენს 21 272,17 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია.
2019 წლის 13 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შესაგებელი წარმოადგინა თ--------------მ, რითიც სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 10 მარტის გენერალური საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, რომელიც გასხვისდა აუქციონის წესით 72 000 ლარად.
2019 წლის 13 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შესაგებელი წარმოადგინა კ----------ემ, რითიც სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრვი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 10 მარტს ს/ს „ს----------–--------ი“-ს და თ--------------ს შორის გაფორმდა გენერალური საბანკო კრედიტის ხელშეკრულება
3.1.2. 2016 წლის 10 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა თემურ თავაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, რევაზ მ-----–---–-------------.
3.1.3. 2017 წლის 25 მაისს ს/ს „ს----------–--------ი“-ს და თ--------------ს შორის გაფორმდა შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ კრედიტის სახით მიიღო 85 000 ლარი, 60 თვის ვადით, წლიური სარგებელი 13,5%;
3.1.4. ამავე ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ძირითადი დავალიანების 0,5%.
3.1.5. 2017 წლის 25 მაისს ს/ს „ს----------–--------ი“-ს და კ----------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა 2016 წლის 10 მარტის გენერალური საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 50 000 ლარის ოდენობით.
3.1.6. 2016 წლის 10 მარტის იპოთეკის ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (საკუთრებაში გადაცეული იპოთეკის საგანი, ანდა იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა ), სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან დადებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის სხვა ნებისმიერ ქონებაზე;
3.1.7. 2018 წლის 15 აპრილს თბილისის სააუქციონო სახლის მიერ ჩატარებული აუქციონის შედეგად, თემურ თავაძის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, რევაზ მ-----–---–-------------., გასხვისდა 72 000 ლარი. უძრავი ნივთის შემძენად ფიქსირდება ს/ს „ს----------–--------ი“
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ს/ს „ს----------–--------ი“-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301–ე მუხლი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 346–ე მუხლის 11-ე ნაწილი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. არსებობს, თუ არა ს/ს „ს----------–--------ი“-ს მოთხოვნა მოპასუხეთა მიმართ, განპირობებულია იმ სახელშეკრულებო დათქმის ლეგიტიმურობით, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებრივ ხელმისაწვდომობას შეთანხმებული საგარანტიო ქონების მიღმა. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, 2016 წლის 10 მარტის იპოთეკის ხელშეკრულების 8.4. პუნქტი ამ ფუნქციით არის დატვირთული, თუმცა მისი შინაარსი ჩამოყალიბებულია სტანდარტული პირობის სახით, რომლის ნამდვილობა, „ძლიერი“ და „სუსტი“ მხარის სამართლებრივი კონცეფციის გათვალისწინებით, სასამართლოს ex-officio შემოწმების ფარგლებში ექცევა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლის თანახმად, ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვ.
კერძო სამართალში მოქმედი მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი მოიცავს ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის თავისუფლებას. მხოლოდ მხარეთა რეალური თანასწორობის პირობებში მოქმედებს სრულყოფილად ეს პრინციპი, ხოლო იქ, სადაც მხარეები მხოლოდ ფორმალურად არიან თანასწორი, რეალურად კი - ერთ-ერთი მხარე აშკარა უპირატესობით სარგებლობს ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისას, მეორე მხარეს კი მხოლოდ - შეთავაზებულ პირობებზე დათანხმება ან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა შეუძლია, ამ დროს ნების ავტონომია სრულყოფილად ვერ ხორციელდება და მხარეთა ინტერესების სამართლიანი გათანაბრების მიზნით კანონი უშვებს ხელშეკრულების შინაარსის კონტროლს. ხელშეკრულების შინაარსის კონტროლის ერთ-ერთი გამოხატულებაა სტანდარტული პირობების ბათილობის შესახებ საკანონმდებლო დანაწესები.
სტანდარტულ პირობებად ითვლება ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ ცალმხრივად წინასწარ შემუშავებული პირობები, რომლებიც მრავალჯერადი გამოყენებისთვის არის გამიზნული და მზა სახით არის შეთავაზებული მეორე მხარისთვის, ე.წ. „ფორმულარის“ სახით.
ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დამცავი რეგულირების გამოყენებამდე უნდა შეფასდეს, ცალკეული პირობა წინასწარ ჩამოყალიბებული და მხარისთვის შეთავაზებულია, თუ - მხარეთა შორის ინდივიდუალურადაა შეთანხმებული. შესაძლებელია, ხელშეკრულების ზოგიერთი პირობა იყოს სტანდარტული, ზოგი კი - ინდივიდუალურად შეთანხმებული. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ ხელშეკრულების ტექსტი ბანკის მიერ იყო წინასწარ შემუშავებული და ხელმოსაწერად შეთავაზებული კლიენტისთვის. სადავოდ არ გამხდარა ისიც, რომ 2016 წლის 10 მარტის იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტი ცალკე ინდივიდუალურად არ ყოფილა კლიენტთან შეთანხმებული.
სტანდარტული პირობებით ხელშეკრულების დადებისას კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა წარმოადგენს მომხმარებლის დამატებითი საფრთხეების უზრუნველყოფის გარანტიას, რადგან შეთანხმება, რომელიც ბოჭავს მას გარკვეული ვალდებულებებით, არის არა კონსესუსის, არამედ ცალმხრივად შემუშავებული შეთავაზების შედეგი. ამის გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსი სტანდარტული პირობებით დადებული ხელშეკრულების შინაარსის კონტროლის მიზნით აწესებს მთელ რიგ შეზღუდვებს, რათა აიძულოს ოფერენტი, კეთილსინდისიერად გამოიყენოს არსებული უპირატესობა და ამით გაანეიტრალოს არსებული პოზიციური დისბალანსი.
ამდენად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დამცავი ფუნქციის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს 2016 წლის 10 მარტის იპოთეკის ხელშეკრულების 8.4. პუნქტის განსაზღვრა ხელშეკრულების სტანდარტულ პირობის ფორმით. შედეგად, იგი უნდა შეფასდეს კეთილსინდისიერების კონტექსტში.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი და შემდგომი დებულებები წარმოადგენს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მარეგულირებელ ცენტრალურ ნორმებს, რომელებიც განსაზღვრავენ სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს და მისი გამოყენების პროცედურულ საკითხებს ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში.
ვინაიდან სადავო საკითხი წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების სივრცეში, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეაფასოს მისთვის დამახასიათებელი სამართლებრივი ასპექტები, რაც აქცევს მას ხელშეკრულების ცალკეულ სახედ. მიუხედავად იდენტური შინაარსისა, სამოქალაქო კოდექსი სესხის ხელშეკრულების დეფინიციისგან მიჯნავს და სპეციალური მოწესრიგების სფეროში აქცევს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას. კანონმდებლის ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე სუბიექტების კლასიფიკაციით, სადაც გარიგების ერთ-ერთ მხარედ ყოველთვის საკრედიტო დაწესებულება ფიგურირებს. სესხის ხელშეკრულების ერთგვაროვანი რეგულაციების გავრცელება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე ვერ იქნება შესატყვისი საბანკო კომერციაში დამკვიდრებულ თავისებურებებთან, რაც უარყოფითად აისახება საკრედიტო დაწესებულებასთან შედარებით პოზიციურად არახელსაყრელ პირობებში მყოფ მხარეზე.
სამოქალაქო კოდექსის ტენდენცია, რომ დამოუკიდებელი მოწესრიგების ფარგლებში მოაქციოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, მეტყველებს იმაზე, რომ კანონმდებლის მიერ გაზიარებულია ეკონომიკურ ურთიერთობებში დანერგილი „ძლიერი“ და „სუსტი“ მხარის იურიდიული მოდელი, რომლის ფუნქციაა, უზრუნველჰყოს არათანაბარ პირობებში მყოფი მხარეების, ეკონომიკურად უფრო სუსტი მხარის სამართლებრივი მდგომარეობა და დაიცვას ისინი საბანკო ურთიერთობებში არსებული ჩვეულებრივი რისკებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს ურთიერთობის მონაწილეთა დაცვის ერთიან სტანდარტს, „სუსტი მხარის“ ინტერესების დაცვის აუცილებლობა და აღნიშნული მიზნების სამართლიანი განხორციელება მოითხოვს კანონით გარანტირებული მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან ფორმალურ გადახვევას. პოზიციური ბალანსის დაცვა ფაქტობრივად უზრუნველყოფს სუსტი მხარის დამატებით უფლებებს და შესაბამისად, აკისრებს მის ოპონენტს იმაზე მეტ ვალდებულებებს, ვიდრე სხვა სამართლებრივ ურთიერთობებში. ამავდროულად, სასამართლო განმარტავს, რომ „სუსტი მხარის“ დეფინიცია არ გულისმობს პირის სტატუსს, არამედ მის მდგომარეობას სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება იურიდიულ დოქტრინაში განიხილება გარიგების იმგვარ სახედ, სადაც, ხშირ შემთხვევაში, მხარეები ერთმანეთის ოპონირებას ახორციელებენ არათანაბარი პოზიციებიდან. ერთის მხრივ, გარიგების ერთ-ერთ მონაწილედ ყოველთვის ფიგურირებს საკრედიტო დაწესებულება, მისი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსით. ხელშეკრულების ცალკეულ სახედ მისი ფორმირება, წარმოადგენს საკანონმდებლო კონტროლის გამოხატულებას, გაანეიტრალოს არსებული დისბალანსი „სუსტი“ მხარის ინტერესების უპირატესი დაცვის კუთხით, რომლის დროსაც საკრედიტო დაწესებულება შებოჭილია მოქმედების უფრო მაღალი სტანდარტებით. მაგალითისათვის, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შინაარსი, რომელიც არეგულირებს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობას, ამკვიდრებს გართულებულ პროცედურას და ავალდებულებს კრედიტორს, გამოიჩინოს მაქსიმალური ძალისხმევა გარიგების შესანარჩუნებლად მიზნით. გარიგების ვადამდე შეწყვეტის უფლების გამოყენება მას შეუძლია მხოლოდ ვალდებულების ზედიზედ ორჯერ დარღვევის შემთხვევაში და, ამავდროულად, კრედიტორი ვალდებულია, მისცეს მოვალეს დამატებითი ორკვირიანი საშეღავათო პერიოდი, ვალდებულების ვადამოსული ნაწილის შესასრულებლად. სხვა შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტა არალეგიტიმურია და ართმევს საკრედიტო დაწესებულებას მასთან დაკავშირებული უფლებების გამოყენების შესაძლებლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერი ქცევის ტესტი საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში დამატებით ავალდებულებს საკრედიტო დაწესებულებას, როგორც ძლიერ მხარეს, უზრუნველჰყოს „სუსტი“ მხარის - მსესხებლის ინფორმაციული ხელმისაწვდომობა გარიგების ყველა მნიშვნელოვან პირობაზე, რომ მან შეძლოს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება ხელშეკრულების ხელმოწერისას.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმებისას ინფორმაციული უზრუნველყოფის დაცვის ვალდებულება ასახულია ასევე ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2008 წლის 23 აპრილის 2008/48 დირექტივაში (DIRECTIVE 2008/48/EC OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL of 23 April 2008), რომელიც აწესრიგებს მომხმარებლის მონაწილეობას საბანკო-სამართლებრივ ურთიერთობებში. (საქართველოსთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება სავალდებულო წესით ითვალისწინებს აღნიშნული დირექტივის იმპლემენტაციას). მართალია, მისი იურიდიული მოქმედების არეალი არ მოიცავს ისეთ გარიგებებს, რომლებიც მიმართულია უძრავი ქონების შესაძენად, ან - უზრუნველყოფილია საგარანტიო ქონებით, თუმცა გასაზიარებელია დირექტივის სულისკვეთება, დაუწესოს ხელშეკრულების „ძლიერ“ მხარეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტი უზრუნველყოფა, რაც სწორედ „სუსტი მხარის“ დაცვის პერსპექტივიდან გამომდინარეობს.
2008/48 დირექტივაზე დაყრდნობით, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ 2014 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „...ინფორმირების და განმარტების ვალდებულება, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი წარმოადგენს წინა სახელშეკრულებო მოვლენას, სავალდებულოდ უნდა შესრულდეს საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოწერამდე. ამასთან, ინფორმირების და განმარტების ვალდებულება არ გულისხმობს სპეციალური დოკუმენტით მისი მიწოდების აუცილებლობას, არამედ შესაძლებელია ზეპირსიტყვიერი გასაუბრების პირობებშიც...“ (court of justice of the european union 18 december 2014. judgment in case C-449/13.CA Consumer Finance SA V Ingrid Bakkaus and Others). საკრედიტო დაწესებულების მიერ ინფორმირების ვალდებულების სრულფასოვანი შესრულება, შესაძლებლობას აძლევს მსესხებელს, თანასწორი შესაძლებლობების პირობებში, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება ნების თავისუფალი და გაცნობიერებული ფორმირებით. სხვა შემთხვევაში, ინფორმაციული უთანასწორობა შესაძლებლობას აძლევს გარიგების „ძლიერ“ მხარეს, თავს მოახვიოს ოპონენტს მისთვის ხელსაყრელი, წინასწარ შემუშავებული დებულებები.
სტანდარტული პირობის შეთავაზებისას, პირის სრული ინფორმირება, როგორც კეთილსინდისიერი მოქმედების მაჩვენებელი, გაზიარებულია ასევე 2010 წლის უნიდრუას საერთაშორისო პრინციპებით (UNIDROIT PRINCIPLES), კერძოდ, 2.1.20. მუხლის თანახმად, პირობას, რომელიც სტანდარტული სახისაა და გააჩნია იმგვარი ხასიათი, რომ მეორე მხარე გონივრულად არ მოელოდა მას, არ გააჩნია ძალა, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღნიშნული პირობა მეორე მხარის მიერ ნათლად იყო მიღებული. (Surprising terms).
მხარე, რომელიც იღებს მეორე მხარის სტანდარტულ პირობებს, იბოჭება მათი სამართლებრივი შინაარსით, მიუხედავად იმისა, ცნობილი იყო თუ არა მისთვის ამ პირობის შინაარსის შემცველი ყველა დეტალი ან რამდენად გასაგები იყო მისთვის პირობის მნიშვნელობა. ამ წესისაგან გამონაკლისი ასახულია უნიდრუას 2.1.20 მუხლში, რომლის მიზანია, დაიცვას მომხმარებელი მეორე მხარის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებისაგან, რომელიც სტანდარტულ პირობების გამოყენებით ცდილობს თავისი პოზიციის მართლსაწინააღმდეგო უპირატესობის უზრუნველყოფას, მომხმარებელზე საკუთარი პირობების ფარულად თავს მოხვევის გზით და რომელსაც მეორე მხარე, გონივრული ვარაუდით, არ მიიღებდა. აღნიშნული ნორმა იცავს მომხმარებელს სტანდარული პირობის შინაარსით გამოწვეული მოულოდნელი შედეგებისაგან.
2016 წლის 10 მარტის იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი წარმოადგენს სტანდარტულ პირობას. შესაბამისად, მისი შინაარსი საჭიროებდა სავალდებულო განმარტებას. ხელშეკრულების ეს დათქმა განსაზღვრავს ს/ს „ს----------–--------ის“-ს ხელმისაწვდომობას მოპასუხის სხვა ქონებრივ აქტივებზე, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს კრედიტორის მოთხოვნას. ამ საფუძველზე დაყრდნობით, ს/ს „ს----------–--------მა" საგარანტიო ქონების გარდა სააღსრულებო პროცედურები მიაქცია მოსარჩელის სხვა ქონებაზე. შესაბამისად, მისი მნიშვნელობა არსებითია და ინფორმაციული დეფიციტის პირობებში გამორიცხებოდა მსესხებლის გაცნობიერებული არჩევანის შესაძლებლობა და რისკების ეფექტური მართვის ჭრილში.
სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა გონივრული ქცევის სტანდარტიდან გამომდინარე, საგარანტიო ქონების ღირებულება, როგორც წესი, ტოლია ან აღემატება უზრუნველყოფილი ვალდებულების მოცულობას. შესაბამისად, დათქმა, რომ აღსრულება მიექცეს საგარანტიო ქონების გარდა სხვა ქონებაზეც, წარმოადგენს გამონაკლის რეგულირებას. ასეთი რეგულირების არსებობა, როგორც წესი, არ არის მოსალოდნელი და იგი მხოლოდ საგამონაკლისო წესით უნდა შეთანხმდეს მხარეთა შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის საკანონმდებლო დანაწესიც სწორედ ამაზე მიუთითებს.
შესაბამისად, თუკი სხვა რამ არ დასტურდება, ივარაუდება, რომ თემური თავაძის მოლოდინი ქონებრივი პასუხისმგებლობის მოცულობაზე მოიცავდა მხოლოდ საგარანტიო ქონების ფარგლებს. შესაბამისად, დამატებითი უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც ზრდიდა მისი ქონებრივი რისკების არეალს, უნდა ყოფილიყო მკაფიოდ გააზრებული მსესხებლის მიერ. ამის გააზრების შესაძლებლობა კი მას ექნებოდა მხოლოდ საკრედიტო დაწესებულების მხრიდან ხელშეკრულებაში ამგვარი ვალდებულების განმსაზღვრელი დათქმების არსებობის შესახებ ინფორმირების შემთხვევაში.
მხარის ინფორმირებულობის მეორე ასპექტს წარმოადგენს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მომხმარებელისათვის მისაღები ფორმით, რომელიც გულისხმობს საკრედიტო დაწესებულების ვალდებულებას, მიაწოდოს მომხმარებელს საჭირო ცნობები, აღქმადი, გასაგები და ინდივიდუალურად მორგებული ფორმით. თანაბარმნიშვნელოვანია მომხმარებლის ფსიქოლოგიური განწყობა, პიროვნული აღქმადობის დონე, ვითარება, რომელშიც იდება ხელშეკრულება, ან - ყველა დასახელებული ფაქტორი ერთად. ამავდროულად, სასამართლო განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი ინფორმაციის და განმარტების ვალდებულების სრულფასოვან შესრულებაზე ეკისრება საკრედიტო დეწესებულებას. სწორედ მის ხელთ არის ბერკეტი იმისა, რომ შექმნას სარწმუნო მტკიცებულებები ინფორმირების ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად. ამ არგუმენტის თვალსაჩინოებისთვის სასამართლო მოიხმობს მართლმსაჯულების ევრპული სასამართლოს პრაქტიკას, რომელმაც 2014 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნა „....ეფექტურობის პრინციპი ხორციელდება იქ, სადაც კრედიტორმა უნდა დაუმტკიცოს სასამართლოს, რომ ინფორმირების და განმარტების წინასახელშეკრულებო ვალდებულება მის მიერ შესრულდა. გონიერი კრედიტორი უნდა აცნობიერებდეს მტკიცებულებების შეგროვების და შენახვის აუცილებლობას, რომ მის მიერ ვალდებულება ინფორმაციის უზრუნველყოფის და განმარტების თაობაზე შესრულებულია.....“. (court of justice of the european union 18 december 2014. judgment in case C-449/13.CA Consumer Finance SA V Ingrid Bakkaus and Others).
უფრო მეტიც, „სუსტი“ მხარის დაცვის საკანონმდებლო სტრატეგია მოიაზრებს მის პასიურ მდგომარეობას ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით. ამგვარი სულიკვეთება გაზიარებულია მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებაში, სადაც აღნიშნულია: „...მეწარმე პირი ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს იმის მოლოდინის გარეშე, რომ ისინი დამოუკიდებლად მოიძიებენ ამ ინფორმაციას. მომხმარებელი პასიური უნდა რჩებოდეს ინფორმაციის მოპოვების კუთხით...“ (court of justice of the european union 5 jule 2012. judgment in case C-49/11. Content services Ltd v Bundesarbeitskammer).
ს/ს „ს----------–--------ის“ განმარტებით მოსარჩელისათვის ცნობილი იყო აღნიშნული დათქმის თაობაზე და მას განემარტა მისი შინაარსი, თუმცა, ზემოთ მოყვანილი მსჯელობის საწინააღმდეგოდ, მოპასუხეს არ წარმოუდგენია ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს/ს „ს----------–--------ი“, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის „ძლიერი სუბიექტი“, არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა მოპასუხის მიმართ, მაშინ როდესაც მისი გაცნობიერებული მოლოდინი აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მიმართ შემოიფარგლებოდა იპოთეკის საგნით. მან დაარღვია მოსარჩელის ინფორმირებულობის ვალდებულება, 2016 წლის 10 მარტის იპოთეკის ხელშეკრულებაში 8.4 ქვეპუნქტის, როგორც უფლების დამატებითი შემზღუდველი ღონისძიების არსებობის და მასთან დაკავშრებული შედეგების განმარტების შესახებ, რამაც, თავის მხრივ, წაართვა მოსარჩელეს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.
გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2016 წლის 10 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება განგებ შესრულებულია იმდენად წვრილი შრიფტით, რომ შეუძლებელია მის აღქმა არა მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობის კუთხით, არამედ ხელშეკრულების გაფორმების პროცესში მონაწილე პირის ფსიქო-ემოციური ფაქტორების ზეგავლენით. სასამართლო განმარტავს, რომ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსესხებლის მონაწილეობა გარიგების პირობების შემუშავებისას ნიველირებული იყო, გარდა ინფორმირებულობის და განმარტების ვალდებულებისა, საკრედიტო დაწესებულება ასევე ვალდებული იყო, ხელშეკრულების შედგენისას, ამ შინაარსის მატარებელი დათქმები მკაფიოდ გამოეკვეთა, რათა გამოერიცხა მათი შენიღბვით გამოწვეული მოულოდნელობის ეფექტი. როგორც აღინიშნა თემურ თავაძის გაცნობიერებული რისკი შემოიფარგლებოდა მხოლოდ იპოთეკის საგარანტიო ვალდებულებით, შესაბამისად, დამატებით სხვა ქონებრივ აქტივებზე სააღსრულებო პროცედურების მიქცევის შესაძლებლობა განსაკუთრებული წესით უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი და განმარტებული მოსარჩელისათვის. სასამართლო მიიჩნევს, რომ შესრულებული დათქმის ფორმა და მისი არასისტემური მდებარეობა, ობიექტურად გამორიცხავდა მოსარჩელის შესაძლებლობას, გასცნობოდა მას.
ამგვარად, ვინაიდან სასამართლო ბათილად მიიჩნევს 2016 წლის 10 მარტის იპოთეკის ხელშეკრულების 8.4. პუნქტს, რომელიც განსაზღვრავდა კრედიტორის ხელმისაწვდომობას მოპასუხის სხვა ქონებაზე, და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, იპოთეკის საგნის რეალიზაციით საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ითვლება შესრულებულად, იმ შეთხვევაშიც კი, თუ ამონაგები თანხა არ იყო საკმარისი სრული ვალდებულების დასაფარად;
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან ს/ს „ს----------–--------ი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს მის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამარტლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს/ს „ს----------–--------ი“-ს სარჩელი თემურ თავაძის და კ----------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე #2/8835-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
20.06.2019წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: ს/ს „ს----------–--------ი“
წარმომადგენელი: გ----------------ე
მოპასუხეები: თ--------------, კ----------ე
დავის საგანი: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულბებების შესრულება
სარეზოლუციო ნაწილი
სასამარტლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს/ს „ს----------–--------ი“-ს სარჩელი თემურ თავაძის და კ----------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი